ევროვიზიის “ფეიკ-ვერსია” - ვიეტნამური გეი-რომანი და პუტინის “ოჯახური ღირებულებები”

"ინტერვიზია 2025-ის" გამარჯვებული ვიეტნამელი დიკ ფუკი გახდა.

მას შემდეგ, რაც 2025 წლის თებერვალში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში მუსიკალური კონკურსის, “ინტერვიზიის” მოწყობის შესახებ, კონკურსის მთავარმა პარტნიორმა, სააგენტო “ტასმა” განაცხადა რომ “ინტერვიზიას” არც მეტი, არც ნაკლები… 4 მილიარდი მაყურებელი ეყოლება (“ევროვიზია” 166 მილიონმა ნახა).

მაგრამ ფესტივალის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ “ინტერვიზიის” მიმართ ინტერესი რუსეთშიც დაბალი იყო (“ევროვიზიას” VPN-ითაც კი უფრო მეტმა ადამიანმა უყურა), სოციალურ ქსელებში ქილიკობდნენ “კოპირებულ დეკორაციებზე”, “საბჭოურ სტილზე” და ამ ახალ მუსიკალურ ფესტივალს ახასიათებდნენ, როგორც “კულტურული იზოლაციის სახეს”.

თუმცა 2025 წლის “ინტერვიზიას” მთლად ახალს ვერ დავარქმევთ.

ჯერ კიდევ 2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო ევროვიზიიდან გააძევეს, პუტინის ხელისუფლებაში ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალის ჩატარების იდეა დაიბადა. უცნაურიცაა, რომ მოსკოვი მანამდე არ გაემიჯნა ევროვიზიას, რომელიც ევროინტეგრაციის იდეებით და მთელი თავისი „ცისარტყელას ფერებით“ ნამდვილად არ შეეფერებოდა ვლადიმირ პუტინის მსოფლმხედველობას. რუსეთი ხომ უკრაინაში შეჭრამდეც აქტიურად უჭერდა მხარს ევროპელი და ამერიკელი კონსერვატორების ფართო სპექტრს, პუტინს კი გლობალური კონსერვატიზმის ლიდერად წარმოედგინა თავი.

რა შუაშია „ინტერვიზია“? რატომ გახდა პუტინისთვის გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მუსიკალური კონკურსი „ევროვიზიის“ ალტერნატივა?

ინტერვიზიის “ნაირფერი ბაზრობები“

აღდგომის ღამეს, ახალგაზრდების სახლებში დატოვების მიზნით, საქართველოს ტელევიზია ორ პოპულარულ გადაცემას, „ილუზიონს“ და „ეს ესტრადაას“ რთავდა შუაღამის ეთერში. მოსკოვი ამდენს ვერ ბედავდა (საავტორო უფლებებს მეტ-ნაკლებად იცავდა), თუმცა პოპულარული მუსიკა აქაც კარგად გამოიყენეს. რელიგიურ დღესასწაულებზე, შუაღამით, იმეორებდნენ ე.წ. „ინტერვიზიის“ ყველაზე რეიტინგულ ტელეპროექტებს - 60-იან წლებში ჩეხოსლოვაკიური ფესტივალის, „ზლატა პრაღას“ ფრაგმენტებს, 70-იან წლებში კი - სოპოტის მუსიკალურ ფესტივალს.

ყველაფერი იწყებოდა სატელევიზიო ქუდით დიმიტრი შოსტაკოვიჩის პომპეზურ-მონუმენტური მუსიკის ფონზე, რომელიც ერთგვარი მინიშნება უნდა ყოფილიყო საბჭოთა მაყურებლისთვის - „ჩვენ ახლა მეგობრების ევროპულ სივრცეში შევაღწევთ, თუმცა საბჭოთა დიდებას და ძლიერებას არაფერი ემუქრება“

ეს ერთწუთიანი სურათი შეიქმნა ჯერ კიდევ 1960 წელს, როცა რადიომაუწყებლობის და ტელევიზიის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა მის წევრებს შორის პროგრამების გაცვლის შესახებ. „ინტერვიზიაში“ გაერთიანებული სოციალისტური ბანაკის ქვეყნები ერთმანეთს უზრუნველყოფდნენ სპორტული და კულტურული პროგრამებით, საბავშვო გადაცემებით. თუმცა ყველაზე პოპულარული თავიდანვე აღმოჩნდა მუსიკალური კონკურსები, ერთგვარი ალტერნატივა ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ ორგანიზებული „ევროვიზიისა“, რომელიც 1956 წლიდან ტარდებოდა.

„ზლატა პრაღა - ოქროს გასაღები“ იყო „ევროვიზიის“ ზუსტი ასლი, რასაც ორგანიზატორები არც მალავდნენ. უფრო მეტიც, 1966 და 1967 წლის ფესტივალებზე არა მარტო სოციალისტური ქვეყნების, არამედ დასავლეთ ევროპის მუსიკოსებიც მიიწვიეს, ხოლო 1968 წლის კონკურსზე, რომელიც კარლოვი-ვარიში ჩატარდა, გადაწყვიტეს, სამი მთავარი პრიზი გაეცათ - ჩეხოსლოვაკიელი მომღერლისთვის და მუსიკოსებისთვის სოციალისტური და კაპიტალისტური ქვეყნებიდან. ამ კონკურსზე ჩეხოსლოვაკიური „ინტერვიზიის“ ორგანიზატორებმა კიდევ ერთი წესი დაარღვიეს - კაროლ გოტმა, რომელიც „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობდა, იმავე წელს „ინტერვიზიის“ ფესტივალზე იმღერა და გაიმარჯვა კიდეც.

1968 წლის კონკურსი „ინტერვიზიის“ პირველი პროექტი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირში არ უჩვენებიათ. ზაფხულში საბჭოთა ტანკების პრაღაში შესვლის შემდეგ „ინტერვიზიამ“ მუსიკალური კონკურსების ხანმოკლე ეპოქა დაასრულა. თუმცა სამუდამოდ არა.

1977 წელს პოლონეთის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ოქტომბრის რევოლუციის სამოცი წლისთავის აღნიშვნა სიმღერის ფესტივალით გადაწყვიტა. ტელევიზიის დირექციამ მიმართა კულტურის სამინისტროს, გამოეყოთ თანხა მუსიკალური ფესტივალისთვის, რომელიც მხარს დაუჭერდა „კომუნისტური ქვეყნების პოპულარულ კულტურას“ , წარმოადგენდა „სოციალისტური ხელოვნების მოდელებს“ და, რაც მთავარია, აღიქმებოდა როგორც „ევროვიზიის ფესტივალის ეფექტური საპირწონე“. პოლონეთის ხელისუფლებამ ეს წერილი მოსკოვში გაგზავნა და პასუხიც მალევე მიიღო - „ინტერვიზიის“ კონკურსი ამიერიდან პოლონეთის საკურორტო ქალაქ სოპოტში გაიმართებოდა.

დღეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სოპოტის ფესტივალის აღდგენით, თანაც ბრეჟნევის, ე.ი. „უძრაობის ხანაში“, "კაგებემ" შეცდომა დაუშვა. მოსკოვში იმდენად დიდი იყო სურვილი მთელი მსოფლიოსთვის წარმოედგინათ საბჭოთა ბლოკის მიმზიდველობის არგუმენტები და შეექმნათ სოციალისტური ბლოკის ერთიანობის სახე, რომ მხედველობიდან გამორჩათ 70-იანი წლების მეორე ნახევარში პოლონეთში დაწყებული პროცესები - დისიდენტური ორგანიზაციების და პროფკავშირების გააქტიურება. სოპოტის ფესტივალი „ინტერვიზიისთვის“ უნდა გამხდარიყო „ძმური ხალხის მეგობრობის“ განსახიერება, ჩეხოსლოვაკიელ, უნგრელ, პოლონელ საბჭოთა არტისტებს უნდა ემღერათ მეგობრობაზე, სიყვარულზე და პოპულარული კულტურა უნდა გაეთავისუფლებინათ დასავლური „იდეოლოგიური სიბინძურისგან“, რასაც მოსკოვი „ევროვიზიის“ კონკურსებში ჯერ კიდევ იმხანად ხედავდა... მაგრამ სოპოტის პირველივე ფესტივალით გაირკვა, რომ „ინტერვიზიის“ კონკურსი გახდა უფრო ფანჯარა დასავლეთისკენ, მითუმეტეს, რომ მასში სტუმრის სტატუსით დასავლელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, კონკურსანტებს შორის კი გამოირჩეოდნენ მომღერლები, რომლებიც სრულიად იყვნენ გამიჯნული ოფიციალური კომუნისტური კულტურისგან. უფრო მეტიც, 1978 წლის კონკურსში გამარჯვებული მომღერლის, ალა პუგაჩოვას ჰიტში „მეფეებს ყველაფერი შეუძლიათ“ ხალხმა პოლიტიკური პამფლეტის ნიშნები აღმოაჩინა, პოლონელი მაყურებელი კი აღფრთოვანდა სოპოტის ფესტივალის სცენაზე, წითელ მოსასხამში მოვლენილი ალა პუგაჩოვას ჟესტით - სიმღერის დაწყებამდე საბჭოთა მომღერალმა პირჯვარი გადაიწერა.

სოპოტის ფესტივალის კიდევ ერთი გამარჯვებულის, პოლონელი მუსიკოსის, ჩესლავ ნემანის გამოსვლის დროს, 1979 წელს, ზოგიერთმა საბჭოთა მაყურებელმა პირველად მოისმინა ცენტრალური ტელევიზიით ნამდვილი მძიმე როკი, ხოლო მარილა როდოვიჩის „ნაირფერი ბაზრობები“ სოპოტის ფესტივალის რეპორტაჟის დასრულებისთანავე ჰიტად იქცა კომუნისტური ბლოკის ყველა ქვეყანაში

1980 წელს სოპოტის ფესტივალი გდანსკის საყოველთაო გაფიცვის ფონზე მიმდინარეობდა. „ინტერვიზიამ“ უარი თქვა კონკურსის პირდაპირ ეთერში ჩვენებაზე - მოსკოვში იცოდნენ, რომ ამბოხებული მუშები პროკლამაციების გავრცელებას აპირებდნენ. ფესტივალის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ დაარსდა აღმოსავლეთ ევროპის პირველი დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანება, „სოლიდარობა“ - ორგანიზაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომუნისტური ბლოკის და გარკვეული თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირის დანგრევაში.

სოპოტის ფესტივალმა, ისევე როგორც „ინტერვიზიის“ კონკურსმა, თავისი არსებობა დაასრულა.

მულტიპოლარული სამყაროს ინტერვიზია

„საბჭოთა კავშირის დაშლა რუსი ხალხისთვის ნამდვილ დრამად იქცა“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა 2005 წელს. თუმცა საბჭოთა წარსულში რუსი ხალხის დაბრუნების პროცესი უფრო ადრე, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო, თუნდაც 2000 წელს, როცა რუსეთს საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღუდგინა. უფრო სწორად, სერგეი მიხალკოვს ჰიმნის ტექსტი შეაცვლევინა, სტალინის მიერ დარედაქტირებული ალექსანდროვის მუსიკა კი უცვლელად გადმოიტანა რუსეთის ჰიმნისთვის. სხვათა შორის, თავიდან, როცა მოსკოვში „ინტერვიზიის“ პროექტზე მუშაობდნენ, კონკურსის ქუდისთვის დიმიტრი შოსტაკოვიჩის მელოდიაც იმიტომ შეარჩიეს, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნს ჰგავდა - მნიშვნელოვანი იყო ტელემაყურებლის მომზადება რაღაც გრანდიოზულისთვის.

2009 წელს ვლადიმირ პუტინმა, რომელიც იმხანად რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებს აღადგინოს დავიწყებული კონკურსი, ახლა უკვე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში. ჩინეთის და ინდოეთის მხარე პუტინის ინიციატივას არ გამოეხმაურა. ამიტომ გადაწყდა „ინტერვიზია“ ისევ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით აღედგინათ. 2014 წელს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ იწყებოდა მზადება სოჭში „ევროვიზიის“ ალტერნატიული ფესტივალისთვის. მაგრამ კონკურსი ახლა უკვე „ინტერვიზიის“ სივრციდან უკრაინის გამოსვლამ ჩაშალა. ამის შემდეგ უკრაინა ჯერ 2016 წელს გახდა „ევროვიზიის“ გამარჯვებული (ჯამალა - სიმღერით ყირიმელი თათრების დეპორტაციაზე).

შემდეგ კი, 2022 წელს, როცა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი „ევროვიზიიდან“ გააძევეს (მოიგო უკრაინულმა რეპ-ჯგუფმა „Kalush-ი”)

2023 წელს სანქტ-პეტერბურგის კულტურულ ფორუმზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ დაიწყო მზადება „ინტერვიზიის“ კონკურსისთვის „ბრიკსის“ ქვეყნების მონაწილეობით. მოგვიანებით გამოქვეყნდა ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება, რომლითაც კონკურსის ორგანიზატორად ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოცხადდა. საბოლოოდ 2025 წლის 13-19 სექტემბერს „ინტერვიზიის“ განახლებულ კონკურსში 23 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა. მოსკოვში არ გაგზავნეს შემსრულებლები ირანმა, ჩრდილოეთმა კორეამ და ავღანეთმა.

სიმღერების კონკურსში ლავროვის უწყების ჩართვა იმას ნიშნავდა, რომ „ინტერვიზიის“ აღდგენა არ იყო მხოლოდ საბჭოთა ეპოქის ნოსტალგიის გამოხატულება, როგორც ამას ხშირად ამტკიცებენ. თუკი ძველი „ინტერვიზია“ სოციალისტური ბანაკის ერთიანობის საჩვენებლად ეწყობოდა, იმის დასამტკიცებლად, რომ კომუნისტებსაც შეუძლიათ შოუს მოწყობა, პუტინის ვერსია უკვე ალტერნატიული რეალობის შექმნის სურვილს გამოხატავდა - „ჩვენ აღარ გვჭირდება ევროპა. ახლა უკვე ჩვენი ცივილიზაცია და ჩვენი მუსიკა გვაქვს“... უფრო „ხალხურადაც“ შეგვიძლია ვთქვათ ისე, როგორც არაერთმა ადამიანმა შეაფასა პუტინის ფესტივალი: „რატომ ეწყობა “ინტერვიზია”? იმიტომ რომ ადამიანებმა ერთმანეთისგან გაარჩიონ კაცები და ქალები”...

დასავლეთის ფანჯარა ჩაიკეტა. აღმოსავლეთის მხრიდან კი ზედმეტად დაუბერა

„ვიეტნამმა გაიმარჯვა, მაგრამ ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ. ჩვენ ნორმალური და ტრადიციული სამყარო ვართ. მილიარდობით ადამიანი, რომელსაც არ სურს ტელევიზორში სიბინძურისა და გარყვნილების ნახვა. ხალხი, რომელსაც დაიღალა კაბებში ჩაცმული მამაკაცებით. მთელი ამ აბსურდისგან... რუსეთმა, ყველა მხრიდან წარმოუდგენელი სირთულეების მიუხედავად, წამოიწყო გლობალური მუსიკალური კონკურსი, რომელიც წარმოადგენს ალტერნატივას სრულიად დამპალი დასავლური იდეის კულტურული ექსპანსიისთვის. დღეს ჩვენ ვიხილეთ რუსეთის დიდი გამარჯვება. იდეოლოგიური გამარჯვება. მე ვამაყობ“. - დაწერა ცნობილმა პროპაგანდისტმა, რუსეთის უსაფრთხო ინტერნეტლიგის ხელმძღვანელმა ეკატერინა მიზულინამ აღდგენილი “ინტერვიზიის” დასრულების შემდეგ.

არა, ეს არ იყო საბჭოთა კავშირის აღდგენის სიმბოლური ფაქტი. თუმცა ძველი და ახალი “ევროვიზია” ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს “ერთი ჯიშის” მოვლენად. თუკი საბჭოთა კავშირი “ევროვიზიის” და პოპულარული მუსიკის საშუალებით შეეცადა კომუნისტური ინტერნაციონალის გავრცელებას, პუტინმაც იგივე მოინდომა, ოღონდ ამჯერად კონსერვატორული ინტერნაციონალის შექმნით. სხვა საქმეა, რომ მისი ეს ცდა ისედაც პლაგიატური კონკურსის, “ინტერვიზიის”კარიკატურის შექმნით დასრულდა.


პუტინის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ შოუს არც “ევროვიზიის” სიჭრელე აკლდა, არც თვალში საცემი კოსტიუმები და სენტიმენტალური სიმღერები, რომლებიც “ინტერვიზიის” ევროპულ ანალოგს აუცილებლად გაგახსენებდათ. როგორც გამოირკვა, კონკურსში მართლაც ჭარბობდა სიმღერები დედაზე, ოჯახზე, სამშობლოს სიყვარულზე… მაგრამ არაბულ, სერბულ, ჩინურ, თუ ვიეტნამურ ენაზე შესრულებული სიმღერების ტექსტები რუს მაყურებელს არ ესმოდა, მუსიკალური თვალსაზრისით კი შოუ “ევროვიზიას” მაინცდამაინც არ ემიჯნებოდა. იდეაში ახალი კონკურსი უნდა გაწმენდილიყო დასავლური პოპკულტურის კარნავალიზაციისგან, “დეკადენტური ელემენტებისგან”, სექსუალური უმცირესობებისგან, მაგრამ დაკვეთა, როგორც ჩანს, სულ სხვა იყო; ვინაიდან პუბლიკა „დაკარგული ევროვიზიის“ ასლს ელოდებოდა, მას პირველ რიგში შოუ სჭირდებოდა... შოუ კი არ გამოდის კარნავალიზაციის გარეშე. პატრიოტული და მილიტარისტული მუსიკის ფესტივალს, სავარაუდოდ, პუტინის რუსეთშიც კი არ ეყოლებოდა მაყურებელი... სწორედ იმ რუსეთში, რომლის დემოგრაფიული მონაცემები, განქორწინებისა და აბორტის, ოჯახური ძალადობის მაჩვენებლები კატასტროფულ ციფრებს აღწევს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად დღეს რუსების მხოლოდ 9% დადის რეგულარულად ეკლესიაში, რაც რუსეთს ევროპაში ყველაზე ნაკლებად რელიგიურ ქვეყნებს შორის აყენებს.

მოლოდინის და შედეგის შეუსაბამობა, გარკვეული თვალსაზრისით, პუტინის “ინტერვიზიის” კაზუსებშიც გამოიხატა.

ერთადერთმა ამერიკელმა შემსრულებელმა, ავსტრალიაში დაბადებულმა, ამერიკული პასპორტის მფლობელმა ვასილიკი კარაგიორგოსმა, რომელიც ცნობილია თავისი სასცენო სახელით ვასი, ფესტივალის დაწყების წინ უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე. რუსი ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ის „ავსტრალიის მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდა“, თუმცა კანბერამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო. თუკი ვასილიკის (იგივე “ვასის”) ბიოგრაფიას გაეცნობით, მის აქტივიზმს, ლგბტ-ჯგუფების უფლებებისთვის მისი ბრძოლის ისტორიას, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა - თავად “ინტერვიზიის” ორგანიზატორებმა ხომ არ “ამოაგდეს” მუსიკოსი კონკურსის პროგრამიდან.

ლგბტ-აქტივიზმს უკავშირდება პუტინის კონკურსის მთავარი სკანდალი - “ინტერვიზიის” აღდგენილ კონკურსში ვიეტნამელი მომღერლის, დიკ ფუკის გამარჯვება სიმღერით, რომელიც როგორც გამოირკვა 1979 წელს, ვიეტნამელი ხალხის ჩინეთზე გამარჯვებას ეძღვნება (ანუ პასუხია პატრიოტიზმის „დაკვეთაზე“).

დიკ ფუკის გამარჯვებისთანავე სოციალურ ქსელებში გავრცელდა მომღერლის ფოტოები გადაღებული შეყვარებულ ბიჭთან ერთად წარწერით „ყოველთვის ერთად, ყოველთვის ერთად ბოლომდე“. ვიეტნამელი მომღერლის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას პუტინის კონკურსის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელებშივე უპასუხეს: „მერე რა მოხდა? რუსეთში ერთსქესიანთა სიყვარული აკრძალული არ არის. აკრძალული აღლუმები და პროპაგანდაა”.

“სამაგიეროდ რუსეთში არ არის აკრძალული ომის პროპაგანდა, ის რეალურად ძალიან წახალისებული და დაჯილდოებულია”, - უპასუხა “ინტერვიზიის” ორგანიზატორებს ერთმა მსმენელმა, რომელიც სავარაუდოდ რუსეთში აღარ ცხოვრობს.

ომის პროპაგანდა შესაძლებელია მართლაც წახალისებულია, თუმცა ფაქტია “ინტერვიზიის” აღდგენილ კონკურსზე კონსერვატორული ღირებულებების ტრიუმფი არ შედგა. პოპულარული მუსიკიდან “ნაირფერი ბაზრობების” გაძევება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ საეჭვოა რუსეთის ხელისუფლებამ გაისადაც მოინდომოს “ინტერვიზიის” ჩატარება. ყოველ შემთხვევაში მუსიკალურ კონკურსს, ალბათ, ფორმატს შეუცვლიან, რუსეთის სპეცსამსახურები კი მეტი ყურადღებით გაეცნობიან კონკურსში მონაწილე მუსიკოსების ბიოგრაფიებს.