„პილოტ პირქსის გამოცდა“ (1979, პოლონეთი, სსრკ. რეჟისორი მარეკ პესტრაკი)
11 სექტემბერს მსოფლიომ დიდი ესტონელი კომპოზიტორის, არვო პიარტის იუბილე აღნიშნა - მაესტროს 90 წელი შეუსრულდა. იზორითმია, მინიმალიზმი, სერიულობა, კოლაჟურობა... პაირტის მუსიკას მრავალნაირად ახასიათებენ. ვფიქრობ სწორედ სტილის მრავალფეროვნება არ აძველებს, მუდმივად აცოცხლებს მის ხელოვნებას. ამიტომაცაა, ალბათ, რომ 2022 წელს მთელ მსოფლიოში, პროფესიონალებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით არვო პიარტი ყველაზე პოპულარულ კომპოზიტორად დასახელდა ცოცხლებს შორის - „გაუსწრო“ ჯონ უილამსსაც, ფილიპ გლასსაც, ჯონ ადამსსაც.
გია ყანჩელი, რომელიც პიარტთან გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მეგობრობდა, ესტონელ კომპოზიტორს ასე იხსენებს: „იყო დრო, როდესაც მისი ნაწარმოებები საერთოდ არ სრულდებოდა საბჭოთა კავშირში და მაშინ ჩემმა მეგობარმა, დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ, მოახერხა არვოს ცხოვრებაში პირველი საავტორო კონცერტის ორგანიზება თბილისში. კონცერტის შემდეგ პირველად და უკანასკნელად ვნახე თვალცრემლიანი არვო. მივიჩნევ, რომ პიარტის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემზე.”
მართლაც, პიარტის და გია ყანჩელის ნაწარმოებებს ხშირად ადარებენ ერთმანეთს. თუმცა გავლენას როცა ვახსენებთ ორივე კომპოზიტორის ღვაწლიც უნდა ვახსენოთ კინომუსიკის ისტორიაში. ალბათ იმ განსხვავებით რომ გია ყანჩელის შემოქმედებაში ეს წამყვანი ჟანრია, პიარტისთვის კი(ისევე როგორც შნიტკესთვის) არსებობის, გადარჩენის საშუალებაა. საბჭოთა ცენზურა ფხიზლად ადევნებდა თვალს ავანგარდისტი კომპოზიტორების მოღვაწეობას და მათი ნაწარმოებების შესრულების უფლებას არავის აძლევდა. კინო და ნაწილობრივ თეატრი იყო ერთადერთი სფერო, რომელიც ამ ხალხს არ ჩაუკეტეს, რადგანაც კინომუსიკას აქ აღიქვამდნენ მხოლოდ როგორც ილუსტრაციას.
ასევე ნახეთ გია ყანჩელი და კარგი ფრანგული ფილმიკინოში მოღვაწეობა პიარტმა ანიმაციით დაიწყო. 60-იან წლებში, საბჭოთა მულტიპლიკაციური ფილმებისთვის დაწერილ ნაწარმოებებში, რომლებიც სრულიად თავისუფალი იყო საბავშვო მუსიკაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან, პიარტმა მიმართა ექსპერიმენტს “ტინტინაბულის” სახელწოდებით - მუსიკას, რომელიც საეკლესიო ზარების რეკვას ჰგავს. კინო მისთვის გადაიქცა “საცდელ პოლიგონად” სიმფონიური ნაწარმოებებისთვის, რომლებსაც ცენზურა ემტერებოდა არა მარტო ავანგარდულობის და ფორმალიზმის გამო; საბჭოთა იდეოლოგია პიარტის მუსიკაში ხედავდა კომუნისტური კულტურისთვის ყველაზე საშიშს - რელიგიურ მოტივებს და მისტიციზმს.
იმ მხატვრულ ფილმებს შორის, რომელთა ტიტრებში არვო პიარტის სახელს ვხედავთ, წარმატებით უჩვენეს ორი: სათავგადასავლო-ისტორიული სურათი „ბრილიანტები პროლეტარიატის დიქტატურისთვის“ (რეჟისორი გრ. კრომანოვი, 1975) და საბჭოთა-პოლონური სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა „პილოტ პირქსის გამოძიება“ (რეჟისორი მ. პიესტრაკი, 1978). პირველში პიარტი მუსიკალურ დრამატურგიას აგებს დასარტყამი ინსტრუმენტების სერიებზე (საბჭოთა კომპიზიტორები ამას ვერ ბედავდნენ), რასაც „გულის ცემის“ გაძლიერებული შეგრძნება უნდა გამოეწვია. დასარტყამი ინსტრუმენტების სერია მოქმედებას დამატებით დინამიზმს და დაძაბულობას მატებდა. ეს ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერდა „პილოტ პირქსში“, რომელშიც პიარტი ელექტრონული მუსიკის ახალი ხმის ტემბრების შექმნას ცდილობს. თანაც ზუსტად იმ დროს, როცა თითქმის მთელ დროს შუა საუკუნეების მუსიკის შესწავლას უთმობს.
1978 წელს “პილოტ პირქსზე” მუშაობის პარალელურად არვო პიარტი ქმნის თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს „სარკე სარკეში“, პიესას ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის. სარკეში აღბეჭდილი სარკე უსასრულობის ილუზიას ბადებს, ანუ იმ უსასრულო სივრცის განცდას, რომლის მუდმივი ძიებაა პიარტის შემოქმედება. მათ შორის „სივრცის და დროის“ ხელოვნებაში, კინოში. გაითვალისწინეთ, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში კინოთეატრებში ჯერ არ დგას „დოლბი-სტერეო“ სისტემა და ბგერის სივრცეში განაწილეობის პროცესი საკმაოდ შეზღუდულია. მაგრამ პიარტისთვის ტექნიკა ყოველთვის დამხმარე საშუალება იყო. მისი „მინიმალიზმი“ თავად ბგერის და რაც მთავარია, ინსტრუმენტის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებასაც გულისხმობს. მით უფრო საინტერესოა, რომ „პილოტ პირქსის გამოცდა“ რობოტების და ხელოვნური ინტელექტის მომავალ სამყაროს აღწერს. იდეალური მაგალითია ფილმის შინაარსის და მუსიკალური დრამატურგიის დამთხვევისა.
სტანისლავ ლემის ნაწარმოებს, რომლის ეკრანიზაციაა პოლონურ-საბჭოთა ფილმი, ორიგინალში, პოლონურად ჰქვია „Test pilota Pirxa“. მაგრამ ფილმს სათაური შეუცვალეს და დაარქვეს „Дознание пилота Пиркса“… საბჭოთა საქართველოს კინოთეატრებში სათაური რუსულიდან თარგმნეს როგორც “პილოტ პირქსის გამოძიება”. ლემის ტექსტშიც და ნაწილობრივ ფილმშიც პილოტი პირქსი რთულ გამოცდას გადის - უნდა გაირკვეს რამდენად საიმედოა ტექნიკა, რომელსაც ადამიანი ქმნის და თავად ადამიანი რამდენად საიმედოა ტექნიკასთან შედარებით. სიტყვა “გამოძიება” შექმნიდა სათავგადასავლო კინოს განცდას, დეტექტივის განცდას… დეტექტივი კი უფრო მეტად აწყობდა ცენზურას.
ასევე ნახეთ როგორ გვამცირებდნენსამეცნიერო ფანტასტიკის ე.წ. “უძრაობის წლებში” განსაკუთრებით ეშინოდათ, რადგანაც ამ ჟანრში ხშირად ირღვეოდა საზღვარი მისტიციზმსა და ფანტასტიკას შორის. იმხანად არვო პიარტისთვის სამეცნიერო ფანტასტიკა საჩუქარი იყო “სულიერების” გამომხატველი საუნდტრეკის შესაქმნელად. ამ მუსიკაში მთელი მისი ხასიათი ჩანს, მისი დამოკიდებულება ყველაფერი მატერიალურის მიმართ. მოგვიანებით ესტონურ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც პიარტის შემოქმედებას მიეძღვნა, კომპოზიტორი ამბობს: “ყველაფერი რომ დავკარგო, აბსოლუტურად ყველაფერი… ე.ი. დასაკარგი ყოფილა, არ ყოფილა ფასეული. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ფასეული სულ სხვაგანაა”.
სამშობლო დაკარგა. 1982 წელს ბერლინში გადასახლდა, რადგან საბჭოთა კავშირში მუშაობის ვერ ახერხებდა. მაგრამ დაუბრუნდა ესტონეთს როგორც კი კომუნისტური რეჟიმი დაემხო. ეს უკვე პიარტის დიდების და აღიარების წლებია. მათ შორის კინოს სამყაროში. დაწყებული თენგიზ აბულაძის „მონანიებიდან“, რომელშიც პიარტის მუსიკა ე.წ. „მორების ეპიზოდში“ ისმის, დამთავრებული პიარტის ნაწარმოებების ციტატებით ფრანსუა ოზონის, ანდრეი ზვიაგინცევის, პაოლო სორენტინოს ფილმებში.. პიარტის მუსიკა ზედმიწევნით რელიგიური ხდება, თუმცა ეს არაა სიცოცხლეს მოწყვეტილი არტისტის ნაწარმოებები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ „ბერის მუსიკას“ უწოდებენ.
2022 წლის მარტში არვო პიარტი ღია წერილით მიმართავს უკრაინელებს:“ყველაფერს რაც დაგვრჩენია, ცრემლს და ლოცვას თქვენსკენ მივმართავ, რადგან სიტყვებმა მნიშვნელობა დაკარგეს“... სიტყვებმა დაკარგეს მნიშვნელობა, მაგრამ მუსიკის და ლოცვის ძალა კვლავაც ძალიან დიდია. მითუმეტეს ისეთი მუსიკისა, როგორსაც არვო პიარტი წერდა.
ფილმის ორიგინალური (რუსული) ვერსია ინგლისური სუბტრიტრებით.