100 წლის „არტეკი“: ყველაზე ცნობილი საბჭოთა პიონერთა ბანაკის ფოტოებით მოთხრობილი ისტორია

2009 წელს გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია „არტეკის“ ნაწილი და ვლადიმირ ლენინის ძეგლი ყირიმის ნახევარკუნძულის შავი ზღვის სანაპიროზე.16 ივნისს შესრულდა ბანაკის დაარსებიდან 100 წელი, რომელიც დრამატიზმით სავსე სამი პერიოდისგან (საბჭოთა, უკრაინული და რუსული) შედგება.

იშვიათი ფოტო 1925 წელს დაარსებული „არტეკის“ პირველი ბანაკისა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც მაშინ საბჭოთა რუსეთის ნაწილი იყო. პირველი ბანაკი შედგებოდა ოთხი დიდი კარვისგან, რომლებშიც ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვები იყვნენ განთავსებული. ექიმების რჩევით, ბავშვებს ყირიმის მშრალ კლიმატში რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაეტარებინათ მზის გულზე.

გამაჯანსაღებელი ვარჯიში „არტეკის“ კენჭებიან სანაპიროზე 1930-იან წლებში. ბანაკი მალე გაფართოვდა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური ახალგაზრდობის ორგანიზაციის, „პიონერული ორგანიზაციის“ ნაწილად იქცა. ყოველი წლის ზაფხულს „არტეკში“ საგანგებოდ იყო გამოყოფილი ადგილები როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვებისთვის, ასევე "კომუნისტური პარტიის" გავლენიანი წევრების შვილებისთვის.

საბჭოთა კავშირის მარშალი სემიონ ბუდიონი სტუმრად „არტეკში“. 1946 წელს პოლიტიკამ ღრმად შეაღწია ბანაკის ცხოვრებაში, ისევე როგორც ყველგან საბჭოთა კავშირში. ისტორიის პროფესორმა, მათიას ნოიმანმა, რომელმაც ბანაკის ისტორიის შესახებ ვრცელი ნაშრომები დაწერა, რადიო თავისუფლებას განუმარტა: „არტეკი იყო არა მხოლოდ დასვენების ადგილი. "არტეკი" ასევე წარმოადგენდა მოზარდების იდეოლოგიური ჩამოყალიბების სტრატეგიულ ინსტიტუტსაც“. პროფესორის თქმით, სპორტულ და საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პოლიტიკა ყოველთვის იყოს ბანაკის ყურადღების ცენტრში.

სპორტული წარმოდგენა "არტეკში", 1977 წლის ზაფხული. ბანაკის პირველი დამსვენებლები მემარცხენე ორატორების, მათ შორის გერმანელი კომუნისტის, კლარა ცეტკინის „მგზნებარე გამოსვლების“ ობიექტებად იქცნენ. კლარა ცეტკინმა, რომელიც ბანაკს 1925 წლის ზაფხულში ეწვია, არტეკელებს „თავისუფალი და ბედნიერი ბავშვები“ უწოდა.

სამანტა სმიტი (ცენტრში, ჩანთით) ნორჩი საბჭოთა პიონერების გარემოცვაში. "არტეკი", 1983 წლის ზაფხული.1982 წელს ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ სამანტა სმიტმა წერილი გაუგზავნა საბჭოთა კავშირის მაშინდელ მეთაურს, იური ანდროპოვს, რომელსაც გოგონამ მოუწოდა, თავიდან აეცილებინა ბირთვული ომი. ანდროპოვმა სამანტა სმიტი სსრკ-ში მიიწვია, „რათა გასცნობოდა საბჭოთა კავშირს, შეხვედროდა თავის თანატოლებს და სტუმრებოდა ზღვისპირას მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკს“.

2005 წლის აგვისტოში გადაღებულ ფოტოზე გამოსახული არიან (მარცხნიდან მარჯვნივ) უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლიეტუვის პრეზიდენტი ვალდის ადამკუსი და პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი, რომლებიც „არტეკში“ სადილობენ. 1990-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის ფონზე, ბანაკის ინფრასტრუქტურა მალევე მოიშალა, მოგვიანებით კი სკანდალში გაეხვა სავარაუდო სექსუალური ძალადობის გამო.

„არტეკის“ ბანაკის ნაწილი, 2009 წლის იანვარი. ამ წელს უკრაინის ხელისუფლებამ ობიექტის რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით 35 მილიონი გრივნა გამოყო.

ოკუპირებული ყირიმი. ბავშვები "არტეკში" 2015 წლის მაისში. 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა მილიონობით დოლარი დახარჯა ზღვისპირა ბანაკის რეკონსტრუქციაში. რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში პროფესორმა მათიას ნოიმანმა განაცხადა, რომ რუსეთს დაქვემდებარებული „არტეკი“ ერთდროულად ემსახურება როგორც რუსული აღორძინებისა და საბჭოთა წარსულთან კავშირის დემონსტრირებას, ასევე მოზარდებში ცნობიერების ფორმირებას, სანქცირებული რუსეთის იმიჯის გაკეთილშობილებას და რუსეთის სახელმწიფოსადმი ერთგულების გაღვივებას.

ოკუპირებული ყირიმი. რუსეთის სპეცრაზმი „არტეკის“ ტერიტორიაზე ვარჯიშობს მძევლების გათავისუფლებაში. 2019 წლის ოქტომბერი. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ბანაკის სტუმრების დაახლოებით 95% რუსეთიდან იყო.

თეატრალური წარმოდგენა "არტეკში" 2021 წლის ზაფხულში. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „არტეკი“ აღმოჩნდა ჩათრეული ომის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დანაშაულში. სხვა რამდენიმე საბავშვო ბანაკთან ერთად, "არტეკი" მასპინძლობდა უკრაინელ ბავშვებს ისეთ ბანაკებში, რომლებიც, სავარაუდოდ, მოზარდების (მათ შორის ობლად დარჩენილების) „რუსიფიკაციისთვის“ იყო შექმნილი.

ბანაკის ერთი ნაწილი, 2021 წელი. 2024 წელს „არტეკსა“ და მის მართვაში ჩართულ რამდენიმე პირს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინელი ბავშვების დაკავებაში სავარაუდო როლის გამო. სანქციების ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრ შემთხვევაში ბავშვებს „სახლში დაბრუნება ეკრძალებოდათ და რუსეთის მხარდაჭერის დემონსტრირებას აიძულებდნენ“.

100 წლის წინ, 1925 წლის 16 ივნისს დაარსდა მთავარი საბჭოთა პიონერთა ბანაკი „არტეკი“, რომელსაც ერთ დროს სახელმწიფოების მეთაურები, ოლიმპიური ჩემპიონები, ესტრადისა და კინოს ვარსკვლავები სტუმრობდნენ.