სპეცრაზმის უფროსის მოადგილის პოსტზე არც „ხარებას“ მოადგილე, სანქცირებული მირზა კეზევაძე დარჩენილა

„მაგნიტსკის სანქციებში“ მოხვედრილი მირზა კეზევაძე აღარ მსახურობს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტზე.

შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ბალტიის ქვეყნებისა და ჩეხეთის მიერ სანქცირებული მირზა კეზევაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოადგილის პოსტზე აღარ მუშაობს.

ეს ინფორმაცია დღეს, ექვს ივლისს დაადასტურა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

დღეს დილას ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ცნობა, რომ კეზევაძე პოსტიდან გაათავისუფლეს.

თუმცა დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კეზევაძე „არავის გაუშვია სამსახურიდან“ და „მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს“.

„არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, - გაიმეორა მან.

ზვიად ხარაზიშვილმა (მეტსახელად „ხარებამ“) პოსტი 10 ივნისს დატოვა - მინისტრ ვახტანგ გომელაურის შეცვლიდან 13 დღის შემდეგ (გომელაური 28 მაისს გადადგა).

ასევე ნახეთ ზვიად ხარაზიშვილმა („ხარება“) გდდ-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

ხარაზიშვილიც და კეზევაძეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ მოექცნენ - მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, იძალადეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.

მათგან ამ დრომდე დასჯილი არავინაა.

„ხარებას“ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. ორივე ამ ქვეყნის სანქცია ჰქონდა შს ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც, რომელმაც თანამდებობა 28 მაისს დატოვა.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კი ხარაზიშვილი, კეზევაძე და შსს-ის სხვა მაღალჩინოსნები, - მათ შორის სანქცირებულები, - 2025 წლის 30 იანვარს ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

ასევე ნახეთ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა პოლიციის სანქცირებული მაღალჩინოსნები

დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს დაუწესა როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები მირზა კეზევაძეს, შეერთებულმა შტატებმა კი - 2024 წლის 19 დეკემბერს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ის „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.

ასევე ნახეთ გომელაურსა და შსს-ს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს აშშ-მა სანქციები დაუწესა

ბრიტანეთის მთავრობა მიუთითებდა, რომ კეზევაძე „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.

ასევე ნახეთ ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა გენპროკურორს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს