ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი მწვავე რეზოლუცია 490 ხმით დაამტკიცა

რეზოლუციას მხარი 460-მა ევროპარლამენტარმა - დამსწრეთა 71%-მა - დაუჭირა.

„ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება, ოპოზიციონერების პატიმრობის დაგმობა, სანქციების დაწესება, მზია ამაღლობელისა და სხვა „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა - ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, მათ შორის:

  • SWIFT-იდან (უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) გათიშვა;
  • „სექტორული სანქციები, რომელიც მიმართულია „ქართული ოცნების“ რეჟიმის შემოსავლის წყაროებისა და ნაკადების შეჩერებისკენ“.

„ცარიელ დარბაზში“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, სადავო პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა რეზოლუციას „სამარცხინო“ უწოდა და განაცხადა:

„პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში, საკუთარ თავს ესაუბრებოდა ამ პროექტის ავტორი, ინიციატორი - ქალბატონი რასა [იუკნევიჩიენე]“.

  • ევროპარლამენტის დღევანდელ სესიას 686 პარლამენტარი ესწრებოდა.
  • მათგან 490-მა (ანუ 71%-მა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას,
  • 147 წინააღმდეგ წავიდა,
  • 49-მ კი თავი შეიკავა.

რა წერია რეზოლუციაში

რეზოლუცია ეყრდნობა „საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს“ - სადაც თავს იყრის ყველა მწვავე შეფასება თუ ფაქტი, რომლებზე ბოლო წლებში საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკობენ.

ეს არის გაფართოების კონტექსტში პირველი ანგარიში საქართველოზე, როგორც ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაზე - იგი კვლავ ადასტურებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხის მისწრაფებების გათვალისწინებით, იმსახურებს კავშირის წევრობას, თუმცა აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

ძირითად ტექსტთან ერთად ევროპარლამენტმა მიიღო ის შესწორებები, რომლებიც ეხებოდა:

  • 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს,
  • მზია ამაღლობელს,
  • ასოცირების შეთანხმების გადახედვას.
ასევე ნახეთ პოლიტიკოსების დაპატიმრების გამო, ეს არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი - იუკნევიჩიენემ რეზოლუციის შესწორებები წარადგინა
ასევე ნახეთ რობინ დანიგანი: ჩვენ წარმოვადგენთ აშშ-ის მთავრობას

რეზოლუციას დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად.

მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დაზუსტებულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა უარესდება, არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და „პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება“ - ევროპარლამენტი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ერთ-ერთმა შესწორებამ კი გაამკაცრა ფორმულირება, რომელიც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვას და ამისკენ მოუწოდა ევროკომისიას.

ეს რეზოლუციაც ითხოვს მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი გარემოცვისათვის პერსონალური და ფინანსური სანქციების დაწესება; მსგავსი სანქციებია მოთხოვნილი „ქართული ოცნების“ ლიდერების, თანამდებობის პირებისა და მათი „ხელშემწყობების“ წინააღმდეგ.

ამასთან, კენჭისყრაზე ჩავარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის, „სუვერენულ ერთა ევროპის“ შესწორება, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტში „ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფი საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება

ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპარლამენტი „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულ რეზოლუციას განიხილავს, - რაც წლებია, ხდება, - „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რეზოლუციებს „ჩალის ფასი აქვს“.

ევროპარლამენტის რეზოლუციები არასავალდებულო, სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა გამოხატავს წევრ ქვეყნებში პოლიტიკური წრეების პოზიციებს;

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის კონკრეტული გადაწყვეტილებები შესაძლოა შეთანხმდეს მომდევნო კვირას ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან.

ასევე ნახეთ საქართველოზე მორიგ მწვავე რეზოლუციას განიხილავს ევროპარლამენტი - რაზე შფოთავენ, ვის ადანაშაულებენ, რას მოითხოვენ?
ასევე ნახეთ პეტერ ფიშერი: დიახ, საქართველო ჩამოშორდა "ტრიოს"