კალაძის სიძე პრორუსულ პარტიასთან ერთად ოკუპირებულ დონეცკში შეხვედრებს მართავს

ნიკოლოზ მჟავანაძე, პაატა აბულაძე, მამუკა ფიფია და გიორგი ირემაძე დენის პუშილინთან. წყარო: პუშილინის ტელეგრამი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძე, კიდევ ერთხელ ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. ის უარყოფს ცნობას, რომლის თანახმადაც, შეხვედრებს „ქართული ოცნების“ სახელით მართავს.

აბულაძე დონეცკში იმყოფება თანამოაზრეებთან, პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ ლიდერებთან ერთად. პარტიის ლიდერი საქართველოს დამოუკიდებლობას „შეცდომად“ მიიჩნევს და რუსეთთან „მეორე გეორგიევსკის“ გაფორმებას ითხოვს.

ვინ ვის შეხვდა

აბულაძე და სხვები შეხვდნენ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურს, დენის პუშილინს. ინფორმაცია თავად პუშილინმა გამოაქვეყნა ტელეგრამზე.

„შევხვდი საქართველოდან ჩამოსულ თანამოაზრეებს“, - დაწერა პუშილინმა და ჩამოთვალა ეს „თანამოაზრეები“:

  • პაატა აბულაძე, - რომელიც მოხსენიებული ჰყავს, როგორც „პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი;
  • მამუკა ფიფია, - პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, საერთაშორისო მდივანი;
  • ნიკოლოზ მჟავანაძე, - პრორუსული ტელეარხის, „სეზონი ტვ-ის“ დამფუძნებელი;
  • გიორგი ირემაძე, - „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
ასევე ნახეთ “დიდი კომპრომისების დრო” რუსეთთან - რა აქვთ ჩაფიქრებული მამუკა ფიფიასა და კრემლის სხვა მომხრეებს საქართველოში?

„გარე დესტაბილიზაცია“

„სასიამოვნო იყო საქართველოდან ჩამოსული სტუმრებისგან ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლებისადმი მხარდაჭერის სიტყვების მოსმენა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის სწრაფი განთავისუფლების სურვილები“, - დაწერა პუშილინმა.

მისი განცხადებით, ქართველმა სტუმრებმა აცნობეს, რომ „საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, გარედან დესტაბილიზაციას განიცდის და რომ ისინი უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში“.

პუშილინი წერს იმასაც, რომ ქართველებმა უთხრეს, - „მათთვის მნიშვნელოვანია დიდი გამარჯვების საერთო ხსოვნა და ჩვენი საერთო მართლმადიდებლური სარწმუნოება, რუსეთთან მეგობრობა“.

„ჩვენ ორმხრივად ვართ ორიენტირებულნი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე რიგ სფეროებში. საბედნიეროდ, უამრავი შეხების წერტილი არსებობს“, - თქვა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა.

ასევე ნახეთ როგორ დეგრადირდა "რუსული სამყაროს" მიერ ოკუპირებული დონბასი

თავის მხრივ, აბულაძემ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების „სწრაფად აღდგენის“ საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა: „საქართველო ყოველთვის იყო და იქნება რუსეთთან“.

რას ამბობს აბულაძე

ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, პაატა აბულაძემ მათ სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ახლა „რუსეთში, დონეცკში“ იმყოფებიან.

დონეცკი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ნაწილია, - ამჟამად რუსეთის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსეთში, დონეცკში, ქართულ-რუსული ურთიერთობის განმტკიცების ჭრილში. რას გადამეკიდეთ მე?“ - ტელეარხის ცნობით, თქვა აბულაძემ.

თუ ის გაინტერესებთ, რომ მე „ოცნება“ ... არა, [„ქართულ ოცნებაში“] არც იციან მე სად ვარ. ალბათ, გაიგებენ უკვე. მივდივარ ახლა შვილებთან და იქ არ არის „სვიაზი“ და არაფერი, ფრონტის წინა ხაზზეა“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ ვისთვის „დადგა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დრო“? - გაიგეთ მეტი მათ შესახებ

ვინ არის პაატა აბულაძე

პაატა აბულაძე, რომელსაც რუსეთისადმი აქვს სიმპათიები, თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დის ქმარია.

ეს არ არის მისი პირველი ვიზიტი ოკუპირებულ დონეცკში, - იმავე საზოგადოებასთან ერთად იქ იმყოფებოდა 2025 წლის მაისშიც. მაშინ მისი პარტნიორი იყო „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე, მიხეილ ჟღენტი.

პაატა აბულაძე დენის პუშილინთან შეხვედრაზე

პაატა აბულაძისა და თამარ კალაძის შვილები რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან.

ის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერებთან და სხვა პრორუსულ ფიგურებთან ერთად აგროვებს ხელმოწერებს რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით.

ასევე ნახეთ პრორუსულმა პარტიამ ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა მათი „დაპრანკვის“ შემდეგ

აბულაძე ამავე დროს არის რუსეთის „სახალხო ერთობის კლუბის“ პრეზიდიუმის წევრი.

ამ კლუბში თავს იყრიან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები, მზადყოფნით - ემსახურონ რუსეთის ინტერესებს, მის სუვერენიტეტს, საგარეო კავშირებსა და „ტრადიციულ ღირებულებებს“.

ასევე ნახეთ „ახალი გეორგიევსკი“ რუსეთთან - ვინ არის და კიდევ რას ითხოვს „სოლიდარობა მშვიდობისთვის“?

კლუბის ვებსაიტზე მითითებულია, რომ პაატა აბულაძე პარტია „ქართული ოცნების“ წევრია.

„სახალხო ერთობის კლუბის“ პრეზიდიუმში არიან:

  • რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინი;
  • კრემლის იდეოლოგი, ანტიგლობალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი;
  • რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გურულიოვი;
  • კლუბის თანათავმჯდომარეებს შორის არის სერგეი გლაზევი - რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანი.