საერთო კანდიდატები, ერთობლივი მხარდაჭერა - "გახარია საქართველოსთვის" და "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან

მემორანდუმს, 14 ივლისს, ბერდია სიჭინავამ [მარცხნივ] და ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს ხელი

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კოორდინაციისა და თანამშრომლობის რეჟიმში გეგმავენ. 14 ივლისს ხელმოწერილი მემორანდუმით, კარი ღიაა სხვებისთვისაც.

ამ ორი პოლიტიკური სუბიექტის გარდა, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, რომლებიც პროევროპული პროტესტის მონაწილეები არიან. ისინი არჩევნებში მონაწილეობას დამაზიანებლად თვლიან.

“კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვართ უთანასწორო ბრძოლაში „ოცნების“ ავტოკრატიულ და მოძალადე რეჟიმთან, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას, არჩევნებით პოლიტიკურ ბრძოლაზე ვთქვათ უარი და ყველა შესაძლებლობა და ინსტრუმენტი არ გამოვიყენოთ ქართველი ხალხის ნების გამარჯვებისთვის, რაც ერთიანი ბრძოლის პირობებში არის შესაძლებელი”, - აღნიშნულია მემორანდუმში, რომელსაც, 14 ივლისს, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” სახელით - გენერალური მდივანი - ირაკლი კუპრაძე, ხოლო პარტიის - “გახარია საქართველოსთვის” სახელით - აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აწერენ ხელს.

ორი პოლიტიკური სუბიექტი გამოხატავს მზადყოფნას:

  • საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე შეარჩიონ “საერთო - პარტიულად ნეიტრალური მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები” ან/და შეთანხმდნენ პარტიულ კანდიდატებზე, რომლებსაც მათი “პოლიტიკური და საარჩევნო რესურსებით, ერთობლივად და სრულად” დაუჭერენ მხარს; “ამ გზით გამოვრიცხავთ ერთმანეთთან წინასაარჩევნო ურთიერთკონკურენციას” - წერია მემორანდუმის ტექსტში.
  • ითანამშრომლონ ყველა “პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებასა და მოძრაობასთან, პროტესტში ჩართულ აქტიურ ადამიანებსა თუ ცალკეულ ინდივიდებთან” - თუკი ეს თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება 14 ივლისს გაფორმებული მემორანდუმის პრინციპებზე.


„ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული. მმართველი პარტია გასულია სახელმწიფოს მართვის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია… რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის. ეს პირიქით, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო ხაზია”, - აღნიშნა პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

“ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, მიზანია “უკომპრომისო ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ” და არ აფრთხობთ მოსალოდნელი წნეხი თუ კრიტიკა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეების მთავარი საჭიროების შესახებ საუბარი, ბრძოლა, წინააღმდეგობაში შესვლა ივანიშვილთან, მისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭება და დაკოჭლება მათ შორის საკრებულოების დონეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვაცხადებთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი. ვისაც გერჩით გული და გინდათ, რომ აქტიურ წინააღმდეგობაში იყოთ რუსულ რეჟიმთან, გეპატიჟებით, შემოგვიერთდით ამ კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფორმატში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. მზად ვართ, რომ ჩვენი რესურსები მოვახმაროთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას”, - ირაკლი კუპრაძის თქმით, პატივს სცემენ კოლეგა ოპოზიციონერების განსხვავებულ მიდგომებს, არ აპირებენ დაპირისპირებასა და ბრალდებებზე პასუხის გაცემას. მისი განმარტებით, კვლავ ძალაშია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნები.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: დარწმუნებული ვარ, არ ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები


თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ ეთანხმებიან პროევროპული პროტესტის მონაწილე დანარჩენი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და ისინი არც მემორანდუმზე ხელმომწერებთან თანამშრომლობას გეგმავენ.

ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის გაუგებარია არჩევნებზე მსჯელობა საქართველოში დღეს არსებული ვითარებისა და, მათ შორის - პოლიტიკური ლიდერების მასობრივად დაპატიმრების ფონზე.

მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“. „მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხალხი ამ არჩევნების მითს", - განაცხადა ზურაბიშვილმა 9 ივლისს.

"ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე მოვლენებს "გადაჯგუფებად" თვლიან, თუმცა აცხადებენ, რომ - ოპოზიციის ბრძოლა უშედეგო იქნება. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ოცნების" ხელისუფლება არ იწვევს OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას, რაც საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების კიდევ ერთი საფუძველია.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - დაპატიმრებული არიან, სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო. ხოლო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის - ექსპრემიერ გიორგი გახარიას საქმეს პროკურატურა შეისწავლის. გახარია ისევ ევროპაშია, მართავს შეხვედრებს და ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს საქართველოში დაბრუნებას.

ასევე ნახეთ „თქვენ იცრუეთ“ - გახარია მეორედ „წულუკიანის კომისიაზე“
ასევე ნახეთ გისოსებს მიღმა - როგორ მოხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები ციხეში (ამჯერად)