იტალიაში გაუქმდა ვალერი გერგიევის კონცერტი

2025 წლის 19 ივლისს მილანში გამართული საპროტესტო აქციის დროს ხალხს უჭირავს ვალერი გერგიევის საწინააღმდეგო პლაკატები. ისინი აპროტესტებენ რუსი დირიჟორის მონაწილეობას 27 ივლისს კაზერტის სამეფო სასახლეში დაგეგმილ მუსიკალურ ფესტივალზე.

იტალიის კულტურის სამინისტრომ და კაზერტის სამეფო სასახლის ადმინისტრაციამ გამოაცხადეს, რომ  აუქმებენ ვალერი გერგიევის კონცერტს, რომელიც სასახლის შიდა ეზოში 27 ივლისს უნდა გამართულიყო.

მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, რომელიც ზაფხულის მუსიკალურ ფესტივალზე ვერდის ორკესტრის დირიჟორობას გეგმავდა, ეს იქნებოდა პირველი კონცერტი დასავლეთში 2022 წლის შემდეგ, როდესაც გერგიევმა მხარი დაუჭირა რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, რისთვისაც ის მიუნხენის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის პოზიციიდან გაათავისუფლეს.

მილანში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე. „თავისუფალ რუსთა ასოციაციამ“ გაავრცელა პეტიცია, რომელიც გერგიევის გამოსვლის გაუქმებას მოითხოვდა.

ნეაპოლის მახლობლად დაგეგმილი კონცერტის ჩაშლის მიზეზი, პირველ რიგში, საზოგადოებრივი რეაქციაა. კონცერტის თარიღის გამოცხადებისთანავე იტალიის „თავისუფალ რუსთა ასოციაციამ“ გაავრცელა პეტიცია, რომელიც გერგიევის გამოსვლის გაუქმებას მოითხოვდა.

ასევე ნახეთ მაესტრო გერგიევის ლოიალობის ფასი

ასოციაციის თანადამფუძნებელმა ნატალია რიგვავამ განაცხადა, რომ ინიციატივამ პირველი სამი დღის განმავლობაში 18 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. მიმართვაში ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ცენზურის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ არ შეურიგდებიან პუტინის პროპაგანდისტის ვიზიტს ევროპაში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი ვალერი გერგიევი. 2017 წლის 3 ივნისი.

პროტესტს მხარი დაუჭირა იტალიის კულტურის მინისტრმა ალესანდრო ჯულიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ გერგიევის მონაწილეობა მუსიკალურ ფესტივალზე შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც პოლიტიკური ჟესტი და არა უბრალოდ კულტურული ღონისძიება.

იტალიის იმ რეგიონის ხელმძღვანელმა, სადაც გერგიევის კონცერტი დაიგეგმა, ვინჩენცო და ლუკამ თავიდან წინააღმდეგობა გაუწია პროტესტის მონაწილეებს. იგი ამბობდა, რომ მშვიდობიანი დიალოგის მომხრეა და კონცერტის ჩაშლა არანაირად არ შეუწყობს ხელს მშვიდობას ევროპაში.

ამასობაში „ნოვაია გაზეტამ“ გამოარკვია, რომ 2022 წლის თებერვლიდან ფონდებმა, რომელთაც უკავშირდება გერგიევი, სახელმწიფოსგან 2 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 21 მილიონი ევრო) მიიღეს.

იტალიის კონცერტის გაუქმებამდე 2 დღით ადრე მოსკოვის დიდ თეატრში შედგა პრემიერა პროკოფიევის ოპერისა „სემიონ კოტკო“. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელი ვალერი გერგიევია. სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს უჩვენეს პროპაგანდისტული სლაიდები, რომლებიც რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრას ამართლებდნენ.

ვალერი გერგიევი ცხინვლში 2008 წლის 21 აგვისტოს.

აქტივისტები, რომლებიც გერგიევის კონცერტის გაუქმებას მოითხოვდნენ, დღეს იხსენებენ 2008 წელსაც, როცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს გერგიევმა პუტინის მხარდამჭერი კონცერტი ცხინვალში ჩაატარა.

„თავისუფალ რუსთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა მარია რიგვავამ აღნიშნა: „გერგიევის შემთხვევა - ესაა მუსიკა რუსული იარაღის მიერ დატოვებულ ძვლებზე. არ არსებობს „კულტურა“, რომელიც ამის გამართლებას შეძლებდა".

ასევე ნახეთ "კულტურა სამი". როგორია ახალი რუსული ნორმალურობა