მაშ რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ის, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა?
15 ივლისს ნგრევის ადგილას, თევდორე მღვდლის 14 ნომერში, ასეთი სურათი დაგვხვდა: სადგურის მოედნის გარემოვაჭრეები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, თან მუშაობას აგრძელებდნენ და თან თვალი შემთხვევის ადგილისკენ გაურბოდათ. ყველა ისევ ავარიულ და ჩამონგრეული სახლზე, დაღუპულებსა და გადარჩენილების ბედზე ლაპარაკობდა.
გარშემო ყველგან პოლიცია იდგა. მოგვიანებით ისევ გამოჩნდა სამაშველო სამსახური, რომელიც წუხელ ადგილზე მუშაობდა.
შუადღისთვის შენობასთან მისასვლელი ხის მაღალი ღობით ჩაკეტეს და დღის პირველი საათისთვის ტრაგედიის ადგილი დაიფარა.
თუმცა კარგად ჩანდა შენობის ბოლო სართული, რომელსაც ბეტონის მასიური ფრაგმენტი მოსძვრა და ქვეშ ადამიანები მოიყოლა.
ასე გამოიყურება ის ადგილი, სადაც ჩამონგრეული ბეტონი ხალხსა და მანქანებს დაეცა. 2025 წლის 14 ივლისი
კორპუსს შორიდან ადევნებენ თვალს ახლო-მახლო მაღაზიების პატრონები, რომლებიც შემთხვევით გადარჩნენ და მომხდარს იხსენებდნენ.
გარშემო ყველას მზერა ზემოთ, ჩამონგრეული ფასადისკენ იყო მიმართული.
იქ დაგვხვდა ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი მარიკა ფიფიაც, რომლის ვიდეოც - როგორ ეძებს მას თავისი მეუღლე და როგორ პოულობს ცოცხალს, - გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არც თვალებიდან არ ამოსდის ნანახი და არც ყურებიდან - ნგრევის ხმა.
ეს შენობის ის ნაწილია, რომელიც ჩამოინგრა.
მარიკას ამ შენობის მეხუთე სადარბაზოს პირველ სართულზე აქვს მაღაზია.
როცა სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, ისიც იქ იყო, მუშაობდა: “არ ვიცი როგორ გამოვასწარი. ეს ხმა არ მავიწყდება.”
მეექვსე წელია იქ მუშაობს. ყველამ იცოდა, რომ სახლი შეიძლება ერთ დღეს ჩამონგრეულიყოო, - გვეუბნება.
ხალხი თვალს ადევნებს თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის შემოღობვას. 2025 წლის 15 ივლისი
ამ ავარიული სახლის ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გააზიარა ნიკოლოზ ლუტიძემ (ჰუმანოიდი) და მერიის ცხელ ხაზზეც არაერთხელ დარეკა. მათ შორის ერთ-ერთი ვიდეო, რომელშიც ნიკა ბზარზე მიუთითებს, 2024 წლის 30 მარტს არის გადაღებული.
“მერიაში დავრეკე და ვუთხარი, რომ აუცილებლად გადმოინგრეოდა ეს ნაწილი. ჯერ კიდევ მაშინ ცვიოდა კენჭები ზემოდან. მითხრეს, შესაბამის სამსახურებს გადავცემთო”, - იხსენებს ნიკა, რომლის საწარმოც ამ შენობის სიახლოვესაა და იქ ხშირად უწევდა გავლაც და ვაჭრობაც.
“ზუსტად იქ, სადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მოხუცი გარემოვაჭრე ბებო იჯდა და ლურჯი ბრეზენტი ჰქონდა მის პატარა დახლს გადაფარებული, ვითომ ამ კენჭებისგან დასაცავად. რამდენჯერმე ლამის ვეჩხუბე, რომ არ იყო იქ ჯდომა უსაფრთხო… ამბობდა, არა უშავს, იმდენი ხანია ეს ბზარი არსებობსო…” - გვიყვება ნიკა.
ასეა შემოღობილი მთელი სახლი, საიდანაც მცხოვრებლები უკვე გაასახლეს. 2025 წლის 15 ივლისი
ამ გარემოვაჭრის მსგავსად შეჰყურებდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე შენობის ბზარს უამრავი ადამიანი. მათ შორის - იქ მცხოვრებნიც.
ერთ-ერთი მათგანი, თამუნა კაკაურიძე, რომლის ბინაც ზუსტად ჩამონგრეული სახურავის სადარბაზოს მესამე სართულზეა, ახლა თავის ფანჯრებს შეჰყურებს და გვეუბნება, რომ ჯერ სახლში ვერ შედის და არც ის არ იცის, რა იქნება ხვალ.
გუშინ, როცა სახლი ჩამოინგრა, თავადაც შინ იყო - თავიდან ეგონა, რომ მიწისძვრა მოხდა. მერე იფიქრა, რომ სადარბაზო ჩაინგრა. ფანჯრიდან გადაიხედა და დახვდა ის სურათი, რაც შემდეგ ყველამ ნახა.
მან გვიამბო, რომ ეს სახლი, და განსაკუთრებით მისი სადარბაზო, დიდი ხანია ავარიულია. მისი მონათხრობით, ეს კორპუსი ჯერ კიდევ 1999 წელს დააზიანა ამავე სადარბაზოში ბუნებრივი აირის აფეთქებამ. იხსენებს, რომ 2016 წელს შენობა გაამაგრეს და შეღებეს, თუმცა კედლები მაინც გაიხსნა და დიდი ბზარიც გაჩნდა.
თამუნა კაკაურიძე შეჰყურებს თავისი სახლის ფანჯრებს, რომლის თავზეც ჩამოინგრა შენობის ნაწილი.
მიუხედავად ამისა, თამუნა ამბობს, რომ ამ შვიდსადარბაზოიან სახლში ყველა მოსახლე არ თანხმდებოდა ე.წ. ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობას:
“100%-იანი თანხმობა ვერ შედგა. ბოლოს, ძალიან რომ გართულდა ვითარება, ჩემს ზემოთ ვინც ცხოვრობდა, ბოლო სართულზე, ის გაიყვანეს ქირით. მე კამიკაძეს მეძახდნენ, რადგან სახლში რომ ავდიოდი, ძალიან საშიში იყო უკვე, კიბე კედლისგან ისე იყო დაშორებული”.
ორი დაღუპული, ერთი დაშავებული და სხვა დაზარალებულები
სახურავის ნაწილის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა. ბეტონის მასის ქვეშ მოექცნენ ხორცის საყიდლად მისული დავით ბართია და იქვე მოვაჭრე მანანა დარახველიძე.
დავით ბართია ნგრევისას დასთან ერთად იყო - ქალი გადარჩა, თუმცა მძიმედაა დაშავებული და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება:
„სიცოცხლესთან შეუთავსებელი ამ წუთში არაფერია. დღეს შედარებით უკეთესადაა”, - თქვა კლინიკა „გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელმა კობა ბალიაშვილმა.
მეორე დაღუპულის, მანანა დარახველიძის დისშვილმა, მაია კობაიძემ, ფეისბუკზე დაწერა, რომ ერთ გაფრთხილებას, შესაძლოა, გადაერჩინა დეიდამისი, რომელიც “ყინვასა თუ სიცხეში დღეში 20 ლარისთვის მუშაობდა” თავის პატარა მაღაზიაში.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შედიან შემოღობილ ტერიტორიაზე.
“ერთი გაფრთხილება, ერთი პატარა შემორაგული ხის ბარიერი აგვაცილებდა ამ ტრაგედიას თავიდან! როდემდე უნდა გვეშინოდეს სახლიდან გასვლის! სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი წავიდა დღეს სამსახურში და ახლა მორგში წევს”, - წერს მაია.
საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მოვაჭრეებიც გვეუბნებიან, რომ ყველა გაფრთხილებული იყოო, მაგრამ:
- "გაფრთხილება რას უშველის”.
- "საიდანაც უნდათ კი ყრიან ხალხს თავისუფლად და უპრობლემოდ, ახლა კიდევ ხალხს აბრალებენ ყველაფერს პასუხისმგებლობის ასარიდებლად".
- "დიდი ხანია ბზარები აქვს ამ შენობას, გარედან კი მშვენივრად შეღებეს, მაგრამ მთავარ პრობლემაზე არ ზრუნავდნენ. მაინც და მაინც მსხვერპლი უნდა იყოს, რომ რამე შეიცვალოს".
- "გამოდიხარ სახლიდან და არ იცი, უკან დაბრუნდები თუ არა. რანაირი ქალაქი გახდა თბილისი?"
ეს მხოლოდ რამდენიმე გამოხმაურებაა, რაც ადგილზე მყოფი ხალხისგან მოვისმინეთ.
თბილისის მერიას ჯერჯერობით საჯაროდ არაფერი უთქვამს, მიიღებენ თუ არა დაღუპულების ოჯახები რაიმე კომპენსაციას. თავად შემთხვევა თბილისის მერმა უბედურ შემთხვევად შეაფასა.
შიდა პერიმეტრი ჩამონგრეული შენობის პირდაპირ
ბეტონის კარნიზის ფრაგმენტმა ავტომობილებიც მოიყოლა - პოლიტიკოსმა ხატია დეკანოიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ჩამოვარდნილი ბეტონი მისი შვილის მანქანას დაეცა.
„თორნიკე ბეწვზე გადარჩა. რამდენიმე მეტრით ასცდა ბეტონი. გადავრჩით, მაგრამ იმ ხალხს ვინ უშველის, ვინც დაშავდა და გარდაიცვლა. უამრავი ადამიანი რეკავდა მერიაში და აფრთხილებდა. კალაძე, რა ჩანაცვლების პროგრამა, რა შეთავაზება? ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე სიკვდილი თუ იყო მოსალოდნელი რა გააკეთე ეს რომ აგეცილებინა?“ - დაწერა ხატია დეკანოიძემ.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე სახლის ფასადის ჩამონგრევის შემდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს - ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა ორ წლამდე პატიმრობით.
ასევე ნახეთ "სადგურის მოედანთან" შენობის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდაროგორც აღმოჩნდა, ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანები, უსაფრთხოების უფლების დასაცავად, ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველსაც - 15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი წერს, რომ თბილისში, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, ბევრ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საშიშ გარემოში ცხოვრება. ეს შენობები სახიფათოა არა მხოლოდ მცხოვრებთათვის, არამედ გამვლელებისთვისაც.
იმას, რასაც თბილისის მერმა კახა კალაძემ „უბედური შემთხვევა“ უწოდა, სახალხო დამცველი ”სისტემურ პრობლემად” მიიჩნევს და წერს, რომ მის მოსაგვარებლად დროული რეაგირებაა საჭირო, რასაც, ფაქტია, ვერ აგვარებს “არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები”.
15 ივლისს ეს შესასვლელიც ჩაიკეტა.
მომხდარს სოციალურ ქსელშიც არაერთი სამოქალაქო აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ პროფესიული წრის წარმომადგენელი, მათ შორის, არქიტექტორი გამოეხმაურა. მაგალითად, არქიტექტორი გიორგი მარგიშვილი წერს, რომ „შენობის კარნიზის ჩამონგრევა უპირობოდ არ ნიშნავს მთლიანი შენობის ავარიულობას“.
„ამ სახლს კონსტრუქციული სხვა დაზიანებები თვალნათლივ არ ეტყობა, არც რაიმე სახის დასკვნას ვიცნობ ამის თაობაზე, ხოლო კარნიზის ავარიულობა უკვე კარგა ხანია, რაც ეტყობოდა და მის შველას ნამდვილად არ ჭირდებოდა მოსახლეობის დათანხმება მისი შეკეთების თაობაზე“, - წერს არქიტექტორი.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ “ ქალაქის მერის პასუხისმგებლობის გამოსავლენად პროკურატურას მიმართა.
ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ფარულავამ მომხდარს უწოდა „მკვლელობა და არა ტრაგედია“:
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ვხედავთ ტრაგედიებს დედაქალაქში, რომელიც უკავშირდება კალაძის კორუფციულ მმართველობას. ეს უნდა დასრულდეს, მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას”, - თქვა მან.
როგორ წარმოაჩენს ამ პრობლემას თბილისის მერია?
14 ივლისს შემთხვევის ადგილზე მისულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ შენობა ავარიული იყო. ხოლო მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დაამატა, რომ მოსახლეობას დიდი ხანია შენობის დაცლას სთხოვდნენ, თუმცა ვერაფრით შეთანხმდნენ, რადგან "კორპუსის დაცლას არ დაეთანხმა მცხოვრებთა 100%”.
ხალხი უკმაყოფილო დატოვა კალაძის სიტყვებმა, რომ საშიში შენობის დემონტაჟი სამი ოჯახის გამო ვერ შეძლეს, რადგან “ისინი [მერიის] შეთავაზებულ წინადადებას - ქირით გადასვლას - არ დათანხმდნენო”.
14 ივლისი, შემთხვევის პირველი საათები
მეორე დღეს კახა კალაძემ კიდევ ილაპარაკა მომხდარზე და თქვა, რომ არც ის და არც მისი თანაგუნდელები „არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს“.
„ყველაფერზე მერია არის დამნაშავე, კახა კალაძეა დამნაშავე, ეს არის სწორი? პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ყველაფერი - კარგი თუ ცუდი, რაც ხდება ქალაქში - ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ არასწორია ის, რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად, უბედური შემთხვევების დროს ყოველთვის ამბობთ, რომ კახა კალაძე და მერიაა დამნაშავე.
არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს, როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო“, - თქვა კახა კალაძემ.
2007 წელს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს და იქ მცხოვრები ადამიანები იძულებით გამოასახლეს - გამოსახლების პროცესის დაწყებას კერძო მესაკუთრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც პატრულსა და მესაკუთრეებს შორის მოჰყვა შეხლა-შემოხლა, რის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. განვითარებულ მოვლენებს ”ბარბაროსული” უწოდა მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. მოგვიანებით კი, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახლი "დასანგრევი იყო".
თბილისის მერის მტკიცებით, მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშე, სხვა მუნიციპალურ მიწაზე პროექტი შეიმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, ხოლო მოსახლეობის შენობიდან გამოყვანას 100%-იანი თანხმობა სჭირდება.
კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ შეცდომა დაუშვა გუშინ, როცა თქვა, რომ შენობას ჰქონდა მეხუთე ხარისხის ავარიულობის კატეგორია, სინამდვილეში მე-3 ხარისხის იყოო.
„მესამე ხარისხი იმ დონის ავარიულობა არ არის, რომ აიკრძალოს შენობაში ცხოვრება ან რაიმე ისეთი უსაფრთხოების ნორმები იქნეს მიღებული, რომელიც ცხოვრებას აკრძალავს ან უსაფრთხოების ჯებირები იქნება განსათავსებელი“, - განმარტა მოგვიანებით მერის სიტყვები დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა. მან თქვა ისიც, რომ ამ სახლში მცხოვრები 94 ადამიანი ამჟამად თბილისის ათ სასტუმროშია გადანაწილებული.
დიდუბის რაიონის გამგეობაში გვითხრეს, რომ მოსახლეობამ იცოდა მერიის ძველი და ავარიული შენობების ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლების პროგრამის შესახებ.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა 2021 წლიდან მოქმედებს. ჩანაცვლების წესი კი ეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომელთა ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება III, IV ან V კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს ქალაქმა შეიძლება შესთავაზოს საცხოვრებლად გადასვლა ახალ შენობაში, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა ან მის სიახლოვეს. ახალ შენობაში ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმხელა ფართის ბინას, რამხელასაც ფლობდა: სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.
დიდუბის რაიონის გამგეობიდან ჩვენი კითხვების საპასუხოდ ასევე მოგვწერეს, რომ 2024 წლის სექტემბერში, ცხელი ხაზით მიიღეს ინფორმაცია, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ამ სახლის მე-4 სადარბაზოს 25-ე ბინაში, ბზარები გაჩნდა.
„ამ და კიდევ სხვა საფრთხის შემცველი ბინის მესაკუთრეს შევთავაზეთ ქირით გაყვანა, მაგრამ უარი მივიღეთ“.
ამის შემდეგ, როგორც გამგეობაში ამბობენ, გამაგრდა ყველაზე უფრო ავარიული მე-5 სადარბაზოს კიბე. როგორც დიდუბის გამგეობაში აცხადებენ, საუბარი ამ ავარიული სახლის ახალი და მდგრადი შენობით ჩანაცვლებაზე არ შეწყვეტილა, თუმცა ჩანაცვლების პროგრამისთვის საჭირო სრულყოფილი განაცხადები ამ სახლის ყველა მობინადრისგან მათ არ მიუღიათ: „ამ კორპუსიდან, გამგეობას მხოლოდ ორმა ოჯახმა მიმართა ქირით გაყვანის თხოვნით - მათი თხოვნა დაკმაყოფილდა“.
მერია ირწმუნება, რომ ტყუილია, თითქოსდა 2023 წელს ავარიული სახლების ჩანაცვლების წესის ცვლილებით, ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლებას მესაკუთრეთა ასი პროცენტის თანხმობა აღარ სჭირდება.
„ასეთი ცვლილება ამ წესში არ შესულა და დღემდე ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებისთვის საჭიროა მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა“.
შენობის უკანა მხარე, რომელიც ამ დროისთვის ასევე შემოღობილია.
რადიო თავისუფლება ესაუბრა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორს, თამაზ ალიბეგაშვილსაც, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერ კიდევ შარშან გააცნეს სახლის ბინადრებს ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა უმრავლესობა ჩანაცვლებას არ დასთანხმდა და საკითხიც გაჩერდა.
„ჩვენ არ ვართ დეველოპერები, რომ დამატებით ფართები შევთავაზოთ. ჩვენ ვართ ამ სოციალური პროგრამის შემსრულებლები და შეგვიძლია მხოლოდ იმავე საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილოთ მოსახლეობა, რაც მათ ახლა აქვთ - ანუ შენობა დაინგრეს, ახალი აშენდეს და მათ გადაეცეთ იგივე ფართი“.
თამაზ ალიბეგაშვილს ვკითხეთ, სადმე თუ დასრულდა თბილისში ჩანაცვლების პროგრამის რომელიმე პროექტი, რაზეც გვიპასუხა, რომ ვარკეთილში დასრულდა ერთი კორპუსი - იქ ოთხსართულიანი ავარიული კორპუსის ნაცვლად ააშენეს ათსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ბინები გადასცეს 36 ოჯახს.
სულ თბილისში (და აქ არ იგულისხმება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები ძველ თბილისში) სხვადასხვა ავარიული კატეგორიის მქონე 10 000-მდე შენობაა - ძირითადად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები.
„ძეგლის სტატუსის მქონე სახლები ჩანაცვლების წესს არ ექვემდებარება“, - აღნიშნა თამაზ ალიბეგაშვილმა.
რაც შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლს, როგორც თბილისის განვითარების ფონდში გვითხრეს, ის მთლიანად უნდა დაინგრეს და მის ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდეს.
რამდენსართულიანი იქნება ეს სახლი ან როგორი არქიტექტურის შენობა ჩაანაცვლებს 1950-იან წლებში აშენებულ ამ სახლს, ეს ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ნახეთ ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების წესი შეიცვალა - რას ნიშნავს ეს ასევე ნახეთ „ჩემი სახლი ჩავიდა მეორეზე, მეორე პირველზე“ - ნგრევა დადიანზე ასევე ნახეთ ვნახეთ კორპუსი, სადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა