სენატორი მალინი „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ: „ფრონტერა“ და „ოცნების“ დავიწყებული კრიტიკა

სენატორის თქმით, მისი შეცვლილი პოზიცია არ უკავშირდება „ფრონტერას“ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან.

ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი აქტიურად ეწინააღმდეგება „მეგობარი აქტის „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვის გადაწყვეტილებას.

მალინი, - რომელიც წარსულში თბილისს აკრიტიკებდა ტეხასურ ნავთობკომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, - ამბობს, რომ მისი ახლანდელი პოზიცია არ უკავშირდება „ფრონტერას“ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს მთავრობასთან.

„ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავის დასრულებისა და მილიონობით აშშ დოლარის დახარჯვის შემდეგ, 2020 წელს, ხელისუფლებამ ჯერ კონტრაქტის შეწყვეტა დააპირა, თუმცა ეს გადაწყვეტილება აღარ მიიღო და მოლაპარაკებები გააგრძელა.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ამერიკულ კომპანიას საქართველოს მთავრობისათვის გადასახდელი აქვს 15.4 მილიონი ლარი, - ამ თანხას სახელმწიფო კორპორაცია „ამოუღებლად“ მიიჩნევს.

რა ხდება?

ინფორმაცია, რომ სენატორი მალინი წინააღმდეგობას უწევდა „მეგობარი აქტის“ „თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ ჩართვას, აგვისტოს ბოლოს წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ვაშინგტონში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ.

5 სეტქმბერს ეს ინფორმაცია დადასტურებულად გამოაქვეყნა ამერიკულმა გამოცემა The Hill-მა.

გამოცემის ცნობით, აგვისტოს ბოლოს, - ბოლო წუთს, - მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ „მეგობარი აქტი“ NDAA-ს პაკეტიდან ამოიღო.

სენატორი მარკვეინ მალინი

NDAA-ში „მეგობარი აქტით“ გათვალისწინებული დებულებების ჩართვა იქნებოდა მოკლე გზა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის გარკვეული დაბრკოლებების შესაქმნელად.

მცირე ხნით ადრე მალინმა ასევე დაბლოკა სენატში კანონპროექტის განხილვის გარეშე მიღების მოთხოვნა (ეს არ ნიშნავს კანონპროექტის ჩავარდნას - საუბარია განხილვის გარეშე მიღებაზე).

„კანონპროექტი, მეტწილად, არ არის საკამათო“, - წერს Hill-ი.

  • „მეგობარი აქტი“ მარტში დაამტკიცა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა და ელის სრული შემადგენლობით განხილვას.
  • ხოლო წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის „სარკისებური“ ვერსია 6 მაისს მიიღო 80%-იანი მხარდაჭერით (349 ხმით 42-ის წინააღმდეგ).
  • კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი.
ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ

„შეცვლილი პოზიცია“

Hill-ი ციტირებს დაუსახელებელ წყაროს საკანონმდებლო ორგანოდან, რომელიც ამბობს, მართალია, „მეგობარი აქტს“ კიდევ ერთი რესპუბლიკელი სენატორი, რენდ პოლი ეწინააღმდეგება, მალინის წინააღმდეგობა გამორჩეულიაო.

„ფაქტი, რომ ერთ სენატორს შეეძლო ამის ჩაშლა, დიდ იმედგაცრუებას იწვევს“, - ამბობს წყარო.

გამოცემის თანახმად, მარკვეინ მალინის პოზიცია „უცნაურია“, რამდენადაც იგი ხუთი წლის წინ საქართველოს მთავრობაზე მის მიერ დაკავებული პოზიციებისგან განსხვავდება.

2020 წელს მალინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებდა „ამერიკის მტრულად განწყობილ მეტოქეებთან და მტრებთან“ დაახლოების გამო და ამტკიცებდა, ეს ამერიკული კომპანიებისთვის ქვეყანაში საქმიანობას ართულებს და საშიშს ხდისო.

„უკეთესი ურთიერთობა“ კობახიძესთან

მიმდინარე კვირაში The Hill-თან მოკლე ინტერვიუში მალინმა „მეგობარის აქტის“ წინააღმდეგობის ერთ-ერთ მიზეზად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან „უკეთესი ურთიერთობა“ დაასახელა.

„მესმის, რის მიღწევას ცდილობენ ისინი [„ქართული ოცნება“]. ასევე მესმის პირდაპირი გავლენა, რაც რუსეთს აქვს და რომელიც, ვფიქრობ, მთავრობის შიგნით ვითარებას ურევს“, - თქვა მალინმა.

„ამიტომ, მსურს, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდეს, სანამ სანქციებს დავაწესებთ. მსურს, მათთან ვიმუშაო, რათა ვნახო, როგორ შეუძლიათ მათ ნამდვილი სუვერენიტეტის მოპოვება და რუსეთის ზედმეტად ძლიერი გავლენისგან თავის დაღწევა“, - განაცხადა სენატორმა.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის ბოლოს 2014 წლის 17 სექტემბერს შეხვდა. მას შემდეგ მაღალი რანგის შეხვედრა არ შემდგარა. ელჩმა ივლისიდან პოსტი დატოვა

ამავე გამოცემაში, Hill-ში 2020 წლის 1 ივლისს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში მარკვეინ მალინი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ასე აღწერდა:

„საქართველოს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის სკოლა გამოვლილი ოლიგარქი, რომელმაც მილიარდები იშოვა საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ მიტოვებული რუსული ინდუსტრიების კორუფციულ ციებ-ცხელებაში“.

ის ივანიშვილს ასევე უწოდებდა „პუტინის მოკავშირეს“, რომელიც „მიზანმიმართულად მუშაობს, რათა გააძევოს საქართველოში ლეგალურად მოქმედი ამერიკული ბიზნესი“, ასეთ მაგალითად კი „ფრონტერას“ ასახელებდა.

საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა თავად „ფრონტერაც“, თუმცა ბოლო წლებში ეს კრიტიკა აღარ ისმის.

„ფრონტერა“ საქართველოს წინააღმდეგ

„ფრონტერა რისორსიზ“, - 1996 წელს ტეხასში, ჰიუსტონში დაარსებული ფირმა ამერიკელ პოლიტიკოსებთან კავშირებით, - 1997 წლიდან, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან ფლობდა კახეთში XII სალიცენზიო ბლოკს, სადაც ნავთობის ძებნა-ძიების მუშაოებს აწარმოებდა.

ედუარდ შევარდნაძე კახეთში, „ფრონტერას“ მიერ ტარიბანის ველზე პირველი ჭაბურღილის ბურღვის დაწყების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე. 2000 წლის 2 აპრილი

ფირმამ 2012-16 წლებში რამდენმჯერმე გააკეთა ხმამაღალი განცხადებები კახეთში დიდი რაოდენობით არსებულ ნავთობრესურსებზე, რასაც მთავრობა ეჭვის თვალით უყურებდა.

კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება დღის შუქზე 2017 წლიდან გამოვიდა - როდესაც მთავრობამ (კერძოდ კი ნავთობისა და გაზის კორპორაციამ) „ფრონტერას“ არბიტრაჟში უჩივლა.

ასევე ნახეთ სახელმწიფო VS ფრონტერა - დაპირისპირების 6 ძირითადი მიზეზი

სახელმწიფომ „ფრონტერასთან“ დავისათვის დაიქირავა ლობისტური იურიდიული ფირმა Hogan Lovells-ი, რომელსაც 7.4 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა.

გამოცემა openDemocracy-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თავად „ფრონტერამ“ მთავრობასთან დავაზე 890 000 აშშ დოლარი დახარჯა 2017-21 წლებში

არბიტრაჟის დეტალები და შედეგი გასაიდუმლოებულია. თუმცა 2020 წელს მთავრობა აცხადებდა, რომ არბიტრაჟმა დაადგინა კომპანიის მიერ ხელშეკრულების არსებითი დარღვევა, - რაც მთავრობას აძლევდა უფლებას, კონტრაქტი შეეწყვიტა.

ამის მიუხედავად, - ასევე, გამოცხადებული ინტერესის მიუხედავად, რომ კონტრაქტი შეწყვეტილიყო, - მთავრობამ კონტრაქტი არ გაწყვიტა.

ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გადაწყვეტილება ახსნა „სანიმუშო საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით“.

„ორი ფრონტერა“

2021 წლიდან „ფრონტერაში“, - რომელიც ისედაც დატვირთული იყო შიდა-კორპორატიული დაპირისპირებით, - მორიგი დავა დაიწყო. ამჯერად დაპირისპირებული მხარეები აღმოჩნდნენ:

  • სტივ ნიკანდროსი - კომპანიის თანადამფუძნებელი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ამერიკული ნავთობკომპანიის, „კონოკოს“ (Conoco) ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი;
  • ზაზა მამულაშვილი, - ქართველი ბიზნესმენი, „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერი, რომელიც ფირმის მთავრობასთან დაპირისპირების ერთ-ერთი სახე იყო.

სტივ ნიკანდროსი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. 2013 წლის 18 მარტი

2021 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსმა განაცხადა, რომ ზაზა მამულაიშვილის მიმართ ტეხასის სასამართლოს (281st Judicial District Court of Harris County, Texas, USA) მიერ „გამოცემულია შემზღუდავი ორდერი“;

ამავე წყაროს თანახმად, ეს ორდერი „უკრძალავს ბატონ მამულაიშვილს და მასთან აფილირებულებს, განახორციელოს ნებისმიერი ოპერაცია „ფრონტერას“ სახელით“.

ამჟამად „ფრონტერას“ სახელით ოპერირებას სწორედ სტივ ნიკანდროსის აგრძელებს.

„ფრონტერა“ vs მთავრობა: რა ხდება ახლა?

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში „ფრონტერა რესორსის ჯორჯია კორპორეიშენის“ (FRGC - კონტრაქტის პირვანდელი მფლობელის) ყველა უფლება და ვალდებულება გადაეცა „ფრონტერა რესორსის აშშ-ს“ (FRUS-ს. სიმარტივისთვის - „ამერიკულ ფრონტერას“).

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „ამერიკულ ფრონტერასთან“ და „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენთან“ (FRC).

შეთანხმების მიხედვით, FRC-ი და „ამერიკული ფრონტერა“ „ერთობლივად და სოლიდარულად“ იღებდნენ ვალდებულებას, გადაეხადათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები და ზიანის ანაზღაურება.

ამასთან, ამერიკულ „ფრონტერას“ მიეცა ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზია იმ დათქმით, რომ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებდა, მანამდე კი - სანამ დავალიანებებს არ დაფარავდა, - ოპერაციების გაგრძელება საკუთარ თავზე ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აიღო.

ფრონტერას ჭაბურღილი დედოფლისწყაროში. 2020 წლის 18 თებერვალი

მიუხედავად იმისა, რომ გადახდის ვადა რამდენჯერმე გადავადდა, თანხა - დაახლოებით 15.4 მილიონი ლარი - არ გადაუხდიათ.

2024 წლის იანვარში, კაიმანის კუნძულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, FRC-მ ოფიციალურად დაიწყო ლიკვიდაციის პროცედურა, რაც Deloitte & Touche-ს ჩართულობით მიმდინარეობდა.

საბოლოოდ, 2024 წლის აგვისტოში, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2022 წლის მემორანდუმი და პირველადი კონტრაქტი ავტომატურად შეწყდა.

ამის შემდეგ, Deloitte-მა წამოიწყო კომპანიის საბოლოო ლიკვიდაციის პროცედურები და კაიმანის სასამართლოს მიმართა ნებართვის მოსაპოვებლად. 2024 წლის ოქტომბერში პროცესი მცირე ხნით შეაყოვნა თანხმების მოძიების შესაძლო პერსპექტივის გამო, თუმცა 7 მარტიდან კვლავ განაახლა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია აგრძელებს მე-12 ბლოკში ოპერირებას. ამასთან, სახელმწიფო კორპორაციის პოზიციით:

თეორიულად კომპანიას აქვს უფლება მოითხოვოს დავალიანება FRC-სა და FRUS-სგან, თუმცა, მენეჯმენტის შეფასებით. ეს თანხა „ამოღებადი არ არის“.

მალინის კავშირები „ფრონტერასთან“

საქართველოს მაშინდელი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე ამბობდა, რომ ამერიკის კონგრესში არაერთი პოლიტიკოსი თავის საარჩევნო ოლქს წარმოადგენს და კომპანია „ფრონტერას“ წარმომავლობის ადგილი ტეხასი და ოკლაჰომაა.

„შესაბამისად, ამ კონგრესმენებს აქვთ ინტერესი, მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსთან დავა აქვს“, - ამბობდა ბაქრაძე.

ასევე ნახეთ თურნავა "ფრონტერაზე": კიდევ ერთხელ ჩავარდებიან უხერხულ მდგომარეობაში

გარდა ამისა, როგორც გამოცემა Hill-ი წერს, საჯარო წყაროების თანახმად, ნიკანდროსს 2020 წლის შემდეგ 6000 აშშ დოლარი აქვს შეწირული მალინის საარჩევნო კამპანიებისათვის.

  • 2019 წელს, კონგრესმენმა მალინმა, - როდესაც ჯერ კიდევ წარმომადგენელთა პალატაში იყო, - პალატას წარუდგინა „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი“.
  • აქტი, - რომელსაც საბოლოოდ მსვლელობა არ მისცემია, - ითვალისწინებდა მთავრობისათვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას, ასევე, ქართულ-ამერიკული ბიზნესურთიერთობების დაზიანებისათვის გამოვლენილი მაღალჩინოსნების ქონების სანქცირებასა და სავიზო სანქციებს.
  • აქტს 11 თანა-სპონსორი ჰყავდა - მათგან რვას, openDemocracy-ს ცნობითვე, ნიკანდროსისგან დონაციები ჰქონდა მიღებული 2017-19 წლებში.
  • გამოცემა ასევე წერდა: „არ ჩანს რაიმე კავშირი ამ დონაციებსა და კანონპროექტს შორის“.

ოკლაჰომელი სენატორი ამჟამად ამბობს, რომ ბოლოს ქვეყანას 2021 წელს ეწვია და კვლავ გეგმავს ვიზიტს გეგმავს.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა ეთქვა როდის, მან უპასუხა: „არა, ეს თქვენი საქმე არ არის“.

როგორც Hill-ი წერს, სენატორმა თქვა, რომ „ფრონტერას“ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთნ გავლენა არ მოუხდენია „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ მის პოზიციაზე.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა კომპანია იქნება. თუკი იქ [საქართველოში] ინვესტიციები გვექნება, მათ [ხელისუფლებამ] უნდა იზრუნონ, რომ ... ამერიკული ინვესტიციები დაცულია და ისე განახორციელებენ პროექტს, რომ არავინ დაემუქროს და ქონება არავინ ჩამოართვას. მგონი, ეს მიღწეულია. მაგრამ გარკვეული შიდასამთავრობო პოლიტიკა სარისკოა. ესე იგი, რთული არეალია“, - განაცხადა მალინმა.

გამოცემა ასევე წერს, რომ მიმართა „ფრონტერას“, თუმცა კომპანიას ჯერ საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებია.

სენატის საჯარო დოკუმენტების მიხედვით, „ფრონტერამ“ 2025 წლის 30 ივნისს ოფიციალურად შეატყობინა სენატს, რომ ლობიზმს წყვეტდა, - შესაბამისად, რეგისტრაციაც გააუქმა.

ვაშინგტონი-თბილისი

  • შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
  • მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
  • ვაშინგტონმა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
  • 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
  • 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.
  • დონალდ ტრამპს წერილი „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმაც გაუგზავნა;
  • „ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სტეიტის“ დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება“, - წერს ის.
ასევე ნახეთ ტრამპს წერილი ყაველაშვილმაც გაუგზავნა