„ყველაფერი კარგად იქნება“ - კობახიძე ისევ შეხვდა ბიზნესმენებს

ვინ შეხვდა ირაკლი კობახიძეს - იხილეთ სია. გარეკანზე: ფოტომონტაჟი მთავრობის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებისგან

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში მორიგ ჯერზე გამართა ხანგრძლივი შეხვედრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ სამთავრობო კაბინეტის ახალი წევრი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და მისი მოადგილე ილია შამუგია.

ბიზნესის წარმომადგენლებს შორის იყვნენ უძრავი ქონების, საბანკო სექტორის, სამედიცინო თუ სადაზღვევო და სხვა სექტორების წარმომადგენლები, - უმეტესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

რომელი ბიზნესმენები იყვნენ კობახიძესთან შეხვედრაზე?

80-ზე მეტ ბიზნესმენს შორის იყვნენ:

  • ნოშრევან ნამორაძე - „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა არაერთი კომპანიის მფლობელი;
  • ირაკლი რუხაძე - „იმედის“ და სხვა არაერთი ბიზნესის მფლობელი
  • ბექა გოგიჩაიშვილი - „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი
  • ირაკლი გილაური - „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორ
  • არჩილ გაჩეჩილაძე - „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი
  • ნინა კობახიძე - „ჯეო ჰოსპიტალსისა“ და სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
  • დავით ბეჟუაშვილი - „ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგი“, იგივე GIG („ჯი-აი-ჯი“)
  • ილია წულაია - „არქის“ დამფუძნებელი და ბორდის თავმჯდომარე
  • ზაზა გოგოტიშვილი - „ანაგის“ დამფუძნებელი
  • დავით ცაავა - „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი
  • ლაშა იორდანიშვილი - „ფერის“ დამფუძნებელი (ჰესების ბიზნესიდან)
  • ზაზა ფირცხელავა - „კრედო ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი
  • თემურ ჭყონია - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი
  • ტარიელ ხეჩიკაშვილი - „იბერია ბიზნესჯგუფის“ დამფუძნებელი, სპორტის ყოფილი მინისტრი „ქართული ოცნების“ მთავრობაში
  • პაატა კურტანიძე - „ავერსის“ დამფუძნებელი
  • თამაზ გაიაშვილი - „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი
  • კაკო ახვლედიანი - „აგროჰაბის“ დამფუძნებელი
  • მინდია საბანაძე - „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი
  • ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი
  • შავლეგ მიშველაძე - „გალფი საქართველოს“ ბიზნესის განვითარების დირექტორი
ასევე ნახეთ რომელ ბიზნესმენებს შეხვდა ირაკლი კობახიძე - სია

რა თქვეს ბიზნესმენებმა?

დღეს, ოთხ ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ სულ რამდენიმე ბიზნესმენმა გააკეთა მოკლე კომენტარები კანცელარიასთან შეკრებილ ჟურნალისტებთან.

„ეკონომიკურ კრიზისთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ერთ-ერთმა მათგანმა, „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ კითხვითვე უპასუხა: „რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი“?

ირაკლი კობახიძეც წერს ფეისბუკზე, რომ „საქართველო ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზეა“ ეკონომიკური ზრდით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის ეკონომიკური ზრდის პარამეტრი. ამით საქართველო ევროპაშიც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს“, - თქვა ირაკლი კვერღელიძემ.

მან კობახიძესთან შეხვედრა დაახასიათა, როგორც „სასიამოვნო“: „საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც სასიამოვნოა. მიხარია, ის რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდასა და წახალისებაზე ვისაუბროთ“.

„პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ამ თემაში ვერ შევალ“, - თქვა კვერღელიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ბიზნესმენებთან ეკონომიკური ზრდის გარდა, ისაუბრა:

  • „სიღარიბის შემცირებაზე“,
  • „დასაქმების ზრდაზე“,
  • „დაბალ ინფლაციაზე“
  • „ვალუტის კურსის სტაბილურობაზე“,
  • „კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებებზე“.
  • „მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობაზე“;
  • „უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთასა“ და სხვა საკითხებზე.
ასევე ნახეთ "ვთქვი, რომ უნდა იყოთ ფხიზლად, რომ არ გააკეთოთ შეცდომები" - რა უთხრა რუხაძემ კობახიძეს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ, - რომელიც „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსის კრიტიკოსია, - განაცხადა, რომ „ძირითადად, ბიზნესზე იყო საუბარი“ და „პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა“.

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს პატიმრობაში მყოფ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე - „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებსა და ყოფილ წარმომადგენლებზე, რომლებიც ამჟამად პოლიტიკაში არიან და პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.

„მამუკა და ბადრი ჩემი მეგობრები არიან და განვიცდი ძალიან ამ თემას, მაგრამ ფორმას გააჩნია სად უნდა ილაპარაკო ამაზე. დღეს ეს ფორმატი არ ყოფილა“, - თქვა ჭყონიამ.

ასევე ნახეთ გისოსებს მიღმა - როგორ მოხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები ციხეში (ამჯერად)

„საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების კუთხით“, - ასე შეაფასა შეხვედრა „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ჯგუფის (KTW ჯგუფის) დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ და თქვა:

„არის გამოწვევები და ეს გეგმა რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. აქ არის ენერგეტიკის მხარე, დემოგრაფიის მხარე. ყველაფერი კარგად იქნება“.

ასევე ნახეთ „ჩვენ გვინდა მშვიდობა“ - კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა

ირაკლი კობახიძე წინა ჯერზე გაფართოებულ ფოტმატში ბიზნესმენებს 2024 წლის 23 დეკემბერს შეხვდა - დაახლოებით ერთი თვის თავზე მის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადებისა და საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ.