პლენარულ სესიას 436 ევროპარლამენტარი ესწრებოდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 324-მა მათგანმა, წინააღმდეგ კი 25 წავიდა. 87-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან.
„ქართული ოცნება“ უკვე სამი წელიწადია, ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციებზე ამბობს, რომ მათ „ჩალის ფასი“ აქვთ და არ ითვალისწინებს.
ამასთან, პარტია ევროპარლამენტის კრიტიკულობას ხსნის „გლობალური ომის პარტიის“ (რასაც მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) შესახებ შეთქმულების თეორიით.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ ტრამპისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“„დრაკონული კანონები“
რეზოლუცია თავდაპირველად მიმოიხილავს ფაქტობრივ გარემოებებს და წერს, რომ მზია ამაღლობელი, - „ჟურნალისტი და გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, 2025 წლის 12 იანვარს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს“.
ამასთან, ამაღლობელს, რეზოლუციის სიტყვებით, „ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის“.
ჩამოთვლილია „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები და ცვლილებები, რომლებსაც „დრაკონულ კანონმდებლობას“ უწოდებს:
- „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA);
- ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში;
- ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში;
- ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში.
ეს ცვლილებები, პარლამენტის შეფასებით, „წარმოადგენს დემოკრატიული უკუსვლის საშიშ დაჩქარებას და „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაში კრიტიკული ხმების გაჩუმებას და პოლიტიკური ოპოზიციის დევნას ისახავს მიზნად“.
„ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები; საზოგადოებრივი ინფორმაციის სივრცე სრულად დომინირებულია პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას“, - წერია რეზოლუციაში.
დღევანდელ რეზოლუციას 436-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.
ევროპარლამენტის შეფასებით, „მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, - რაც სახალხო დამცველმა გააპროტესტა, და საქმე განსასჯელად მიანდო მოსამართლეს, რომელსაც არ ჰქონდა კვალიფიკაცია სისხლის სამართლის სფეროში“.
„იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის“, - მიიჩნევს ევროპარლამენტი.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ
- „მზია ამაღლობელი დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას და 38 დღის განმავლობაში ჰქონდა შიმშილობა გამოცხადებული“;
- „ესტონეთსა და ლიეტუვას [სავიზო] სანქციები აქვთ დაწესებული მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელებისა და მოსამართლეებისათვის“.
„დაუყოვნებლივი გათავისუფლება“
აღწერილობითი ნაწილის შემდეგ, ევროპარლამენტი მიღებულ რეზოლუციაში მოწოდებებზე გადადის. უპირველეს ყოვლისა, რეზოლუცია
- „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას; გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და სისხლისსამართლებრივ დევნას“;
- „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე“;
- „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობის, მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობის გამო“;
ევროპარლამენტი ითხოვს „ყველა პოლიტიკური პატიმრის“ გათავისუფლებას, მათ შორის კი დასახელებულნი არიან აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებამასთანავე, რეზოლუციით, ევროპარლამენტი გმობს იმას, რასაც უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის, კოტე იოსელიანის „ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებისთვის საფრთხეების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“.
ევროპარლამენტი ითხოვს, რომ „დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა რეპრესიული კანონი“.
საკანონმდებლო ორგანო ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, „გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები“.
წუხს „ევროკავშირის საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო“ და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს სანქციების დაწესებისაკენ.
ამასთან, რეზოლუციაში პრეზიდენტად არის მოხსენიებული სალომე ზურაბიშვილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი „თვითგამოცხადებულ ხელისუფლებად“.
ასევე ნახეთ „სიტყვები საკმარისი არაა, უნდა ვიმოქმედოთ“ - მზია ამაღლობელის საქმეზე ევროპარლამენტში 7 რეზოლუცია წარადგინესმზია ამაღლობელი უკვე 150 დღეა, პატიმრობაშია. მის გათავისუფლებას ითხოვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ასევე - ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნების არაერთი მთავრობა.
18 ივნისს ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტში საქართველოში დაკავებულთა მხარდასაჭერად გამართეს პერფორმანსი. მათ ხელში ეჭირათ წარწერა: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში“.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდება აქვს წარდგენილი, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ „სანქციები საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს“ - რა წერია ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშში, რომელსაც 4 ივნისს მიიღებენ