ოკუპაციიდან აგვისტოს აჯანყების ჩახშობამდე - 1924 წელი და ტოტალიტარიზმის დაბადება ერიკ ლის წიგნში

მოკლედ

  • 1924 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა დიდი ანტისაბჭოთა აჯანყება - მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ბოლშევიკური რეჟიმის დამხობა იყო.
  • საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება მალევე ჩაახშო, რასაც მოჰყვა სასტიკი რეპრესიები. რეპრესიების შედეგად ათასობით ადამიანი დახვრიტეს ან ქვეყნიდან გადაასახლეს.
  • ეს სტატია 100 წლის წინანდელი ტრაგიკული აგვისტოს ამბებსა და ნაცნობ თუ უცნობ ფაქტებზეა.
“საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში დამარცხება 70 წლით დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად დაუჯდა”, - წერს ამერიკელი ისტორიკოსი და მწერალი ერიკ ლი წიგნში “1924 წლის აჯანყება: საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება" (გამომცემლობა “ზიარი”, 2024)

1921-1924 წლები - სწორედ ამ პერიოდის საქართველოზე მოგვითხრობს ერიკ ლი თავის წიგნში, რომლის მთავარი ისტორიული მოვლენა 1924 წლის აგვისტოს ცნობილი აჯანყებაა, თუმცა იმ დღეების გარდა, მკვლევარი გვიყვება:

  • რა მოვლენები უსწრებდა წინ ამ გახმაურებულ ამბავს;
  • ვინ იყვნენ მისი გმირები და ანტიგმირები;
  • როგორი გამოხმაურებები ჰქონდა აგვისტოს აჯანყების ჩახშობას უცხოეთში;
  • რას წერდა დასავლეთის პრესა;
  • როგორი იყო იმ უცხოური დელეგაციის პოზიცია, რომელიც საქართველოს 1920 წელს ესტუმრა;
  • როგორ აღმოჩნდა აგვისტოს აჯანყება ის ბოლო წვეთი, რამაც მსოფლიოს სოციალისტური და კომუნისტური პარტიები საბოლოოდ დააშორა ერთმანეთს და სხვა.

საქართველოში მეოცე საუკუნის 20 იან წლებშიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ - ბოლშევიკური რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანებს რეპრესიული კანონებით უსწორდებოდნენ, ცდილობდნენ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აკრძალვას, მაშინდელი საიდუმლო პოლიცია - „ჩეკა“ - უთვალთვალებდა ყველას და უსწორდებოდა მრავალს, ვინც თვალში არ მოუვიდოდა.

ასევე ნახეთ აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების წინაპირობები და მიზანი

„აი, ესაა იმ სისტემის რეალური სახე“ - 1924 წლამდე

მე-20 საუკუნის პირველი ათწლეულია. ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკური რეჟიმი, როგორც ერიკ ლი წერს, ძალიან სწრაფად ყალიბდება დიქტატურად და რამდენიმე კვირაში კრძალავს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე, მათ პარტიულ გამოცემებს.

1918 წლის 19 იანვარს, რეჟიმი დაითხოვს რუსეთის დამფუძნებელ კრებასაც, რუსეთის პირველ, დემოკრატიულად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს. 1917 წლის სახელმწიფო გადატრიალებიდან (ასე მოიხსენიებს ავტორი „ოქტომბრის რევოლუციად" ცნობილ მოვლენებს) ერთ თვეში კი, საიდუმლო პოლიცია ქმნის „ჩეკას“, რომელიც ყველას შიშის ზარს დასცემს. რეჟიმს დიდი დრო არ დასჭირდება პირველი შრომითი გამოსასწორებელი ბანაკების შესაქმნელადაც.

„ოფლით მოპოვებული გასამრჯელო, ზეგანაკვეთური საათები, სავალდებულო სამსახური ინდუსტრიაში, გაფიცვების აკრძალვა. ციხე მუქთახორებისათვის, ისედაც არასაკმარისი ულუფის შემცირება ქარხნებში... ჯაშუშთა ლაშქარი... ესაა იმ სისტემის რეალური სახე, რომელიც ჯერაც აცხადებს, რომ პროლეტარიატის სახელით მართავს“, - ბოლშევიკთა მიერ დაარსებულ მუშათა სახელმწიფოს ასე აღწერს საბჭოთა რუსეთში ლეიბორისტული პარტიის დელეგაციის წევრის სტატუსით ჩასული ბრიტანელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი თავის წიგნში, რომლის ნაწყვეტსაც, იმ დროის ვითარების აღსაწერად, ერიკ ლი თავის წიგნშიც გაიხსენებს.

დასავლეთში რასელის გარდა, ბოლშევიკებს უკვე სხვებიც აკრიტიკებდნენ. ლიეტუვურ-ებრაული წარმოშობის ამერიკელი ანარქისტი რევოლუციონერი და მწერალი ემა გოლდმანი, რომელმაც გარკვეული დრო გაატარა საბჭოთა კავშირში, წერდა: „ბოლშევიზმის მიერ რუსი ხალხისთვის მოტანილი უდიდესი სიკეთეები მხოლოდ ქაღალდზე არსებობსო“.

შრომის ამერიკული ფედერაციის ლიდერი სემუელ გომპერსი კი 1921 წელს გამოცემულ წიგნში ხაზგასმით მიუთითებდა, „ბოლშევიზმსა და ორგანიზებულ შრომას შეუძლებელია რამე საერთო ჰქონდესო“.

სწორედ ეს ავტორები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ერიკ ლის მიხედვით, რომლებმაც, ბოლშევიკური რეჟიმის კრიტიკა პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოში შეიარაღებულ შეჭრას და საბჭოთა წყობილების დამყარებას.

ასევე ნახეთ საპირფარეშოები დახვრეტილების საფლავებზე - როგორ ამოშალეს მეხსიერებიდან 1924 წელი

"ქართველები ანტიბოლშევიკები და ანტირუსები არიან"

1920 წელი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების - ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ამერიკის - მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას ცდილობს.

თუმცა მათთვის, როგორც წიგნის ავტორიც შენიშნავს, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მეორე ინტერნაციონალში გაწევრიანებული სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიების წევრების მხარდაჭერის მიღებაც.

ირაკლი წერეთელი, ფოტო წიგნიდან

სწორედ ამიტომ მოიწვია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, 1920 წლის ჟენევის ცნობილი კონგრესის მონაწილემ და ამიერკავკასიის სეიმის წევრმა ირაკლი წერეთელმა საქართველოში მეორე ინტერნაციონალის წევრები.

მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია, იგივე ევროპელი სოციალისტების დელეგაცია - ჩამოყალიბდა მეორე ინტერნაციონალის ჟენევის კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარეობდა 1920 წლის 31 ივლისიდან 4 აგვისტომდე. საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო, ინტერნაციონალის ლიდერები გასცნობოდნენ პოლიტიკურ ვითარებას, რათა მხარი დაეჭირათ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისათვის დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა (ანტანტის) მთავრობებზე ზეგავლენის მოხდენის გზით.

რემზი მაკდონალდი. ფოტო წიგნიდან

საქართველოს ეწვივნენ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯეიმს რემზი მაკდონალდი, დელეგაციის ერთადერთი სრულუფლებიანი ქალი წევრი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და ფემინისტი ეთელ სნოუდენი, სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პიერ რენოდელი საფრანგეთიდან, ემილ ვანდერველდე - ბელგის საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ჯანმრთელობის მინისტრი და სხვები. დელეგაციის ყველაზე გამოჩენილი წევრი იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი კარლ კაუცკი, რომლის არაკეთილგანწყობაც ბოლშევიკების მიმართ საყოველთაოდ იყო ცნობილი.


ნოე ჟორდანია და ბენიამინ ჩხიკვიშვილი ხვდებიან მეორე ინტერნაციონალის დელეგაციას ტფილისის რკინიგზის სადგურში. ეროვნული არქივის ფოტო

რემზი მაკდონალდი ასე აღწერს ტფილისის სადგურს, სადაც დელეგაციას ქართველი მასპინძლები დახვდნენ: „ერთბაშად თვალისმომჭრელი აღმოსავლური ხალიჩებით, კარლ მარქსისა და მისი ყველაზე ცნობილი შეგირდების პორტრეტებით მოერთოთო“.

საპატიო ყარაული ეგებება მეორე ინტერნაციონალის დელეგაციას ტფილისის რკინიგზის სადგურზე. 1920 წლის სექტემბერი. ეროვნული არქივის ფოტო

ეთელ სნოუდენს ლონდონში დაბრუნების შემდეგ „ტაიმსმა“ ჩამოართვა ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს: „ქართველები სავსენი არიან იმედით და მტკიცე განზრახვით, ის, რაც მათ შექმნეს, ევროპის ყველაზე დახვეწილი სოციალიზმიაო“.

ხოლო „მანჩესტერ გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რემზი მაკდონალდი ლაპარაკობდა საქართველოს მიწის რეფორმაზე, როგორც წარმატებულ ინიციატივაზე და იმასაც აღნიშნავდა, „ქართველები ანტიბოლშევიკები და ანტირუსები არიან, მაგრამ ქვეყანაში არსებობს აქტიური ბოლშევიკური პროპაგანდა, რომელსაც ხელს არ უშლიან, რადგან სიტყვის სრული თავისუფლება აქვთო“...

მეორე ინტერნაციონალის წევრები საქართველოში. 1920 წელი. ეროვნული არქივის ფოტო

თუმცა, როგორც წიგნის ავტორი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა „დემოკრატიული სოციალიზმის აშენების ქართული ექსპერიმენტის“ დასრულება, საქართველოს ვერც მეორე ინტერნაციონალი და ვერც მოკავშირეთა ძალები ვეღარაფერში დაეხმარნენ.

1921 წელს თბილისში საბჭოთა რუსული მე-11 არმია შემოიჭრა და საქართველოს ოკუპაცია დაიწყო.

ასევე ნახეთ როგორ გაწითლდა საქართველო - 5 ხმა წარსულიდან

აქედან მოყოლებული, როგორც ერიკ ლიც წერს, საქართველოში ფესვგადგმული ტოტალიტარიზმი შეეხო ყველას და ყველაფერს.

ჯერ ძლიერ და დამოუკიდებელ პროფკავშირს მიადგნენ.

მალევე შეუფარავი ომი გამოუცხადეს ეკლესიას, რასაც მოჰყვა კიდეც 1922 წელს საქართველოს ეკლესიის მეთაურის, ამბროსი ხელაიას ღია წერილი, რომლითაც იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას მიმართავდა და წერდა:

„ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-ტყეს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ... ერს ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ მშობლიურ კულტურას და უბღალავენ სარწმუნოებრივ გრძნობასო“.

კათოლიკოსი არ მოკლეს, მაგრამ "ჩეკამ" შური ეკლესიაზე იძია.

ამბროსი ხელაია

იმ პერიოდში ათასზე მეტი ეკლესია დახურეს, ასობით მღვდელი და ბერი კი დააპატიმრეს.

„საბჭოთა მთავრობის ომმა ეკლესიასთან კიდევ უფრო გააღრმავა სახალხო უკმაყოფილება, რომელმაც საბოლოოდ 1924 წლის აგვისტოს ეროვნულ აჯანყებად იფეთქა“, - წერს ერიკ ლი და ასეც იყო - 1924 წლისთვის ქვეყნის გლეხობა, პროფკავშირები, ინტელიგენცია, ეკლესია, სოციალ-დემოკრატიული პარტია და კოოპერატიული მოძრაობაც მათ წინააღმდეგ იყო განწყობილი.

„ჩეკა“ - იგივე საიდუმლო პოლიცია - ყველანაირად ცდილობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის განადგურებას: „საბჭოთა წყობილების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი იყო ერთხელ და სამუდამოდ მოესპოთ ეს პარტია“.

პარალელურად, ქართველების უმრავლესობაშიც მატულობდა პროტესტის მუხტი.

ალაგ-ალაგ წინააღმდეგობა იფეთქებდა ხოლმე. თუმცა ნაკლებად მასშტაბური და მშვიდობიანიც.

ერთხელ, 1922 წლის 25 თებერვალს, დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების მცირერიცხოვან ქალ წევრთაგან ერთ-ერთმა, ქრისტინე შარაშიძემაც მოაწყო საპროტესტო გაფიცვა, როდესაც კომუნისტი მმართველები გასაბჭოების წლისთავს აღნიშნავდნენ.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე მაშინ ტფილისის მეათე პედაგოგიურ ტექნიკუმში ასწავლიდა და პროტესტს მისი ზოგიერთი მოსწავლეც კი შეუერთდა. ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ მაინც გაათავისუფლეს.

1922 წლის 26 მაისს, სოციალ-დემოკრატების მიერ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დაარსების მეოთხე წლისთავზე, საბჭოთა მმართველობის პერიოდში პირველად ჩატარდა საპროტესტო დემონსტრაციები. საბჭოთა რეჟიმმა ზედმეტი არეულობის თავიდან ასაცილებლად სკოლები დაკეტა, დედაქალაქის ქუჩები კი წითელი არმიის შენაერთებით გაავსო, თუმცა არც ამან არ გაჭრა. მალე გორში ტფილისელმა რკინიგზის მუშებმა ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს.

ასევე ნახეთ „აჯანყების საზომი არაა გამარჯვება-დამარცხება“

მალე დემონსტრაციებზე გასვლა ისეთი საშიში გახდა, რომ მომდევნო წელს, როგორც წიგნის ავტორი შენიშნავს, იატაკქვეშა დამოუკიდებლობის კომიტეტმა ხალხს სახლებში დარჩენა მოსთხოვა - სოციალ-დემოკრატები და მათი მოკავშირეები არა მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, იმასაც ბედავდნენ, რომ „საქართველოში წითელი არმიის განმათავისუფლებელი მარშისთვის ეწოდებინათ უცხოური ჯარის თავდასხმა“ – „რაც სიმართლე იყო“, - წერს ერიკ ლი.

წინააღმდეგობა ხან სად იფეთქებდა ხოლმე, ხან სად და ნელ-ნელა ამზადებდა ნიადაგს 1924 წლის აგვისტოს საერთო-სახალხო აჯანყებისთვის.

1921 წელს, მაისში, სვანეთში გლეხები აჯანყდნენ. შეიარაღებულმა ჯგუფებმა, რომლებსაც მოსესტრო დადეშქელიანი, ნესტორ გარდაფხაძე და ბიძინა პირველი მეთაურობდნენ, წითელი არმიის რამდენიმე რაზმი განაიარაღეს, ადგილობრივი საბჭოთა მთავრობა გაყარეს და გზები ჩაკეტეს. ისინიც წითელი არმიის გაყვანას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

საბჭოთა ანგარიშების მიხედვით, აჯანყებულთა რიცხვი 1600-მდე იყო. ყველა „პოლიტიკურ ბანდიტებად“ მონათლეს. საბოლოოდ, წითელმა არმიამ მათი შეკავება და ჯანყის დასრულება შეძლო.

1922 წლის დასაწყისში საბჭოთა წყობის წინააღმდეგ აჯანყებამ ხევსურეთში იფეთქა - იქ აჯანყებას სათავეში ეროვნულ-დემოკრატი, საქართველოს არმიის ოფიცერი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი ედგა, რომელმაც პანკისის ხეობაში ბოლშევიკებთან მებრძოლი, ცნობილი „შეფიცულთა რაზმი“ ჩამოაყალიბა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და "შეფიცულთა რაზმი"

1923 წლის დასაწყისში, გურიაში, რომელიც, როგორც ერიკ ლიც წერს, მუდამ იყო სოციალ-დემოკრატების საყრდენი, საბჭოთა საიდუმლო პოლიციის სამი თანამშრომელი მოკლეს. საპასუხოდ, საბჭოთა ძალებმა იქ 92 ადამიანი დახოცეს და დაიმუქრნენ, თუ წინააღმდეგობა გაგრძელდება, მეტსაც დავხოცავთო.

თუმცა ასეთ პატარა-პატარა აჯანყებებს საბჭოთა მმართველობა მაინც არ აღიქვამდა სერიოზულ საფრთხედ. თან 1923 წლისთვის, პარტიზანული რაზმების უმრავლესობა ან დაიშალა, ან საბჭოთა ხელისუფლებას დანებდა.

თუმცა ამ დროს, სხვადასხვა ქართული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები პარიზში გადასახლებული სოციალ-დემოკრატიული მთავრობის გარშემო გაერთიანდნენ და 1922 წელს შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი), რომელსაც შეუერთდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, სოციალ-რევოლუციონერები და „სხივი“ - სოციალ-დემოკრატთა ჯგუფი.

დამკომის თავმჯდომარე გახდა გოგიტა ფაღავა, რომელიც შემდეგ ნიკოლოზ ქარცივაძემ შეცვალა. ქარცივაძე 1923 წლის მარტში "ჩეკამ" დააპატიმრა და ის თავადმა კოტე ანდრონიკაშვილმა შეცვალა.

გოგიტა ფაღავა

დამკომმა დააფუძნა სამხედრო ცენტრიც, რომლის თავმჯდომარეც გადამდგარი გენერალი კოტე აფხაზი გახდა, თუმცა "ჩეკამ", როგორც წიგნის ავტორი აღწერს, მაინც მოახერხა სამხედრო ცენტრში აგენტების ჩანერგვა და კოტე აფხაზი, სამხედრო ცენტრის 14 წევრთან ერთად, 1923 წლის თებერვალში დააპატიმრა. შემდეგ ყველანი დახვრიტეს.

„მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოსო“, - ასეთი იყო კოტე აფხაზის ბოლო, დახვრეტისწინა სიტყვები.

კოტე აფხაზი

უცხოეთიდან წინააღმდეგობის დახმარების არანაირი ნიშანი არ ჩანდა, სამხედრო ცენტრი განადგურებული იყო და მანამდელი ამბოხებებიც ჩახშობილი, მაგრამ წინააღმდეგობის ლიდერებმა მაინც დაიწყეს მზადება დიდი, ეროვნული აჯანყებისათვის.

ამ დროს საიდუმლო პოლიცია სულ უფრო აძლიერებდა რეპრესიებს - ადამიანებს სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ იმჟამად დაუსახლებელ ველზე ტფილისის მახლობლად - დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მეტეხის ციხე კი პატიმრებს ვეღარ იტევდა.

საქართველოს დევნილმა მთავრობამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მოწყობის გეგმის მონახაზი წერილით 1924 წლის 10 მარტს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტს გაუგზავნა. აჯანყებაში, გეგმის მიხედვით, უნდა ჩართულიყო მთელი რეგიონი, და არა მხოლოდ საქართველო.

ნოე ჟორდანია

ნოე ჟორდანია, ჯერ კიდევ 1921 წელს, მის მიერ ვალიკო ჯუღელისადმი გაგზავნილ წერილშიც ასაბუთებდა, რომ მხოლოდ საქართველო ბოლშევიკების წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებდა.

ნოე ხომერიკი

აჯანყების მოწყობა 1924 წლის აგვისტოში დაიგეგმა. პირველი რესპუბლიკის მთავრობის აგრარული რეფორმის შემოქმედი და ყოფილი მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი, სახალხო გვარდიის ყოფილ მეთაურ ვალიკო ჯუღელთან ერთად, საქართველოში შემოაპარეს.

ვალიკო ჯუღელი

მაგრამ "ჩეკა" არ იყო უმოქმედოდ. ჯუღელი, რომელიც მოგვიანებით დარწმუნებული იყო, რომ ვიღაცამ უღალატა („გამცა ვიღაც ამხანაგმა, როგორც ჩანს ახლობელმა, რადგან მე კავშირი მქონდა მეტად განსაზღვრულ წრესთანო"), მალე დააპატიმრეს.

წიგნის ავტორს მოჰყავს ნაწყვეტი ლავრენტი ბერიას შვილის, სერგო ბერიას მიერ დაწერილი მამის ბიოგრაფიიდან, რომლის თანახმად, როცა მამამისმა ჯუღელის დაპატიმრების ამბავი გაიგო (ერიკ ლი შენიშნავს, რომ ამ ბიოგრაფიაში შვილი მამას დადებითად წარმოაჩენს) მაშინვე სერგო ორჯონიკიძესთან შესახვედრად გაეშურაო.

„მე გაგაფრთხილე, რომ თუ ეს საქმე გახმაურდებოდა, თითსაც არ გავანძრევდი“, - უთხრა თითქოსდა მას ორჯონიკიძემ.

რა მოხდა შემდეგ, ერიკ ლის სიტყვებით, ამაზე განსხვავებულ ამბებს ჰყვებიან. ერთი ვერსიით, ბერიამ ვალიკო ჯუღელი "ჩეკას" ერთ-ერთ ციხეში მოინახულა, უთხრა, რომ საიდუმლო პოლიციამ მათი გეგმის შესახებ ყველაფერი იცოდა და გააფრთხილა, რომ აჯანყება სავალალოდ დასრულდებოდა.

ასევე ნახეთ „ომის დროს დღესასწაული ვერ შედგება“: ვალიკო ჯუღელის „მძიმე ჯვარი“ ასი წლის შემდეგ

12 აგვისტოს ვალიკო ჯუღელმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტს წერილები მისწერა - თანამებრძოლებს მოუწოდებდა, აღარ დაეწყოთ აჯანყება, რადგან მათ საფრთხე ემუქრებოდათ... „თუმცა, ციხის გარეთ მყოფ მის ამხანაგებს ესმოდათ, რომ მას ეს წერილები იძულებით დააწერინეს“, - წერს ერიკ ლი.

29 აგვისტოს ჯუღელის წერილები ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთებში. ამ წერილებმა, როგორც წიგნის ავტორი წერს, ყველა გააოგნა, რადგან აჯანყების ლიდერი მის გაუქმებას მოითხოვდა.

„ამხანაგებო, მე წინადადებას გაძლევთ სასწრაფოდ გაარჩიოთ და შემდეგ სრულიადაც მოხსნათ საკითხი აჯანყების მოხდენის შესახებ, რამდენადაც იგი საზოგადოდ იდგა და ბურუსში ხვევდა მებრძოლ საქართველოს გონებას. ...დავრწმუნდი, რომ „სულიერ განწყობილების ლოღიკა“ უნდა შეიცვალოს ფაქტების ლოღიკით, რომ სუბიექტური უნდა ემსხვერპლოს საზოგადოებრივს. ...ჩვენ უნდა გვქონდეს გამბედაობა ამ საკითხის მოხსნისათვის, რადგან იგი ხალხის შუბლს ემუქრება, რადგან მე ვიცი, რომ ხანდახან განწირულ საკითხის მოხსნისათვის მეტი გამბედაობაა საჭირო, ვიდრე თვითმკვლელობისათვის მომაკვდავ ოცნებასთან ერთად....ფაქტების ლოღიკა ჩემს სურვილზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა და გააფთრებულ ბრძოლისაკენ მოწოდების მაგიერ, მე მოგიწოდებთ ბრძოლის ყოველგვარ ფორმის უარყოფისაკენ. ...არავითარ ჩეკას არ ძალუძს დამაწერინოს ის, რაც მე არ მსურს“. ამხანაგური სალამით ვალიკო ჯუღელი. საქ. სოკ. დ. პარტ. ცკ-ის და საქ. სოკ. დ. პარტ-ის საზღვარგარეთის ბიუროს წევრი. 1924 წ. 24 აგვისტო. ამიერკავკასიის საგანგებო კომისია. საკანი N19.

ვალიკო ჯუღელის წერილი

1924 წლის 28 აგვისტოს, 04:00-ზე აჯანყება დაიწყო - ჭიათურიდან. დაგეგმილზე ერთი დღით ადრე.

მოსკოვში გაგზავნილ ანგარიშში, საქართველოს ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სერგო ორჯონიკიძე წერდა, რომ „საერთო აჯანყების მიზანი იყო შეიარაღებული რაზმების მიერ ჭიათურისა და საჩხერის სადგურების დაკავება, რაც 1924 წლის 28 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდაო“.

ბრიტანელი ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი ორჯონიკიძის მიერ უფროსობისათვის გაგზავნილ ცნობებს გარკვეულ დეტალებს ამატებს და წერს:

„ჭიათურაში, ერთი ტყვიამფრქვევით, რომელიც დროდადრო იჭედებოდა, შეიარაღებულმა 112-მა სოციალ-ფედერალისტმა რკინიგზის სადგური და ხიდები დაიკავა და კომუნისტები დახოცა ან დააპატიმრა, შემდეგ ათასამდე ამბოხებული, მათ შორის გლეხები და მასწავლებლები, ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფლებს თავს დაესხაო“.

როგორც ერიკ ლიც შენიშნავს, საბჭოთა ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ აჯანყებულებმა ჭიათურაში ჯერ დააპატიმრეს კომუნისტები, საბჭოთა სამთავრობო მოხელეები და პროფკავშირების მუშაკები, შემდეგ კი სასწრაფოდ შეადგინეს „დროებითი მთავრობა“ ვინმე თავად წერეთლის მეთაურობითო (იგულისხმება გიორგი წერეთელი, აჯანყების მეთაური ჭიათურაში, რომელიც შემდეგ საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში).

ამ მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობისადმი გამოსცა მიმართვაც, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მთელი საქართველო აღდგა, და მის კვალდაკვალ ამიერკავკასია, მთელი კავკასია და რუსეთის ყველა სხვა ნაწილიც აჯანყდებაო...

„საბჭოეთი აჯანყებას ახშობს "

იმ დღეებში „ნიუ-იორკ ტაიმსმა" გამოაქვეყნა ცნობა, რომელიც, როგორც ერიკ ლი შენიშნავს, შესაძლოა, პირველი ინფორმაცია იყო მსოფლიოსთვის იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში. ოღონდ, დასავლური გამოცემა სიტყვასიტყვით იმეორებდა სახელმწიფო პროპაგანდას. სტატიის სათაური კი იყო:

„საბჭოეთი აჯანყებას ახშობს - საქართველოს რესპუბლიკის ამბოხმა მხოლოდ ერთ დღეს გასტანა“, - და მას ხელს აწერდა გამოცემის მოსკოველი კორესპონდენტი.

„მას არაფერი ეწერა იმაზე, რომ აჯანყება რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ქვეყნის სხვა ნაწილებსაც მოედო. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ისინი იყვნენ „ყოფილი ოფიცრები, მემამულეები და ვაჭრები“, - წერს ერიკ ლი.

საბჭოთა მთავრობა თითქმის ყველას გაუსწორდა, ვისაც აჯანყებასთან ირიბი თუ პირდაპირი კავშირი ჰქონდა.

„იმერელი ამბოხებულები გაძეძგილ ექვს ვაგონში შეყარეს და ზესტაფონის მახლობლად, საძმო სასაფლაოზე წაიყვანეს. იქ ზოგი მაუზერით დახვრიტეს, ზოგი ტყვიამფრქვევით და გვამებს კირი მიაყარეს... სოფელ რუისში ოჯახები დახვრიტეს პატარა ბავშვების ჩათვლით, სენაკში - 500 მეგრელი ამბოხებული, - გლეხები, თავად -აზნაურები და საბჭოთა მოსამსახურეებიც კი“, - წერს ერიკ ლი.

აჯანყების ყველა ლიდერი დაიჭირეს. მათ შორის იყვნენ კოტე ანდრონიკაშვილი, იასონ ჯავახიშვილი, მიხეილ ბოჭორიშვილი და სხვები.

ასევე ნახეთ აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების შემდეგ

პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატი დავით შარაშიძე 1930 წელს გამოცემულ წიგნში წერს, რომ ბერიამ დამარცხებულ ქართველ ლიდერებს ასეთი რამ უთხრა: „დამარცხდით, მაგრამ ბრძოლები კიდევ მიდის, ჩვენ მაგ რაზმებსაც გავანადგურებთ, მაგრამ მოხდება ამაო სისხლისღვრა, თქვენს კომიტეტს კი შეუძლია შეაჩეროს შეიარაღებული რაზმები, გააკეთეთ განცხადება და სთხოვეთ ცალკეული რაზმებს იარაღი ჩაგვაბარონ, ჩვენგან კი ხელშეუხებლობის გარანტიას მიიღებენ და მასობრივ დახვრეტებსაც შევაჩერებთო“.

დავით შარაშიძე, ფოტო წიგნიდან

საბოლოოდ, დამკომის ლიდერები იძულებული გახდნენ, ხელი მოეწერათ განცხადებისთვის, რომელიც, როგორც ერიკ ლი წერს, უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ აჯანყებულებისთვის იარაღის დაყრის მოწოდება - ამ დეკლარაციით თავად აჯანყება ცხადდებოდა „ერის მაღალი ფენების მოწყობილ ავანტიურად“.

დამოუკიდებლობის კომიტეტის ეს განცხადება „ჩეკამ“ გამოაქვეყნა როგორც შიდა, ისე უცხოურ პრესაში. თუმცა ხალხის დაჭერა და დახვრეტები მათ არ შეუწყვეტიათ.

10 სექტემბერს ისევ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ იბეჭდება სტატია სათაურით: „საქართველოში აჯანყების გამო 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს“.

წყარო იყო თავად კომუნისტური პარტია. გამოცემა კი იუწყებოდა, რომ დახვრეტილთა შორის იყვნენ აჯანყების ლიდერები ვალიკო ჯუღელი, ნოე ხომერიკი და სხვები.

მსხვერპლთა შორის იყვნენ ამბოხებულთა უდანაშაულო მეგობრები, ნათესავები. ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს. არ დარჩა ოჯახი ქვეყანაში, რომლის ერთი წევრიც მაინც არ დასაჯეს სიკვდილით.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან მომდევნო წლებში დახოცილთა რიცხვმა ათობით ათასს მიაღწია, გადასახლებულების კი ასობით ათასს.

წიგნის ავტორი წერს, რომ 1924 წლის აჯანყებამ არაერთი უპასუხო კითხვა დატოვა - მათ შორის ერთ-ერთი, რომელზე პასუხის გაცემას ცდილობს ერიკ ლი, არის - რატომ დაიწყო ჭიათურაში აჯანყება დაგეგმილზე ერთი დღით ადრე? ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც ავტორი ამ წიგნში აღწერს, ჭიათურელმა შეთქმულებმა სროლის ხმა გაიგონეს, ეგონათ, რომ აჯანყება დაიწყო და თავადაც სროლა დაიწყესო. სხვა ვერსიით, ჭიათურელი მებრძოლები, სინამდვილეში, ნაადრევად არ გამოსულან, არამედ აჯანყდნენ დაგეგმილ დროს, რომელიც ისე იყო დანიშნული, რომ რელიგიური დღესასწაულს დამთხვეოდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ საბჭოთა სამხედროები ამ დროს დათვრებოდნენ და მათი დამარცხება გაიოლდებოდა.

„მაგრამ ეს თუ მართალია, რატომ მოხდა, რომ მათი ამხანაგები ქვეყნის სხვა ნაწილებში მხოლოდ მეორე დღეს შეუერთდნენ მათ? შეიძლება ვერასდროს შევიტყოთ ამ კითხვაზე პასუხი“, - წერს წიგნის ავტორი.

ასევე ნახეთ საბედისწერო 1922 წელი - როგორ შეიცვალა საქართველო ასი წლის წინ

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც აგვისტოს აჯანყების შემდეგ დარჩა, დაღუპულთა რაოდენობაა. ეს რიცხვიც, ერიკ ლის თქმით, ბოლომდე დაზუსტებული არ არის. საბჭოთა ისტორიკოსები მცირე რაოდენობას ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ აჯანყებას მხოლოდ 320 ადამიანი შეეწირა. ზოგიერთი საბჭოთა შეფასების თანახმად, დახოცილთა რაოდენობა 800 იყო.

ბრიტანეთის პროფკავშირების დელეგაცია მიიჩნევდა, რომ 3 000 ადამიანი მოკლეს. 1924 წელს ბრიტანეთში გამართულ ერთ-ერთ საპარლამენტო დებატებზე დაღუპულთა რაოდენობად 9000 ადამიანიც დაასახელეს, თუმცა, როგორც ერიკ ლი შენიშნავს, ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც მაშინ ქვეყანას მართავდა, ეს რიცხვი უარყო.

მოგვიანებით თვითონ კომუნისტურმა რეჟიმმაც კი ვერ დაადგინა, მთლიანობაში რამდენი ადამიანი დახვრიტეს. საუბარი იყო 5-6 ათას-ზე, თუმცა არც ეს არ არის საბოლოო და ზუსტი რიცხვი.

ერიკ ლი წერს, რომ მთელი შემდგომი 70 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ამბოხი აღარ მომხდარა. 1924 წლის აჯანყებაში დამარცხება კი საქართველოს დამოუკიდებლობის 70 წლით დაკარგვის ფასად დაუჯდა.