ამ საკითხზე მომხსენებელი იყო ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე. ანგარიში ეხება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.
იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები არის მაგალითი იმისა, თუ „როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ჩაიგდო ხელში პრორუსული მთავრობით გასროლის გარეშე“.
შეჯერებულ დოკუმენტს კენჭისყრაზე მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა - შესწორებებით, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა. კომიტეტში 79 წევრია.
იუკნევიჩიენეს თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი აფასებს არა პროგრესს საქართველოში, არამედ „უდიდეს უკუსვლას ევროკავშირის პარტნიორობიდან ბრუტალურ ავტოკრატიამდე“.
„გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის დაბლოკვის შესახებ, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმა ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტებისა, რაც ანგარიშში მოხვდა“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
კენჭისყრისა და დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტის კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი, ვიქტორ ორბანის მოკავშირე „სუვერენულ ერთა ევროპის“ წარმომადგენელი. ის ასევე არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD-ს) წევრი.
ჰანს ნოიჰოფი ანგარიშისა და, ზოგადად, სანქცირების წინააღმდეგ გამოვიდა - განაცხადა, რომ ეს იქნება „კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა“. ის ასევე შეეწინააღმდეგა პუნქტს, რომელიც, მისი თქმით, „დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებისკენ მოუწოდებს“.
ასევე ნახეთ „რუსეთი ჩვენი მტერი არაა“ - ვინ არიან „ოცნების“ მხარდამჭერები ევროპარლამენტშიანგარიშში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოხსენიებულია, როგორც „გაყალბებული არჩევნები“, რომელიც გახდა „ავტორიტარული რეჟიმისკენ შემობრუნების წერტილი“, რის შემდეგაც მოხდა „სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული დაცვის მექანიზმების უკანონო მიტაცება“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კანდიდატის სტატუსი საქართველოს პირობებით მიენიჭა, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არ ჰქონია პროგრესი პრიორიტეტულ მიმართულებებში - პირიქით, „რეგრესიც კი განიცადა“.
ზოგადად, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს, - რომელიც შეიცავს სხვადასხვა კრიტიკულ შენიშვნას და მოწოდებას, რაც „ოცნებისთვის“ მიუღებელია, - „ჩალის ფასი აქვს“.
ასევე ნახეთ „სანქციები საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს“ - რა წერია ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშში, რომელსაც 4 ივნისს მიიღებენ