მოკლედ
- დაკავებამდე მურთაზ ზოდელავამ მომიტინგეებს მოუწოდა, არ ენდონ „რესურსიან ხალხს“ და პრინციპებისთვის იბრძოლონ.
- პაატა ბურჭულაძის ვაჟმა აქციის ჩავარდნა „ღალატს“ დაუკავშირა და მოუწოდა დაკავებულ ორგანიზატორებს, გაამჟღავნონ გეგმის დეტალები.
- ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დემონსტრანტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში სპეცრაზმის სახით „სიურპრიზი“ დახვდათ.
- „იმედის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც აქციის ძალადობრივი სცენარის გეგმას აღწერს, სავარაუდოდ, AI-ითაა გენერირებული.
4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის“ ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე ორი წუთით ადრე ასეთი რჩევა დაუტოვა მათ, ვინც „ბრძოლას აგრძელებს“: „არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს“.
ამავე „კომიტეტის“ ლიდერის, საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის შვილმა კი მამის დაკავებისა და ზოდელავას ამ კომენტარის შემდეგ თქვა: „ეს იყო დიდი ღალატი“. მანაც მოუწოდა ხუთივე დაკავებულს, ყველაფერზე ღიად ისაუბრონ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისულ დემონსტრანტებს „სიურპრიზი დახვდათ“, - ასეთი ფორმულირებით აღწერა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის მოვლენებისას ძალოვნების გეგმა.
„არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს“ - ზოდელავას ბოლო სიტყვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავების გამოცხადებული გეგმის ჩავარდნიდან რამდენიმე საათში, 02:00 საათისათვის, მურთაზ ზოდელავა პარლამენტის კიბეებთან იდგა და ტელევიზიებს, „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“, პირდაპირ ეთერში აძლევდა ინტერვიუს.
„შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით“, - თქვა მან.
„სერიოზულ ორგანიზებას ვერ მოახდენთ იმიტომ, რომ თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო ან პრინციპები. სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ“, - თქვა ზოდელავამ და დაამატა, რომ ეს არის „შპარგალკა", რჩევები იმათთვის, ვინც „ბრძოლას გააგრძელებს“.
ჟურნალისტებმა რაღაც ჰკითხეს, თუმცა საკუთარ სათქმელს დაუბრუნდა, მინდა, ამის თქმა მოვასწროო:
„ორგანიზება უფრო რთულია, თუ შეუძლებელიც, იმიტომ რომ სრული დიქტატურაა. არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს. აზრი… მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი, მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება“.
„ეს მნიშვნელოვანია ძალიან. არ ეძებოთ… იყავით… როგორ გითხრათ… ენდეთ იმათ, ვის მიმართაც შინაგანი გრძნობა გაქვთ. თუ რაღაც გკარნახობთ, რომ არ უნდა ენდოთ, არ ენდოთ იმას. არ დანებდეთ, მოკლედ. იბრძოლეთ“, - თქვა მან და დაამატა:
„ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ“.
ის მალევე დააკავეს.
ზოდელავას არ უთქვამს, ვის გულისხმობდა „რესურსიან ხალხში“ ან რატომ ჩათვალა საჭიროდ, „საიდუმლოს შენახვაზე“ ეთქვა.
„ეს იყო ღალატი“ - ბურჭულაძის ვაჟი
მეორე დღეს პაატა ბურჭულაძის ვაჟმა, ლექსო ბურჭულაძემ, „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ივარაუდა, რომ ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები აქციის დაწყების შემდეგ, „ღალატის“ შედეგი იყო.
მან შეახსენა ჟურნალისტებს, რომ პაატა ბურჭულაძე „არსად არ ამბობდა“, თუ რა იყო დაგეგმილი 4 ოქტომბერს: „ერთადერთი, რასაც მეუბნებოდა და რაც ჩამრჩა, დარწმუნებული იყო, რომ 4 ოქტომბრის ცვლილება იქნებოდა მშვიდობიანი“.
თუმცა ლექსო ბურჭულაძის თქმითვე, „ვნახეთ“, რომ რაც მოხდა, „მშვიდობიანი თემისგან ცოტა განსხვავებული იყო“.
შემდეგ ახსენა ზოდელავას კომენტარი და თქვა, რომ ამან „არათუ კითხვები გააჩინა“, არამედ „განცდა დატოვა, რომ თითქოს რაღაცა ღალატს ჰქონდა ადგილი“.
„როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ, - მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით, მაგრამ როდესაც ვნახე მერე უკვე კადრები, - რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც შეიძლება გეგმაში ყოფილიყო გაწერილი. აი, უკვე მურთაზის სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი“, - თქვა პაატა ბურჭულაძის შვილმა.
მან ასევე ივარაუდა, რომ „შეიძლება, გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ ათონელზე რაც მოხდა, ამაზე ვერავინ ვერ ჩავთვლით, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, ან გეგმა B არ იყო, ან რაღაც განვითარება არ უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს… ვერავინ ვერ დავიჯერებთ, ხომ? ანუ ეს იყო ღალატი“.
„სულ სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ. მე კიდევ იქით მივდივარ, რომ რახან პაატა სულ იძახდა, მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ეს ყველაფერიო, წარმომიდგენია … „ღია კარების“ ვარიანტი: რომ ჩავიდოდით, არ უნდა ყოფილიყო შეხლა-შემოხლა, სავარაუდოდ. არ ვიცი, იქიდან უნდა გადმოსულიყვნენ აქეთ მხარეს თუ რა“, - თქვა ლექსო ბურჭულაძემ.
„დასახელდეს მოღალატე“
ლექსო ბურჭულაძე ამბობს, რომ გუშინდელს შემდეგ „კითხვის ნიშნები უფრო მეტი ჩნდება, ვიდრე პასუხები“.
ამრიგად, ის ამბობს, რომ აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთმა წევრმა, - ადამიანებმა, რომლებიც დააკავეს, მათ შორის მისმა მამამ, - ეს საკითხი უნდა განმარტოს:
„იმ ორგანიზატორებისგან, ვინც იცის რეალურად რა იყო გეგმა, თუნდაც სასამართლო სხდომაზე, აუცილებელია გვითხრან, რა იყო გეგმა“.
„თუნდაც ვიცოდეთ, ვინ არის კონკრეტულად ის მოღალატე, რა გააკეთა, - რათა სამომავლოდ ჩვენ არ დავიჭიროთ იმ ადამიანთან საქმე“, - თქვა ლექსო ბურჭულაძემ.
დღეს, 6 ოქტომბერს კი, პროევროპული აქციების ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც მოუწოდა ზოდელავას: „მურთაზს ვთხოვ, დაასახელოს დონორი“, - დაწერა მან ფეისბუკზე.
ასევე ნახეთ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ სამ პირს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალი წარედგინათკობახიძე: „სიურპრიზი დახვდათ“
5 ოქტომბერსვე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრილ დემონსტრანტებს „სიურპრიზი დახვდათ“.
„მათ ეგონათ, რომ ათონელის სასახლე იყო ცარიელი, თუმცა დახვდათ სიურპრიზი. გამოვიდნენ სპეცრაზმელები და მიიღეს სათანადო პასუხი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შემდეგ ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას „ყველა სცენარი ჰქონდა დამუშავებული ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით: პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის საკრებულო“.
„თავიდან მათი მხრიდან შეტევის მთავარ ობიექტად თბილისის საკრებულო განიხილებოდა, თუმცა შემდეგ შეცვალეს სცენარი. ამასთან დაკავშირებითაც მივიღეთ დროულად ინფორმაცია და მივიღეთ შესაბამისი ზომები. აქედან გამომდინარე, როდესაც გადავიდნენ ისინი დამხობის მცდელობაზე, როდესაც სცადეს შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, იქ აღმოჩნდა სიურპრიზი“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პრევენციული ზომები, რომ პრეზიდენტის სასახლე მეტად ყოფილიყო დაცული“, კობახიძემ თქვა:
„ჩვენ ასეთი ტაქტიკური გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული: ვიდრე არ გადავიდოდნენ ძალადობაზე, არ ვგეგმავდით ჩარევას... ყველაფერი იყო ძალიან სწორედ დაგეგმილი“, - განაცხადა კობახიძემ.
„იმედის“ გავრცელებული ჩანაწერი
4 ოქტომბერს, ზოდელავასა და სხვების დაკავებამდე, როცა სასახლეში შეჭრის მცდელობა უკვე აღკვეთილი იყო, ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, არხის ცნობით, ბურჭულაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია საუბრობენ.
ჩანაწერის მიხედვით, თითქოსდა ახალაია და ბურჭულაძე განიხილავენ 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს, საუბრობდნენ „თავ-პირის მტვრევის“, ასევე „სისხლის“ აუცილებლობასა და წარუმატებლობის საფასურზე.
აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას და ნამდვილობას არც „იმედი“ არ ამტკიცებს, ახალაიას მეუღლე კი უარყოფს და აცხადებს, რომ სრულად ფალსიფიცირებულია; „მითების დეტექტორის“ ცნობით, AI-ის მიერაა გენერირებული.
ჩანაწერში ახსენებენ „კანონიერ ქურდებს“, მათ შორის „დათუნას“, „ძმებს“ და „ტარიელს“.
ასევე ნახეთ „ახალაიასა და ბურჭულაძის საუბარი“ - რა ვიცით „იმედის“ გავრცელებულ ჩანაწერზერა შუაშია „კანონიერი ქურდები“?
- 4 ოქტომბრის მასობრივი ანტისახელისუფლებო აქციის მოწვევის გეგმების გამოცხადებიდან მალევე, თბილისში კრიმინალური ბიზნესგარჩევების კვალდაკვალ, მედიაში ვრცელდებოდა ხმები საპროტესტო პროცესებით უცხოეთში მცხოვრები ქართველი „კანონიერი ქურდების“ შესაძლო დაინტერესების შესახებ;
- ამის ფონზე, „კანონიერ ქურდ“ ტარიელ ონიანთან მეგობრობაზე პაატა ბურჭულაძეს ხშირად ეკითხებოდნენ აქციამდე მცირე ხნით ადრე;
- ონიანი, ერთი მხრივ, არის პაატა ბურჭულაძის მრავალი წლის მეგობარი, ბურჭულაძე მისი ვაჟის ნათლიაა და ახლახან იმყოფებოდა მის ქორწილში;
- ონიანი, ამავე დროს, ჯანგველაძეების ახლო მეგობარია, - იწერება რუსულ კრიმინალურ ქრონიკებში; ასევე, განიხილება კიდევ ერთი „კანონიერი ქურდის“, შაქრო კალაშოვის მეტოქედ.
- ლევან ჯანგველაძე 14 მარტს თბილისში მოკლეს; მისი ოჯახი მას შემდეგ შემკვეთის დადგენას ითხოვს ხელისუფლებისგან; ჯანგველაძის ძმა, მერაბ ჯანგველაძე, „კანონიერი ქურდია“.
- ჯანგველაძის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ ბიზნესმენ ძმებ დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებს; ჯერჯერობით ბრალი წაყენებული არ აქვს, თუმცა ახსენებენ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესაც.
კითხვაზე - ქორწილში მისი გამოჩენა იყო თუ არა რაიმეს დემონსტრირება იმის ფონზე, რომ „ქართულ ოცნებას“ დაძაბული ურთიერთობა აქვს კრიმინალური სამყაროს გარკვეულ წრეებთან - ბურჭულაძემ უპასუხა:
„ღიად შემიძლია ვთქვა, რომ მერაბ ჯანგველაძე ჩემი მეგობარია. ძალიან დიდი ხნის. ლევანს კიდე ძალიან კარგად ვიცნობდი“, - თქვა მან.
„დღეს [ეს ფოტოები] ვანახე იმიტომ, რომ მეამაყება. რა მოჰყვება ამას, მაგი თქვენთვის მომინდია“, - განაცხადა ბურჭულაძემ 23 სექტემბერს.
„ჩანაწერი ფალსიფიცირებულია“
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჩანაწერით „გამოძიება უნდა დაინტერესდეს“.
„იმედის“ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ავთენტიკური იყოს გავრცელებული აუდიოჩანაწერი და „იყო თუ არა მისთვის სიურპრიზი“ ეს ჩანაწერი, კობახიძემ განაცხადა:
„სიურპრიზებს გვპირდებოდნენ და, შეიძლება, ამას გულისხმობდნენ, ამ ზღაპრის შინაარსს. ვერ გეტყვით. მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოძიების საქმეა, მათ შორის, ავთენტურობის დადგენა“.
ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერი სრულიად ფალსიფიცირებულია და ეს ბაჩო ახალაიას ხმა არ არის.
- კიდევ ერთი პროსახელისუფლებო არხი, „რუსთავი 2“, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზების ნაწილში ბაჩო ახალაიას სახელსა და გვარს რამდენიმე დღით ადრე ახსენებდა;
- 29 სექტემბერს ტელეარხი ამტკიცებდა, რომ „ახალიას ბინაში შეკრება 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვას უკავშირდებოდა“;
- კიდევ უფრო ადრე, პროსახელისუფლებო არხებმა განაცხადეს, რომ ახალაია ფიგურირებს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის საქმეშიც;
- ახალაიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამას „გამაოგნებელი ტყუილი“ და „აბსოლუტური სიგიჟე“ უწოდა;
- რადიო თავისუფლება „იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ცდილობს უშუალოდ ახალაიასთან დაკავშირებას.
„იმედის“ გავრცელებული ჩანაწერის სავარაუდო ფალსიფიკაციაზე მიუთითებს „მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „მითების დეტექტორიც“.
პლატფორმამ ჩანაწერი შეისწავლა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიოს ამომცნობი ორი ხელსაწყოთი და ასეთი შედეგი მიიღო:
- Hiya-ს თანახმად, აუდიომასალა 75%-ით AI-გენერირებულია;
- Deepfake-O-Meter-ის 4 მაჩვენებლის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის კვალი აუდიოში 84%-დან 100%-მდეა.
ხაბეიშვილის დაკავება
4 ოქტომბრის აქციასთან არის დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის და ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრება.
ხაბეიშვილი, რომელიც „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით.
ხაბეიშვილი ბოლო კვირების განმავლობაში საუბრობდა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა რიგებში უთანხმოებაზე, ასევე მაღალი რანგის ყოფილი თანამდებობის პირების შესაძლო დაკავებაზე.
ასევე ნახეთ კობახიძე ხაბეიშვილს „ოცნების ყოფილი წევრებისგან შავი ფულის მიღებაში“ ადანაშაულებსმმართველი გუნდის ამჟამინდელი ლიდერები, მათ შორის კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელებს „ხაბეიშვილთან კავშირების“ გამო ისე საყვედურობდნენ, რომ ამ ყოფილი თანაგუნდელების გვარებს არ ასახელებდნენ.
ირაკლი კობახიძემ ხაბეიშვილი დაადანაშაულა „შავი ფულის მიღებაში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებისგან, - თუმცა კვლავ გვარების დასახელების გარეშე.
ბრალის წაყენების შემდეგ გაირკვა, რომ მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც. ამ ორივე ბრალით მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
15 სექტემბერს სუსმა ხაბეიშვილს ციხიდან ნათესავებთან და ახლობლებთან კომუნიკაცია აუკრძალა.
ასევე ნახეთ ხაბეიშვილს სუსმა ციხიდან დარეკვა და წერილების გამოგზავნა აუკრძალა