ნარკომომხმარებლებზე „სრულ პასუხისმგებლობას“ სახელმწიფო იღებს - კარგია ეს თუ ცუდი?

ჩანაცვლებითი თერაპიის დონორი და ფსიქოტროპული წამლების შემომტანი მონოპოლისტი, სახელმწიფო ხდება.

ოპიოიდური ჩანაცვლებით თერაპიას ნარკომომხმარებლები კერძო კლინიკებში ვეღარ ჩაიტარებენ - პროცესს განკარგავს მხოლოდ სახელმწიფო; ასევე, მხოლოდ სახელმწიფო შემოიტანს ფსიქოტროპულ პრეპარატებს - სადავო პარლამენტში ცვლილებები დაჩქარებულად დაამტკიცეს.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორები და ინიციატორები ძირითადად “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან - ცვლილებებს ისინი ნარკოდანაშაულთან ბრძოლითა და ადამიანებზე ზრუნვით ხსნიან.

ექსპერტები ამ გადაწყვეტილებში ბევრ საზიანოს ხედავენ, პირველ რიგში - მათთვის, ვინც ჩანაცვლებით თერაპიასა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს საჭიროებს.

82 მომხრე 0 წინააღმდეგი - საკანონმდებლო პაკეტი, სადავო პარლამენტის სხდომაზე, 2 ივლისს, მესამე - საბოლოო მოსმენითაც დაამტკიცეს.

შეიცვალა კანონები - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“.

ჩანაცვლებითი თერაპია ნარკომომხმარებლებისთვის მკურნალობისა და მართვის ყველაზე ეფექტიან მექანიზმად ითვლება - ჰეროინზე, სირეცზე, ოპიუმზე, დეზომორფინზე, კოდეინსა და ფენტანილზე დამოკიდებულებისთვის - ანუ მათთვის, ვინც ცხოვრების წესის შეცვლას ცდილობს.

რა და როგორ იცვლება კანონში?

ავტორებმა საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადეს, რომ ამჟამად საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობს სულ 15 000-მდე ბენეფიციარი, საიდანაც 12 000-მდე - სახელმწიფო პროგრამაშია, ხოლო 3 000- მდე - კერძო პროგრამაში.

  • განმარტებითი ბარათის თანახმად - სახელმწიფოს [შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“] მომსახურებით ამჟამად სარგებლობს - 11 401 ადამიანი
  • კერძო კლინიკებში ბენეფიციარების რიცხვი 2500-ს არ აღემატება.
  • ბოლო კვლევებით, საქართველოში 50-60 ათასი ადამიანი ნემსით [ინიექციურად] მოიხმარენ ნარკოტიკებს.


კერძო კლინიკები პროგრამებს 15 აგვისტოდან გააჩერებენ. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პროცესი ამ მხრივაც დააჩქარეს. პროექტში, თავდაპირველად - 2026 წლის 1 მარტი იყო მითითებული.

განახლებული კანონით, ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობა შეუძლია მხოლოდ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს დაფუძნებულია.

“ეს მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად გავამკაცროთ კონტროლი. სრულად სახელმწიფო გახდეს პასუხისმგებელი იმ ადამიანებზე, რომლებიც ნარკომომხმარებლები არიან და სჭირდებათ ჩანაცვლებითი თერაპია”, - განაცხადა, 1 ივლისს, პაკეტის სხდომაზე წარდგენისას, სადავო პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ. მან ასევე თქვა, რომ კერძო ცენტრების ბენეფიციარებს “არაფერი არ ემუქრებათ”, ისინი ძველებურად განაგრძობენ სერვისის მიღებას, სახელმწიფო კი მათ უფასო მომსახურებას შესთავაზებს.

  • ოფიციალური ინფორმაციით: საქართველოსი ახლა მუშაობს ჩანაცვლებითი თერაპიის 41 ცენტრი - 21 - სახელმწიფო და 20 - კერძო;
  • ამ ცენტრებს მართავენ - "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ და 8 კერძო კლინიკა, სახელმწიფოსგან აღებული შესაბამისი ნებართვით.


კერძო კლინიკების პროგრამებს რეგულაციებს უწესებს და ზედამხედველობს სახელმწიფო.

“ამ მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ისე, როგორც ამას სახელმწიფო პროგრამები აკეთებენ”, - ამბობს კლინიკა „ურანტის“ ხელმძღვანელი ზურა სიხარულიძე, დიდი გამოცდილების ექიმი-ნარკოლოგი. აღნიშნავს, რომ "საქართველოში ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის ყველა ეტაპი - დაწყებული შემოტანით, დასრულებული ლეგალური მოხმარებით - რეგულირდება სახელმწიფო ორგანოების მიერ". ზურა სიხარულიძე პროცესში 2005 წლიდან არის ჩართული, როცა ჩანაცვლებითი თერაპია, როგორც სასიკეთო მონაპოვარი - საქართველოშიც ინერგებოდა.

კერძო კლინიკები მოქმედებენ ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ლეგალური ბრუნვისთვის განსაზღვრული რეგულაციებით.


რაზე აქვს ეჭვი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას?

“ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საკომიტეტო განხილვაზე თქვა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ბენეფიციარი მედიკამენტებს რამდენიმე კლინიკაში იღებდეს და გადამეტებული დოზებით.

“არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული”, - განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს, როდესაც პირველად ილაპარაკა სახელმწიფოს პოლიტიკის გამკაცრების გეგმაზე.

29 ივნისს, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ ასაღებდა ახლა უკვე დაკავებული ექთანი უკანონოდ პრეპარატ - მეთადონს. სიუჟეტში არ თქვეს ჩანაცვლებითი თერაპიის რომელ ცენტრის თანამშრომელი იყო ის.

არადა, მეთადონი - მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით გაიცემა ["ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ქსელით], კერძო ცენტრები ამ პრეპარატს არ იყენებენ.

მანამდე, 2023 წელს, დააკავეს ქობულეთის "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" თანამშრომელი, რომელიც ასევე მეთადონით ვაჭრობდა.

ასევე ნახეთ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარებისთვის დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია ორი პრეპარატი - მეთადონი და სუბოქსონი [ბუპრენორფინი-ნალოქსონი]. მათი მიღება საჭიროა ყოველდღე - ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებში ბენეფიციარები დღიურ დოზას სამედიცინო პერსონალის თვალწინ სვამენ - ტაბლეტების ან სითხის სახით.

  • კერძო ცენტრები ჩანაცვლებითი თერაპიისთვის მხოლოდ სუბოქსონს იყენებენ და მომსახურება თვეში [დოზის მიხედვით] 1000-1500 ლარი ჯდება.
  • სახელმწიფოს ცენტრებში, სადაც მომსახურებას ბიუჯეტი აფინანსებს, ხელმისაწვდომია ძირითადად - მეთადონი; არის სუბოქსონიც, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანისთვის.


ცენტრებს ქალაქგარეთ გაიტანენ

საკანონმდებლო პაკეტში ამის შესახებ არაფერი წერია, მაგრამ ავტორები საჯაროდ საუბრობენ, რომ ცენტრებს “ნაკლებად დასახლებულ” ადგილებში, ქალაქგარეთ გაიტანენ.

“რათა ჩვენი ბავშვები ნაკლებად იყვნენ შეხებაში ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებთან”, - თქვა საკანონმდებლო პაკეტის წარმდგენმა, ზაზა ლომინაძემ და დაამატა, რომ რამდენიმე ასეთი პუნქტი უკვე გადატანილია, მათ შორის - თბილისის ცენტრიდანაც.

სახელმწიფოს პოლიტიკა ნარკომომხმარებლების გარიყვას ემსგავსება და სტიგმას აძლიერებს - ამბობენ ამ მიდგომაზე სპეციალისტები.

ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მხოლოდ სახელმწიფო შემოიტანს

„ლეგალური ნარკოტიკების“ გარდა, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი 1 ოქტომბრიდან მხოლოდ სახელმწიფო იქნება. შესაძლებელი ხდება, რომ დარჩენილი მარაგები კერძო იმპორტიორებისგანაც სახელმწიფომ შეისყიდოს.

საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოში მაღალია ფსიქოტროპული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი, ბენზოდიაზეპინების გამოყენების მაჩვენებელი, „რაც შესაძლებელია მისი არარაციონალური დანიშვნით, თვითმკურნალობით და დასაშვებზე მაღალი დოზით გამოყენებით აიხსნებოდეს” და რომ ამ მხრივ საქართველო უსწრებს აშშ-ს, ავსტრიას, ისრაელსა და თურქეთს.

ბენზოდიაზეპინების ჯგუფში შედის მაგალითად - ალპრაზოლამი (ქსანაქსი), დიაზეპამი (ვალიუმი), კლონაზეპამი, რომელთა მიღება შესაძლებელია - ორალურად, ინიექციურად ან ენის ქვეშ. ეს პრეპარატები როგორც დამამშვიდებელი, საძილე საშუალებები - რეცეპტით გაიცემა. ინიშნება მაგალითად შფოთვითი და პანიკური აშლილობების მკურნალობისას, ძილის პრობლემების მოსაგვარებლად, კუნთების სპაზმის, ეპილეფსიის დროს.

მოაგვარებს თუ არა სახელმწიფოს იმპორტი სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემას?

“ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, 1 ივლისს, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, პრობლემები დარჩება:

“მხოლოდ ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, საკმარისი იმიტომ, რომ - [მედიკამენტები] ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი, ზოგადად... რომ აღკვეთილი იქნება ყოველგვარი არასწორი ქმედება ექიმის მხრიდან, პაციენტის მხრიდან და ასე შემდეგ. ამას დასჭირდება შემდგომი კონტროლი”.

“ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ ინტერესი - ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ კობახიძე: სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ

განხილვების პროცესში “ქართული ოცნების” დეპუტატებმა იკითხეს გაგრძელდება თუ არა 122 დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტით მომარაგება? დღეს ეს პრეპარატები ქვეყანაში კერძო სექტორს შემოაქვს.

“არავითარი საფრთხე მათ არ ემუქრება და მთავრობამ გათვალა, რომ დაახლოებით 1 ოქტომბრისთვის ის სრულად შეძლებს კერძო სექტორის მიერ დაწყებულ ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანას", - თქვა სადავო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტს შეახსენა, რომ კანონში არსებობს დამზღვევი მექანიზმები. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია „საჭიროების შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის განხორციელების უფლება მიანიჭოს სხვა იურიდიულ პირს“.

უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ?

ნარკოტიკული ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ხელმძღვანელს, თემო ხატიაშვილს, როგორც ყოფილ ნარკომომხმარებელს, გამოცდილი აქვს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სერვისები. ის ფიქრობს, რომ ფასიანი, კერძო პროგრამის ბენეფიციარების უმრავლესობა სახელმწიფოს პროგრამაში არ გადავა.

“რამდენჯერაც [სახელმწიფო პროგრამაში] მეთადონი მივიღე, სულ დამძიმებული ვიყავი. იმის მაგივრად, რომ მდგომარეობა შეემსუბუქებინა, უარესად მხდიდა. ამიტომ წლების განმავლობაში ვიყავი - სუბოქსონის პროგრამაში და ფულსაც ვიხდიდი. რადგან ეს ყველაფერი შიგნიდან ვიცი, არ გადავიდოდი სახელმწიფო პროგრამაში და ალბათ დავრჩებოდი ქუჩის დილერების [შავი ბაზრის] ამარად”,- მეორე მიზეზად, რის გამოც ადამიანები სახელმწიფო პროგრამაზე უარს ამბობენ - კონფიდენციალურობის დარღვევაა.

“ეჭვი არავის ეპარება, რომ სახელმწიფოს ხელში კონფიდენციალურობა დაუცველია 100%-ით და ყველა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის პოლიციას - ბენეფიციარების ბაზებთან აქვთ წვდომა. არც არის გასაკვირი, რომ ნარკომომხმარებლებს არა აქვთ ნდობა. ისინი ამ სახელმწიფოში კრიმინალებად ითვლებიან”, - თემო ხატიაშვილი შიშობს, რომ კერძო სერვისის გაქრობით, ნარკომომხმარებლების ნაწილი საერთოდ უარს იტყვის მკურნალობაზე.

სუბოქსინი დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ არის ნარკოტიკების სიაში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს პრეპარატი - ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში, აფთიაქში რეცეპტითაც გაიცემა.

ასევე ნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციები: უარესდება ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულთა უფლებრივი მდგომარეობა

“ჯერჯერობით სახელმწიფოს კარგად არაფერი გამოსვლია, რაც ჯანდაცვის სექტორში კერძო კომპანიების გარეშე დაუწყია. საავადმყოფოების 80% კერძოა. მოდით, მაშინ ისინიც გადავიყვანოთ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში - ავაშენოთ ისევ საბჭოთა კავშირი...

კერძო კომპანიები ყოველთვის გაცილებით უკეთ აკეთებენ თავიანთ საქმეს - ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებითაც. სად უნდა იპოვონ ამდენი კარგი სპეციალისტი - კარგი ექიმები კერძო კლინიკებიდან არ წამოვლენ. ავადმყოფ ადამიანებზე ვლაპარაკობთ ჩვენ. ავადმყოფს აქვს უფლება თავად აირჩიოს ექიმი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სპეციალისტი, პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი - ვატო სურგულაძე, რომელიც სხვადასხვა დროს ჯანდაცვის სისტემაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.

სურგულაძე ფიქრობს, რომ ცვლილებები “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია - რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებს ნარკოტიკების პრობლემა რეალურად აწუხებთ; ხოლო “ნარკომომხმარებლებით, მოწყვლადი ადამიანებით, მანიპულირება ძალიან იოლია”.

რაც შეეხება ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადასვლას, ვატო სურგულაძეს ონკოლოგიური პაციენტების პრობლემა ახსენდება - როცა მათ სახელმწიფო მკურნალობისთვის საჭირო ყველა უახლესი მედიკამენტის დროულ მიწოდებას დაჰპირდა, მაგრამ პაციენტებს თვეობით უწევდათ ლოდინი. მათთვის საჭირო მედიკამენტები ბაზარზე ხელმისაწვდომი აღარ იყო.

ასევე ნახეთ თუკი 5 გრამზე მეტ მარიხუანას აღმოგიჩენენ, პატიმრობა დაგემუქრებათ - „ოცნების“ კანონპროექტი