მედვედევი ამჯერად ფინეთს ემუქრება კრახით

დმიტრი მედვედევი

მოკლედ

  • დმიტრი მედვედევი ფინეთს სახელმწიფოებრიობის მოსპობით დაემუქრა TASS-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
  • ის ფინეთს ადანაშაულებს ნაცისტურ გერმანიასთან ალიანსში და რუსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის მზადებაში.
  • სტატიაში ფინეთის ნატოში გაწევრიანება და უკრაინის მხარდაჭერა მეორე მსოფლიო ომის ხელშეკრულებების დარღვევად არის შეფასებული.
  • რუსეთის ექსპერტები მედვედევის განცხადებებს კრემლის პროპაგანდის სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევენ.
რუსეთის ექსპრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, პირდაპირ დაემუქრა ფინეთს და გამოიყენა ისეთივე ცრუ და პროპაგანდისტული არგუმენტები, როგორებსაც კრემლი იყენებდა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

დმიტრი მედვედევმა 8 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ვებსაიტზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მეზობელ ფინეთს სახელმწიფოებრიობის მოსპობით ემუქრება.

„ახალი ფინური დოქტრინა: სისულელე, ტყუილი, უმადურობა“ - ასეთი სათაურით გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში მედვედევი ტენდენციურად იხსენებს მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს, ამხელს ფინეთს ნაცისტურ გერმანიასთან ალიანსში, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომზადებაში და ამტკიცებს, რომ ფინეთის ამჟამინდელი ხელისუფლება რევანშისტულ გეგმებს აწყობს. მედვედევი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, არმიის გაძლიერებას და უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ხელშეკრულებების დებულებების დარღვევად და იქვე მიანიშნებს ფინეთისგან მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირისთვის მიყენებული ზიანისთვის დამატებითი რეპარაციების მოთხოვნის შესაძლებლობაზე.

დმიტრი მედვედევი ფინეთს ასევე ადანაშაულებს იმაში, რომ „ატარებს კონფრონტაციულ კურსს რუსეთთან ომის მოსამზადებლად“ და რომ „ამზადებს პლაცდარმს თავდასხმისათვის“. ამ მხრივ ის პირდაპირ ემუქრება ჰელსინკის: „ჩვენთან დაპირისპირებამ შეიძლება გამოიწვიოს ფინეთის სახელმწიფოებრიობის სამუდამო კრახი. არავინ დაუწყებს ლოლიაობას, როგორც 1944 წელს“.

რა თქვა მედვედევმა

როგორც წერილის შესავლიდან ირკვევა, დმიტრი მედვედევს წერილის დაწერა გადაუწყვეტია რუსეთ-ფინეთის საზღვრის მონახულების, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისა და მესაზღვრეებთან გასაუბრების შემდეგ.

„საზღვარზე არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება, არადა სულ ცოტა ხნის წინ ხალხმრავლობა იყო, - წერს მედვედევი, - ჰელსინკის ინიციატივით სრულად მოიშალა ნორმალური ურთიერთობები, რომლებიც ათწლეულობით შენდებოდა. ამით კი ფინეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები ზარალდებიან, რადგან აღარ აქვთ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით სარგებლის მიღების საშუალება, ფინეთის ხელისუფლება კი აშკარად მათი ინტერესების გაუთვალისწინებლად მოქმედებს. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ამ ვითარების ძირეულ მიზეზებზე. ეს ვითარება, სამწუხაროდ, შემთხვევითი არ არის. ტურბულენტური გეოპოლიტიკური პროცესების მორევმა ძველ პრობლემებს ფარდა გადახადა და მათი ნამდვილი არსი გამოავლინა“.

ასევე ნახეთ “შიში მუშაობს... რუსი თავს მაშინ გრძნობს უსაფრთხოდ, როცა სხვებს ეშინიათ” - პროფესორი მაიკლ კლარკი

მედვედევი შორიდან იწყებს თხრობას, მაგრამ გვერდს უვლის 1939-1940 წლების ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომს და ვრცლად და ტენდენციურად აღწერს 1941-1944 წლებში ფინეთის მონაწილეობას მეორე მსოფლიო ომში, ადანაშაულებს მას გერმანიასთან ალიანსში, „რევანშიზმსა და რუსეთის ტერიტორიების“ დაუფლების მცდელობაში.

ჰელსინკის აგრესიული მადა მთლიანად შეესაბამებოდა გერმანულ ხაზსო, წერს მედვედევი, რომლის მტკიცებითაც, „ფინელი დამნაშავეები ნიურნბერგის პროცესზე არ მოხვდნენ მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა ლიდერთა კეთილი ნების წყალობით“. თურმე, მედვედევის თქმით, სტალინის მთავრობას გულწრფელად სჯეროდა კეთილმეზობლური პოლიტიკის გატარების აუცილებლობისა და ბალტიის ზღვის თანამშრომლობის სივრცედ გადაქცევისა.

ასევე ნახეთ სტალინის "ზამთრის ომი"

„ჰელსინკიმაც მხარი დაუჭირა ასეთ კურსს, რადგან ესმოდა, რომ ეს ქვეყანა თავის საზღვრებში მხოლოდ ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების „მინდობილობით“ არსებობდა, - წერს მედვედევი, - მაგრამ დღეს, „ათასი ტბის ქვეყნის“ პროამერიკული მარიონეტული ხელისუფლების „ძალისხმევით“, რომელიც სანქციების გიჟურ ლოგიკაშია ჩარჩენილი, ორმხრივი ურთიერთობები განადგურდა. 2024 წლის სავაჭრო მოცულობამ მხოლოდ 1,26 მილიარდ ევრო შეადგინა ( 2019 წელს 13,5 მლრდ იყო). ყოველივე ამის გათვალისწინებით, რატომ უნდა დახუჭოს რუსეთმა თვალი ფინეთის წარსულის ბნელ ფურცლებზე? ფინეთი, როგორც ჰიტლერის სატელიტი, რომელიც თავს დაესხა სსრკ-ს, ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობის მატარებელია ომის გაჩაღებასა და ჩვენი მოსახლეობის ტანჯვაზე, როგორც ნაცისტური გერმანია. მით უფრო, რომ გენოციდისა და ომის დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გულისხმობს ხანდაზმულობის ვადის პრინციპის გამოყენებას“.

თუმცა, რომ არა ნატოში გაწევრიანება და უკრაინის მხარდაჭერა, დმიტრი მედვედევი არ მალავს, რომ არ გაუხსენებდა ფინეთს წარსულს. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრამდე ყველაფერი კარგად იყო, რუსეთ-ფინეთის წლიური სავაჭრო ბრუნვა 13 მლრდ დოლარს აჭარბებდა, მაგრამ, მისი თქმით, ყველაფერი გადაწონა ფინეთის რევანშისტულმა განწყობებმა:

„ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ჰელსინკი „თავდაცვითი“ ზომების საფარქვეშ ატარებს რუსეთთან ომისთვის მომზადების კონფრონტაციულ კურსს, რომლის ფარგლებშიც ჩვენზე თავდასხმისთვის ამზადებს პლაცდარმს. ალიანსი სრულად არის ჩართული ამ საკითხებში და ამჟამად ინტენსიურად ითვისებს ფინეთის ხუთივე ოპერატიულ გარემოს - სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, კოსმოსურ და კიბერ გარემოებს. ჰელსინკი ტოვებს ოტავის კონვენციას, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, უგულებელყოფს ჰუმანიტარული განიარაღების პრინციპების დაცვის ვალდებულებას და ამით განზრახ ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას. ტარდება წარმოუდგენელი რაოდენობის სამხედრო მანევრები, მათ შორის ნატოს ყველაზე მასშტაბური საარტილერიო წვრთნები „Lightning Strike 24“ როვაიარვის საწვრთნელ პოლიგონზე (2024 წ), ასევე სახმელეთო წვრთნები - „Northern Strike 125“ და „Northern Star 25“ ლაპლანდიაში, საჰაერო ძალების წვრთნები - „Atlantic Trident 25“ და სპეციალური დანიშნულების ძალების წვრთნები „Southern Griffin 25“ მიმდინარე წლის მაისში, ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში. და კიდევ: ფინეთი სერიოზულად განიხილავს პოლონეთისა და ლიეტუვის გიჟურ და ეკოლოგიურად დამანგრეველ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს საკუთარი ტერიტორიის ხელოვნურად დატბორვას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის მიზნით“.

ასევე ნახეთ რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს

„<...> როგორც ჩანს, ფინეთში დროდადრო ისმის თავხედური ხმები ახალი „დიდი ფინეთის“ მშენებლობის შესახებ. რუსეთის ტერიტორიის ნაწილის მიტაცების ხარჯზე ასეთი განწყობების გაღვივების მცდელობები ყველანაირად წახალისებულია ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიერ. რუსეთის ხარჯზე სარგებლის ნახვის წყურვილი ფინელთა გონებაში ჯერ კიდევ ჰიტლერის დროს იყო ჩანერგილი. როგორც ჩანს, ისინი ახლაც მსგავს დღის წესრიგზე მუშაობენ“.

„<...>რევანშიზმით შეპყრობილებმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი აგრესიისთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისას ფინეთის ისტებლიშმენტმა მთავარია არ დაივიწყოს, რომ ჩვენთან დაპირისპირებამ შეიძლება ფინეთის სახელმწიფოებრიობის სამუდამო კრახი გამოიწვიოს. არავინ დაიწყებს მათთან ლოიალობას ისე, როგორც 1944 წელს. არავინ წაუკითხავს მათ კეთილ ზღაპრებს მუმინებზე. როგორც ფინეთში ამბობენ, sitä saa, mitä tilaa - რასაც დათესავ, იმას მოიმკი“.

ასევე ნახეთ "ნატოში უბილეთო მგზავრად არავინ მიგიღებთ" - ფინელი გენერლის რჩევა საქართველოს

რა უნდა სინამდვილეში მედვედევს ანუ რუსეთს?

მიმომხილველებისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად ფინეთის რომელმა ნაბიჯმა უბიძგა დმიტრი მედვედევს ასეთი ვრცელი სტატიის დაწერისკენ. ცნობილია, რომ ფინეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, ხოლო მისი პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე უკრაინის მხარდაჭერის ორგანიზებაში.

რუსული პროპაგანდა და კრემლის მომხრე კომენტატორები გულისწყრომას ვერ მალავენ იმ პარალელების გამო, რომლებსაც სტუბი ხშირად ავლებს ხოლმე უკრაინაში შექმნილ ამჟამინდელ ვითარებასა და მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთში არსებულ ვითარებას შორის. ფინეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ, ტერიტორიის ნაწილის დაკარგვის შემდეგ, შეძლო სსრკ-სთან დაპირისპირებაში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.

2025 წლის 19 აგვისტოს “თეთრ სახლში” დონალდ ტრამპის, უკრაინის პრეზიდენტისა და ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას ალექსანდრ სტუბმა თავისსავე კითხვას, თუ რატომ იმყოფება თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ფინეთის პრეზიდენტი, ასე უპასუხა:

„ჩემი აზრით, მიზეზი ალბათ ისაა, რომ შესაძლოა, ჩვენ პატარა ქვეყნიდან მოვდივართ, მაგრამ რუსეთთან დიდი საზღვარი გვაქვს, 800 მილზე მეტი და, რა თქმა უნდა, საკუთარი ისტორიული გამოცდილება გვაქვს რუსეთთან – მეორე მსოფლიო ომიდან, ზამთრის ომიდან და სსრკ-ფინეთის ომიდან. თუ შევხედავთ დადებით მხარეს იმის თაობაზე, თუ სად ვდგავართ დღეს, ჩვენ 1944 წელს გამოსავალი ვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2025-შიც ვიპოვით, რათა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ომი, მოვიპოვოთ და მივაღწიოთ სამართლიან, ხანგრძლივ მშვიდობას. სიტუაცია ძალიან რთულია და სწორედ ამიტომ ვართ აქ“.

ასევე ნახეთ ფინეთი ჯერ არ აპირებს რუსეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნას

როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, დმიტრი მედვედევი რუსეთის პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად ამახინჯებს სინამდვილეს, როცა ლაპარაკობს ფინეთის მისწრაფებაზე, გააფართოოს თავისი საზღვრები აღმოსავლეთით ანუ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თანამედროვე რუსეთის შემადგენლობაში შედიან. მედვედევი ასევე ამბობს, რომ ფინეთის დღევანდელი მთავრობა "რუსოფობიურია" და რომ ფინეთის ხელისუფლება ისტორიულად ცდილობდა წაეშალა ეთნიკური რუსების "ისტორიული და კულტურული იდენტობა" და განეხორციელებინა სლავური მოსახლეობის გენოციდი. მედვედევი აცხადებს, რომ ფინეთი ნატოში შევიდა ვითომ "თავდაცვის" მიზნით, თუმცა სინამდვილეში ემზადება რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის. მედვედევი იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ფინეთმა უარი თქვა დიდი ხნის სამხედრო ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად.

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ექსპერტების თქმით, მედვედევის განცხადება ფინეთში ვითომ ეთნიკური რუსების დევნის, რუსეთის კულტურის განადგურების, ნაციზმთან კავშირისა და რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის შექმნილი მუქარის შესახებ პირდაპირი გადაძახილია იმ განცხადებებთან, რომლებსაც კრემლი 2014 და 2022 წლებში უკრაინაში შეჭრის გამართლებისთვის იყენებდა. მედვედევის თქმით, რუსეთისა და ფინეთის დღევანდელი ურთიერთობების "ძირეული მიზეზები" მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იღებს სათავეს.

ასევე ნახეთ "ზამთრის ომი": 1939 წელს ფინეთში სსრკ-ის შეჭრის ამსახველი ფოტოები

„ფრაზას "ძირეული მიზეზები" კრემლი დღემდე იყენებს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გასამართლებლად, - შენიშნავენ ISW-ის ექსპერტები, - მეტიც, რუსეთის ოფიციალური პირები, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით, ამბობენ, რომ სამომავლოდ უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელი იქნება, თუ არ აღმოიფხვრება ომის "ძირეული მიზეზები", რომლებიც კრემლის ჩინოვნიკების თქმით, სხვა არაფერია, თუ არა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და უკრაინაში თითქოსდა რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაცია”.

“ომის შემსწავლელ ინსტიტუტში" მიაჩნიათ, რომ მედვედევის მუქარა ფინეთის მიმართ სულაც არ არის უნიკალური მოვლენა, ეს არის ნაწილი კრემლის უწყვეტი მცდელობისა, რომელიც, როგორც წესი, მიმართულია ნატოს ქვეყნებზე ზეწოლის გასაზრდელად და რუსეთის მომავალი აგრესიის გამართლებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმაც 13 მარტს ასევე განაცხადა, რომ ფინეთი ცდილობდა "სლავური მოსახლეობის განადგურებას" და რომ დასავლეთი კვლავ ამზადებს ფინეთს პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის.

2023 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაემუქრა ფინეთს, როცა განაცხადა, ნატომ ფინეთი ალიანსში შეათრია და რომ ფინეთს "პრობლემები" შეექმნებოდა.

ასევე ნახეთ პუტინი ფინეთს აფრთხილებს "პრობლემების" შესახებ, საზღვრის დახურვის შემდეგ

რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად მიმართავენ სპეკულაციებს ფინეთისა და რუსეთის ისტორიული ურთიერთობების შესახებ, ხოლო რუსეთის პროპაგანდის საინფორმაციო ოპერაციები ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ ფინეთი წარმოჩინდეს როგორც:

  • მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის მოკავშირე;
  • რევანშისტი, რომელსაც განზრახული აქვს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება;
  • პლაცდარმი, საიდანაც დასავლეთი საფრთხეს უქმნის რუსეთს.


ფინეთში, ისევე როგორც რუსეთთან მოსაზღვრე ნატოს სხვა ქვეყნებში, ბევრი პოლიტიკოსი ლაპარაკობს რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხის შესახებ. რუსეთის მეზობელი ქვეყნების ლიდერები ასევე ციტირებენ სხვადასხვა რუსი მოღვაწეების, მათ შორის მედვედევის განცხადებებს.

პოლიტიკის ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ კრემლი ფინეთისა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს იმავე სქემას (სტრატეგიას), რომელსაც იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ, რათა შექმნას საინფორმაციო პირობები და გამართლება აგრესიისთვის.

ასევე ნახეთ როგორია ჰააგაში რუსი პროპაგანდისტების გასამართლების შესაძლებლობა?