მხოლოდ ბოლო ორ დღეში, 9 და 10 ივლისს, პოლიციამ ქუჩაში გააჩერა და ნარკოტესტირება მოსთხოვა საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ასევე ოპოზიციური პარტიების წევრებს - სულ ცხრა ადამიანს - ეს მხოლოდ ის ფაქტებია, რომლებიც გასაჯაროვდა.
ამ დროისთვის მათ შორის არიან:
- ოთო ფარულავა („ლელო“)
- ბექა ბერიძიშვილი („ლელო“)
- ლევან ჯორბენაძე („ლელო“)
- გიგა მაქარაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი)
- ბექა პაპაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)
- როკო მწყერაშვილი („გირჩი - მეტი თავისუფლება“)
- თაკო ხელაძე - („საზმაუს მარშების“ მონაწილე და „მარშის ხმა“)
- სალომე ბარკერი (სამოქალაქო აქტივისტი)
- ზუკა ბერძენიშვილი (სამოქალაქო აქტივისტი)
რა დგას რეალურად ასეთი ნარკოპოლიტიკის უკან? ნარკოტიკების მოხმარების შემცირება თუ მომხმარებელთა გარიყვა, დაშინება, მათზე კონტროლის მოპოვება და რაც მთავარია, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია?
ტელეფონში ჩემი ფოტო ჰქონდა - რას ჰყვებიან ქუჩაში გაჩერებულები
„გუშინ მე და ჩემი ორი თანამებრძოლი „ლელოდან“ რეჟიმს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადავყავდით. მოთხოვნაზე კატეგორიული უარი ვთქვით. მოგვცეს 4 საათი, რომ ტესტირება დამოუკიდებლად სამხარაულში ჩაგვეტარებინა, თუმცა არც ეს გავაკეთეთ“, - დაწერა ფეისბუკზე „ლელოს“ წევრმა ოთო ფარულავამ.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი გაიხსენა, რომ როცა პოლიციამ გააჩერა, ერთ-ერთის ტელეფონში საკუთარი ფოტოსურათი შენიშნა:
“მელოდნენ. შემოწმებაზე უარი შეგნებულად ვთქვით - ამაზე რომ საკუთარი ნებით დავთანხმებოდით, წყალში უნდა გადაყრილიყო იმ ადამიანების შრომა, ვინც ამ მავნე პრაქტიკის გასაუქმებლად წლები იბრძოდა. პროტესტი ამ უარით გამოვხატეთ რეპრესიების იმ ახალი ტალღის წინააღმდეგ, რომელიც რეჟიმმა დაიწყო ადამიანებზე ვითომდა ზრუნვის მიზნით მიღებული კანონების საფარქვეშ მოქმედებით. ნარკოპოლიტიკასთან ეს კავშირში არ არის”.
ვიდეო, თუ როგორ აჩერებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ბექა პაპაშვილს, პოლიცია ქუჩაში ფეისბუკზე აიტვირთა.
პოლიციელი: ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თქვენ უნდა იმყოფებოდეთ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ! ამიტომ უნდა შეგამოწმოთ ნარკოტიკულ თრობაზე.
ბექა პაპაშვილი: სრულიად სუფთა გახლავართ და ეს სისუფთავე დამტკიცდება.
პაპაშვილი პოლიციას სთხოვს, შესამოწმებლად თავისი მანქანით გაჰყვეს. „არ გენდობით“, - ამბობს იგი, თუმცა უარს იღებს და საბოლოოდ პოლიციის მანქანაში ჯდება.
“ვარ სუფთა. რეჟიმს ჩემი დაჭერა ამ გზით ნაცარში ჩაუვარდა“, - დაწერა შემოწმებიდან გამოსულმა ბექა პაპაშვილმა.
ბექა პაპაშვილი, რომელიც ადმინისტრაციული წესით 25-ჯერ არის დაკავებული, მათ შორის საპროტესტო აქციების დროსაც, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შესაძლოა, ეს იყო მისი, როგორც პოლიტიკურად აქტიური ადამიანის, ხანგრძლივად ციხეში გამოკეტვის მცდელობა.
„ალბათ, იფიქრეს, რომ მე ორგანიზმში რაიმე აღმომაჩნდებოდა ან იქნებ ჯიბეში ჩაედოთ ნარკოტიკი და ნიკუშა კაციასავით ან გიორგი ახობაძესავით ეცადათ ჩემი ციხეში გაშვება. ამიტომაც ამოვიტრიალე ჯიბეები პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება შემოწმებაზე გაყოლას - გავყევი იმიტომ, რომ მარტო არ ვიყავი, შეყვარებული მახლდა და არ მინდოდა მას ენერვიულა“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ამ ამბიდან რამდენიმე საათში ფეისბუკზე სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის პოსტიც გამოჩნდა - ის წერდა, რომ სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ „შარდის შემგროვებელი ბიჭები“:
„ფურცელზე ამობეჭდილი ჰქონდათ, შემთხვევით გადასამოწმებელი მაქარაშვილის კოორდინატები... ჰო, რა თქმა უნდა არ გავყევი და რა თქმა უნდა, არც ჩემი ფეხით ვაპირებ გადამოწმებაზე წასვლას“.
„სახლიდან ოფისში მივდიოდი, ქუჩაში გამაჩერეს, მითხრეს, რომ ნარკოშემოწმება უნდა ჩამეტარებინა, თუ უარს ვიტყოდი, მართვის მოწმობას წამართმევდნენ და დამაჯარიმებდნენ, ამის გამო გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა ეს შემოწმება. აღმოჩნდა სისუფთავე ნარკოტესტში და მერე მითხრეს, შეგიძლია წახვიდეო. ეს ყველაფერი ჩვენს დაშინებას ემსახურება, მაგრამ არ შეგეშინდეთ“, - ეს კი როკო მწყერაშვილის მონათხრობია, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებიდან“.
„რა არ უნახავს ამ ქვეყანას, მაგრამ ქალებზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ეს დონე ახალი მწვერვალია - თაკო ხელაძე გააჩერეს დღეს დილით და ნარკოშემოწმებაზე გადაყვანა მოსთხოვეს“, - დაწერა 10 ივლისს „საზმაუს მარშების ხმის“, თაკო ხელაძის ფეისბუკის პირად გვერდზე ნატალი ჯღამაძემ.
10 ივლისს პოლიცია სახლთან დახვდა კიდევ ორ აქტივისტს: სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს. მათაც შემოწმებაზე წაყოლა მოსთხოვეს.
ასევე ნახეთ აქტივისტი ბექა პაპაშვილი და „ლელოს“ სამი წევრი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს„ეს ნარკორეიდებია“
სწორედ ასე უწოდა ბოლო დღეების განმავლობაში ნანახსა და მოსმენილს იურისტმა და უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა, რომელიც კანონში აპრილში შესულ ცვლილებას რეპრესიულად აფასებს და ამბობს, რომ მისმა აღსრულებამაც ნათლად აჩვენა, რა არის მმართველი ძალის რეალური მიზანი: არა ნარკოტიკებთან ბრძოლა და მოხმარების შემცირება, არამედ ადამიანების „გაშავება“, და პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების:
„და ამ გზით საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ, აი, ეს ადამიანები არიან „ნარკომანები“ - მათ მიმართ უნდა გაჩნდეს უარყოფითი დამოკიდებულება. ამ კანონმდებლობას არაფერი აქვს საერთო არც ჰუმანურობის პრინციპთან და არც ადამიანების მკურნალობის მოტივებთან, რადგან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდება და არა ტერორი. ეს კანონმდებლობა დევნის ინსტრუმენტად იქცა „ქართული ოცნების“ ხელში, პოლიციას კი ადამიანებზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტი გაუჩნდა“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ კანონით, პოლიციელი ვერავის წაიყვანს შესამოწმებლად საკუთარი ნების წინააღმდეგ, მაინც, ახლახან შეცვლილი კანონი იტოვებს იძულების უფლებას.
საპროტესტო აქცია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ თბილისში. 2016 წლის 7 დეკემბერი
რისი უფლება გაქვთ, თუ პოლიციამ გაგაჩერათ და რა ხდება მერე?
შეგიძლიათ უარი უთხრათ და არ გაჰყვეთ პოლიციას გამოკვლევაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, პოლიციელის გამოწერილი მიმართვით, არაუგვიანეს 4 საათის შემდეგ, თავად, საკუთარი ნებით უნდა ჩაიტაროთ ლაბორატორიული გამოკვლევა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ორივე სახელმწიფო უწყებაა.
გამოკვლევის შედეგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად გამოითხოვს.
ვის სთხოვენ შემოწმებას - რას ამბობს კანონი?
კანონი ამბობს, რომ თუკი პოლიციელი ქცევით ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით ჩათვლის, რომ მოქალაქე შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას უფლება აქვს, გადაიყვანოს იგი ექსპერტიზაზე.
ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში, მოქალაქეს მაინც რჩება ვალდებულება, პოლიციას 4 საათის განმავლობაში წარუდგინოს დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები.
ნარკოტესტი უნდა გაკეთდეს მიმართვის გამოწერიდან არაუგვიანეს 8 საათისა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ პატიმრობა.
ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შესამოწმებლად ნარკოლოგიურში იძულებით არავის გადაიყვანდნენ. „ასეთი მიდგომა არ იქნება [იგულისხმება წინა ხელისუფლების პერიოდი - რ.თ.]. პიროვნებას ექნება შეთავაზება, რომელთან დაკავშირებითაც იქნება გარკვეული ინფორმაცია პოლიციელის მხრიდან – პრაქტიკულად, სერვისი იქნება...ეს ნამდვილად არ არის საირონიო. მას შეეთავაზება, რომ პოლიციელი გადაიყვანს შემოწმებაზე“, - აცხადებდა მდინარაძე.
300-ზე მეტი ადამიანი შევამოწმეთ - შსს
შსს-მ სტატისტიკით უპასუხა საზოგადოების კრიტიკას, რომ პოლიცია მიზანმიმართულად ამოწმებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პოლიტიკური პარტიების წევრებს, თქვა, რომ ეს “ცრუ კამპანიაა” და რომ მათი მიზანი მხოლოდ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაა:
“შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას”, - წერს შსს.
უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ერთ კვირაში, 314 ადამიანი შეამოწმეს.
მათგან 240 ადამიანს დაუდასტურდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნა - მათი საქმეები სასამართლოშია გადაგზავნილი.
23-მა ადამიანმა ნარკოლოგიურ შემოწმებას თავი აარიდა. მათ ჯარიმა ელით.
„რას ნიშნავს სუფთა ვარ? ვინც მოვიხმართ, ბინძურები ვართ?”
ეს კითხვა საჯაროდ დასვა ფეისბუკზე ნარკოპოლიტიკის რეფორმის აქტივისტმა პაატა საბელაშვილმა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქუჩაში ხალხის გაჩერება დაიწყო.
მისი აზრით, თავად ეს ფრაზაც - „მე სუფთა ვარ“ - არასწორია და მხოლოდ ხელს უწყობს ნარკოტიკების მომხმარებლების ჩაგვრას.
პაატა საბელაშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ბრძოლის და კონკრეტული საინფორმაციო კამპანიების შემდეგ აიღო ხელი ნარკოტესტირების ღირსების შემლახავ (შარდის შემოწმებით დადგენა) პრაქტიკაზე - დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, იგივე მეთოდი არ დაბრუნდეს და ეს მხოლოდ შეწინააღმდეგებით გახდება შესაძლებელი და არა დამორჩილებით:
„თუკი ვიკეთებთ ნიღბებს და ვკეტავთ გზას, მაშინ არც უნდა მოვფსათ“, - წერს პაატა.
აქტივისტი ნარკოპოლიტიკის საკითხში ოპოზიციურ პარტიებსაც აკრიტიკებს და მიაჩნია, რომ „ოცნებას“ კანონის გამკაცრებისკენ სწორედ მათმა წინასაარჩევნო რიტორიკამ უბიძგა, როცა "ამბობდნენ, რომ „ტიტუშკები“ არიან „მეტადონშიკები“, რომ „ოცნება“ სპეციალურად მფარველობს გამსაღებლებს, რომ „შპრიცები ყრია ყველგან“, ქვეყნის გენოფონდი დგას საფრთხის წინაშე და აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნებაო“.
პაატა საბელაშვილი იხსენებს, რომ სინამდვილეში, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ გადაწყვეტილებას თუ არ ჩავთვლით, „ქართულ ოცნებას“ არ გაუკეთებია არაფერი, რასაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ითხოვდა - შეეცვალა წინა ხელისუფლების დროინდელი ნარკოპოლიტიკა.
"უბრალოდ, კლუბებში ცნობილი შევარდნის შემდეგ, სადაც ვერაფერი იპოვეს, მოუწიათ უკან დახევა, თუმცა ჩვენთან შეხვედრების და მათ მიერვე ინიციირებული კანონპროექტის ბოლომდე მიყვანის ნაცვლად, ისინი გაქრნენ შეხვედრებიდან, მერე კი, როგორც დავაკვირდით, უბრალოდ შეწყდა ქუჩიდან ხალხის აყვანა და "საშარდავში" გადაყვანა. ეს იყო 2018 წელი, თუმცა მაშინვე ვამბობდით, რომ როგორც კი ხელისუფლებას ეს იარაღი ისევ დასჭირდებოდა, აუცილებლად გამოიყენებდა მას. ასეც მოხდა“.
ასევე ნახეთ ნარკოპოლიტიკა „ბასიანის“ შემდეგ - რას დაგვპირდნენ და რა მივიღეთპაატას აზრით, ოპოზიციამაც დაკარგა მთავარი ორიენტირი, ეთქვა ხელისუფლებისთვის, სადამსჯელო პრაქტიკის შეცვლა კარგია, მაგრამ ახლა უნდა მივხედოთ სამკურნალო, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო ღონისძიებებსო.
„რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა და ეს იმიტომ, რომ რეალურად ამ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებლების ბედი არავის არ აღელვებს“.
მისი სიტყვებით, ხელისუფლებას, მთავარია, ის ხალხი ჰყავდეს „დაშანტაჟებული“, რომელსაც წინასაარჩევნოდ იყენებს. თუ ისინი უარს იტყვიან მათ დახმარებაზე, მეტადონის პროგრამიდან გარიცხვით დაემუქრებიან და ამის მიზეზს, როგორც პაატა საბელაშვილიც ამბობს, აუცილებლად იპოვიან ნებისმიერ დროს - სწორედ შარდის შემოწმების მოთხოვნით.
„ამ ადამიანებისთვის მხოლოდ „მეტადონშიკების“ ძახილით და მათი მარგინალიზაციით, ეს ხალხი „ოცნების“ მძევლობისთვის გავწირეთ. იმის ნაცვლად, რომ ისინი მათი ხელიდან გამოგვეგლიჯა... „ოცნებამაც“ დროულად ისარგებლა და კანონი შეცვალა იმგვარად, რომ დღეს ლამის სააკაშვილის დროინდელი ნარკოპოლიტიკა გაგვიხადა სანატრელი. დღეს იძულებითი მკურნალობაც კმარა ამის მაგალითად. როცა 2025 წელს ამას აკეთებ, ყველაფერს უნდა ველოდოთ. ამიტომ ახლა სწორი ის კი არ არის, გაჰყვე შემოწმებაზე და იძახო, რომ სუფთა ხარ, არამედ არ წაჰყვე, არ დაუთმო, რადგან ამის დაშვება, პირველ რიგში, სწორედ საპროტესტო მოძრაობის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“.
პაატა საბელაშვილი არ მოელის ცვლილებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში, მეტიც, მისი პროგნოზით, ხელისუფლების შემდეგი გაჩერება კლუბები იქნება.
ასევე ნახეთ როგორ აქცია მარიხუანის საკითხი "ოცნებამ" „საინტერესო ბიზნესიდან“ კრიმინალად ასევე ნახეთ ნარკომომხმარებლებზე „სრულ პასუხისმგებლობას“ სახელმწიფო იღებს - კარგია ეს თუ ცუდი? ასევე ნახეთ ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს და ამას ანტიქართულ იდეოლოგიასთან ბრძოლას არქმევს - რა იცვლება კანონში