კრიპტობუმი ყირგიზეთში და რუსეთის მცდელობა, დაუსხლტეს სანქციებს - რა კავშირია ამ ორს შორის?

საილუსტრაციო ფოტო. სხვადასხვა ვალუტის მონეტები

იმ დროს, როდესაც მკაცრი საერთაშორისო ყურადღებაა მიპყრობილი ყირგიზეთში დარეგისტრირებული კრიპტოვალუტის ბირჟის მიმართ, მან, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდი დოლარის ტრანზაქცია განახორციელა რამდენიმე თვეში.

Grinex-ის პლატფორმა უკვე დიდი ხანია განხილვის საკითხია. გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან აპრილამდე პლატფორმაზე განხორციელდა 9 მილიარდი დოლარის ტრანზაქციები, რომლებიც ძირითადად A7A5-ის მეშვეობით სრულდებოდა. A7A5 კი რუბლთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ტიპია, რომლის კურსიც გარკვეულ აქტივებზე მიბმით ფიქსირდება.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად Financial Times-მა გაავრცელა ივნისის ბოლოს და მაშინვე გაჩნდა ეჭვები - ხომ არ ეხმარება Grinex-ი რუსეთს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.

ასევე ნახეთ შეზღუდვა შეზღუდვისთვის. საქართველოდან ავტომობილები რუსეთში მაინც გადის

Grinex-ი შეიქმნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სანქციებმა გაანადგურა რუსული კრიპტოპლატფორმა Garantex-ი, რომელიც დღემდე კრიპტოვალუტის ერთადერთი ბირჟაა, სადაც A7A5 ბრუნავს. ის ითვლება პირველ სტეიბლკოინად, რომელიც რუსულ რუბლზეა მიბმული და რომლის ღირებულებაც სტანდარტულ აქტივებთან ფიქსირდება (ოქროსთან, ნავთობთან და ა.შ).

ამ ორ პლატფორმას შორის მსგავსებები და Grinex-ის დაარსების დრო ბადებს ეჭვებს, რომ Grinex-ი, შესაძლოა, Garantex-ის შესაცვლელად შეიქმნა, რათა დაეხმაროს რუსეთს, თავი დააღწიოს საერთაშორისო სანქციების ზეწოლას.

ინტრიგას ამძაფრებს ამ ამბავში მოლდოველი ოლიგარქის, ილან შორის მონაწილეობაც. ის საკუთარ ქვეყანაში ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების საბანკო თაღლითობისთვისაა გასამართლებული.

შორი, რომელიც ახლა რუსეთში უნდა ცხოვრობდეს, ეჭვმიტანილია A7A5-სა და Grinex-თან კავშირებში.

როდესაც ყირგიზეთის მარეგულირებელ სააგენტოებს Grinex-სა და მასთან ასოცირებული კომპანიების ზედამხედველობაზე ჰკითხეს, მათ ზოგადი პასუხებით, პასუხისმგებლობის თავიდან არიდება სცადეს.

კომენტარის გარეშე

ფინანსური ბაზრის რეგულაციებისა და ზედამხედველობის სამსახური(FMRS), რომელიც ყირგიზეთში ვირტუალურ აქტივებზე კანონის 2022 წელს მიღებაზეა პასუხისმგებელი, რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ Grinex-ი ნამდვილად არის შეტანილი რეესტრში.

თუმცა, როგორც FMRS-ის წარმომადგენელმა ჩინარა ბაკტიბეკოვამ აღნიშნა, “რეესტრში კომპანია რუსულადაა შეტანილი და შესაძლოა არ ემთხვეოდეს Grinex-ის ბირჟას, რომელიც ახლა საერთაშორისო კონტროლის ცენტრშია.”

“მედიის შეკითხვებს კანონით დადგენილ ვადებში ვუპასუხებთ. ახლა ჩვენ არ ვართ მზად, გავაკეთოთ კომენტარი”, - თქვა ბაკტიბეკოვამ.

როდესაც რადიო თავისუფლებამ Old Vector-ის (A7A5 ტოკენის გამომშვები კომპანია) ლიცენზირების სტატუსზე იკითხა, ბაკტიბეკოვამ განმარტა, რომ კომპანია რეგისტრირებული იყო, თუმცა სრული ლიცენზიას არ საჭიროებდა. საჭირო იყო მხოლოდ ნებართვის მოწმობა, რადგან კომპანია მხოლოდ ტოკენებს აწარმოებს და არ მართავს ბირჟას.

ასევე ნახეთ ვის შეაქვს ძვირად ღირებული და სანქცირებული მანქანები რუსეთში და ვინ იცავს მათ

რაც შეეხება A7A5 ტოკენის გარანტორ კომპანიას - A7-Kyrgyzstan-ს, ბაკტიბეკოვამ რადიო თავისუფლებას ურჩია, FMRS-ის სხვა განყოფილებას დაჰკავშირებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ დასრულდა ამ განყოფილებასთან დაკავშირების არაერთი მცდელობა.

კომენტარზე უარი თქვეს როგორც ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტრომ, ასევე ყირგიზეთის ეროვნულმა ბანკმა, რადგან, მათი თქმით, კრიპტობირჟასთან დაკავშირებული საკითხები მათი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება.

ამ საკითხზე არც ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროებმა არ გააკეთეს კომენტარი.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია "საინფორმაციო მდგრადობის ცენტრმა", რომელიც ღია წყაროების მეშვეობით იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და დემოკრატიის წინააღმდეგ საფრთხეებს, ივნისში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ A7 სტრატეგია მიზნად ისახავდა “ფულის საზღვრებს მიღმა გადატანას” და “ის დიდ საფრთხეს უქმნის სანქციების მექანიზმებს.”

„იდეალური გარემო უკანონო საქმიანობისთვის“

ბიუროკრატიულმა დუმილმა დააბნია ჟურნალისტები, ფინანსური ანალიტიკოსები და ანტიკორუფციული აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ გამოააშკარაონ, თუ როგორ სრულდება ასეთი მასშტაბის ტრანზაქციები ყირგიზეთში, სადაც კრიპტოსექტორი ახლახან ჩაისახა.

“გამჭვირვალობის ნაკლებობა არაკანონიერი ფინანსური საქმიანობებისთვის ქმნის იდეალურ გარემოს”, - განაცხადა აიზადა აბდილდაევამ, ბიშკეკში ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტის ფინანსური სამართლის ექსპერტმა.

“ყირგიზეთი რისკავს, მიმზიდველი იურისდიქცია გახდეს მათთვის, ვინც საერთაშორისო ფინანსური წნეხებისგან თავის დაღწევას ცდილობს.”

ბიშკეკში დამკვიდრებული პოლიტიკური ანალიტიკოსი თემირლან მოლდუკულოვი იზიარებს შეშფოთებას:

“თუ ჩვენი ხელმძღვანელები ვერ გვეუბნებიან, ვინ დგას მილიარდდოლარიანი ტრანზაქციების უკან ჩვენს ფინანსურ სისტემაში, მაშინ როგორ დავარწმუნოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომ დასანქცირებულებს ხელს არ ვუწყობთ, თავი აარიდონ ფინანსურ შეზღუდვებს.”

Grinex-თან დაკავშირებული სკანდალი მოჰყვა სპეკულაციებს ილან შორის შესაძლო კავშირზე Capital Bank-თან, რომელიც ყირგიზეთის ერთ-ერთი კომერციული ბანკია.

ამ ბრალდებებზე პასუხად, ქვეყნის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა საჯაროდ უარყო ბანკზე ნებისმიერი უცხოური ძალის გავლენა.

“Capital Bank-ი სახელმწიფო კონტროლქვეშაა. ასეთ ჭორებს ნუ დაუჯერებთ, - თქვა ჯაფაროვმა ივნისში სატელევიზიო ინტერვიუში, - ბანკის მოგება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის.”

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის განცხადება კონკრეტულად Capital Bank-ს ეხებოდა, მთავრობა ვერ ახერხებს ზოგადად ყირგიზეთის ფინანსურ სისტემასთან დაკავშირებით ხალხში არსებული შფოთვის დამშვიდებას.

ასევე ნახეთ მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 მცდელობა აღმოაჩინეს - ფინანსთა მინისტრი


ხვრელი სანქციებში

ყირგიზეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ციფრული აქტივებისთვის სამართლებრივი ბაზა შეიქმნა. 2022 წელს დაკანონდა ლიცენზირების რეჟიმი ტოკენების გამომცემლებისთვის და სააქციო ბაზრებისთვის. ამ კანონის დამტკიცება მაშინ საკმაოდ პროგრესულ სვლად შეფასდა. თუმცა, კრიტიკოსების თქმით, ციფრული აქტივებისთვის შექმნილი სამართლებრივი სტრუქტურა არაეფექტურია.

“ფურცელზე კანონი ნამდვილად კარგად გამოიყურება, მაგრამ მისი აღსრულების პროცესი სუსტია, ხოლო რეესტრები კი გასაიდუმლოებული”, - ამბობს ნურლან აიტკულოვი, ბიშკეკელი ეკონომისტი.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ საკმარისი რეგულაციის არარსებობამ, ყირგიზეთის სიახლოვემ რუსეთთან და ქვეყნის დამოკიდებულებამ რუსეთში მცხოვრებ ყირგიზ მუშახელზე, შესაძლოა წაახალისოს ბოროტმოქმედები, რომლებიც ყირგიზეთს სანქციების თავიდან არიდების ფინანსურ ჰაბად აღიქვამენ.

დასავლელმა დიპლომატებმა ცენტრალურ აზიაში, პირადად გამოთქვეს შეშფოთება ყირგიზეთის პოტენციურ როლზე, როგორც საერთაშორისო სანქციების შემასუსტებელ რგოლზე.

ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა ბრიუსელიდან, რომელმაც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვა მოსთხოვა, განაცხადა: “ყირგიზეთის მსგავსი იურისდიქციები, სულ მალე მძლავრი ყურადღების ქვეშ მოექცევა".

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ (OFAC) გლობალურად გააძლიერა კრიპტო-ფინანსური სანქციების ამარიდებელ მექანიზმებზე მეთვალყურეობა.


„სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი“


ყირგიზეთის ფინანსური სისტემა არაერთხელ გამხდარა ვნებათაღელვის მიზეზი. პოლიტიკური რყევების ფონზე ბანკების დახურვიდან დაწყებული, საავიაციო საწვავის სექტორში ფულის გათეთრების ბრალდებებით დამთავრებული, ქვეყანაში დიდი ხანია ებრძვიან კორუფციას და სუსტ სისტემებს.

“კრიპტობუმი ისედაც დასუსტებულ ფინანსურ სისტემას ახალ სირთულეებს უმატებს”, - ამბობს ფინანსური სამართლის ექსპერტი აიზადა აბდილდაევა.

“გაძლიერებული ზედამხედველობის გარეშე შესაძლოა, წარსული სკანდალების განმეორების მომსწრე გავხდეთ - თუმცა მხოლოდ ციფრულ ფორმატში.”

საზოგადოებრივი სამოქალაქო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, გამოაქვეყნონ ვირტუალური აქტივების სერვისის მომმარაგებლების სრული რეგისტრი. ორგანიზაციები ასევე მოითხოვენ Grinex-ისა და სხვა, მასთან დაკავშირებული კომპანიების იურიდიული სტატუსის განმარტებას.

“ეს მხოლოდ მარეგულირებლების საკითხი არაა - ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია”, - განაცხადა ბიშეკში ტეზა კუმის კვლევითი ორგანიზაციის მკვლევარმა აიჯან აკმატოვამ.

საერთაშორისო გამომძიებლები ყურადღებით იკვლევენ Grinex-ს და მასთან დაკავშირებულ ქსელებს. ამასობაში, ყირგიზეთის მთავრობა დუმს, რაც ამძაფრებს სპეკულაციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

“ეს ყირგიზეთის გამჭვირვალე მმართველობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ერთგულების ლაკმუსის ტესტია, - მიუთითა მოლდოკულოვმა, - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება დუმილი, მით უფრო სერიოზული იქნება შესაძლო შედეგები.”

Grinex-ი საშიშროებას უქმნის ყირგიზეთის ფინტექ-ამბიციებსაც. თუ ქვეყანა სანქციების არიდების ჰაბად აღიქმება, მაშინ დიდი საერთაშორისო უკმაყოფილება ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, გახდეს რეგიონული ლიდერი ციფრული ფინანსების სფეროში.

ჟურნალისტები და ბლოკჩეინ-ინტელექტის კომპანიები აგრძელებენ Grinex-ზე და A7A5-ზე ინფორმაციის მოპოვებას. ისინი ცდილობენ, მიაგნონ ფულის კვალსა და ქსელებს კრიპტოპლატფორმის მიღმა.

ბიშკეკი მკაფიო არჩევანის წინაშე დგას: თუ ის არ გაამკაცრებს ზედამხედველობას და არ აღიდგენს ნდობას, რისკავს, ჩრდილოვანი ფინანსური დანაშაულის სამყაროს ახალ ეპიცენტრად იქცეს.

თარგმანი: მარიამ ნოზაძე