კიდევ რა შეიზღუდება ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის გარდა? - საარჩევნო კოდექსის 95-ე ცვლილება

ამომრჩეველი საარჩევნო კაბინიდან გამოდის კონვერტით ხელში, რომელსაც ელექტრონულ მოწყობილობაში მოათავსებს

მოკლედ

  • საარჩევნო კოდექსში ბოლო 14 წელიწადში 95-ე ცვლილება იგეგმება, მათ შორის ემიგრანტებისთვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შეზღუდვა.
  • კანონპროექტი კენჭისყრის შენობაში აუდიომონიტორინგს კრძალავს.
  • კომისიის წევრობისთვის სასამართლოს ჯარიმა ავტომატური დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდება.
საარჩევნო კოდექსის ახალი პროექტი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. მასში რიგი ჩანაწერები ბუნდოვანია; ავტორები სატელეფონო კომენტარს არ აკეთებენ. რადიო თავისუფლება დეტალების დაზუსტებას განხილვის ეტაპზე შეეცდება.

2012 წლიდან დღემდე საარჩევნო კოდექსი 94-ჯერ შეიცვალა. მათგან 15- ჯერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

17 ნოემბერს ცნობილი გახდა ახალი, კომპლექსური ცვლილებების პაკეტის შესახებ, რომლის მოცულობა იმდენად დიდია, რომ „ქართული ოცნება“ ახალი ორგანული კანონის მიღებას აპირებს. ეს ბოლო 14 წელიწადში 95-ე ცვლილება იქნება.

მთავარი აკრძალვები (მოკლედ)

  • აიკრძალება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთიდან;
  • აიკრძალება აუდიომონიტორინგი კენჭისყრის შენობასა და კომისიის სხდომებზე;
  • საარჩევნო კანდიდატების სიაში ყოფნის უფლება მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წევრებს ექნებათ;
  • კომისიის წევრობა აეკრძალება ყველას, ვისაც ოდესმე აქვს დაკისრებული სასამართლოს მიერ ჯარიმა (თუნდაც ერთხელ);


კანონპროექტში ბევრი ჩანაწერია ბუნდოვანი - დასაზუსტებელი და განსამარტი. ეს იურისტებს აფიქრებინებს, რომ შემთხვევითი არაა, რათა „ლავირების საშუალება ჰქონდეთ იმის მიხედვით, რა ინტერესი ექნებათ არჩევნების დროს“.

რომ გავიგოთ „ზუსტად როგორ იქნება უნდა დაველოდოთ ცესკოს დადგენილებებს, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს კანონზე დაყრდნობით პროცედურებს“, - ამბობს იურისტი გიორგი მონიავა.

ფოტოვიდეოგადაღების წესის დაზუსტება

კანონში ჩაიწერება, რომ

  • კენჭისყრის შენობაში (კაბინის გარდა)
  • ან კომისიის სხდომაზე

ფოტო და ვიდეო გადაღებისას აკრძალულია აუდიომონიტორინგი.

ნიშნავს ეს, რომ საარჩევნო უბანსა და კომისიის სხდომაზე გადაღებულ ვიდეოს ხმა არ უნდა ჰქონდეს?

საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ეს საარჩევნო უბანზე აუდიოჩაწერის აკრძალვას უნდა ნიშნავდეს და „წესით ჟურნალისტსაც ეხება, რადგან საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი წერია ზოგადად და გამონაკლისი არაა მითითებული“.

გიორგი მონიავა ვარაუდობს, რომ ეს ჩანაწერი „შესაძლოა საარჩევნო უბანზე უწყვეტი მონიტორინგის მიზნით განთავსებულ კამერებს ეხებოდეს“.

ბუნდოვანების გაფანტვა კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორთან თენგიზ შარმანაშვილთან ზარით ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ, პარლამენტარმა გვითხრა, რომ „მგზავრობს, დიდი გზა აქვს წინ და ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებს“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ „ვერ გაიგო რას ეკითხებოდნენ“ და კითხვაზე, იკრძალება თუ არა აუდიოს ჩაწერა საარჩევნო უბანზე, ასე უპასუხა:

„წაიკითხეთ კანონი... არჩევნების დროს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული გარანტია, რომ მათი ხმის ფარულობა არის დაცული და არ უნდა იყვნენ ტერორის ქვეშ, რაც ჩვეულებრივ ამბად იქცა, მათ შორის გადაღების მეშვეობით, საკმარისი ტექნიკური რესურსია იმისთვის, რომ გადაიღო რა ხდება საარჩევნო უბანზე“.

გია ვოლსკი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი

იკრძალება ისეთი ინფორმაციის გადაღებაც, რომელიც არ არის საჯარო. მათ შორის: სამაგიდო სიები, ვერიფიკაციის აპარატების ეკრანები, სადაც ამომრჩევლის მონაცემები გამოდის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გიორგი მონიავას თქმით, ეს ჩანაწერი ხელს უშლის„დამკვირვებლებს შეაგროვონ გაყალბების სავარაუდო მტკიცებულებები“.

კომისიების დაკომპლექტება

იცვლება საუბნო/საოლქო კომისიებში წევრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ნებისმიერი სასამართლო ჯარიმა - ავტომატური დისკვალიფიკაციაა კომისიის წევრის კანდიდატისთვის.

ახლა ჯერ კიდევ დაშვებულია, ნასამართლების ( სასამართლოს მიერ დაჯარიმებულის) ყოფნა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში,

კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევება

იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების წესი. კენჭისყრის შენობიდან ერთხელ გაძევებულ ადამიანს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა.

კანდიდატების რეგისტრაცია

მარტივდება პროცედურა:

  • კანდიდატს მხოლოდ თანხმობის ფორმა დასჭირდება (შეიცავს ინფორმაციას ბინადრობასა და პარტიულ კუთვნილებაზე).

ახალი წესით:

  • პარტია წარადგენს მხოლოდ თავის წევრს;
  • საინიციატივო ჯგუფი - მხოლოდ უპარტიო კანდიდატს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი არ დარეგისტრირდება ან გაუუქმდება რეგისტრაცია.

მოქმედი წესით, პარტიული სიის შედგენის წესს „განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები“.

ემიგრანტების საარჩევნო უფლების შეზღუდვა

ყველაზე ხმაურიანი ჩანაწერი საარჩევნო უფლების ტერიტორიული საფუძვლით შეზღუდვა გახდა. კანონის დამტკიცების შემდეგ, ემიგრანტები საზღვარგარეთიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

„ჩამოვიდნენ ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოში“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ეს ცვლილება უკვე შეფასდა, როგორც არაკონსტიტუციური.

შალვა პაპუაშვილი, სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, არარეზიდენტ მოქალაქეებს ეკრძალებათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა შეუძლიათ ხმა მისცენ საპარლამენტო არჩევნებში. ამისთვის უცხოეთში საარჩევნო უბნები იხსნება ხოლმე.

დაგეგმილი ცვლილებებით, რომლებიც „საარჩევნო კოდექსში“ შევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

„საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის წესის ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიით, კონსტიტუციურად გაუმართლებელი და მანკიერი პრაქტიკაა, რადგან ეს ორი პროცესი არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა“, - აცხადებენ საიაში.

ასევე ნახეთ "მშობლის დაკრძალვაზე ვერ მიდიან და არჩევნებზე ჩავლენ?“ - ხმის მიცემის შეზღუდული უფლება ემიგრანტებისთვის

კანონპროექტში არ არის დაზუსტებული, სად მისცემენ ხმას საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლები, გაიხსნება მათთვის უბანი საზღვარგარეთ, თუ მათაც საქართველოში ჩამოსვლის ვალდებულება დაეკისრებათ. არის მხოლოდ ჩანაწერი: „გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი“, რომელსაც განმარტება არ ახლავს.

მოქმედი კანონმდებლობით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. კანონპროექტიდან ეს ჩანაწერი გამქრალია.

სხვა ცვლილებები

ცესკოს თავმჯდომარეს ექნება უფლება განუხილველად დატოვოს საჩივარი, თუ დაადგენს, რომ „სათანადო სამართლებრივი საფუძვლები“ არსებობს.

იურისტი გიორგი მონიავა ამბობს, რომ ეს ჩანაწერი არღვევს ცესკოს როგორც კოლეგიალური ორგანოს პრინციპს.

„ადმინისტრაცია კოლეგიალური ორგანოა, გადაწყვეტილებას კოლეგიურად იღებს და პასუხისმგებლობაც კოლეგიალურია... თუმცა პრაქტიკაში რომ გითხრათ რამეს შეცვლის, ალბათ არა. იმდენად ერთპარტიული გადაწყვეტილებები მიიღება ადმინისტრაციაში, რომ ექვსი კაცი დაეთანხმება, თუ ერთი გააკეთებს, არაფერი შეიცვლება, განუხილველად ტოვებენ საჩივრებს, რომელიც შესაბამისი სტანდარტით არაა გამაგრებული და ვერ იქნება გამაგრებული, თუ დამკვირვებლებს ავუკრძალავთ ვიდეო-ფოტო გადაღებას საარჩევნო უბანზე“, - ამბობს ის.

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებლების და მედიის რეგისტრაციისთვის დაწესებული მოთხოვნები ერთიანდება ერთ მუხლში.

დგინდება ვადები - მიმართვა აკრედიტაციაზე კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, რაც კანონპროექტის ავტორების აზრით, ხელს შეუწყობს რეგისტრაციის პროცედურების ერთგვაროვნად წარმართვას.

საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებს ბარათებს სახლში აღარ გაუგზავნიან, რადგან კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ამის საჭიროება აღარაა“.

შეიცვალა ჩანაწერი რეფერენდუმისა და პლებისციტის შესახებ. სიტყვით შეთანხმება - „მთელ ტერიტორიაზე“ ჩაანაცვლა - ტერმინმა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში“.

კანონპროექტის თანახმად, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, რომელიც იმართება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად;

კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში ამავე კვირაში დაიწყება.