ამ მომენტს კიდევ უფრო ამძიმებს მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური კორუფციული სკანდალი, რომლის წინაშეც უწევს დგომა უკრაინის პრეზიდენტს და რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მას, არამედ მის უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ანდრი ერმაკს - ადამიანს, რომელსაც ბევრი ლამის თავად ზელენსკიზე უფრო გავლენიან ადამიანად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, შაბათს გამოცხადდა, რომ ერმაკი უხელმძღვანელებდა უკრაინის დელეგაციას, რომელიც შვეიცარიაში გაემგზავრა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის ომის დასრულების შესაძლო გზების თაობაზე.
ოთხი წლის წინ, 2021 წლის 21 ნოემბერს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ბოლო შედარებით მშვიდობიან შემოდგომაზე, ანდრი ერმაკმა მასშტაბურად გადაიხადა 50 წლის იუბილე ვოლოდიმირ ზელენსკის რეზიდენციაში, „სინეგორაში“, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სოფელ გუტაში აღნიშნა. ღონისძიებას თავად პრეზიდენტი და უკრაინის პოლიტიკური ელიტის მრავალი წარმომადგენელი ესწრებოდნენ. დღეს, როცა უკრაინას, სადაც ომი გრძელდება, აღარ სცალია მასშტაბური დღესასწაულებისთვის. თავად ერმაკის თავზეც იქუფრება ცა გახმაურებული კორუფციული სკანდალისა და ბრალდებების ფონზე, რომ სწორედ ის არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ძალაუფლების მონოპოლიზაციის არქიტექტორი. გაისმის ერმაკის გადადგომის მოწოდებები, ამასთან, უკვე პრეზიდენტის მომხრეთა ბანაკშიც. ცეცხლზე ნავთს ასხამს ის ფაქტიც, რომ უკრაინის მთავარი ანტიკორუფციული უწყების მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ „მინდიჩის ჩანაწერებში“ ერმაკი თითქოს ფიგურირებს კოდური სახელით „ალი-ბაბა“.
„ენერგოატომში“ მასშტაბური დატაცების სქემის თაობაზე ჩხრეკისასნაბუ-ს დეტექტივებმა დოლარების შეკვრები ამოიღეს.
ოქტომბრის ბოლოს, ჯერ კიდევ უკრაინაში კორუფციულ სკანდალის დაწყებამდე, The American Conservative-მა გამოაქვეყნა სტატია შთამბეჭდავი სათაურით: „ზელენსკის უმაღლესი თანამდებობის პირი დიდი პრობლემაა“.
„2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ ერმაკი ისეთივე ძლიერი გახდა, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, თუ უფრო ძლიერი არა“, ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი აკონტროლებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებული ინფორმაციის ნაკადს, კერძოდ, ინფორმაციისა, რომელსაც კიევი დასავლეთის დედაქალაქებთან ცვლის. მან გვერდზე ჩააჩოჩა მინისტრები, აკონტროლებს დიპლომატიურ არხებს. მან მოახდინა ბევრი თანამდებობის პირისა და მთელი დაწესებულებების მარგინალიზაცია, როგორიცაა მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ) და მთავარი სამხედრო მზვერავი კირილო ბუდანოვი. ამერიკული გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ერმაკის ხელი ერიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენებაში.
ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ძალიან დიდი ხანია მეგობრობენ -ერმაკი, რომელიც განათლებით საერთაშორისო სამართლის იურისტია, კინოინდუსტრიაშიც მუშაობდა კინოპროდიუსერად. ეს ის სფეროა, სადაც გაითქვა სახელი ყოფილმა კომიკოსმა და მსახიობმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ერმაკი, სულ მცირე, ოთხი ფილმის პროდიუსერი იყო.
ომი
ერმაკი ზელენსკის თანაშემწე გახდა მისი ინაუგურაციისთანავე, 2019 წლის მაისში.
2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, რომელმაც შეცვალა არანაკლებ საკამათო ანდრი ბოჰდანი.
ერმაკს უფასებენ, რომ ომის დასაწყისში ზელენსკისთან ისიც დარჩა კიევში და არ დაუტოვებია დედაქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის პოლონეთში გადასვლა შესთავაზა. და ეს მაშინ, როცა გაურკვეველი იყო, გადარჩებოდა თუ არა კიევი 2022 წლის თებერვალ-მარტში.
არჩევნების შემდეგ მალევე, მაგრამ ჯერ კიდევ დიდ ომამდე, 2019 წლის 20 ნოემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკი და ანდრიერმაკი ლუგანსკის ოლქში ეწვივნენ სტანიცა ლუგანსკაიას. ერმაკი მაშინ უბრალოდ პრეზიდენტის თანაშემწე და მრჩეველი იყო. ზელენსკის ოფისს ის ოთხი თვის შემდეგ ჩაუდგება სათავეში.
ზელენსკის შესახებ წიგნში „შოუმენი“ ამერიკელი ჟურნალისტი საიმონ შუსტერი იხსენებს, რომ პრეზიდენტი და ერმაკი ომის პირველივე საათებიდან განუყრელები იყვნენ და საღამოობით ისინი ხშირად იქარვებდნენ სტრესს ჭიქა ღვინით პრეზიდენტის ბუნკერში.
ახლა დასავლური მედია წერს, რომ ზელენსკისა და ერმაკის საწოლები ახლაც გვერდიგვერდაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწისქვეშა ბუნკერში. ისინი თავისუფალ დროს ერთად ატარებენ, ხშირად თამაშობენ მაგიდის ჩოგბურთს და უყურებენ ძველ კლასიკურ ფილმებს. დილით კი ერთად ვარჯიშობენ ფიტნეს დარბაზში შტანგითა და ჰანტელებით. ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იმით, რომ ზელენსკი ერთგული ოჯახის კაცია, ჰყავს ორი შვილი მეუღლესთან და პირველ ლედისთან, ოლენასთან ერთად, ხოლო ერმაკი მარტოხელაა და შვილები არ ჰყავს. გარდა ამისა, ერმაკი, რომელიც საკმაოდ მაღალია, შედარებით დაბალ ზელენსკის აჭარბებს, როდესაც ისინი გვერდიგვერდ დგანან.
„ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ზელენსკი და ერმაკი განუყოფელი მეგობრები და ერთმანეთისთვის ნდობით აღსავსე პირები არიან“, წერს The American Conservative და აღნიშნავს, რომ ერმაკი ინტენსიურად მუშაობს ოთახში, რომელიც კიევში, ბანკოვას ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, პრეზიდენტის ოფისიდან ორი სართულით დაბლა მდებარეობს.
„არ არსებობს ზელენსკისკენ მიმავალი ბილიკი, ერმაკს რომ გვერდს უვლიდეს. და ეს პრობლემაა“, უთხრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა The Financial Times-ის ჟურნალისტს, კრისტოფერ მილერს.
„ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტი არ არის. მაგრამ ის ისე მოქმედებს, თითქოს ყოფილიყოს,“ წერდა მილერი 2025 წლის ზაფხულში.
ძალაუფლების ცენტრი
ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს მისი ოფისი, რომელსაც ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობს, უკრაინაში ძალაუფლების მთავარ ცენტრად იქცა.
ყველა საკადრო გადაწყვეტილებას ოფისის ხელმძღვანელი იღებს - მინისტრების დანიშვნიდან დაწყებული, ელჩების, სახელმწიფო კორპორაციების ხელმძღვანელებისა და რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების დამტკიცებით დამთავრებული. უკრაინის პარლამენტისა და მედიის წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკოც, „ერმაკის ადამიანია“.
ანდრი ერმაკი 2022 წლის მაისში. მას, პრეზიდენტ ზელენსკის მსგავსად, უმადლიან ომის პირველ, ყველაზე რთულ დღეებსა და კვირებში კიევში დარჩენას.
უკრაინელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მუდმივად წერენ და ამბობენ, რომ ქვეყანას მართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის „ხუთი ან ექვსი მენეჯერი“, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის საკითხებში, და რომ ამ მენეჯერებს ხელმძღვანელობს ანდრი ერმაკი.
ოპოზიციამ ერმაკს „ვიცე-პრეზიდენტის“ ტიტულიც კი „მიამაგრა“, თუმცა უკრაინის კონსტიტუციაში ასეთი თანამდებობა არ არსებობს. ისევე, როგორც არ არის მასში ნახსენები არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა.
მაგრამ უკრაინის ორი ყველაზე გავლენიანი პირი, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის უფროსი, ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირების გამო შესაძლოა შეცდომებს უშვებდეს - კერძოდ, საგარეო პოლიტიკაში, იმ დროს, როდესაც უკრაინა სამხედრო და ფინანსური დახმარების თვალსაზრისით დასავლეთზეა დამოკიდებული.
მაგალითად, ვილნიუსში 2023 წელს გამართული ნატოს სამიტის შემდეგ უკრაინამ დაიწყო „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა, საბოლოოდ კი ისინი თითქმის სამ ათეულ ქვეყანასთან, მათ შორის ალბანეთთან და ლუქსემბურგთან დადო. ეს შეთანხმებები მნიშვნელოვან მიღწევად იყო წარმოდგენილი, მაგრამ ახლა, ცეცხლის შეწყვეტისა და შესაძლო მშვიდობის შესახებ საუბრისას, კიევს ახალი გარანტიები სურს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ომის დასასრულებლად ასევე აქტიურად თანამშრომლობდა გლობალურ სამხრეთთან, მაგრამ კიევის ძალაუფლების დერეფნებში ასეთი კონტაქტები აღარაა მოდური.
ან ავიღოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ფართოდ რეკლამირებული „მშვიდობის სამიტები“. „მშვიდობის სამიტი უკრაინის დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური გარღვევაა“. ეს არის ის, რაც ანდრი ერმაკმა განაცხადა „ედინიე ნოვოსტის“ სატელევიზიო მარათონში შვეიცარიის მშვიდობის სამიტის შემდეგ, რომელიც 2024 წლის ივნისში ჩატარდა.
„მშვიდობის სამიტი“ შვეიცარიაში, 2024 წლის 15 ივნისი. მსოფლიო ლიდერებთან ერთად გადაღებულ „საოჯახო ფოტოზე“ ცენტრში არიან შვეიცარიის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ანდრი ერმაკი.
ანალოგიურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელმაც, ერთი ყოფილი დიპლომატის თქმით, ამერიკული მიმართულების „მონოპოლიზება“ მოახდინა, შესაძლოა შეცდომა დაუშვა, როდესაც დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვებას ელოდა.
როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, 2024 წლის ნოემბერში აშშ-ის არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ანდრი ერმაკმა არ დამალა თავისი კმაყოფილება, რომ ჰარისი შეიძლება გამხდარიყო თეთრი სახლის ახალი ბინადარი. თუმცა, გამარჯვება რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს ერგო, რამაც ტექტონიკური გავლენა მოახდინა ომის დასრულების სამშვიდობო პროცესზე. „პანიკა არ არის საჭირო, კამალა გაიმარჯვებს და არანაირი კატასტროფა არ იქნება“, მოჰყავდა გამოცემას ერმაკის სიტყვები შარშან შემოდგომაზე. ეს სიტყვები აშშ-ის არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ითქვა.
უკვე ტრამპის პრეზიდენტობისას, თეთრ სახლში შეხვედრების დროს, ზელენსკისთან ყველაზე ახლოს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ. დ. ვენსის ან სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პირდაპირ, იჯდა ანდრი ერმაკი. 2025 წლის მარტში საუდის არაბეთში, უკრაინულ-ამერიკულ მოლაპარაკებებზე, რუბიოს პირდაპირ იჯდა ერმაკი და არა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა.
დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკის მასპინძლობს თეთრ სახლში 2025 წლის 17 ოქტომბერს. უკრაინის ლიდერის მარჯვნივ ზის მისი ადმინისტრაციის უფროსი, ანდრი ერმაკი.
ჟურნალ TIME-ის ვერსიით, სწორედ ანდრი ერმაკი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი მოხვდა 2024 წლის პლანეტის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. „სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტიდან ის აწვდიდა მსოფლიოს ზელენსკის გზავნილს, ქმნიდა უკრაინის მეგობრების ძლიერ ქსელს - დასავლეთიდან გლობალურ სამხრეთამდე და მათ აერთიანებდა სხვადასხვა თემის გარშემო, სანქციებიდან გარემოს დაცვამდე. უკრაინისა და დემოკრატიისთვის გარდამტეხ მომენტში, ანდრი ერმაკი არა ემსახურება მიზანმიმართულ ლიდერს, არამედ დაამტკიცა, რომ ის თავად არის ასეთი,“ წერდა მაშინ ერმაკის შესახებ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
ემუქრება თუ არა ერმაკს თანამდებობიდან გათავისუფლება?
ოპოზიციური „გოლოსის“ დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, ანდრი ერმაკი „მინდიჩის ჩანაწერებში“ ფიგურირებს კოდური სახელით „ალი-ბაბა“. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (ნაბუ) მონაცემებით, ამ ჩანაწერებში დაფიქსირებულია „ენერგოატომში“ დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციული გარიგებები. ადრე სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (საპ) ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ კლიმენკომაც, ისაუბრა აუდიოჩანაწერებში კოდური სახელით „ალი-ბაბას“ არსებობის შესახებ. მან განაცხადა, რომ „ალი-ბაბა“ გასცემდა განკარგულებებს ნაბუს-ს დეტექტივების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ. პარლამენტის წევრის თქმით, შესაძლოა, ის იდგეს ივლისში ნაბუ-სა და საპ-ის დამოუკიდებლობის ლიკვიდაციის მცდელობის უკანაც. ანდრი ერმაკს ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინაში კორუფციული სკანდალის შედეგად უკვე გაათავისუფლეს ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები. თუმცა, ერმაკის გადადგომის მოწოდებებიც გაისმის. ეს მოწოდებები გაისმის არა მხოლოდ ოპოზიციური ბანაკიდან, არამედ პროსამთავრობო პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი ზოგიერთი დეპუტატის მხრიდანაც.
მაგალითად, ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდა პარლამენტის დეპუტატმა ფედორ ვენისლავსკიმ. თუმცა, ყველა აღიარებს, რომ საბოლოო სიტყვა პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის.
ძნელი არ იყო იმის შემჩნევა, რომ ივლისში, როდესაც ნაბუ-სა და საპ-ის დამოუკიდებლობაზე თავდასხმა მიმდინარეობდა, მის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომლებსაც მუყაოს ნაჭრებზე დაწერილი ლოზუნგების გამო „მუყაოს მაიდანი“ უწოდეს, მომიტინგეები სკანდირებდნენ არა მხოლოდ „ძირს ერმაკი!“, არამედ ხელში ეჭირათ ინგლისურად დაწერილი პლაკატებიც წარწერით "F*ck Yermak!"
კიევი, 2025 წლის 24 ივლისი. „მუყაოს მაიდანი“.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დამკვირვებლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ერთად მუშაობისას და განსაკუთრებით ომის დროს ზელენსკი და ერმაკი ძალიან დაახლოვდნენ - ისინი განუყოფლები არიან. ამიტომ ერმაკის გათავისუფლება ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება, თუნდაც ფსიქოლოგიურად. „ზელენსკი ოფიციალური ლიდერია, ერმაკიკი მისი მთავარი თანაშემწე, ტოპმენეჯერი, ზელენსკის პულტის მთავარი ღილაკი. ისინი იმდენად დაახლოვდნენ, რომ სიამის ტყუპებად იქცნენ. ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად მუშაობის შემდეგ ისინი ერთ მთლიანად იქცნენ,“ განუცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვოლოდიმირ ფესენკომ რადიო თავისუფლებას.
„ზელენსკისთვის ერმაკის გადადგომა მარჯვენა ხელის მოკვეთასავით იქნება. უფრო მეტიც, ერმაკის გადადგომის შემდეგ თავად ზელენსკი გახდებოდა ოპოზიციის მთავარი სამიზნე... ერმაკის გადადგომა შეიძლება გარდაუვალი გახდეს, თუ მისი გადაყენების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართება“, დასძენს ფესენკო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი თავის სამუშაო ადგილზე, 2023 წლის იანვარი.
რადიო თავისუფლების წყაროები აღნიშნავენ, რომ ზელენსკი არავის არ ენდობა ისე, როგორც ერმაკს. გერმანიის მარშალის ფონდის თანამშრომელი ოლენა პროკოპენკო ამბობს, რომ ერმაკის გადადგომამ შეიძლება „სრულმასშტაბიანი პოლიტიკური კრიზისი“ გამოიწვიოს.
„პარლამენტი ქმედუუნარო გახდება, მინისტრთა კაბინეტი ქმედუუნარო გახდება. უკრაინამ შესაძლოა ვერ გაუძლოს ასეთ კრიზისს სრულმასშტაბიანი ომისა და ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლის ფონზე“, ამბობს პროკოპენკო.
უკრაინელი პოლიტიკოსის, მოძრობა „პრავი სექტორის“ ყოფილი ოფიციალური წარმომადგენლის, მოხალისისა და ბლოგერის, ბორისლავ ბერეზას თქმით, ახლა, როდესაც ერმაკის გადადგომის მოწოდებები გაისმა, ზელენსკიმ თითქოს კერძო საუბარში უთხრა ერთ-ერთ ხელქვეითს: „ანდრის არ დავთმობ“.
თუმცა, The Financial Times წერს, რომ ერმაკის გადადგომა შესაძლოა ახლა „გარდაუვალი“ იყოს.
„ზელენსკიმ მოახდინა ძალაუფლების კონცენტრირება სახელმწიფოს უმაღლეს საფეხურზე, მისი ყველგანმყოფი ადმინისტრაციის უფროსის, ანდრი ერმაკის ხელმძღვანელობით. ამ სისტემაში ერთგულება კომპეტენციაზე მაღლა დგას. მან [ზელენსკიმ] უნდა შეცვალოს წესი, რომლითაც ის მართავს,“ წერს გაზეთი. „ერმაკის, „ძალაუფლების ვერტიკალის“ შემქმნელის და ახლა საზოგადოების უკმაყოფილების მეხამრიდის გადაყენება გარდაუვალი ჩანს“.
მიუხედავად ამისა, 20 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ უარყო ანდრი ერმაკის გადადგომის შესაძლებლობა ვერხოვნა რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებთან შეხვედრისას.
2021 წლის ივნისში უკრაინულ ტელეარხ 1+1-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა: „ბატონი ერმაკი ნამდვილად ძლიერი მენეჯერია, არა მხოლოდ სიტყვებით, არა ბლა-ბლა-ბლა, არამედ უკრაინის ნამდვილი პატრიოტია, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს, 24/7, მხოლოდ უკრაინისთვის. ის ჩემთან ერთად მოვიდა და ჩემთან ერთად წავა“.