11 დემონსტრანტის დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები სასამართლო პროცესის ბოლო ეტაპი იყო. მოსამართლე გალუსტაშვილი 3 სექტემბერს ჯერ ბრალდებულების საბოლოო სიტყვებს მოისმენს და შემდეგ განაჩენს გამოაცხადებს, ერთი დღის შემდეგ, რაც მსგავს საქმეზე მოსამართლე მჭედლიშვილმა 8 დემონსტრანტი დანაშაულის შეცვლილი კვალიფიკაციით ცნო დამნაშავედ.
ადვოკატებმა დასკვნითი გამოსვლები გამოიყენეს ბრალდების სისუსტეზე, პოლიტიკურ კონტექსტსა და დაკავებულების უფლებრივ მდგომარეობაზე სასაუბროდ.
მოკლედ საქმის შესახებ
ჯგუფური ძალადობის ამ საქმეზე 11 ბრალდებულია: 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე, 28 წლის ონისე ცხადაძე, 34 წლის გურამ მირცხულავა, 21 წლის ლუკა ჯაბუა, 50 წლის ჯანო არჩაია, 27 წლის რუსლან სივაკოვი, 26 წლის რევაზ კიკნაძე, 54 წლის გიორგი ტერიშვილი, 27 წლის ვალერი თეთრაშვილი, 27 წლის სერგეი კუხარჩუკი და 30 წლის ირაკლი ქერაშვილი.
11-ვეს წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. 11-ვემ ერთმანეთი დაკავების შემდეგ, სასამართლო პროცესზე გაიცნო.
იდენტური შინაარსის მეორე საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი 2 სექტემბერს გამოაცხადა - რვავე ბრალდებულს მან ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე დამნაშავედ ცნო. ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს და ზვიად ცეცხლაძეს, რომლებსაც პროკურატურა ორგანიზატორობაში სდებდა ბრალს, 2 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა;
დანარჩენებს - 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილს, 20 წლის გიორგი გორგაძეს, 25 წლის თორნიკე გოშაძეს, 20 წლის ირაკლი მიმინოშვილს და 34 წლის ინსაფ ალიევს - ორი წლით აღუკვეთა თავისუფლება.
ასევე ნახეთ განაჩენის გამოცხადებამდე: რა უნდა იცოდეთ 8 დემონსტრანტის საქმეზესისხლს სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე.
225-ე მუხლი კი ისეთი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან მოქმედებაში მონაწილეობაა, რომელსაც შედეგად „ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა“ მოჰყვება.
პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და გააპროტესტა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაზე.
ბრალდების მტკიცებულებებია:
- აქციების მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეოები;
- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნები;
- დაზარალებულების გამოკითხვის ოქმები;
- სხვა საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორისაა ვიდეოების დათვალიერების ოქმები.
საქმის პროკურორები ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი
თუმცა, ადვოკატების თქმით, საქმეების ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ ვერ დგინდება ვერც ბრალდებულებს შორის კავშირი, ვერც ორგანიზატორი ან საერთო მიზნისთვის წინასწარ შეკავშირება, ნასროლი ნივთების რაობა და ამ ქმედების შედეგი ანუ ის კომპონენტები, რომლებიც ჯგუფური დანაშაულის დადასტურებას სჭირდება.
მაგალითად, ვერ დგინდება, რომ რომელიმე პოლიციელი ბრალდებულებიდან ერთ-ერთის ქმედებამ დააზიანა, ანუ არ ჩანს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ირაკლი ქერაშვილის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ აღნიშნა: „ბრალდება აგებულია საერთო ფრაზებზე – თითქოს ვიღაცამ რაღაც ისროლა, მაგრამ ვინ, როდის და როგორ, ამას ვერ ვიგებთ“.
რა შემთხვევაშია დანაშაული ორგანიზებული [გიორგი ტერიშვილის მაგალითზე]?
დანაშაული ორგანიზებული ჯგუფური ძალადობაა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა:
1. ნაცნობობა – საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ გიორგი ტერიშვილი იცნობდა ბრალდებაში ნახსენებ პირებს, მათ შორის ე.წ. ორგანიზატორებს ან ხელმძღვანელებს.
2. კონტაქტი – არ არის დადასტურებული რაიმე სახის კონტაქტი გიორგი ტერიშვილსა და სხვა პირებს შორის.
3. მითითებების შესრულება – ვერ დადგინდა, რომ გიორგი ტერიშვილი ასრულებდა ვინმეს მითითებებს. მოწმის მიერ გამოყენებული სიტყვა „შესაძლოა“ ვერ წარმოადგენდა ბრალის დამამტკიცებელ საფუძველს, რადგან მხოლოდ ვარაუდს ეფუძნებოდა და არა ფაქტს.
4. ორგანიზებული ხასიათი – წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ გიორგი ტერიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მარტო, არ ესაუბრებოდა არავის, არ იყენებდა საკომუნიკაციო საშუალებებს.
ამ კრიტერიუმების განზოგადება ყველა ბრალდებულზე შეიძლება, რადგან ყველასთან იდენტური გარემოებებია, ბრალშიც კი მხოლოდ სახელი და გვარია განსხვავებული.
რა კითხვებს უნდა გასცეს მოსამართლემ პასუხი?
ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე
ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა უნდა გამოაცხადოს, ის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. თუმცა თამარ მჭედლიშვილის განაჩენი ანალოგიურ საქმეზე უკვე შეფასდა, როგორც ხვალინდლის „წინასწარმეტყველება”. მოსამართლისთვის განაჩენის გამოცხადებამდე ცხადი უნდა იყოს:
- ვინ აორგანიზებდა ბრალდებულებს?
- როგორ აორგანიზებდა, რა საშუალებით?
- რა არის ბრალდებულთა ნაცნობობის დამადასტურებელი მტკიცებულება?
- რა არის ნეიტრალური მტკიცებულება? (ასეთად არ ითვლება არც პოლიციელის ჩვენება და არც პოლიციელის მიერ შექმნილი მტკიცებულება)
- მაინც რა იყო ის „მძიმე საგანი“, რომელიც ისროლეს?
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ამ კითხვებს ბრალდების მხარემ, რომელსაც მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა, ამ საქმის ფარგლებში ვერ უპასუხა.
პროკურატურის მოწმეების დაკითხვამ აჩვენა, რომ:
- ვერცერთმა სამართალდამცველმა ვერ ამოიცნო ბრალდებულებში თავისი დამზიანებელი;
- ყველა მათგანმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ერთი და იგივე, რომ იყო სიბნელე და ამიტომ ვერ მოახერხეს დაენახათ, ვისი ნასროლი ქვით ან პიროტექნიკით დაზიანდნენ;
- ამის მიუხედავად, მაინც აქვთ პრეტენზია ბრალდებულებთან, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა დაუდასტურდებათ;
- ვიდეომტკიცებულებებში მხოლოდ სროლის კადრებია, არ ჩანს, სად ეცემა ნასროლი „რაღაც ნივთები“ და ხვდებათ თუ არა ის პოლიციელებს.
„თუ არ დადასტურდა, რომ მონაწილეები ერთმანეთს იცნობდნენ ან ჰქონდათ კავშირი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, რადგან ჯგუფური დანაშაული ორგანიზებული უნდა იყოს“ , - ამბობს ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი რევაზ აჭარაძე.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატებმა კი სიმბოლურად 26 არგუმენტი ჩამოთვალეს იმის დასამტკიცებლად, რომ ბრალდება უსაფუძვლოა:
„რა შუაშია ზვიად ცეცხლაძის ან სხვა პირთა ქმედებები აქ, ამ პირებთან? რა კავშირი დაადგინეთ? სად არის ერთი მტკიცებულება მაინც მათ შორის რაიმე კავშირის?
არც მათი ბრალეულობაა დადგენილი, მაგრამ საერთოდ რაიმე კავშირი პირდაპირი, ირიბი სად ნახეთ? არცერთი მტკიცებულება არ არსებობს!“ – თქვა ეკა ბესელიამ.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატები: თორნიკე მიგინეიშვილი და ნათია კორკოტაძე
ბრალდების მხარის მთავარი საყრდენი ვიდეოჩანაწერებია. მაგრამ დაცვა ამტკიცებს, რომ ისინი დამონტაჟებულია. ბრალდების მხარის მოწმე ექსპერტები კი ამბობენ, რომ გამოსახულებას მონტაჟის კვალი არ აქვს და თუ ეს ვიდეოები რამდენიმე უწყვეტი კადრის გადაბმაა, ეს მომხდარს და შინაარს არ ცვლის.
ადვოკატების თქმით, ვიდეოებში დაკავებულების მოქმედებები მკაფიო არაა, არაა დადგენილი საგნის რაობა, წონა, არ ჩანს შედეგი ანუ ხვდება თუ არა ის, მაგალითად, სამართალდამცველს.
თუ ეს არ ჩანს, როგორ უნდა ამტკიცოს ბრალდებამ, რომ რომელიმე პოლიციელი, მაგალითად, სწორედ ონისე ცხადაძის ნასროლმა პლასტმასის ბოთლის მსგავსმა ნივთმა დააზიანა?
გარდა ამისა, დაცვის მხარე გამომძიებლის როლზეც ამახვილებს ყურადღებას. მათი მტკიცებით, მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი თავიდანვე პოლიტიკურ დავალებაზე მუშაობდა და საქმის ყველა გარემოება ისე შეკრა, რომ ბრალდებულების დასაკავებლად საკმარისი ყოფილიყო.
არსენ ხუნაშვილმა სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ:
- ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი არ დასტურდება;
- არ დასტურდება პირდაპირი კავშირი ბრალდებულებსა და ორგანიზატორებს შორისაც;
- ვერც სავარაუდო ორგანიზატორებს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ადასტურებს;
- მისივე თქმით, პირდაპირი კავშირი ტელეფონების ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს, რომლის პასუხიც მეცხრე თვე მიიწურა და ჯერ კიდევ არ არის.
„ბრალდების მხარემ, ნაცვლად დაპირებული 160 დაზარალებული მოწმისა, თქვენს წინაშე შეძლო და გამოჰკითხა მხოლოდ 14 პირი, რომელთაგან ყველა სასამართლოს წინაშე წარსდგა შაბლონური, იდენტური განცხადების ტექსტით. მეორე მხრივ, საქმის გამომძიებლები ერთმანეთის მიყოლებით იხდიდნენ თავს სასაცილოდ, ხედავდნენ მოჩვენებებს, კითხვებზე პასუხებს იწერდნენ პროკურორებისგან, ეწინააღმდეგებოდნენ ხან ნიუტონს და ხანაც ალბერტ აინშტაინს, მე-6 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოს და ა.შ. ხოლო მათ შორის შედარებით ღირსეულები პირდაპირ აღიარებდნენ, რომ ბიჭების ბრალეულობის მადასტურებელი მტკიცებულებები არ მოუპოვებიათ”, - თქვა ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.
ადვოკატები ლაშა ცუცქირიძე და ომარ ფურცელაძე
ადვოკატების აზრით, საქმეები სამართლიანობის აღდგენასა და დანაშაულის აღკვეთას კი არა, არამედ 2024 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფლების მხრიდან პროტესტის ჩახშობის მცდელობას უკავშირდება. მათი თქმით, ახალგაზრდების დაპატიმრებით ხელისუფლება საზოგადოებას უგზავნიდა შეტყობინებას: „თუ მონაწილეობ პოლიტიკურ პროცესში, შენი ადგილი საპატიმროშია.“
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი დევნა იმისთვის, რომ სამომავლოდ ადამიანს არ გაუჩნდეს სურვილი, რომ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაიცვას რუსული გავლენებისგან.
ეს დადასტურდა რუსული კანონის მიღებისას, ეს დადასტურდა "გავრილოვის ღამეს", ეს დადასტურდა ამ საქმეებზე, სადაც გვყავს 400 დაზარალებული, არცერთი პოლიციელი დაკავებული არ არის”, - თქვა ირაკლი ჩომახაშვილმა.
იმ არგუმენტის გასამყარებლად, რომ პარლამენტთან დაწყებული დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, ხოლო შსს იყენებდა არაპროპორციულ ძალას, ადვოკატებმა მოიხმეს არაერთი საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასება, მათ შორის, გაეროს სპეციალური მომხსენებლების, ეუთოს, "ამნესტი ინტერნეიშენალის".
სახალხო დამცველის სტატისტიკით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში, დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ ჯამში გადააჭარბა 500 პირს, ამათგან სამასამდე გახდა ძალის აშკარა, უპირობო გადამეტების მსხვერპლი.
ამ დრომდე ერთი სამართალდამცველიც კი არ არის დასჯილი მათ შორის, რომლებმაც დემონსტრანტებზე იძალადეს. პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, აქციის მონაწილეების მიმართ გაუპატიურებისა და მოკვლის მუქარა ისმოდა იმ ვიდეოებშიც, რომლებიც მტკიცებულებებს შორის იყო.
ირაკლი ჩომახაშვილი, ადვოკატი
დაცვის მხარემ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ადამიანურ ისტორიებს, ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ დასკვნითი სიტყვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვებით დაიწყო: „ეს, რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან, ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტი არავის. მე არ ვაპირებ, რომ არ გაპატიოთ, ადამიანურად. მე არ მექნება არავის მიმართ ბოღმა, ღვარძლი და მტრობა.
მე უარესსაც ველოდები, ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა, რა უჭირს, მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეგ მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს.
აი, ეს ადამიანია დღეს საბრალდებო სკამზე და ამ ადამიანს ემუქრება 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომლისთვისაც სამშობლო და საკუთარი ქვეყანა არის უპირატესი, ვიდრე თავისი თავი“.
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები აჩვენებს, რომ საქმეები სცდება კონკრეტულ ბრალდებებს. ადვოკატების თქმით, ეს პროცესი დემოკრატიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გამოცდაა.
ლუკა ჯაბუას ადვოკატმა რუსუდან აგურაშვილმა პირდაპირ იკითხა: „რას ვედავებით ახალგაზრდას? პოლიტიკურ აზრს? მომავალში ჩართვის სურვილს?“ – და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი და სხვა ბრალდებულებიც „სამაგალითოდ ისჯებიან“.
რუსუდან აგურაშვილი, ლუკა ჯაბუას ადვოკატი:
"რას ვედავებით?! - ამაზე პასუხი მარტივია. ის ისჯება საკუთარი სამოქალაქო უფლების განხორციელებისათვის. აზრის გამოხატვისა და უბრალოდ საპროტესტო აქციაზე ყოფნისათვის. თქვენ მშვენივრად იცით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი სისხლის სამართლის საქმე.
მათი დაკავება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, სახელმწიფოს დაენახებინა პროტესტის გამომხატველი საზოგადოების დანარჩენი წევრებისათვის, თუ რა დაემართებოდათ სხვებსაც, საპროტესტო აქციების გაგრძელების შემთხვევაში.
ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული “სამაგალითო დასჯა” სხვა მოქალაქეებისათვის, მცდელობა, ხალხში გაეჩინათ რეპრესიების შიში და ჩაეკლათ პროტესტი.
ეს დაადასტურა არაერთმა გარემოებამ ამ თვეების განმავლობაში. არაერთმა პოლიტიკურმა განცხადებამ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას ბრალდებულების მიმართ. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ იქ, სადაც ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია, მტკიცებულებებიც არ არსებობს."
დამსწრე შორიდან ესალმება ბრალდებულებს და ხელით აჩვენებს გულის ფორმას.
ადვოკატებმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენეს, მათ მიიჩნიეს, რომ მოსამართლემ საპროცესო უფლებები დაარღვია და ადვოკატებს დაცვის უფლება შეუზღუდა. ამის მაგალითებია:
- აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის, პატიმრობის, სადამსჯელო იარაღად გამოყენება;
- საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა, ძალით, ისე, რომ არც ბრალდებულებს არ სჭირდებოდათ სახელმწიფოს დანიშნული დაცვა და არც თავად ადვოკატებს. მოსამართლემ მათ თვითაცილება არ დაუკმაყოფილა.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის შეფასებით, ეს იყო მოსამართლის შიშის გამოხატულება, რომ კერძო ადვოკატები პროცესებს ხელოვნურად გაწელავდნენ და არ მისცემდნენ მას საშუალებას, განაჩენი წინასწარი პატიმრობის მაქსიმალურ ვადაში, 9 თვეში, გამოეცხადებინა, რაც შედეგად ბრალდებულების განაჩენამდე გამოშვებას მოასწავებდა.
ჯგუფური ძალადობის საქმის ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპის სიმბოლოდ იქცა ადვოკატ ომარ ფურცელაძის 10 მიზეზი, თუ რატომ არიან ბრალდებულები უდანაშაულოები. ის ორგანიზებულ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესს „გამარჯვებული ბიჭების საქმე“ უწოდებს.
ჯგუფური ძალადობის ადვოკატების დასკვნითი სიტყვები სრულად წაიკითხეთ ლინკებზე:
- ირაკლი ჩომახაშვილისა და გოგიტა ბახტაძის დასკვნითი სიტყვა
- ომარ ფურცელაძის დასკვნითი სიტყვა
- რუსუდან აგურაშვილის დასკვნითი სიტყვა
- რევაზ აჭარაძის დასკვნითი სიტყვა
- ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატების დასკვნითი სიტყვა
- ირმა ჭკადუას დასკვნითი სიტყვა
- გუჯა ავსაჯანიშვილის დასკვნითი სიტყვა
- ლაშა ცუცქირიძის დასკვნითი სიტყვა
- ფიქრია მახარაძის დასკვნითი სიტყვა