ლუკაშენკას კრიტიკოსი თურქეთში გაუჩინარდა - შიშობენ, რომ ის გაიტაცეს

ანატოლ კოტაუ - ფოტო არქივიდან

მოკლედ

  • თურქეთში ბელარუსი დიპლომატის, ანატოლ კოტაუს, გაუჩინარებამ შესაძლო გატაცების ეჭვები გააჩინა.
  • კოტაუ ვარშავიდან სტამბულში ჩავიდა და თურქეთის ტერიტორიული წყლები გემით დატოვა.
  • BELPOL-მა განაცხადა, რომ თურქეთი ლუკაშენკას მოწინააღმდეგეებისთვის საშიში ადგილია.

ამ კვირაში თურქეთში ყოფილი ბელარუსი დიპლომატის გაუჩინარებამ გააჩინა შიში, რომ მინსკმა შესაძლოა მისი გატაცება მოაწყო.

ანატოლ კოტაუ 21 აგვისტოს გაუჩინარდა მალევე მას შემდეგ, რაც ვარშავიდან სტამბულში ჩაფრინდა. ის პოლონეთში ემიგრაციაში ცხოვრობს.

თურქული საინფორმაციო სააგენტო IHA-ს ცნობით, ის თურქეთში 13:49 საათზე ჩაფრინდა და ტრაბზონში მიმავალ შიდა რეისზე გადაჯდა. იქიდან მან თურქეთის ტერიტორიული წყლები გემით 18:35 საათზე დატოვა. სააგენტო დასძენს, რომ რამდენიმე საათში მასთან ყველანაირი კონტაქტი შეწყდა.

44 წლის მამაკაცი ვარშავაში 24 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო. მისმა ოჯახმა თურქეთის პოლიციას გაუჩინარების შესახებ განცხადება წარუდგინა.

ბელარუსის ყოფილი უშიშროების ოფიცრების ემიგრაციაში მყოფმა ჯგუფმა, BELPOL-მა მანამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთი ლუკაშენკას მოწინააღმდეგეებისთვის საშიში ადგილია. გასულ წელს კოტაუ დაუსწრებლად გაასამართლეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, „ექსტრემიზმის“ და „შეთქმულების“ ბრალდებით.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის ზარი ლუკაშენკასა და ბელარუსისთვის?

BELPOL-ის წარმომადგენელმა, ულაძიმერ ჟიჰარმა, Current Time-ს უთხრა, რომ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურები „მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ თურქ კოლეგებთან“.

„თუ პოლიტიკურად აქტიური ბელარუსი, რომელიც თუნდაც დაუსწრებლად გაასამართლეს, შევა თურქეთში, ადგილობრივი სამსახურები მას ალბათ დაუყოვნებლივ არ დააკავებენ, თუმცა მისი ჩასვლის შესახებ ინფორმაცია მინსკს გადაეცემა“, - თქვა მან.

კოტაუ მუშაობს ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდში (BSSF), ჯგუფში, რომელიც მხარს უჭერს ბელარუს აქტივისტებსა და დისიდენტებს საზღვარგარეთ.

როგორც BSSF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალიაქსანდრ აპეიკინმა რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურს განუცხადა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად მოახდინა კოტაუს დეპორტაცია.

ასევე ნახეთ სიარჰეი ციხანოუსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი ციხიდან გაათავისუფლეს კელოგის მინსკში ვიზიტის შემდეგ

„ასეთი პროცესი მოითხოვს ადვოკატებს, დოკუმენტაციას და საზოგადოებრივ ზედამხედველობას. უფრო დამაჯერებლად ჩანს არაფორმალური ექსტრადიციის ვერსია - შესაძლოა, ის დააკავეს და იძულებით გააძევეს“, - თქვა აპეიკინმა.

„ეს რომ ნებაყოფლობითი ყოფილიყო, მაშინ ტრაბზონის გავლით ზღვით მოგზაურობა არ დასჭირდებოდა. მინსკსა და მოსკოვში პირდაპირი რეისებია. მის საქციელში არაფერი მიანიშნებდა არასტაბილურობაზე ან გაუჩინარების გეგმაზე“, - დასძინა აპეიკინმა.

Current Time-ი დაუკავშირდა სტამბოლში ბელარუსის საელჩოს, რომელმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

თურქეთში პოლონეთის საკონსულომ, რომელიც ვარშავის დაცვის ქვეშ მყოფ მოქალაქეებზეა პასუხისმგებელი, კითხვები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაამისამართა. სამინისტროსგან დაუყოვნებლივი პასუხი არ მიგვიღია.

ინსაიდერიდან დისიდენტამდე

1980 წელს მინსკში დაბადებულმა კოტაუმ დიპლომატიური განათლება მიიღო და თითქმის ათი წლის განმავლობაში მსახურობდა პოლონეთში ბელარუსის საელჩოში. შემდეგ ის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გადავიდა სამუშაოდ და საბოლოოდ მისი გენერალური მდივანიც გახდა. ის 2019 წელს მინსკში ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

2020 წლისთვის ის ალიაქსანდრ ლუკაშენკას საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. თუმცა იმავე წლის აგვისტოში, როდესაც ცნობას ლუკაშენკას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შესახებ უპრეცედენტო საპროტესტო ტალღა მოჰყვა, ის ამ თანამდებობიდან გადადგა.

ბელარუსებს, დასავლეთის მთავრობებს და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა.

კოტაუმ ხელი მოაწერა ბელარუსი სპორტსმენების საჯარო წერილს, რომელშიც დაგმობილი იყო პოლიციის ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ და პოლონეთში გაიქცა.

ასევე ნახეთ ბელარუსი ზრდის სამხედრო ხარჯებს: რატომ და ვის წინააღმდეგ?

გაუჩინარების დროს კოტაუ ვარშავაში კერძო ღონისძიებების სააგენტოში მუშაობდა და დამოუკიდებელ ბელარუსულ მედიაში კომენტარებს აქვეყნებდა.

კოტაუს გაუჩინარება ბელარუსი ოპოზიციური ფიგურის საზღვარგარეთ გაქრობის ერთადერთი შემთხვევა არ არის. 25 მარტს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრესსპიკერი ანჟალიკა მელნიკავა ასევე გაუჩინარდა პოლონეთიდან წასვლის შემდეგ.

ის ქალიშვილებთან ერთად ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა და აღარ დაბრუნებულა. ოპოზიციის წამყვანი ფიგურის, პავალ ლატუშკას თქმით, მისი ტელეფონი ბელარუსის ტერიტორიაზე 19 მარტიდანაა აქტიური.

ოპოზიციის წარმომადგენლები ლუკაშენკას მმართველობის ადრეულ წლებში, 1990-იან წლებშიც უჩინარდებოდნენ, თუმცა ეს შემთხვევები ბელარუსში ხდებოდა.

მათ შორის არიან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ზახარანკა, რომელიც ბოლოს 1999 წლის მაისში მინსკში, საკუთარ სახლთან ახლოს, ბნელ მანქანაში ძალით ჩასვეს და ვიქტორ ჰანჩარი, რომელიც 1999 წლის სექტემბერში, ბელარუსის დედაქალაქში აბანოდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა.

მას შემდეგ არცერთი მათგანი აღარ უნახავთ.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა და დასავლეთის მთავრობებმა ამ გატაცებების ორგანიზებაში ბელარუსის მაღალჩინოსნები დაადანაშაულეს.

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს ყოფილ გენერალურ პროკურორ ვიქტორ შეიმანს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ იური სივაკოუს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურს, დმიტრი პაულიჩენკას.

ასევე ნახეთ რის მიღწევას ცდილობს ლუკაშენკა?