ელჩის გაწვევა არის დიპლომატიური ჟესტი, რომელიც გამოხატავს უკმაყოფილებას მასპინძელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ამის მიუხედავად, შალვა პაპუაშვილი, პარტიის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, აცხადებს:
„ჩვენ ვფიქრობთ მაინც, რომ, როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი, სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, არჩევდა კედლის როლს, რაც სამწუხაროა“.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს რომ იყოს“, - განაცხადა მან პარლამენტში ბრიფინგზე 20 ოქტომბერს.
„ხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა გერმანიის ელჩის ხელში დავიდა დაბალ ნიშნულზე“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ გერმანიამ კონსულტაციებისთვის გაიწვია ელჩი პეტერ ფიშერიგუშინ, როდესაც გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისათვის გაიწვია, განაცხადა, რომ მომდევნო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავდა.
ამასთან, გერმანიის საგარეო უწყებამ 19 ოქტომბერს X-ზე დაწერა:
„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“.
2 ოქტომბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
„ჩვენ გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - განუცხადეს საქართველოს წარმომადგენელს გერმანიის საგარეო უწყებაში.
ასევე ნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს - „აგრესიული რიტორიკა მიუღებელია“