რუსეთის ეკონომიკა რეცესიის მოლოდინში

ელვირა ნაბიულინა - რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე; ანტონ სილუანოვი - რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრი; გერმან გრეფი - მსხვილი რუსული ბანკის, "სბერანკის" მმართველი; ვლადიმირ პუტინი - რუსეთის პრეზიდენტი. ილუსტრირებული ფოტო

რუსეთის მთავრობის წევრები, მეწარმეები და ეკონომისტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ  მოახლოებულ რეცესიაზე, რომელიც შესაძლოა, კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს სრულმასშტაბიან ომში ჩართული და დასავლეთიდან იზოლირებული რუსეთისათვის.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკით თავის დამშვიდება არასწორი იქნებოდა, რადგან „სტატისტიკა უკან ხედვის სარკესავითაა“ ანუ ის მხოლოდ წარსულს ასახავს.

„რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და ის გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ეს საჯაროდ არის აღიარებული“, - დაწერა სააგენტო Bloomberg-მა რუსეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ეკონომისტების თქმით, რუსეთის ეკონომიკის ძირითად პრობლემებს შორისაა ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულება, ტექნოლოგიური განვითარების დაბალი დონე, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა, სტრუქტურული პრობლემები და საერთაშორისო სანქციების გავლენა. ასევე ეკონომიკის მკაცრი ცენტრალიზაცია და კონკურენციის პრობლემები.

ასევე ნახეთ რუსეთის საომარი ეკონომიკა რეცესიისკენ მიემართება. ეს, სავარაუდოდ, ომს ვერ შეანელებს

„რუსეთის ეკონომიკაში კრიზისული მოვლენები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს: გარე ბაზარზე შეზღუდული წვდომა, საინვესტიციო პროექტების შემცირება და გარე სესხების არარსებობა. ამ პრობლემებისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის შედეგად, 2025 წელი რუსეთის ეკონომიკისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა", - მიაჩნია უკრაინის ეკონომიკური კვლევებისა და პოლიტიკური კონსულტაციების ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარეს, იგორ ბურაკოვსკის, რომლის თქმითაც, რუსეთს არ აქვს თავისუფალი წვდომა გარე ბაზარზე, რის შედეგადაც ის პრაქტიკულად კარგავს ნავთობისა და გაზის შემოსავლებს:

„ეს კი პრობლემებს უქმნის სახელმწიფო ბიუჯეტს, რადგან რუსეთი კარგავს ომის წარმოებისთვის საჭირო ფულს, რომელიც მას უნდა მიეღო ნავთობისა და სხვა სახის წიაღისეული რესურსების გაყიდვით. სანქციების გამო მოსკოვი იძულებულია ომის დაფინანსებისთვის საჭირო ფული მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოიღოს“.

რაც შეეხება ინვესტიციებს, რუსეთის ფედერაცია იძულებულია შეამციროს როგორც დიდი, ასევე მცირე პროექტები. ეკონომიკის ექსპერტთა თქმით, 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ახალი საინვესტიციო პროექტების რაოდენობა (პირველ რიგში, სამშენებლო სექტორში) დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა, რაც რეკორდულ ვარდნად ითვლება. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მშენებლობის დარგი დიდ პრობლემებს განიცდის, მშენებლობის პრობლემები კი მეტალურგიის პრობლემებიცაა, მეტალურგიისა კი მთელი რიგი ქალაქების პრობლემებია თავისი ყველა თანმდევი შედეგით.

ასევე ნახეთ რამდენს გაუძლებს რუსეთის გადახურებული ეკონომიკა?!

იგორ ბურაკოვსკის თქმით, რუსეთის ეკონომიკის მესამე პრობლემაა ის, რომ რუსულ კაპიტალს არ შეუძლია აქტიურად ისესხოს სახსრები საზღვარგარეთიდან, რის გამოც ძირითადად ხდება მხოლოდ თავდაცვისა და პუტინთან დაახლოებული ზოგიერთი დარგის მხარდაჭერა:

„რეჟიმი ცდილობს დაეხმაროს თავის ოლიგარქებს, თავის ხალხს. ხოლო როდესაც ხელისუფლება დახმარებას უწევს მხოლოდ თავისიანებს, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში საუბარი არ არის რაიმე სახის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე“.

როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, რუსეთის ფედერაცია ახლა ეძებს სხვადასხვა გზას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესავსებად, ომის დასაფინანსებლად. ვლადიმირ პუტინის განცხადება სამხედრო ხარჯების შემცირების შესახებ სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკა სახიფათო ზღვრამდეა მისული.

27 ივნისს მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი "გეგმავს თავდაცვითი ხარჯების შემცირებას როგორც მომავალ, ისე შემდგომ წელს, ანუ სამწლიან პერიოდში". 2025 წელს რუსეთმა თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 25%-ით გაზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,3%-ს მიაღწია, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის თავდაცვის ხარჯები 2025 წლის ფედერალური ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის 32%-ს შეადგენს.

რუსეთის მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა პირდაპირ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ოთხი დარგი (მათ შორის მეტალურგია და ავტოწარმოება) დახმარებას საჭიროებს. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (ПМЭФ) მიმდინარეობისას რუსეთის სიდიდით მეორე ფოლადის მწარმოებელი კომპანიის, „სევერსტალის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ შეველიოვმაც თქვა, რომ შესაძლოა, რუსეთში ზოგიერთი მეტალურგიული საწარმო გაჩერდეს.

არადა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა ბოლო წლებია სტაბილურად იზრდება, თუმცა როგორც ეკონომისტები ამბობენ, ეს არ არის ე.წ. რეალური ზრდა, რაც კარგად გამოაჩინა მეტალურგიის დარგში შექმნილმა ვითარებამ. 2022 წლამდე მეტალურგიულ მრეწველობაში სტაბილური ზრდა შეინიშნებოდა, ომის დაწყების შემდეგ კი, რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, წარმოება 20%-ით შემცირდა.

ძირითად ეკონომიკური მაჩვენებლები:

  • GDP ზრდა - 1,4–1,6%
  • ინფლაცია - 9,4%
  • უმუშევრობა - 2,2–2,4%
  • საკრედიტო განაკვეთი - 20%–21%
  • ბიუჯეტის დეფიციტი - GDP-ის 1,5–1,9%
  • სამხედრო ხარჯები - GDP-ის 6–8%

თუ ომი ეკონომიკას ამოძრავებს, მაშინ რატომ მცირდება ომის უპირველესი ბენეფიციარი - მეტალურგიის დარგი?

ამ კითხვის პასუხად ეკონომისტმა ვიაჩესლავ შირიაევმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა:

„საუბარი იმაზე, რომ სამხედრო წარმოების ხარჯზე ქვეყნის მშპ იზრდება, უაზრობაა. არ არსებობს იმის ეკონომიკური დასაბუთება, რომ ომისთვის იარაღის წარმოება არა მხოლოდ სტატისტიკურად აჩვენებს ეკონომიკურ ზრდას, არამედ რეალურადაც ზრდის ეკონომიკას. ასეთი ხარჯები არაფერს აძლევს ეკონომიკას, ისინი აბსოლუტურად უსარგებლოა. ტანკების, თვითმფრინავებისა და უპილოტო აპარატების წარმოება რაღაც ზემოქმედებას შეიძლება ახდენდეს დაკავშირებულ დარგებზე. წესით, ასეთი დაკავშირებული დარგი უნდა იყოს მეტალურგია, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ ავტოწარმოების მაგალითი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ავტოწარმოება ბევრ სხვა სფეროს ამუშავებს. იგულისხმება ავტოსერვისები, დაზღვევა, საბანკო კრედიტები და ა.შ. ავტომობილი რამდენიმე წლის განმავლობაში რჩება ექსპლუატაციაში და ამ დროის განმავლობაში ის ქმნის ეკონომიკურ ეფექტს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის, გაცილებით მეტს, ვიდრე მისი ღირებულებაა. აი, ტანკის შემთხვევაში კი ასე არ არის. რუსეთში წარმოებული ტანკი მალევე ნადგურდება უკრაინის ფრონტზე. შედეგად უბრალოდ იკარგება ფული. ომის პირობებში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის როლი ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაში - ეს არის ზღაპარი. იმედს ვიტოვებ, რომ, ადრე თუ გვიან, ყველა მიხვდება, რომ უკრაინელების მიერ ჩამოგდებული ყოველი დრონი და ყოველი დამწვარი ტანკი პირდაპირ აზარალებს რუსეთის თითოეულ მოქალაქეს“.

ასევე ნახეთ რატომ არასდროს გაუთავდება რუსეთს ფული ომისთვის? პასუხობს ეკონომისტი ვლადისლავ ინოზემცევი

ვიაჩესლავ შირიაევი ამბობს, რომ პროექტის, „ომის ფასის“ ფარგლებში, დარგების მიხედვით გაანალიზა ომით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი შემდეგი ოთხი დარგისთვის: გაზის მრეწველობა; მეტალურგია; ქვანახშირის მოპოვება და პირდაპირი დანაკარგები (დამწვარი ტექნიკა, დაკარგული ფლოტი, საზღვარგარეთ დარჩენილი სავალუტო რეზერვები და ა.შ.)

„მივედით 2 ტრილიონი დოლარის ზარალამდე, რაც ერთ ადამიანზე დაახლოებით 14 000 დოლარია. 3 წლის განმავლობაში პუტინმა თითოეული მოქალაქისთვის სწორედ ამდენი თანხა დაკარგა. ამ ფულით შესაძლებელია ერთოთახიანი ბინის შეძენა სამსულიანი ოჯახისთვის რუსეთის რომელიმე ოლქის ცენტრში ან მოსკოვის შემოგარენში“, - ამბობს ეკონომისტი.

ექსპერტების თქმით, რუსეთის მთავრობა აუცილებლად გაუწევს დახმარებას ქვანახშირისა და ფოლადის წარმოებას, შემდეგ მას ასევე მოუწევს მშენებლობის დარგის გადარჩენაზე ზრუნვაც. სპეციალისტების გათვლით, ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ არ გაიზარდოს უმუშევრობა და არ ჩამოიშალოს საბანკო სისტემა. თუმცა, როგორც ვიქტორ შირიაევი ამბობს, რუსეთის დეფიციტურ ბიუჯეტს გაუჭირდება ყველა საჭირო ხარჯის გაწევა:

„ბიუჯეტის დეფიციტი 3-4 ტრილიონი რუბლია. შესაძლოა, წლის ბოლოსთვის დეფიციტი 6-7 ტრილიონამდე გაიზარდოს, ასეთ პირობებში რამის გადარჩენა შეუძლებელი იქნება. ამის გამო მთავრობამ უარი თქვა ქვანახშირის წარმოების მთელი დარგის გადარჩენაზე. განაცხადეს, მოვაგვარებთ საკითხის სოციალურ მხარეს, თუ ქვანახშირის მომპოვებელი ცალკეული კომპანიები გაკოტრდებიანო. მსგავსი მიდგომა იქნება დანარჩენ დარგებთანაც, ცალკეული ხვრელების დროებით ამოვსებას ეცდებიან“.

რა მოხდება, თუ დაფინანსებული საწარმოები ვერ შეძლებენ სესხების უკან დაბრუნებას?

„რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობა გაითამაშებს რესტრუქტურიზაციის პროცესს, შემდეგ კი დაიწყება ფულის ბეჭდვა, რათა ბანკებს ლიკვიდურობა შეუნარჩუნონ. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა REPO-გარიგებების ლიმიტები და აშკარად ჩანს — ფული უკვე იბეჭდება და ბანკებსაც მიეწოდება, რათა მათ შეძლონ ლიკვიდურობის შენარჩუნება. მხოლოდ ერთ თვეში 3 ტრილიონი რუბლი - უზარმაზარი თანხაა. საბეჭდი მანქანა ტრიალებს, ინფლაციაც აუცილებლად დაიწყებს ზრდას“, - ამბობს ვიქტორ შირიაევი.

რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე მეტყველებს „სბერბანკის“ ხელმძღვანელის, გერმან გრეფის მიერ გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში ნათქვამი, რომ ბანკმა, რომელიც ქვეყნის ინვესტიციების დაახლოებით 60-65%-ს აფინანსებს, 2025 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ერთი საინვესტიციო პროექტიც კი არ დააფინანსა.

გერმან გრეფი

რუსეთის ეკონომიკას პრობლემებს უქმნის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული საკვანძო (რეფინანსირების) მაღალი განაკვეთი (20%), რომლის საშუალებითაც ხდება ინფლაციური პროცესების მართვა. რუსეთის მთავრობაში უკვე საუბრობენ წლის ბოლომდე განაკვეთის 15%-მდე შემცირებაზე. მაღალი საპროცენტო განაკვეთი ამცირებს ინფლაციას, მაგრამ იწვევს სხვა პრობლემას: შეუძლებელი ხდება ფულის სესხება დაბალი პროცენტით. რუსეთის შიგნით ასეთ კრედიტს ვერავინ გასცემს, უცხოეთიდან მოზიდვა კი გართულებულია საერთაშორისო სანქციების გამო.

სპეციალისტების თქმით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს, სავარაუდოდ, მალე მოუწევს განაკვეთის დაწევა, სავარაუდოდ, 15%-მდე.

„ცენტრალური ბანკი განაკვეთს „კარგი ცხოვრების“ გამო არ ამცირებს. არც იმიტომ, რომ ადრე „ბოროტი“ იყო, ახლა კი „დატკბა“. უბრალოდ, ასეთ მაღალ საკვანძო განაკვეთს ვერცერთი ნორმალური ბიზნესი ვერ გაუძლებს. მით უფრო ის ბიზნესი, რომელსაც ვალები აქვს, კრედიტებით სარგებლობს, - ამბობს რუსი საინვესტიციო ბანკირი ევგენი კოგანი, რომლის თქმითაც, რეცესიის შემთხვევაში გაიზრდება უმუშევრობის დონე, ხოლო ბიზნესს აღარ ექნება საშუალება, ხელფასები გაზარდოს და მეტი თანხა შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

თუმცა ეკონომისტების თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასაც არ ექნება მყისიერი შედეგი, რადგან არსებობს ერთგვარი ინერცია, როდესაც განაკვეთი მცირდება ან იზრდება, ეკონომიკა ამას რეალურად დაახლოებით 0,5-1 წელიწადში გრძნობს. შესაბამისად, განაკვეთის შემცირების ეფექტს რუსეთი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ანუ 2026 წელს იგრძნობს.

ასევე ნახეთ რუსეთი რეკორდსმენია ცენტრალური ბანკის რეალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით

რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს უქმნის მუშახელის დეფიციტი. ბიზნესმა არაერთხელ მიმართა კრემლს, რომ გადაჭრას მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემები. ცნობილია, რომ მიგრანტები რუსეთის შრომითი ბაზრის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენენ, თუმცა ომის ანუ 2022 წლის შემდეგ რუსეთის მთავრობამ მკვეთრად გაამკაცრა მიგრანტებისადმი დამოკიდებულება.

ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, რუსეთში 6,2 მლნ მიგრანტი ცხოვრობს. მიგრანტების შრომაზეა დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკის შემდეგი სექტორები: მშენებლობა, საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურება, ლოჯისტიკა, სამომხმარებლო მომსახურება და მიტანის სერვისი.

რუსეთის ხელისუფლება ასევე მუდმივად საუბრობს მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მაღალ სტატისტიკაზე. 2024 წელს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, მოიყვანა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, მიგრანტების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების რაოდენობა მხოლოდ ერთ წელიწადში 32%-ით გაიზარდა, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - 26%-ით, ხოლო ექსტრემიზმთან დაკავშირებული დანაშაული - 147%-ით.

ასევე ნახეთ რუსეთში მიგრანტობა დამამძიმებელ გარემოებად ცხადდება 

რუსეთში მიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა უზბეკეთის მოქალაქეებზე მოდის. შემდეგ მოდიან ტაჯიკები, ყაზახები, ჩინელები, ყირგიზები, სომხები, აზერბაიჯანელები. შრომითი მიგრანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსეთის ეკონომიკაში. მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის გათვლებით, მოსკოვში მიგრანტების წილი მშენებლობის სექტორში 50%-ს აჭარბებს, ხოლო ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და საზოგადოებრივი კვების სექტორში მიგრანტები დაახლოებით 35%-ს შეადგენენ.

თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მიგრანტებზე ზეწოლის მორიგ საშუალებად იქცა: მიგრანტებს აიძულებენ, მონაწილეობა მიიღონ ომში, სანაცვლოდ სთავაზობენ რუსეთში დარჩენის უფლებას, მოქალაქეობას ან დეპორტაციის გადაწყვეტილების გაუქმებას. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მცირე დანაშაულისთვის დაკავებულ მიგრანტებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას აიძულებენ.

ასევე ნახეთ მასკის მამა და რუსეთის ახალი იმპერია 2050 წლისთვის

რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ერთი თვის წინ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერებული ინიციატივები, რომელთა რეალიზაციისათვის რუსეთის მთავრობას სჭირდება:

  • მეტი მუშახელისა და მიგრანტის მოძიება
  • ადამიანების რობოტებით ჩანაცვლება
  • გადასახადების გაზრდა
  • ინვესტიციების მოზიდვა
  • ექსპორტის გაზრდა

თუმცა ეკონომისტების თქმით, ომის ხარჯებისა და საერთაშორისო იზოლაციის გამო, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მიმართავს, აუარესებს როგორც ეკონომიკის, ასევე თავად ხელისუფლების მდგომარეობას. მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ თავი ჩაიგდო ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც იოლი გამოსავალი არ არსებობს.