ვოლსკი: რიჟვაძის წერილზე ჩემს მწარე ირონიით ნათქვამს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეჭვქვეშ დავაყენე წერილის არსებობა

გია ვოლსკი ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის წერილის საკითხზე ჟურნალისტებს „მწარე ირონიით“ უპასუხა, თუმცა კვლავ იმეორებს, რომ „ექსპერტიზა იტყვის კომპეტენტურ პასუხს“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ „თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილზე“ მისი დღევანდელი კომენტარი „მწარე ირონიით“ იყო ნათქვამი და ამ პასუხს არასწორად წარმოაჩენენ, თითქოს მისი არსებობა ეჭვქვეშ დააყენა.

„ეს უბადრუკები ცდილობენ, ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე - „ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო“ - ისე წარმოაჩინონ, თითქოს წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ“, - წერს გია ვოლსკი ფეისბუკზე.

8 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში ისე ასევე ამბობს, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“ და „ექსპერტიზა იტყვის კომპეტენტურ პასუხს“.

„და ზოგადად, აქოთებულია კონკრეტული მედიასივრცე ამ სისხლმოწყურებულთა ინტერპრეტაციებით“, - წერს პოლიტიკოსი და აქვეყნებს "ტვ პირველის" გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს ამ საკითხზე მისი ჟურნალისტებთან გასაუბრება.

რა თქვა ვოლსკიმ სინამდვილეში?

„თქვენ ისე სვამთ შეკითხვას, თითქოს ფაქტია, რომ ეს მისი დაწერილი წერილია“, - თქვა ასევე ვოლსკიმ და დასძინა:

„მე შემიძლია პოლიტიკური და ადამიანური განცხადება გავაკეთო, რომ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს, რომელსაც კარგად ვიცნობ“.

შემდეგ განაგრძო:

„ვინ ვის რა დააბრალა, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს ნუ ექნებათ გარკვეული პრეტენზია, რომ ჩაერთონ მხოლოდ იმისათვის, რომ რაღაცა ვითარება დაძაბონ ან პირიქით, რაღაცა გააუბრალოონ. მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული გამოძიება და დაველოდოთ გამოძიებას“.

ამის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა: „ეჭვი გეპარებათ, რომ ეს წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია“?

ვოლსკიმ ჩაახველა, თავი დახარა და ჩაილაპარაკა: „ხო, ეჭვი მეპარება“.

მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე - „ვის შეიძლებოდა დაეწერა, ვინც მასთან ერთად იყო, მაგალითად, სუფრაზე“? - უპასუხა:

„არა, უკაცრავად, არ ვიცი, რა. რა ვიცი... სუფრაზე, ხო. უცბად და იქვე დაწერა წერილი. ნუ მიბაიბურებთ პასუხს. ეგ არავინ არ იცის, ვინ რა წერილი დაწერა. მე არც არაფერს არ უარვყოფ, არც არაფერს არ ვამტკიცებ“.

ასევე ნახეთ გია ვოლსკის ეჭვი ეპარება, რომ გავრცელებული წერილი თორნიკე რიჟვაძემ დაწერა

რა მოუვიდა რიჟვაძეს?

წინა დღეს, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს.

მალევე ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.

ამის დასტურად მოიტანეს წერილი და ამტკიცებდნენ, რომ ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ დაწერა.

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თვითმკვლელობა საგარეჯოში, სტუმრად მყოფმა, მასპინძლის იარაღით სცადა; ხოლო მანამდე წერილიც დაწერა, რომელშიც ოჯახის დაცვას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს სთხოვს - ასეთია შსს-სა და სახელისუფლებო მედიის მიერ აღწერილი სურათი.

თორნიკე რიჟვაძე ინციდენტისას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალეკო ახვლედიანის სტუმარი იყო.

ახვლედიანი დაკავებულია - იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით. მას დღეს წაუყენეს ბრალი.

რიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს მრავალ შეკითხვას უჩენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი პირველი იყო მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.

ასევე ნახეთ წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? - კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო