რიუტეს განცხადების დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად რადიო თავისუფლებამ საგამოძიებო ჯგუფ Conflict Intelligence Team (CIT) ერთად გააანალიზა ღია მონაცემები საბრძოლო მასალებისა და სხვა ძირითადი იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით რუსეთსა და ნატოს ქვეყნებში.
შევადარეთ 6 კატეგორიის შეიარაღება: არტილერია და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები, ტანკები, თვითმფრინავები და შორ მანძილზე განადგურებისთვის საჭირო საშუალებები (ჭურვები, დრონები), ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემა და გადამჭერი-რაკეტები.
რუსეთის ხელისუფლება და რუსული კომპანიები არ აქვეყნებენ მონაცემებს ყველა იმ შეკვეთაზე, რომელიც უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავდაცვის სფეროში დადეს. ამის გამო ჩვენ ძირითადად უცხოური დაზვერვის მონაცემებს ვეყრდნობით, ასევე ანალიტიკოსებსა და მედიას. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში წარმოებული იარაღის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
ნატოს ქვეყნებში წარმოებული იარაღის დათვლისას არ ვანგარიშობთ თურქეთის საბრძოლო პოტენციალს. ის ალიანსის წევრია და ძლიერი შეიარაღება აქვს, მაგრამ პოტენციურ კონფლიქტებში შესაძლოა ნეიტრალიტეტი არჩიოს.
ობიექტური შეფასება თუ გაზვიადება?
საარტილერიო საბრძოლო მასალა
მარკ რიუტემ მანამდეც განაცხადა, რომ საბრძოლო მასალების წარმოებაში რუსეთს ნატოსთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს. აპრილში ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთი ნატოზე ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას ამზადებს.
„პრობლემა გვაქვს - აშშ, კანადა და ნატოს წევრი ევროპის ქვეყნები თავდაცვის მრეწველობაში საკმარის პროდუქციას არ აწარმოებენ. საბრძოლო მასალებს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ, რუსეთი სამ თვეში ამზადებს“, - თქვა რიუტემ და ისიც აღნიშნა, რომ ამ დროს რუსეთის ეკონომიკა ნატოს ქვეყნების ეკონომიკის მხოლოდ 5% თუ იქნება.
არც მაშინ და არც ახლა გენერალურ მდივანს არ დაუზუსტებია გულისხმობდა მხოლოდ რუსული კალიბრის (152 მმ) საბრძოლო მასალას თუ 122 მმ-სა და სხვა კალიბრებისაც, რასაც რუსეთი ასევე იყენებს ფრონტზე.
ჭურვების წარმოება პენსილვანიაში
და მაინც, რამდენ აწარმოებს რუსეთი?
ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტის (Royal United Services Institute, RUSI) მონაცემებით, 2022 წელს რუსეთმა დაამზადა 250 ათასი 152 მმ კალიბრის ვაზნა, 2023 წელს - ერთი მილიონი, 2024 წელს 1 325 000 ვაზნის დამზადებას გეგმავდა. როგორც მკვლევრები ამბობენ, რეალურად 1,3 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა აწარმოვა. გარდა ამისა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა, გამოუშვა 800 ათასი 122 მმ-იანი ვაზნა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2025 წელს წარმოება გაიზრდება, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, ახალი საწარმო სიმძლავრეების ამოქმედების ხარჯზე.
ინსტიტუტის მონაცემები ახლოსაა დასავლელი და უკრაინელი ოფიციოზის შეფასებებთან: ისინი „როიტერსთან“ აცხადებდნენ, რომ 2024 წელს რუსეთმა 2-2,3 მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალა დაამზადა. ამერიკელი გენერლის კრისტოფერ კავოლის (ნატოს ძალების ყოფილი მეთაური ევროპაში) სიტყვებით, რუსეთი ასევე გეგმავდა წარმოება სამ მილიონამდე გაეზარდა.
უკრაინის სამხედრო დაზღვევა მიიჩნევს, რომ რუსეთმა კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალა დაამზადა: 2023 წელს 2 მილიონი 152 და 122 მმ-ინი კალიბრის ვაზნები, 2024 წელს კი 2,7 მილიონის დამზადებას აპირებდა. მსგავს რიცხვს ასახელებდა შარშან ევროპელი ანონიმი ჩინოვნიკი: ამბობდა, რომ რუსეთი თვეში 250 ათასს ვაზნას ამზადებს, ანუ წელიწადში 3 მილიონს.
SkyNews-მა კვლევით ფირმა Bain & Company-ზე დაყრდნობით კი საერთოდ აცხადებდა, რომ რუსეთი 2024 წელს 4,5 მილიონი საბრძოლო მასალის დამზადებას აპირებდა, რაც მათი თქმით, სამჯერ მეტია ნატოს მიერ წელიწადში დამზადებულზე. ანალიტიკოსებს არ დაუკონკრეტებიათ რა საბრძოლო მასალაზე იყო საუბარი. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ გათვლებისას ორიენტირებულები იყვნენ „ხელმისაწვდომ საჯარო ინფორმაციაზე“, თუმცა, არ ამბობენ, რომელზე. ამ მონაცემებში შესაძლოა შედიოდეს, საბრძოლო მასალების ფართო ასორტიმენტი, მაგალითად, ნაღმები და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები.
ამის გარდა, რუსეთი საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეიდანაც იღებს. თუ თავიდან 122 და 152 მმ-იან ვაზნებზე იყო ლაპარაკი, ასევე ნაღმებზე და რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემის რაკეტებზე, ახლა130 მმ-იან ვაზნებსაც გზავნიან (სავარაუდოდ, საბჭოთა ქვემეხისთვის M-46) და 170 მმ-იანი (სავარაუდოდ, საბჭოთა „კოქსანისთვის). ასევე საუბარია ჭურვებზე კორეული რეაქტიული ზალპური საცეცხლე სისტემისთვის (240 და 107 მმ კალიბრის). თუ რა რაოდენობით შემოაქვთ ეს საბრძოლო მასალა, ამაზე ერთიანი შეფასებები არ არსებობს.
2025 წლის აპრილში "როიტერსისა" და "ღია წყაროების ცენტრის" (Open Source Centre) ერთობლივმა გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ 2023 წლის სექტემბრიდან 2025 წლის მარტამდე 15 ათასი კონტეინერი გაიგზავნა. მათში შესაძლოა 6 მილიონამდე საბრძოლო მასალა ყოფილიყო. ამასწინათ, სააგენტო „რენხაპმა“ სამხრეთ კორეის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გზავნილების მთლიანმა მოცულობამ 12 მილიონს გადააჭარბა, მთავარი 152 მილიმეტრია კალიბრზე გადათვლით. Conflict Intelligence Team მიიჩნევს, რომ ეს რიცხვი გაზვიადებულია.
იმ დროიდან მოყოლებული, როცა "როიტერსმა" ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა, გასული სამი თვის გათვალისწინებით, მთლიანად მიწოდებული საბრძოლო მასალის რაოდენობა დაახლოებით 7 მილიონს მიუახლოვდა. აქ ჩვენ არ მივათვლით ჩრდილოკორეულ საბრძოლო მასალას, რადგან ის არ ახდენს გავლენას თავად რუსეთის წარმოების შესაძლებლობებზე.
რაც შეეხება NATO-ს ქვეყნებს
2024 წლის მარტში ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა ევროპიდან CNN-ს უთხრა. რომ ალიანსის ქვეყნებს შეუძლიათ უკრაინაში გასაგზავნად წელიწადში 1.2 მილიონი ერთეულამდე საბრძოლო მასალა დაამზადონ.
მეორე წყარომ NATO-დან, იმავე წელს განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნები გეგმავდნენ 2024 წელს ორ მილიონამდე ძირითადი კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოებას (აქ არ ითვლება 105 მმ და 120 მმ კალიბრები). ხოლო 2025 წელს მიზნად ჰქონდათ 3 მილიონი 155 მმ-იანი ვაზნის დამზადება.
ეს თითქმის ემთხვევა ევროკომისიის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2024 წლის იანვარში 155მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოებამ ევროპაში მილიონს მიაღწია. 2025 წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებლის გაორმაგება იყო დაგეგმილი. დამატებით მილიონი ვაზნა აშშ-ში უნდა დაემზადებინათ.
ევროკომისარი ტერი ბრეტონი 2024 წლის დასაწყისში ამბობდა, რომ ევროკომისია გეგმავს 2024 წლის ბოლომდე 1,3 მილიონი ჭურვი დაამზადოს. იმავე წლის ივნისში მან განაცხადა, რომ ევროკავშირს წელიც არ დასჭირდება, რომ 155-მმ კალიბრიანი საბრძოლო მასალის დამზადება გააორმაგოს და მილიონს მიაღწიოს. წლის ბოლოსთვის ის 1.7 მილიონი საბრძოლო მასალის წარმოებას ვარაუდობდა (400 000-ით მეტს, ვიდრე იანვარში ივარაუდა), ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის - 2.5 მილიონის.
რეალურად ევროკავშირისა და აშშ-ის საწარმოო შესაძლებლობები შესაძლოა უფრო მოკრძალებული იყოს. დაუსახელებელი სლოვაკური წყაროს ინფორმაციით, 2024 წელს ევროკავშირს მხოლოდ 580 ათასი საბრძოლო მასალის წარმოება შეეძლო.
ეს ემთხვევა გერმანული კომპანიის ევროპაში საბრძოლო მასალის ყველაზე მსხვილი მწარმოებლის, Rheinmetall შეფასებებს, რომელმაც 2024 წლის დასაწყისში ივარაუდა, რომ დასავლეთ ევროპის კომპანიებს წელიწადში მხოლოდ 550 ათასი ერთეული საბრძოლო მასალის დამზადება შეუძლიათ. გარდა თავად გერმანული კომპანიისა, რომელიც მაშინ წელიწადში 350 ათას ერთეულ საბრძოლო მასალას ამზადებდა. ევროპაში იარაღის წარმოებაში ჩართული იყო ნორვეგიულ-ფინური კომპანია Nammo, Nexter (KNDS-ის ფრანგული ფრთა), ბრიტანული BAE, პოლონური Mesko, სლოვენიური MSM, ჩეხური STV Group და CSG.
2024 წელს Rheinmetall-მა კონტრაქტი დადო 8,5 მილიარდი დოლარის საბრძოლო მასალის გერმანული ჯარისთვის მიწოდებაზე. იგეგმება, რომ 2025 წლის დასაწყისიდან კომპანიამ ყოველწლიურად 700 ათასი ჭურვი უნდა დაამზადოს, 2027 წლისთვის კი 1,5 მილიონ (155 მმ-იანი) ვაზნამდე უნდა ავიდეს. გარდა ამისა, ჩეხეთის STV Group გეგმავს „უკრაინული ინიციატივის“ ფარგლებში 300 ათასი ძირითადი და 150 ათასი სხვა კალიბრის საბრძოლო მასალა აწარმოოს. დამატებით 200 ათასამდე 155-მმ-იან საბრძოლო მასალას დაამზადებენ სხვა ევროპული კომპანიები.
ამგვარად საერთო ჯამში 2025 წელს ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის რაოდენობამ (მხოლოდ ძირითადი კალიბრი) შესაძლოა 1,2 მილიონს მიაღწიოს. პროგრამებით ASAP და EDIP ამ სფეროში სერიოზული ინვესტიცია ჩაიდო. ერთი მხრივ, დეფიციტური კომპონენტების წარმოების გასაზრდელად, დენთისა და ასაფეთქებელი საშუალებების, ასევე საბოლოოდ ასაწყობად. CIT მიიჩნევს, რომ უახლოეს წლებში ევროპის შესაძლებლობები ამ მხრივ უფრო გაიზრდება.
აშშ-ის მიზანი 2025 წელს 1,2 მილიონი საბრძოლო მასალის დამზადება იყო. რეალურად გრაფიკს ორჯერ ჩამორჩება. ამერიკული საწარმოები თვეში მხოლოდ 40 ათასი 155-მმ-იანი ვაზნის დამზადებას ახერხებენ, რაც წელიწადში 480 ათასია, თუ დინამიკა უცვლელი დარჩა. ეს გათვლილზე გაცილებით ნაკლებია, რომელთა მიხედვით თვიურ წარმოებას 75-80 ათასს უნდა მიეღწია. შეფერხება გამოიწვია პრობლემებმა, რომელიც ახალი საწარმო ხაზების სრულფასოვნად ამუშავებისას შეიქმნა. თუ ეს პრობლემები აღმოიფხვრა, წარმოება შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
მიუხედავად ყველაფრისა, წლის ბოლოსთვის აშშ-მა და ევროკავშირმა შესაძლოა 1,7 მილიონი ერთეული 155-მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალა დაამზადოს.
თუ მარკ რიუტეს გათვლები სწორია
რუსეთს ამ დროისთვის 6,8 მილიონი მხოლოდ 152 მმ-იანი საბრძოლო მასალა ექნება, სხვა კალიბრები რომ არ ჩავთვალოთ. ხოლო თუ მისვე უფრო ადრინდელ ვარაუდს მივყვებით, ეს რიცხვი ფანტასტიკურ 20,5 მილიონამდე იზრდება.
თუნდაც ვიფიქროთ, რომ ევროპა 1,2 მილიონს ვერ მიაღწევს და შარშანდელ მაჩვენებელთან - 550 ათასთან - დარჩება, აშშ კი წარმოების არსებულ დინამიკას შეინარჩუნებს. ნატოს ქვეყნების წარმოებული საბრძოლო მასალის მთლიანი რაოდენობა მილიონი ერთეული იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთმა 4 მილიონი (ფანტასტიკური ვერსიით, 12 მილიონი) უნდა დაამზადოს.
ეს შეუძლებელია
CIT მიიჩნევს, რომ თავის საწარმოო პიკს რუსეთმა, არსებული ძალებით 2023-2024 წლებში მიაღწია. ამ დროს მონაცემები 1,3 მილიონი 152 მმ-იანი ვაზნა იყო. წარმოების გაზრდა მხოლოდ ახალი საწარმოო ძალების ამოქმედებით თუ იქნება შესაძლებელი.
რუსეთი წარმოებას მართლაც ზრდის, მაგალითად ყაზანის დენთის ქარხანაში და ბიისკში. მაგრამ. ამ სამუშაოების მოცულობა შეზღუდულია და უახლოეს მომავალში პროდუქტიულობის რამდენადმე გაზრდას არ გულისხმობს.
გარდა ამისა, CIT მიიჩნევს, რომ ახალი საწარმოო სიმძლავრეების შემოტანას შეყოვნება და პრობლემები მოჰყვება (მაგალითად, ასე მოხდა ტეხასის ახალ ამერიკულ ქარხანაში), გაძნელდება კვალიფიციური პერსონალის მონახვაც. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს წარმოებას კიდევ უფრო შეაფერხებს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეიძლება გამოვრიცხოთ ის, რომ დამზადებული საბრძოლო მასალის ოდენობა წელიწადში 4 მილიონს მიაღწევს, იმ შემთხვევაში თუ 152 მმ-იან და 122 მმ-იან კალიბრებსაც გავითვალისწინებთ.
რუსული თვითმავალი Msta-SM2
რაც შეეხება 6,8 მილიონი, მით უფრო 12 და 20 მილიონი საბრძოლო ერთეულის გამოშვებას, ეს წარმოუდგენელია, თუ რუსეთის ეკონომიკა მთლიანად სამხედრო რელსებზე არ გადავიდა, რაც ჯერ არ მომხდარა. ისიც საკითხავია, რამდენად საჭიროა ამ მასშტაბით წარმოება, როდესაც სხვა სახის იარაღიც არსებობს. ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ საბრძოლო მასალის ამ რაოდენობით წარმოებას საარტილერიო ლულების წარმოების ზრდაც უნდა მოჰყვეს. ამას დამატებით დანადგარები და მოწყობილობა დასჭირდება, რაც რუსეთში არ მზადდება.
რით ვისროლოთ?
საარტილერიო იარაღი რუსეთში
ჩვენ შევეცადეთ ჰაუბიცების წარმოება შეგვეფასებინა, 152 მმ-იანის რუსეთისთვის და 155 მმ-იანის ნატოს ქვეყნებისთვის.
რუსეთში ჰაუბიცების წარმოების მონაცემები გასაიდუმლოებულია. ახლა 152 მმ-კალიბრის საარტილერიო იარაღი ძირითადად სამი სახის იწარმოება: თვითმავალი მუხლუხიანი დანადგარი „მსტა ს“, ბორბლებიანი „ჰეაცინტ კ“ და „მალვა“.
„მალვა“ არის „მსტას“-ს ანალოგი, ოღონდ ბორბლებზე, „ჰეაცინტიც“ იგივეა, ოღონდ „ჰეაცინტ ბ“-ს ქვემეხით, რომელიც რუსეთში აღარ მზადდება.
2020 წელს რუსეთი გეგმავდა ექსპლუატაციაში გაეშვა 35-ზე მეტი „მსტა-ს“. CIT-ის ექსპერტები ეჭვობენ, რომ ახლა რუსეთს წელიწადში 50 ერთეულზე მეტის წარმოება შეუძლია. ახალი მანქანები მართლაც შენიშნეს ფრონტზე, თუმცა მათი რაოდენობა არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წარმოების დონე მნიშვნელოვნად აჭარბებს დანაკარგებს.
ანალიტიკოსთა ჯგუფი ასევე მიიჩნევს, რომ რუსული არმიისთვის ყოველწლიურად მიწოდებული „ჰეაცინტ-კ“-ისა და „მალვას“ მანქანების რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატება. მათი სერიული წარმოება საწყის ეტაპზეა. მათ იშვიათად ხედავენ ჯარში. თუმცა, CIT-ის თქმით, რადგანაც მათი დამზადება მარტივია, შესაძლებელია მომდევნო წლებში წარმოებაც გაიზარდოს.
ჩვენი სტატისტიკა არ მოიცავს მოდიფიცირებულ, აღდგენილ ან ე.წ. „კანიბალიზებული“ (სხვა სისტემებისგან აწყობილ) რუსულ საარტილერიო დანადგარებს, რომლებიც ადრე საწყობებსა და სამხედრო ნაწილებში ინახებოდა. თუმცა, რუსული არმია ამ ხერხსაც ხშირად მიმართავს.
მაგალითად, 2022 წლიდან 2024 წლის შუა პერიოდამდე, რუსეთის სამხედრო საწყობებში ბუქსირებადი არტილერიის რაოდენობა 11 867 ერთეულიდან 6134-მდე შემცირდა. საუბარია მსხვილკალიბრიან შეიარაღებაზე. ერთი წლის წინ საწყობებში რჩებოდა დაახლოებით მცირე და საშუალო კალიბრის იარაღის 50% და მხოლოდ მსხვილკალიბრიანის — ბუქსირებადი „ჰეაცინტ-ბ“-ისა და „ მსტა-ბ “-ის — დაახლოებით მესამედი.
ამგვარად, სრულიად ახალი საარტილერიო ტექნიკის წლიური წარმოება რუსეთში 100 ერთეულს არ აღემატება.
აქ ნატოს აშკარა უპირატესობა აქვს
ფრანგულ-გერმანული კომპანია KNDS გეგმავს 2025 წლის ბოლოსთვის 144 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი CAESAR გამოუშვას. კომპანია ამავე ჰაუბიცების წარმოებას ჩეხეთშიც აპირებს.
გარდა ამისა, გერმანიას მიზნად აქვს წლის ბოლომდე მიაწოდოს 6 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა PzH 2000, რომლის წარმოება კვლავ განახლდა 2024 წელს. გერმანია აწარმოებს ახალ ჰაუბიცებსაც (RCH-155), თუმცა მათ სერიულ წარმოებაში დაუდგენელი მიზეზების გამო შეფერხებებია: სწორედ ამის გამო ჰაუბიცების უკრაინისთვის მიწოდება რამდენჯერმე გადაიდო.
თვითმავალი საარტილერიო სისტემებისთვის იარაღის წარმოება დიდ ბრიტანეთშიც გაიხსნება. თავად გაერთიანებული სამეფო ამ ეტაპზე არ აწარმოებს ჰაუბიცებს: AS-90-ის წარმოება დიდი ხანია შეწყვეტილია, და ბრიტანული არმიის ძირითადი იარაღი სწორედ ბრიტანულ-გერმანული RCH-155 უნდა გახდეს.
ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთი ძირითადად შვედურ თვითმავალ ჰაუბიცებს (Archer) ყიდულობს. შვედურ კომპანიას წლიურად დაახლოებით 12 ერთეული ჰაუბიცას დამზადება შეუძლია.
სულ მცირე 100 თვითმავალ ჰაუბიცას (Krab) აწარმოებს პოლონეთი, ხოლო სლოვაკეთი 2025 წლის ბოლომდე 40 ერთეული Zuzana-ს ტიპის ჰაუბიცას გამოშვებას გეგმავს.
აშშ-მ თავის მხრივ გაზარდა ჰაუბიცების (M777 და M109) ლულების წარმოება: M777-ისთვის წარმოებული ლულების რაოდენობა გაიზარდა თვეში 11-დან 18-მდე (ანუ წლიურად 216 ერთეული). ეს არ ნიშნავს, რომ აშშ ყოველწლიურად ამდენივე ჰაუბიცას გამოუშვებს, ლულების ნაწილს არსებული სისტემების რემონტისთვის გამოიყენებენ. ასევე, M777-ის ლულების წარმოება დაიწყო ბრიტანეთის ქალაქ შეფილდშიც.
რაც შეეხება ამერიკულ თვითმავალ ჰაუბიცებს (M109), ზუსტი რაოდენობა ამჟამად არ არის ცნობილი, მაგრამ 2017 წელს მწარმოებელმა განაცხადა, რომ შეუძლია წელიწადში 60 ერთეული გამოუშვას. 2024 წელს BAE Systems-მა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა M109-ის წარმოებაზე, ღირებულებით 318 მილიონი დოლარი.
ამრიგად, ნატოს ქვეყნებში წლიურად იწარმოება დაახლოებით 362 ერთეული არტილერია, რუსეთში - სავარაუდოდ 100-ზე ნაკლები.
ქარხანა სვერდლოვსკის რეგიონში
ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არაა.
რუსული ტანკები
ისევე, როგორც არტილერიის შემთხვევაში, რთულია ზუსტად დაადგინო რამდენ ტანკს აწარმოებს რუსეთი, რადგან უკრაინაში გამოყენებული ტექნიკის დიდი ნაწილი აღდგენილი და მოდერნიზებული საბჭოთა ტანკებია, მაგალითად, Т-72Б3 და Т-80БВМ. სავარაუდოდ, სწორედ ამას ეფუძნება ამერიკელი გენერალ კრისტოფერ კავოლის შეფასება, რომლის თანახმადაც, 2025 წელს რუსეთის არმია 1 500 ტანკის მიღებას გეგმავს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე მნიშვნელოვნად შემცირდა შედარებით თანამედროვე ტანკების მარაგი: მაგალითად, რუსეთს საწყობებში ახლა მხოლოდ 20% არის დარჩენილი იმ შედარებით ახალი ტანკებისა ( Т-72Б ), რომლებიც ომამდე ჰქონდა, Т-80Б/БВ-ის ტანკების მხოლოდ 10 პროცენტი დარჩა, Т-80У/УД-გან კი 27%.
ერთადერთი ტანკი, რომელიც „ნულიდან“ სერიულად იწარმოება, Т-90М-ია. CIT-ის შეფასებით, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაზარდა ამ მოდელის წარმოება და ამჟამად წელიწადში დაახლოებით 280 ერთეულ Т-90М-ს უშვებს.
ამ დროს, ევროპული ქვეყნები
ფაქტობრივად აღარ აწარმოებენ ტანკებს: საფრანგეთს უკვე ათ წელზე მეტია, რაც აღარ გამოუშვია თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკი Leclerc – სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ძვირი ჯდება. დიდი ბრიტანეთი გეგმავს, თავისი ახალი საბრძოლო ტანკი (Challenger 3) 2027 წელს გაუშვას ექსპლუატაციაში. 2030 წლის ბოლომდე მას 148 ტანკი ეყოლება.
ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც სერიულად აწარმოებს ტანკებს, არის გერმანია - იგი წელიწადში 50 ერთეულ Leopard 2A8-ს უშვებს. გერმანია გეგმავს მომდევნო 10 წლის განმავლობაში დამატებით ათასი ტანკიც შეიძინოს. ამ შემთხვევაში, გერმანიას მოუწევს ძირითადი საბრძოლო ტანკების წარმოების გაორმაგება მაინც, და ეს არ გულისხმობს, უკვე გაფორმებულ და დაგეგმილ კონტრაქტებს (ექსპორტისთვის), რამდენიმე ასეულ ერთეულზე.
აშშ წელიწადში 109 ტანკს (M1A2 Abrams) აწარმოებს. როგორც აშშ-ის არმიის სამინისტროს კონგრესისთვის წარდგენილ ანგარიშშია აღნიშნული, საჭიროების შემთხვევაში, წარმოების გაფართოება შესაძლებელია წლიურად 420 ტანკამდე. CIT მიიჩნევს, რომ ეს არ ხდება, რადგან ამდენი არც შეკვეთაა და არსებული მარაგიც დიდია. თან აშშ ყოველწლიურად 200-მდე ძველ ტანკს აახლებს. საჭიროების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეიძლება 350-მდე გაიზარდოს.
შედეგად, ნატოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად იწარმოება მინიმუმ 159 ტანკი, რაც ნაკლებია რუსეთის 280 ტანკზე, თუმცა მომდევნო წლებში ევროპაში ტანკების წარმოება გაიზრდება, თან ამერიკული ქარხნები ამ ეტაპზე სრული დატვირთვით არ მუშაობენ.
TU-160
რაც შეეხება თვითმფრინავებს
რუსული ავიაცია
რუსული პორტალის „ტექნოსფეროს“ სავარაუდო შეფასებით, რუსეთს წელიწადში დაახლოებით 50–60 საბრძოლო თვითმფრინავის წარმოება შეუძლია, რაც მოიცავს როგორც გამანადგურებლებს, ასევე სტრატეგიულ ბომბდამშენებს: 10–12 ერთეული Су-57, 15 ერთეული - Су-35С, 12–18 ბომბდამშენი გამანადგურებელი Су-34М, 10 მრავალმიზნობრივი Су-30СМ2 და 2–4 სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160М2.
შედარებისთვის: 2018 წელს რუსულმა არმიამ 36 საბრძოლო თვითმფრინავი მიიღო. დასავლური სანქციების მიუხედავად, ბოლო წლებში, განსაკუთრებით სამხედრო ეკონომიკის პირობებში, წარმოების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უნდა გაიზარდოს. „ტექნოსფეროს“ მონაცემები დიდად არ განსხვავდება სხვა წყაროებისგან, მათ შორის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაახლოებული „სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრისგან“.
ერთ-ერთი, რაშიც „ტექნოსფერო“ სავარაუდოდ აჭარბებს არის წელიწადში 4 Ту-160М2-ის წარმოება. ეს ვარაუდი ეფუძნება რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვის 2024 წლის ბოლოს გაკეთებულ განცხადებას, რომ 2025 წელს შეიარაღებაში 4 ასეთი თვითმფრინავი შევა. თუმცა მსგავს რამეს ჯერ კიდევ მისი წინამორბედი, სერგეი შოიგუც ამბობდა, 2023 წლის გეგმებთან დაკავშირებით.
რუსეთი ნამდვილად აახლებს ძველ საბჭოთა Ту-160-ს (ერთ-ერთ მათგანზე თავად პრეზიდენტმა პუტინმაც კი იფრინა) და ახალ თვითმფრინავებსაც აკეთებს. 2027 წლის ბოლომდე ყაზანის ავიაქარხანამ 10 ერთეული Ту-160М2 უნდა გამოუშვას. თუმცა, ჯერ ერთიც არ ჩანს. 2024 წლის თებერვალში, როდესაც პუტინის ყაზანის ავიაქარხანას ესტუმრა, იქ ახალი სერიის მე-2 და მე-3 თვითმფრინავები იდგნენ, მაშინ როცა გეგმის მიხედვით, მე-2 თვითმფრინავი 2023 წლის ბოლომდე რუსეთის საჰაერო ძალებისთვის უნდა გადაეცათ. 2024 წლის დეკემბერში ერთ-ერთი სამხედრო გადაცემის ეთერში კვლავ აჩვენეს მე-2 თვითმფრინავი - ის ისევ ყაზანის ავიაქარხნის საამქროში ეყენა.
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმ ოთხი Ту-160М2-ის შეიარაღებაში მიღების შესახებ, რომლების ბელოუსოვმა დააანონსა, თუმცა შესაძლებელია, ეს ინფორმაცია უბრალოდ საჯაროდ არ გავრცელებულა. მაგალითად, 2025 წლის აპრილში ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები ორ ახალ Су-57 ტიპის გამანადგურებელზე, რომლებიც ნოვოსიბირსკში ტოლმაჩოვოს აეროპორტში იდგნენ. თუმცა, მათ შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა.
ევროპაში კი
ამჟამად სერიულად იწარმოება სამი სხვადასხვა ტიპის გამანადგურებელი - რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი პროექტი - Eurofighter Typhoon, ფრანგული Rafale და შვედური Gripen.
Eurofighter-ის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წელიწადში 14 ცალ გამანადგურებელს ამზადებენ, მომავალში კი წარმოება 20 ერთეულამდე გაიზრდება. თუმცა 2024 წელს ქარხანამ მხოლოდ 6 თვითმფრინავი გამოუშვა.
Rafale-ის მწარმოებელი კომპანიის Dassault Aviation-ის დირექტორის განცხადებით, კომპანია წელიწადში 36 თვითმფრინავს ამზადებს (სხვა წყაროს მიხედვით, 2024 წელს მხოლოდ 21 თვითმფრინავი დამზადდა).
შვედური Gripen-ის მწარმოებელი კომპანია SAAB აცხადებს, რომ აქვს შესაძლებლობა წელიწადში 24 თვითმფრინავი გამოუშვას, მაგრამ რეალურად, ბოლო წლებში როგორც ჩანს, თითქმის არ უწარმოებიათ. კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2024 წელს კომპანიამ ერთი თვითმფრინავიც კი არ გამოუშვა, ხოლო 2023 წელს – მხოლოდ ერთი.
აშშ-ში
ამერიკული მწარმოებლის Lockheed Martin-ის მონაცემებით, კომპანია 2025 წელს გეგმავს საკუთარი რეკორდის მოხსნას და 170–190 ერთეული უახლესი F-35 დაამზადოს. იმავე ინსტიტუტის მონაცემებით, 2024 წელს Lockheed-მა 110 F-35 აწარმოვა.
გარდა ამისა, აშშ ყოველწლიურად აწარმოებს 36 ერთეულ F-16-ს (მხოლოდ ექსპორტისთვის) და 36 ერთეულ F-15EX-ს, ასევე 18 ერთეულ F/A-18-ს (ამ ხაზის წარმოება შეწყდება 2027 წელს).
ამრიგად, ნატოს ქვეყნებში ყოველწლიურად იწარმოება მინიმუმ 227 და მაქსიმუმ 320 გამანადგურებელი. ასე რომ, ნატო გადაჭარბებით უსწრებს რუსეთს გამანადგურებლების წარმოებით (რუსეთი ყოველწლიურად აწარმოებს 47–55 ერთეულს, Ту-160-ის გამოკლებით).
გამანადგურებლების რაოდენობა ნატოს ქვეყნებში გაცილებით აღემატება რუსეთისას. Military Balance-ის 2025 წლის მონაცემებით, რუსეთს 931 გამანადგურებელი აქვს, მათ შორის 19 - მეხუთე თაობის Су-57. ამავე დროს, მხოლოდ აშშ-ს 2338 გამანადგურებელი აქვს, მათ შორის - 787 მეხუთე თაობის (F-22 და F-35). გარდა ამისა, აშშ-ს აქტიურ რეზერვში აქვს კიდევ 727 გამანადგურებელი, მათგან 61 – მეხუთე თაობის.
ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს (თურქეთის გამოკლებით) 1814 გამანადგურებელი აქვთ. გამანადგურებლების რაოდენობით ლიდერობენ: საფრანგეთი (275), საბერძნეთი (230), გერმანია (226), იტალია (183) და ესპანეთი (169). რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე მიიღო ექსპლუატაციაში ამერიკული მეხუთე თაობის F-35: დანიამ - 10, იტალიამ და დიდმა ბრიტანეთმა – 32-32, ნიდერლანდებმა - 40 და ნორვეგიამ - 44. შედეგად, ევროპაში მეხუთე თაობის გამანადგურებლების რაოდენობამ 158-ს მიაღწია.
ჯამში, ნატო ოთხჯერ აღემატება რუსეთს მხოლოდ გამანადგურებლების რაოდენობით (თუ არ ჩავთვლით სტრატეგიულ ავიაციას): 4152 ერთეული 931-ის წინააღმდეგ. უპირატესობა განსაკუთრებით დიდია მეხუთე თაობის თვითმფრინავებში, თითქმის 50-ჯერ მეტი: 885 ერთეული 19-ის წინააღმდეგ.
„შაჰედები“ კონკურენციის გარეშე
რუსული "შაჰედები"
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი წელიწადში აწარმოებს 5 000 შორი მანძილის დრონს სხვადასხვა ტიპისას, საიდანაც ნახევარი არის საბრძოლო, თავდამსხმელი დრონები „გერან-2“ (რუსეთში ლოკალიზებული ირანული „შაჰედი“), ხოლო მეორე ნახევარი — სატყუარა დრონები „გერბერა“ (მარტივი ანალოგები „შაჰედის“, ხშირად უიარაღოდ ან მცირე საბრძოლო თავით. ისინი გამოიყენება დასაზვერად ან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადასატვირთად). საბრძოლო დრონების წლიური წარმოება რუსეთში შეიძლება 60 000 ერთეულს აღწევდეს.
ნატოს ქვეყნებში
„შაჰედის“ ტიპის მსგავსი იაფფასიანი ანალოგები არ იწარმოება. მაგალითად. აშშ უშვებს სიმაღლეზე მოძრავ დრონებს (Reaper და Global Hawk), თუმცა მათ სხვა ფუნქცია აქვთ და კამიკაძე დრონები არ არიან. ამასთან, მათი ღირებულება ასჯერ და ათასჯერ აღემატება ერთი „შაჰედის“ ფასს.
ამერიკული კამიკაძე დრონები Switchblade 300 და 600 მრავალმხრივ ჩამორჩებიან „შაჰედებს“, მასიურობით, იმით, რომ შორს წასვლა შეუძლიათ, საბრძოლო ნაწილის ზომითაც. ფაქტობრივად, ნატოს ქვეყნებს (ჯერჯერობით მაინც) უბრალოდ არ აქვთ და არ ჰყავთ „შაჰედების“ არანაირი ანალოგი.
რუსეთის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ასევე აწარმოებს, თვეში 200–250 ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტას, ანუ წელიწადში დაახლოებით 2400–3000 ერთეულს. კერძოდ, დაზვერვა ასახელებს შემდეგ მაჩვენებლებს:
- „ისკანდერ-Μ“ – 60-70 ერთეული თვეში
- „ისკანდერ-К“ – 20-30 ერთეული თვეში
- „სატევარი“ – 10-15 ერთეული თვეში
- „X-101“ – 60-70 ერთეული თვეში
- „X-32“ - მაქსიმუმ 10 ერთეული თვეში
- „კალიბრი“ – 25-30 ერთეული თვეში
- ჯამში 20–30 ერთეული „ონიქსი“ და „ცირკონი“
უკრაინული გამოცემა 24tv.ua-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ, წყაროსგან მოწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, აჩვენა, რომ 2025 წლისთვის რაკეტა „X-101“-ის წარმოების გეგმა შეადგენდა 633 ერთეულს ანუ დაახლოებით 53 ერთეულს თვეში. შესაბამისად, დაზვერვის მონაცემები შესაძლოა გადაჭარბებული იყოს.
შორი მანძილის რაკეტები ევროპასა და აშშ-ში
ახლა შორსმსროლელი რაკეტების სერიულად წარმოება მხოლოდ გერმანიაშია. კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის ივნისის კვლევის მიხედვით, იქ წელიწადში 60 ერთეული Taurus იწარმოება. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ Storm Shadow/Scalp-EG-ის წარმოების განახლებაზე, თუმცა, წარმოების მასშტაბებზე ოფიციალურად არაფერი თქმულა. სარაკეტო ტექნოლოგიების ექსპერტმა ფაბიან ჰოფმანმა წარმოების პოტენციალი შეაფასა, როგორც წელიწადში 50–100 ერთეული. თუმცა, სავარაუდოდ, საუბარი იყო არსებული რაკეტების მოდერნიზაციასა და ტექნიკურ მომსახურებაზე, რადგან მისი სტატიის გამოქვეყნების მომენტში ახალი წარმოების დაწყების შესახებ არაფერს იუწყებოდნენ.
აშშ წელიწადში აწარმოებს 700 ერთეულ ფრთოსან რაკეტას JASSM და გეგმავს 2026 წლისთვის წარმოება 1100-მდე გაზარდოს. აშშ ასევე ამზადებს 500 ბალისტიკურ რაკეტას ATACMS (გერმანიამ 2026 წლიდან ასევე შეიძლება დაიწყოს მათი წარმოება და წელიწადში 800-მდე გამოუშვას), და დაახლოებით 60 ერთეულ Tomahawk-ს. გარდა ამისა, აშშ გეგმავს 2025–2029 წლებში 1296 PrSM რაკეტა დაამზადოს - ანუ წლიურად 260.
ამრიგად, რუსეთი აბსოლუტურად დომინირებს კამიკაძე დრონების წარმოებაში და ასევე ჯაბნის ნატოს სარაკეტო წარმოებაში - 2400-3000 ერთეული ნატოს 1580-ის წინააღმდეგ.
„პატრიოტი“
საჰაერო თავდაცვის სისტემა
ობიექტური მონაცემები რუსეთის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების შესახებ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ არ არსებობს. ამიტომ ამ მხრივ რუსეთისა და ნატოს შესაძლებლობებს არ შევადარებთ. მხოლოდ სავარაუდო ტენდენციებს წარმოვაჩენთ.
რუსეთი
ამ დროისთვის რუსეთი სერიულად აწარმოებს რამდენიმე ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას: სარაკეტო სისტემა С-300В4, С-400, „Тор“ და „Бук“-ის ტიპის კომპლექსები და „პანცირი“. С-350 და С-500 სისტემები იშვიათია, ამიტომ მათ „სერიულად წარმოებულ სისტემებად“ არ განვიხილავთ.
წარმოების მასშტაბების განსაზღვრა ყველა სისტემასთან მიმართებით რთულია, С-400-ის გარდა. ომის დაწყებამდეც კი მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია ვრცელდებოდა იმაზე, თუ რა რაოდენობით იყო ესა თუ ის კომპლექსი შეიარაღებაში.
ცნობილია, რომ 2007-დან 2018 წლამდე რუსეთის არმიამ მიიღო С-400 ტიპის 57 დივიზიონი (თითოეულ დივიზიონში ორი ბატარეაა), აქედან 10 - 2018 წელს. 2019–2021 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 16 დივიზიონი. 2022 წელს 10 დივიზიონის მიწოდება იგეგმებოდა (არ დადასტურებულა), ანუ ჯამში გამოდის 83 დივიზიონი ან 166 ბატარეა.
Military Balance-ის მონაცემებით, 2024 წლისთვის რუსეთის არმიას უკვე ჰქონდა 124 დივიზიონი ანუ 248 ბატარეა. შესაბამისად, 2022-დან 2024 წლამდე რუსეთს წელიწადში დაახლოებით 17 დივიზიონი უნდა ეწარმოებინა (როდესაც მანამდე, რეკორდული 2018 წლის განმავლობაშიც კი, მხოლოდ 10 დივიზიონი გამოუშვეს). 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, С-400-ის დივიზიონების რაოდენობა კიდევ 18-ით გაიზარდა. თუ ეს შეფასება სწორია, რუსეთმა „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ ამ სისტემების წარმოება თითქმის გააორმაგა.
ჟურნალი მოიცავს მონაცემებს სხვა სისტემებზეც: С-300В, С-300П და С-350. С-350-ის ბატარეების რაოდენობა წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა, ისევე როგორც С-300В-ის. თუმცა, ცნობარში აღნიშნულია, რომ გაიზარდა С-300ПС-ის რაოდენობა, რომლის წარმოებაც 2011 წელს შეწყდა, და С-300ПМ1/2-ის, რომლებიც 2014 წლამდე მოდერნიზდა С-300ПМ-ისგან. ნაწილი სავარაუდოდ საწყობებიდან ამოიღეს. ან ერთი საზღვრიდან მეორეზე წაიღეს. ეს ცხადია, ზუსტ შეფასებას ართულებს.
ნატო
აშშ-ის ძირითადი საჰაერო თავდაცვის სისტემა არის „Patriot“-ის კომპლექსი. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 2023 წელს კონცერნს შეეძლო წელიწადში 12 ბატარეის წარმოება. ამჟამად აშშ ყოველწლიურად აწარმოებს 500 PAC-3 ტიპის რაკეტას (გეგმის მიხედვით, წარმოება 2027 წლამდე 750-მდე უნდა გაიზარდოს) და 240 PAC-2 ტიპის რაკეტას (პროგნოზით, გაიზრდება 420-მდე). 2026 წელს გერმანული Rheinmetall ასევე დაიწყებს PAC-3 ტიპის გამანეიტრალებელი რაკეტის წარმოებას. ის წელიწადში 300 ერთეულის გამოშვებას გეგმავს.
გერმანიაში იწარმოება IRIS-T ტიპის სისტემა და რაკეტები. კომპანია Diehl გეგმავს სისტემების გამოშვება 2025 წელს 8-მდე, ხოლო 2026 წელს - 10-მდე გაზარდოს. კომპანიამ ასევე დაგეგმა გამანეიტრალებელი რაკეტების რაოდენობა წლიურად 800–1000 ერთეულამდე გაზარდოს.
ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T-ს წარმოება სავარაუდოდ ნელი ტემპით მიდის - დაახლოებით ერთი ბატარეა წელიწადში. მწარმოებელი კომპანია წელს გეგმავს 134 Aster-ის ტიპის რაკეტა გამოუშვას.
ევროპაში ასევე იწარმოება ნორვეგიულ-ამერიკული NASAMS-ის სისტემა. წელიწადში დაახლოებით 7–8 ბატარეის გამოშვებაა შესაძლებელი. სისტემა იყენებს ორ ტიპის რაკეტას, რომლებიც აშშ-ში იწარმოება: AIM-120 AMRAAM (წელიწადში 1200 ერთეული) და AIM-9X (წელიწადში 2500 ერთეული).
ინფორმაციის სიმცირის გამო შეუძლებელია ზუსტად შეფასდეს, რომელი მხარე აწარმოებს მეტი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემებს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ის სფეროა, სადაც არც ერთი მხარე არ გრძნობს თავს საკმარისად დაცულად.
რუსეთს თითქმის ყოველდღე ესხმიან თავს საკმაოდ პრიმიტიული უკრაინული დრონები. CIT-ში მიიჩნევდნენ, რომ რუსეთი ვერ ახერხებს დაიცვას ცა სრულიად, მაშინ როცა მოწინააღმდეგეს ძლიერი საჰაერო ძალები არც კი აქვს.
„ნატოს ქვეყნები, ყოველდღე უყურებენ რა დაბომბილ უკრაინულ ქალაქებს, ეძებენ გზებს, როგორ დაიცვან თავი ასეთი მასშტაბის საჰაერო თავდასხმებისგან, თან ისე რომ არ გაკოტრდნენ მილიარდობით დოლარის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტებში ჩადებით. მით უფრო, რომ ისინი მცირე რაოდენობით იწარმოება და ალიანსის მზარდ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“, – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
ფრე ბრძოლის ველზე?
დასკვნა
ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემებიდან ჩანს, რომ მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმეა, როგორიც რიუტემ წარმოაჩინა. თუ არტილერიის საბრძოლო მასალების წარმოებაზე ვისაუბრებთ, პოტენციური მოწინააღმდეგეების მაჩვენებლები თითქმის პარიტეტულია, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რუსეთს ჭურვებისა და სხვა სახის შეიარაღების წარმოებაში დიდი უპირატესობა აქვს. ამასთან, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში უკვე ზრდიან საწარმოო სიმძლავრეებს, რასაც თავისი ნაყოფი გამოაქვს. მსგავსი სამუშაოები ტარდება რუსეთშიც, თუმცა მათი მასშტაბი არ იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ წარმოების მოცულობა რადიკალურად გაიზრდება.
რაც შეეხება საარტილერიო სისტემების წარმოებას, ამ სფეროში ნატოს ქვეყნებს სამგზის უპირატესობა აქვთ. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მხრივ დასავლეთის ქვეყნები ჯერაც ეწევიან მოვლენებს. რუსეთის საწყობებში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან აწყვია იარაღი. თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ან მორალურად მოძველდა, ან უკვე იყენებენ უკრაინასთან ომში.
ტანკების წარმოება დასავლეთის ქვეყნების სუსტი წერტილია, განსაკუთრებით - ევროპის. მხოლოდ ერთი ტიპის სერიული ტანკი იწარმოება, წლიური 50 ერთეულით, რაც არა მხოლოდ მრავალჯერადად ჩამორჩება რუსეთის ტემპს, არამედ აშკარად არასაკმარისია მასშტაბური გადაიარაღების პროგრამისთვის. CIT-ის შეფასებით, ეს სფერო ნატოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან რუსეთს შეეძლება უკრაინაში მიღებული დანაკარგი 10 წელიწადში აინაზღაუროს. ევროპა, ამ დროის განმავლობაში, იმავე ტემპით მხოლოდ 500 ტანკის წარმოებას შეძლებს. აშშ-ში წარმოებული ტანკები ნაწილობრივ ამცირებს პრობლემას, თუმცა ამ დროისთვის ამერიკული „აბრამსები“ მხოლოდ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ჰყავს.
ავიაცია ათწლეულების განმავლობაში ნატოს დომინირების სფეროდ რჩება. ამ მიმართულებით ალიანსის უპირატესობა აშკარაა, როგორც წარმოების მოცულობით, ასევე უკვე არსებულ ავიაპარკით, განსაკუთრებით ეს ეხება მეხუთე თაობის გამანადგურებლებს. ეს უპირატესობა დიდწილად ამერიკული ავიაგამანადგურებლების ხარჯზეა, მაგრამ ევროპელ მოკავშირეებსაც ორმაგი უპირატესობა აქვთ, ათმაგი უპირატესობა - მეხუთე თაობის თვითმფრინავების მხრივ, თუმცა, ისინი აშშ-სგან აქვთ შეძენილი და მხოლოდ იქ იწარმოება.
რაკეტები და საბრძოლო დრონები - რუსეთის დომინირების სფეროა. განსაკუთრებით უპილოტო დრონების მიმართულებით. ნატოს ქვეყნებს არა აქვს რუსეთის „გერანის“ ანალოგი - ირანული „შაჰედის“ ლოკალიზებული ვერსია. ამავდროულად, რუსეთი მათ წარმოებას აფართოებს და უკვე თვეში 5000 ერთეულს ამზადებს. რა თქმა უნდა, ნატოს ძლიერი გამანადგურებელი ავიაციის პირობებში კამიკაძე-დრონები დასავლეთისთვის ბევრად ნაკლები საფრთხე იქნება, ვიდრე უკრაინისთვისა, თუმცა ისეთ ომში, რომლის მიზანიც მოწინააღმდეგის გამოფიტვაა, ასეთი იაფი საშუალება სერიოზულ უპირატესობას წარმოადგენს. რაც შეეხება რაკეტებს - რუსეთს ამ მხრივ ორმაგი უპირატესობა აქვს. CIT-ში მიიჩნევენ, რომ ეს კომპონენტი თანამედროვე ომში უაღრესად მნიშვნელოვანია და საჭიროებს მოკავშირეები ამ მხრიდან მალე გაძლიერდნენ. როგორც უკრაინის გამოცდილებამ აჩვენა, დარტყმის ასეთი ზუსტი საშუალებების გამოყენება რუსული ობიექტების წინააღმდეგ შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს, ხოლო თუ მათ მასობრივად გამოიყენებდნენ (რაც უკრაინისთვის ამჟამად შეუძლებელია) კონფლიქტის ბედიც შეიცვლებოდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვა ის სფეროა, სადაც ორივე მხარე თავს დაუცველად გრძნობს. ნატოს ქვეყნებისთვის პრობლემაა როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების სიძვირე, ასევე წარმოების დეფიციტიც. რაც უახლოეს მომავალშიც ვერ დააკმაყოფილებს ყველა ქვეყნის მოთხოვნებს. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ სფეროში ინვესტიციები გარდაუვალად გაიზრდება, თუმცა უცნობია, რამდენად სწრაფად გამოიღებს ეს შედეგს. რუსეთი, რომელმაც თავდაპირველად სწორედ საჰაერო თავდაცვით სისტემაზე გააკეთა აქცენტი და არა ძლიერ ავიაციაზე, ასევე მოუმზადებელი აღმოჩნდა. უკრაინაც კი, რომელიც შეზღუდულია რესურსებით, რეგულარულად პოულობს ბზარებს რუსეთის თავდაცვით სისტემაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ნატოზე.
„მზარდი დაპირისპირების ფონზე, რუსეთის სამხედროებს, სავარაუდოდ, კვლავ მოუწევთ საჰაერო თავდაცვის გეგმების გადახედვა“, - ასკვნიან CIT-ში.