როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება, წელს წითელ მოედანზე, ტრადიციულ შეიარაღებასთან ერთად, სავარაუდოდ ასევე ჩამოატარებენ დრონებს - „შაჰედის“, „ორლანისა“ და „ლანცეტის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს, თუმცა როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, შეიარაღების დემონსტრირებაზე მეტად, კრემლი დაინტერესებულია აჩვენოს პოლიტიკური იზოლაციის დასრულება. 9 მაისს მოსკოვში რაც შეიძლება მეტი მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერის მასპინძლობა სურთ.
კრემლი საიუბილეო, მეოთხმოცე „9 მაისისთვის“ მოსკოვში ელოდება, ოცამდე ქვეყნის ლიდერების ვიზიტს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, აღლუმს დაესწრებიან ჩინეთის, ბელარუსის, ბრაზილიის, კუბის, ვენესუელის, ბურკინა-ფასოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, სლოვაკეთისა და სერბეთის ლიდერები.
რუსული გამოცემის РБК-ის ცნობით, 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობაზე თანახმა არიან:
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე - სი ძინპინი
ბრაზილიის პრეზიდენტი - ლუის ინასიუ ლულა და სილვა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი - რობერტ ფიცო
სერბეთის პრეზიდენტი - ალექსანდარ ვუჩიჩი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი - ილჰამ ალიევი
სომხეთის პრემიერ მინისტრი - ნიკოლ ფაშინიანი
ბელარუსის ავტორიტარული ლიდერი - ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ყაზახეთის პრეზიდენტი - ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი
ყირგიზეთის პრეზიდენტი - სადირ ჯაფაროვი
ტაჯიკეთის პრეზიდენტი - ემომალი რაჰმონი
თურქმენეთის პრეზიდენტი - სერდარ ბერდიმუჰამედოვი
უზბეკეთის პრეზიდენტი - შავქათ მირზიოევი
ვენესუელის პრეზიდენტი - ნიკოლას მადურო
ვიეტნამის პრეზიდენტი - ტო ლამი
ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი - იბრაჰიმ ტრაორე
კუბის პრეზიდენტი - მიგელ დიას-კანელი
პალესტინის ლიდერი - მაჰმუდ აბასი
რესპუბლიკა სერპსკას (ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაწილი) პრეზიდენტი - მილორად დოდიკი
ვლადიმირ პუტინი (მარცხენა) და იმომალი რაჰმონი - ტაჯიკეთის პრეზიდენტი, 2021 წ. 9 მაისი, მოსკოვი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი არ ჩავა მოსკოვში და მონაწილეობას არ მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში, როგორც ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლება და რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ. პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ინდოეთი ღონისძიებებზე, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრით იქნება წარმოდგენილი.
„საზეიმო დღეებში პრეზიდენტ პუტინთან ერთად იქნებიან სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა. ეს, ცხადია, მეტყველებს, რომ რუსეთს ნამდვილად ჰყავს არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ ის ქვეყნები, რომლებიც სულისკვეთებით ახლოს არიან ჩვენს იდეოლოგიასთან“, – ამბობს პესკოვი.
კრემლმა 9 მაისისათვის ასევე მიიწვია მონღოლეთის პრეზიდენტი, უხნააგიინ ხურელსუხი, თუმცა ულან-ბატორს მონაწილეობაზე თანხმობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ასევე ნახეთ ევროპის ქვეყნები გააფრთხილეს, მონაწილეობა არ მიიღონ მოსკოვში, 9 მაისის აღლუმშიევროკავშირის ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება ევროპის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობას მოსკოვის გამარჯვების აღლუმში. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა 14 აპრილს განაცხადა, რომ ბრიუსელი უკიდურესად ნეგატიურად შეაფასებს ევროპელი ლიდერების მონაწილეობას მოსკოვის დღესასწაულებში.
კალასმა მოუწოდა კოლეგებს, 9 მაისს ჩასულიყვნენ კიევში, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია, რათა სოლიდარობა გამოეხატათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში განხორციელებული უდიდესი აგრესიის მსხვერპლთა მიმართ.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამარჯვების აღლუმზე ვიზიტის შესახებ საუბარი არ ყოფილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრამპი არა თუ არ ჩავიდოდა წითელ მოედანზე დანიშნულ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად, არამედ თვითონ გამოაცხადა 8 მაისი აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ. 2 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ შეერთებული შტატების ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მაგრამ სხვებზე მეტი ამ გამარჯვების მისაღწევად ამერიკელებმა გააკეთეს.
ასევე ნახეთ Lend-Lease-ის მასშტაბი და რუსულ-საბჭოთა უმადურობაერთი დღით ადრე, 1 მაისს რუსულ მედიაში გავრცელდა არასანდო ინფორმაცია, რომ „გამარჯვების აღლუმს“ წითელ მოედანზე. შესაძლოა დაესწროს აშშ-ის წარმომადგენელი. ამის შესახებ იტყობინებოდა რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი „ზვეზდა“ თითქოს დიპლომატიურ წრეებთან დაკავშირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით:
„შესაძლოა, შეერთებული შტატები წარმოდგენილი იყოს მაღალ დონეზე. არ არის გამორიცხული, რომ საუბარი იყოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მონაწილეობაზეო“.
ასევე ნახეთ გამარჯვების დღე: 8 მაისი თუ 9 მაისი? როდის უნდა აღვნიშნოთპუტინის შიშები
28 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით სამი დღით (8-დან 11 მაისამდე) წყვეტს ცეცხლს.
“ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, „გამარჯვების დღის“ 80 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, 7-დან 8 მაისის ღამით, 00:00 საათიდან 10-დან 11 მაისამდე ღამის 00:00 საათამდე რუსეთის მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ პერიოდში შეწყვეტილი იქნება ყველა საბრძოლო მოქმედება“, - ვკითხულობთ კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის ამ ინიციატივას აღლუმის შესაძლო ჩაშლით გამოწვეული შიში უწოდა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოითხოვა:
„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა იყოს პირველი ნაბიჯი. რუსეთმა უნდა გააკეთოს ეს. მათ ახლა აღლუმის შესაძლო ჩაშლა (კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება) აშფოთებთ და სწორადაც აშფოთებთ. თუმცა უფრო მეტად უნდა აშფოთებდეთ ის, რომ ომი გრძელდება. მათ ეს ომი უნდა დაასრულონ“.
ვოლოდიმირ ზელენსკი
პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ამ სიტყვებს მოსკოვიდან უპასუხა.
„ზელენსკი აკეთებს ბევრ სხვადასხვა განცხადებას, რომელთა უმეტესობა წარუმატებელი აღმოჩნდა. აღლუმი გაიმართება და ჩვენ ამ აღლუმს სიამაყით დავაკვირდებით“, - თქვა დმიტრი პესკოვმა.
შეუძლია კი უკრაინას მოსკოვში აღლუმის ჩატარებისათვის ხელის შეშლა?
უკრაინის უშიშროების ძალების პოლკოვნიკისა და ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის მდივნის, რომან კოსტენკოს თქმით, მოსკოვმა იცის, რომ უკრაინას აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია წითელ მოედნამდე მიაღწიოს.
„ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ განზრახვებზე, არ ვსაუბრობთ დარტყმებზე, არამედ უბრალოდ ფაქტია, რომ მათმა დაზვერვამ და შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი გამოცდილებით იციან, რომ უკრაინას აქვს ასეთი იარაღი. რუსეთსაც აქვს იარაღი, რომლითაც შეუძლია იერიშის მიტანა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ არიან ისინი შეშფოთებულნი და აცხადებენ ცეცხლის შეწყვეტას, შიშობენ, რომ სტუმრად ეყოლებათ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი და კარგად ესმით, რა მოხდება, თუ უკრაინა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. 2022 წელს მათ ამის არ ეშინოდათ, რადგან უკრაინას არ ჰქონდა ისეთი შეიარაღება, რომელიც მიწვდებოდა ამ მანძილზე. მათ ეს იციან, ხოლო იმას გამოიყენებს თუ არა უკრაინა ამ იარაღს, უმაღლესი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.“ - უთხრა რომან კოსტენკომ The Current Time-ს, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტს:
„რუსეთს არ გააჩნია შესაძლებლობა ერთდროულად 100%-ით დაიცვას თავი როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე მოსკოვში. მას მოუწევს ან ყველა საჰაერო დაცვის სისტემის მოხსნა და მოსკოვის გარშემო განთავსება, რაც დაუცველს დატოვებს ბრძოლის ველზე მყოფ ჯარისკაცებს, ან მოაშიშვლოს მოსკოვი“.
რომან კოსტენკო
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, ანდრეი კოლესნიკმა მოსკოვის მაცხოვრებლებისა და მათი სტუმრებს დამშვიდება სცადა - განაცხადა, რომ არ უნდა ეშინოდეთ კიევის მუქარისა, რადგან მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მისი თქმით, საიმედოდ იცავენ რუსეთის დედაქალაქს. რუსი დეპუტატის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს აქვს იარაღი, რომელიც მტრულ რაკეტებსა და დრონებს მოსკოვთან მიახლოებამდე დიდი ხნით ადრე გაანადგურებს. კოლესნიკმა განმარტა, რომ ზელენსკიმ თავისი განცხადებებით სცადა რუსების დაშინება და ზეიმის ჩაშლა.
„ჩვენ არ ვართ სუსტი ხალხი, მაგრამ თუ რამე მაინც მოხდება, მაშინ კიევთან სხვაგვარი საუბარი გვექნება“, - განაცხადა ანდრეი კოლესნიკმა.
რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი კი ამბობს, რომ „ზელენსკის ძალიან სურს, რომ [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინს მისი ეშინოდეს“. მარკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი და მისი ევროპელი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტა იმის გამო გამოაცხადა, რომ მოსკოვში მიწვეულ მსოფლიო ლიდერებს არ შეეშინდეთ უკრაინული დრონების იერიშის.
„ზელენსკის კი სურს, რომ პუტინს და სი ძინპინს ეშინოდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშისა. ზელენსკის ძალიან უნდა, რომ პუტინს მისი ეშინოდეს“, - დაწერა რუსმა პოლიტოლოგმა თავის Telegram-არხზე.
შიშის საფუძველი
უკრაინამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია 2024 წელს რუსეთის სიღრმეში იერიშების მისატანი (შორ მანძილზე მოქმედი) დრონების წარმოების გაზრდისა და ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების კუთხით. ამის შესახებ 2024 წლის დეკემბერში ვრცლად ილაპარაკა უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, რომლის თქმითაც, სამინისტროს გეგმებში შედის 2025 წლისათვის უპილოტო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის აქტიური დამუშავება და დანერგვა.
საკვანძო მონაცემები ფედოროვის მიხედვით:
- უკრაინის თავდაცვის ძალების შეიარაღებაშია 1800 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე მოიერიშე დრონები
- უკრაინის არმია იყენებს ათობით სამამულო წარმოების ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ უპილოტო სისტემებს, რომლებიც ეფექტიანად მოქმედებენ რუსული რადიოტექნიკური ბრძოლის სისტემებით დაცულ ადგილებში
- უკრაინა წარმატებით ავითარებს რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონების დამჭერი სისტემების დამუშავებას
- უკრაინამ 2024 წელს გააფორმა კონტრაქტი 1,6 მილიონი დრონის წარმოება/შესყიდვაზე
2024 წლის 11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის დანიის მთავრობა აპირებს შეისყიდოს 629 მილიონი დოლარის შორი მოქმედების დრონები. დანიის შემდეგ, შვედეთის მთავრობამაც განაცხადა, რომ დააფინანსებს უკრაინული შორი მოქმედების დრონების წარმოებას.
ხარკოვიდან მოსკოვამდე უმოკლესი მანძილი (საჰაერო გზით) 647.43 კმ-ია; ბელგოროდიდან მოსკოვამდე 578 კმ, კიევიდან მოსკოვამდე - 756 კმ.
თავდაცვისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიების ფინური ჯგუფი Summa Defence Ltd, უკრაინელ პარტნიორებთან Kort, Elf Systems, Skyassist და MPS Development-თან ერთად, ფინეთში აშენებს დრონების მწარმოებელ ქარხანას, რომელიც პროდუქციის წარმოებას 2025 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს.
ჩვილებიც სამხედრო აღლუმზე
რუსეთში უკვე დაიწყო 9 მასის წინასწარი აღნიშვნა. როგორც რუსული მედია წერს, ამ კუთხით ყველაზე მეტად მომავალი ჯარისკაცების სამჭედლოები - სკოლები, საბავშვო ბაღები და სამშობიაროებიც კი აქტიურობენ.
დაღესტნის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში რუსეთის არმიისა და საზღვაო ფლოტის ფორმებში გამოწყობილმა 200-მდე „მებრძოლმა“ საზეიმო მარშით გადაკვეთა სათამაშო მოედანი, - იტყობინება დაღესტნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებსაიტი. აღლუმს უძღვებოდა სათამაშო მანქანის მძღოლი ბავშვი, რომელსაც უკან მიჰყვებოდნენ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სხვა ბავშვები, მათ შორის მასწავლებლების მიერ გაკეთებული ბუტაფორიული ტანკებით.
ვორონეჟში გამართულ „გამარჯვების აღლუმზე“ საბავშვო ბაღის ბავშვებმა და მათმა მშობლებმა მუყაოს თვითმფრინავებითა და ტანკებით ჩაიარეს.
კემეროვოში გადაწყვიტეს, არ დალოდებოდნენ ბავშვების ბაღის ასაკამდე გაზრდას და ჯერაც სამშობიაროში მყოფ ჩვილებს სამხედრო ფორმები ჩააცვეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, წითელვარსკვლავიანი „პილოტკები“ (სამხედრო ქუდები) და ლაბადა-კარვები თავად მედპერსონალმა შეკერა.
ამურის კომსომოლსკში კი ნაალაფევი სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე, რომელიც ასევე გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნებოდა, დაიღუპა ოთხი წლის ბავშვი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭი, რომელიც ღონისძიებაზე მამასთან ერთად იმყოფებოდა, უკანა მხრიდან მიუახლოვდა ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორს.
„უეცრად გაიხსნა ტრანსპორტიორის პანდუსი, რომელიც ბავშვს თავში მოხვდა“, - თვითმხილველების თქმით, ჯავშანტრანსპორტიორის ლუქი შესაძლოა იმიტომ გაიღო, რომ მანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა ბავშვმა ბერკეტი გადაწია უდროოდ.
„გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად ტრადიციულად ყოველ წელს რუსეთის ქალაქებს შორის მოძრაობს ე.წ. გამარჯვების მატარებელი - ერთგვარი ბორბლებზე შემდგარი მუზეუმი, რომელიც გავსებულია მეორე მსოფლიო ომის კოსტიუმებში გამოწყობილი დეკორაციებითა და სკულპტურებით. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ფიგურები გამოფენას მეტ თვალსაჩინოებასა და სიმძაფრეს სძენენ.
რუსეთი „9 მაისს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც აღნიშნავს. დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, სადაც ერთი შენობაც კი არ გადარჩენილა, სრულიად უკაცრიელ ქუჩებში გამოფინეს ბანერები გამარჯვების დღის მისალოცი ტექსტებით, უკვდავი პოლკების ფოტოებით და სხვა პროპაგანდისტული მასალით.