ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ დიდი საბჭოთა ტერორის დროს რეპრესირებული ექვსი ქართველი მასწავლებლის ამბავს, რომლებიც, დახვრიტეს, გადაასახლეს, დააპატიმრეს.
დიდი ტერორის პიკში, 1937-1938 წლებში, ამავე პერიოდში, უშუალოდ სტალინის გადაწყვეტილებით, საქართველოში რეპრესიები შეეხო, ჯამში, 3616 ადამიანს. არ დარჩენილა არც ერთი პროფესიის ადამიანი, ვისაც რეჟიმი ვერ მისწვდა.
თამარ (თალიკო) ვარაზაშვილი - გადაასახლეს კოლიმაში
პედაგოგი თამარ ვარაზაშვილი, მამასთან ერთად, ისიდორე ვარაზაშვილთან ერთად, 1935 წელს დააპატიმრეს და 1936 წელს, კოლიმაზე გადაასახლეს, სადაც მან ათ წელზე მეტი გაატარა.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მიერ შეგროვილი მასალებიდან ჩანს, რომ თამარ ვარაზაშვილს განაჩენი საქართველოს სსრ უმაღლესის სასამართლოს სპეცკოლეგიამ გამოუტანა - ხუთი წლით გადასახლება.
თუმცა, ამ ვადის გასვლის შემდეგ, ის ე.წ. „თავისუფალ გადასახლებაში“, 1947 წლამდე დატოვეს.
თამარა ვარაზაშვილი, ფოტო გამოქვეყნებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის არქივში.
თამარი იყო მარგანეცის ცნობილი მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, ისიდორე ვარაზაშვილის და მისი მეუღლის, ვერა წერეთლის ქალიშვილი. ჯერ თბილისის გერმანული ჰუმანიტარული ტექნიკუმის და შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - ლიტერატურათმცოდნეობის განხრით.
კოლიმაზე გადასახლებამდე, 1935 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, თამარ ვარაზაშვილი ძმას, სოსო (სოფრომ) ვარაზაშვილს შინსახკომის შიდა ციხიდან სწერს:
“ძვირფასო ძამიკო სოსო!
მივიღე ყველაფერი. მე ძალიან კარგად ვარ. არ მიმიღია მხოლოდ სალფეთქი. გამომიგზავნეთ: ზეწარი, საბნის ზეწარი, პირსახოცი, 6 მან. ჩულქები, ძაფი კოჭის, ორი კონსერვი, ჩაი, საპონი. დანარჩენები თქვენ იცით. თუ მოახერხოთ, შემიკერეთ თეთრი აბრეშუმის ბლუზა, როგორიც მქონდა და გამომიგზავნეთ. აგრეთვე, შავი კაბა, ფეხსაცმელები ძალიან მჭირდება.
გიგზავნით: ქვაბს, თეფშს, ქილას, საკისელეს, პირსახოცს, საღამურ პერანგს, სამ პარკს, სალფეთქს, პერანგის ამხანაგს, ბალიშისპირს, ზეწარს, სამ ცხვირსახოცს.
დღესვე ითხოვეთ ნახვის ნებართვა. გამომიგზავნეთ ხალათი. ოჯახს მიხედეთ. აუცილებლად ყველაფერი მოიმარაგეთ ზამთრისათვის. თავს მოუარეთ. ჩემზე ნუ ზრუნავთ. ჩემი პალტო დააჩქარეთ. დამიკოცნეთ ყველა. გოგი ბიძიას სალამი. დიდედას მიხედეთ. ვკოცნი ოლიას, თამარას, ზინას.
აბა შენ იცი, ჩემო უძვირფასესო ბიჭო, როგორ ივაჟკაცებ და ოლიას და დიდედას გვერდში ამოუდგები! გკოცნი ათასჯერ. შენი თალიკო”.
თამარ ვარაზაშვილი კოლიმაზე, გადასახლებაში ყოფნის დროს. ფოტო გამოქვეყნებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის არქივში
მოგვიანებით, თამარის ძმისშვილი, ვერა ვარაზაშვილი იხსენებდა, როგორ აღმოჩენილა გადასახლების გზას დამდგარი მამიდამისი, “ეტაპში” მწერალ ევგენია გინზბურგთან ერთად, რომელიც წლების მერე გულაგზე დაწერილ თავის წიგნში თამარ ვარაზაშვილს “ძალიან თბილად” გაიხსენებს.
თამარ ვარაზაშვილის ჩანახატები გადასახლებაში ყოფნისას.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ ჩაწერილ ინტერვიუში ვერა ვარაზაშვილი თავისი დიდი რეპრესირებული ოჯახის და მათ შორის, მამიდის ამბავს დაწვრილებით ჰყვება:
“მამიდა რომ ჩამოვიდა, ისე დაშინებული იყო, სულ ამბობდა, მე ჩემ გამო კი არ ვარ დაშინებული, იმიტომ, რომ თქვენ არ შეგხვდეთ რამე უსიამოვნებაო. ამიტომ დიდად არა ჰყვებოდა რა გადახდა იქ, იმ პირობებში, სადაც იყო. მე ევგენია გინზბურგის წიგნიდან გავიგე რა საშინელებები გადაიტანეს. რომ ჩამოვიდა, რაღაც პერიოდი თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა და გორის უნივერსიტეტში ასწავლიდა, გერმანისტი იყო სპეციალობით. რუსულ და გერმანულ ენებზე სახელმძღვანელოებიც აქვს გამოცემული”…
გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თამარ ვარაზაშვილს, სხვა რეპრესირებულების მსგავსად, თბილისში ცხოვრების უფლებაც კი არ მისცეს. გორის უნივერსიტეტში მოეწყო და იქ მუშაობდა.
ვარაზაშვილების ოჯახი. სოფრომ ვარაზაშვილი, თამარ ვარაზაშვილი და ისიდორე ვარაზაშვილი. ფოტო გამოქვეყნებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის არქივში
თავის ქალაქში დაბრუნება მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ შეძლო, რის შემდეგაც პუშკინის ინსტიტუტში გერმანულის ლექტორად დაიწყო მუშაობა.
თამარ ვარაზაშვილი რეაბილიტირებულია 1960 წელს.
თამარ ვარაზაშვილი ბავშვების გარემოცვაში. ფოტო გადაღებულია საბავშვო ბაღში, კოლიმაზე გადასახლებაში ყოფნის პერიოდში. ფოტო გამოქვეყნებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის არქივში
ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია„მემორიალის“ ინფორმაციით, მხოლოდ ორი წლის განმავლობაში (1937-38 წლებში) 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. მათგან დახვრიტეს არანაკლებ 725 ათასისა. "დიდმა ტერორმა" ორი წელი გასტანა. საშუალოდ, სახელმწიფო ხოცავდა დღეში 1000 საკუთარ მოქალაქეს.
ბარბარე გაბუნია - დახვრიტეს პოლონეთის ჯაშუშობისთვის
1937 წელს, როცა ბარბარე გაბუნია დაიჭირეს, ის თბილისის 53-ე სკოლაში ისტორიის პედაგოგად მუშაობდა. მაშინდელი ბელინსკის ქუჩის #23-ში ცხოვრობდა.
ბრალად დასდეს, რომ 1935 წელს, ის პოლონეთის დაზვერვის სასარგებლოდ სამუშაოდ გადაიბირა დაზვერვის რეზიდენტმა და რომ 1935 წლიდან 1937 წლამდე, პოლონეთის კონსულს ჯაშუშურ ცნობებს გადასცემდა.
ბარბარე გაბუნია (1899-1937), მარჯვნივ. ფოტო გამოქვეყნებულია ფეისბუკგვერდზე - რეპრესირებულთა ისტორიები - 1937-1938.
ეს არ იყო ბარბარე გაბუნიას პირველი პატიმრობა - პირველად ის 1921 წელს "კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო” დაიჭირეს.
მეორე დაკავებისას, 1937-ში, ბარბარე გაბუნიამ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ.
1937 წლის 10 დეკემბერს, ე,წ. “ტროიკის” - სამეულის სხდომაზე, ბარბარე გაბუნიას მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.
ბარბარე გაბუნიას დახვრეტის ოქმი. ფოტო გამოქვეყნებულია ფეისბუკგვერდზე - რეპრესირებულთა ისტორიები - 1937-1938.
განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 19 დეკემბერს. ბარბარე 38 წლისა იყო.
ბარბარე გაბუნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულია. ეს ფოტო სწორედ ამის დასტურია.
ბარბარე გაბუნია მარცხენა ზედა კუთხეში. ფოტოზე გამოსახულნი არიან უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები (მარცხნიდან მარჯვნივ, შუა რიგში): ალექსანდრე წერეთელი, გრიგოლ ნათაძე, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე. 1922 წელი.
საბჭოთა რეჟიმის ხელი მის მამას, შეძლებულ აზნაურ ვასილ გაბუნიასაც შეეხო, ის ბოლშევიკებმა გააკულაკეს.
ე.წ. ტროიკები - ეს იყო სასამართლო სისტემის მიღმა მოქმედი ორგანოები. მაგალითად, საოლქო ტროიკა, ჩვეულებრივ, შედგებოდა, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, ანუ შინსახკომის ადგილობრივი სამმართველოს ხელმძღვანელის, კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივნისა და ოლქის პროკურორისაგან.
გაბუნიების ოჯახი. ბარბარე დგას ცენტრში, მამის, ვასილ გაბუნიას უკან.
ლიდა ცქიტიშვილი - უზბეკეთში გადასახლებიდან აღარ დაბრუნებულა
ლიდა ცქიტიშვილი, პოეტ ლადო ასათიანის დედა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო ქუთაისში.
დაბეზღების შემდეგ, ჯერ „ხალხის მტრის“ ბრალდებით დააპატიმრეს, შემდეგ კი, უზბეკეთში გადაასახლეს, საიდანაც აღარც დაბრუნებულა. სავარაუდოდ, 1937 წელს დახვრიტეს.
“ტროიკამ” ლიდა ორი მუხლით ცნო დამნაშავედ:
- აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას.
- ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება, მიმართული დანაშაულის მომზადების და ჩადენისთვის.
ლიდა ცქიტიშვილი, ლადო ასათიანის დედა. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნული არქივში.
"ხალხის მტრის შვილად" შერაცხილი ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. მისი ლექსი, “დედისადმი” კარგად ხანს იყო აკრძალული. პირველად ზვიად გამსახურდიამ გამოაქვეყნა უდანაშაულოდ დაკავებულების არალეგალურ ჟურნალ “ოქროს საწმისში”.
“ამქვეყნად როცა ავიდგი ენა,
პირველი სიტყვა იყავი დედა,
დედა, სიზმრებმა არ მომასვენა,
შენს ბნელ საკანში გადმომახედა”…
წლების შემდეგ, ლადო ასათიანის და, მედიკო ასათიანი იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში 1937 წლის იმ დღეს, როცა მათ სახლში მილიციელები მივიდნენ.
“ სახლში რომ მივედი, დედა ტიროდა, მამა ამშვიდებდა, ძალიან შეწუხებული იყო. ნივთები და წიგნები ძირს ეყარა”…
ტერორის წლებში, სკოლებიც იყო ის ადგილი, სადაც სრულფასოვნად ვრცელდებოდა სტალინური ტერორი და მასობრივი კონტროლი - როგორც IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე გვიამბობს, ცენტრალური კომიტეტი განათლების სახალხო კომისარიატთან ერთად აკონტროლებდა პროცესებს სკოლაში - იკვლევდა დისციპლინურ და შინაარსობრივ გადაცდომებს. “როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დააკმაყოფილებდა სისტემის მოთხოვნებს, პასუხისმგებლობა მასწავლებლებს ან მშობლებს ეკისრებოდათ”.
გიორგი (გოგილო) ცინცაძე - დახვრიტეს განაჩენის მეორე დღესვე
გიორგი (გოგილო) ცინცაძე, მასწავლებლობისა გარდა, აქტიური მოქალაქეც იყო და ახალგაზრდობიდანვე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და 1900-იანი წლების დასაწყისში, სწორედ პოლიტიკური საბაბით ადმინისტრაციული წესითაც იყო დაპატიმრებული. 1905 წელს რევოლუციური მოვლენების აქტიური მონაწილეც გახდა. შემდეგ სასწავლებლად წავია პეტერბურგში.
მისი აქტიური პედაგოგობაც, SOVLAB-ის მიერ შეგროვილი ცნობებით, სწორედ პეტერბურგის და მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტებში მესამე კურსამდე სწავლის შემდეგ დაიწყო - საქართველოში დაბრუნებული, კერძო გაკვეთილებს ატარებდა.
1916 წლიდან კი ქართული ენის მასწავლებელია ტფილისის ვაჟთა გიმნაზიაში.
თუმცა მასწავლებლობა გოგილო ცინცაძეს ხელს არ უშლიდა იმ დროის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშიც ყოფილიყო - 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მუშათა რევოლუციურ ორგანიზაციებს უერთდება. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და ნოე ჟორდანიას პირადი მდივანია.
გიორგი ცინცაძე. ფოტო გამოქვეყნებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის არქივში
1921 წელს, გოგილო ცინცაძე არ წასულა ემიგრაციაში - საქართველოში დარჩა და თბილისში ცხოვრობდა. პარტიულ მუშაობასაც ჩამოშორდა გულის სერიოზული ავადმყოფობის გამო. 1921 წლის 1 ნოემბრიდან „ახლო აღმოსავლეთის დახმარების ამერიკული კომიტეტის“ (ე. წ. „ARA“ - „ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია“ — American Relief Administration) სასადილოების მთავარ ინსპექტორად მუშაობდა.
თუმცა მალე. ხანგრძლივი თვალთვალის შემდეგ, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა)„ამერიკული კომიტეტის“ თანამშრომლების ჯგუფი და მათ შორის გიორგი ცინცაძეც დააპატიმრა - შპიონაჟის და კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით.
მიუხედავად იმისა, რომ ძიებამ ვერ მოახერხა ცინცაძისათვის ბრალდების დასაბუთება, 1922 წლის 18 მაისს ჩეკას პრეზიდიუმმა მას საზღვარგარეთ მყოფ „მენშევიკებთან“ კავშირის ბრალდებით იზოლაციის წესით დაპატიმრება გადაუწყვიტა.
რამდენიმე თვით მეტეხის #2 „გამასწორებელ სახლში“ განაწესეს და მერე გაათავისუფლეს.
მეორედ გიორგი ცინცაძე 1924 წელს დააკავეს. „მენშევიკური“ პარტიისადმი მისი კუთვნილების და აქტიური კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო, ჩეკას კომენდატურაში პატიმრობა მიუსაჯეს.
მან 1924 წლის 9 სექტემბერს გათავისუფლების თხოვნით მიმართა ლავრენტი ბერიას, სადაც ითხოვდა გაეთვალისწინებინათ, რომ იგი არანაირ მონაწილეობას არ იღებდა არალეგალურ საქმიანობაში, ეწინააღმდეგებოდა შეიარაღებული აჯანყების იდეას და საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურობის პირობას დებდა. ცინცაძე ისევ გაათავისუფლეს.
თუმცა, გავიდა რამდენიმე წელი და 1937 წელს, გიორგი ცინცაძე “კონტრრევოლუციური”, „მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს, რომლის მიზანიც თითქოსდა შეიარაღებული გადატრიალებისა და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა იყო.
1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ გიორგი ცინცაძეს დახვრეტა მიუსაჯა - განაჩენი მეორე დღესვე აღასრულეს - დახვრიტეს 14 სექტემბრის ღამეს.
პედაგოგებისთვის წაყენებული ბრალდებები თითქმის იგივე იყო, რაც სხვა რეპრესირებულების შემთხვევაში: ტროცკიზმი, კონტრრევოლუციური აქტივობა, მავნებლობა, საბოტაჟი, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა… ხოლო იმ მასწავლებლებს, ვისაც დიდ ტერორამდე რამდენიმე წლით ადრე უცხოეთში ჰქონდათ განათლება მიღებული, უცხო ქვეყნის აგენტობა ჰბრალდებოდათ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე.
თუმცა პედაგოგების დასჯის რეალური მიზეზი ის იყო, რომ მათ სტუდენტებსა თუ მოსწავლეებს შორის, შესაძლოა, ენახათ განსხვავებული აზრის მქონე მოსწავლე, ან მოსწავლეთა ჯგუფი. ხანაც მასწავლებლებს აბეზღებდნენ, როდესაც მათ საუბარში რაღაც ისეთი რამ წამოსცდებოდათ, რაც რეჟიმის წინააღმდეგ გამოთქმულ აზრად ჩაითვლებოდა.
მარია (მარო კალანდაძე) - დახვრეტილია გადასახლებაში
მარო კალანდაძე ქობულეთის პირველი ქართული სკოლის პედაგოგი იყო 1910-იან წლებში.
იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრიც. 1921 წლიდან კი ჩაბმულია წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრებენ.
დიდ ტერორის პიკამდე რამდენიმე წლით ადრე, ჯერ კიდევ 1923 წელს, საბჭოთა რეჟიმმა მარო კალანდაძე ციმბირში გადაასახლა. ბრძოლა არც იქ შეუწყვეტია და როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, გადასახლებული ქართველი პოლიტპატიმრების კოლონიებში მათი დახმარების ქსელს უწევდა ორგანიზებას.
გადასახლებაში ყოფნის ვადას მუდმივად უგრძელებდნენ და გამუდმებით გზავნიდნენ სხვადასხვა მხარეებში.
მარია (მარო) კალანდაძე. ფოტო გამოქვეყნებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის არქივში.
დიდი საბჭოთა ტერორის დროს, 1938 წლის 15 თებერვალს, მარო კალანდაძე ხაკასიის ავტონომიური ოლქის სოფელ შირაში დააპატიმრეს - 1938 წლის 5 აპრილს კი, კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. "ტროიკა") მარო კალანდაძეს დახვრეტა მიუსაჯა.
განაჩენი 1938 წლის 11 მაისს, ქალაქ მინუსინსკში აღსრულდა.
რეაბილიტირებულია 1989 წლის 17 ნოემბერს - კრასნოიარსკის მხარის პროკურატურის მიერ და 1989 წლის 23 აპრილს - ალთაის მხარის პროკურატურის მიერ.
იცავდა თუ არა მათ მასწავლებლობა? ანტონ ვაჭარაძე გვეუბნება, რომ არც ერთი პროფესია არ იყო დაცვის გარანტია ტოტალური რეპრესიების და სტალინური ტერორის დროს. ამ სფეროშიც, ადამიანის გაქრობა ნიშნავდა, რომ ის რეჟიმს არ დაემორჩილა. ეს სხვებსაც უნდა დაენახათ და უსიტყვოდ გაეგრძელებინათ მუშაობა. ეს დასჯა იყო სხვების უსიტყვო მორჩილების იარაღი. ხშირად აქრობდნენ იმ ადამიანებს, ვისაც შეეძლო გავლენის მოხდება საზოგადოებრივ აზრზე.
ლეონ ლეონიძე - განაჩენის დღეს დახვრეტილი
ლეონ ლეონიძე დაპატიმრებამდე სურამის ტექნიკუმის პედაგოგი იყო. ვეტექიმი.
1937 წლის აგვისტოში, აფხაზეთის შინსახკომმა დააპატიმრა.
1937 წლის 3 ოქტომბერს გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ - მატულევიჩის, ზარიანოვის, ჟიგურისა და კოსტიუშკოს შემადგენლობით.
ლეონ ლეონიძე, ფოტო გამოქვეყნებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის არქივში.
ბრალად დასდეს, რომ იყო “ შალვა ოდილავაძის ტერორისტული დაჯგუფების წევრი”
ბრალდებები კატეგორიულად უარყო და ამბობდა, რომ ცილისწამება იყო შალვა ოდილავაძის და ბუდუ მდივანის ჩვენებები.
მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
განაჩენი სისრულეში იმავე დღესვე მოიყვანეს.
IDFI‑ის დათვლით, დიდი ტერორის პიკში, 1937-1938 წლებში, მხოლოდ სტალინური სიებით ანუ სტალინის უშუალო ბრძანებით დაწყებულ რეპრესიებს საქართველოში 150-მდე მეტი პედაგოგი ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ ვის სჯიან, ვის არა - შეადარეთ მაგალითები