ახალ კანონმდებლობას ევროპარლამენტი მხარს უკვე 7 ოქტომბერს დაუჭერს და 17 ნოემბერს იმავეს გააკეთებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც, ახალი წესები კი დეკემბერში ამოქმედდება. ის გავრცელდება ყველა 61 ქვეყანაზე, რომლებსაც კლუბთან უვიზო რეჟიმი აქვს, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატებზე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, მოლდოვასა და უკრაინაზე.
თუმცა ევროპელი დიპლომატები აღიარებენ, რომ შემოთავაზებული განახლებული წესები, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც, ერთი კონკრეტული ქვეყნის გათვალისწინებით შეიქმნა, რომელიც ჯერ კიდევ სარგებლობს ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციით. ეს ქვეყანა საქართველოა.
ასევე ნახეთ 6 რამ და კიდევ უფრო მეტი, რასაც უვიზო რეჟიმის შეჩერებით დავკარგავთთბილისი უკვე დიდი ხანია, რაც ბრიუსელთან დაპირისპირების გზას ადგას. გასულ წელს საქართველომ ევროკავშირის მწვავე კრიტიკის ფონზე მიიღო ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი და ანტი-ლგბტ კანონმდებლობა, ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ საკამათო ვითარებაში გაიმარჯვა. მას შემდეგ ევროკავშირი თავს იკავებს მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტებისაგან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კი გაუადვილა მაღალი რანგის ქართველი თანამდებობის პირებისთვის ეროვნული ვიზების შეზღუდვების დაწესება.
თუმცა ბრიუსელმა ვერ შეძლო მაღალი რანგის ქართველი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესება, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა არაერთხელ დაადეს ვეტო ამ გადაწყვეტილებას, რომელიც 27 წევრი სახელმწიფოსაგან ერთსულოვნებას მოითხოვს. სანაცვლოდ, ბლოკი განიხილავს ქვეყნისათვის 2017 წლიდან მოქმედი უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რადგან ეს კონსენსუსს არ საჭიროებს.
ასევე ნახეთ უვიზო მიმოსვლა: ვნახეთ, რა უპასუხა თბილისმა ევროკომისიას და რას ფიქრობენ ბრიუსელშიევროკომისიამ ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ივლისში გაგზავნილ წერილში გააფრთხილა, სადაც ითხოვდა, რომ თბილისს აგვისტოს ბოლომდე გაეგზავნა განმარტებები. თბილისმა უპასუხა, თუმცა, ევროკავშირის რამდენიმე თანამდებობის პირის თქმით, ბრიუსელზე პასუხებმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
ამასობაში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა 2025 წლის პირველი ნახევარი ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალ წესებზე მოლაპარაკებებს დაუთმეს. შესაძლოა, რომ ეს ახალი წესები საქართველოს წინააღმდეგ წელსვე გამოიყენონ. ახალი წესები მექანიზმის ამოქმედების ახალ საშუალებებს იძლევა.
ამჟამად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზეზები ძირითადად კლასიკურ „საშინაო საკითხებს“ უკავშირდება, როგორიცაა უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, რომლებიც ბლოკში 90 დღის შემდეგაც რჩებიან ან, თუნდაც, ევროკავშირს თავშესაფარს სთხოვენ.
შეჩერების ერთ-ერთი ახალი საფუძველი იქნება უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან. მაგალითად, თუ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირთანაც და რუსეთთანაც. ბრიუსელი ცდილობს ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების შედინება შეზღუდოს და ახალი კანონმდებლობა მას საშუალებას მისცემს, დახუროს ბლოკში რუსეთის მოქალაქეების მოხვედრის პოტენციური ალტერნატიული გზა.
ასევე ნახეთ ეს ევროკავშირის ავტორიტეტს შეეხება - "ოცნების" მთავრობას უვიზო მიმოსვლის საკითხზე 47 დღე მისცესშეჩერების კიდევ ერთი ახალი საფუძველია, მესამე ქვეყნის მიერ ინვესტორთა მოქალაქეობის სქემის განხორციელება, რომელიც „ოქროს პასპორტის“ სახელითაა ცნობილი.
მესამე, ახალი კრიტერიუმია „ჰიბრიდული საფრთხეები“. ეს შეიძლება იყოს რაღაც ისეთი, რასაც ევროკავშირი „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციას“ უწოდებს. ამის მაგალითია ბელარუსი (მას ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაცია არ აქვს), რომელსაც ქვეყანაში თვითმფრინავით ჩაჰყავს ხალხი აზიიდან და აფრიკიდან, შემდეგ კი მათ ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებთან გადაისვრის.
თუმცა, როგორც ჩანს, თბილისისთვის ყველაზე რელევანტური მეოთხე, ახალი მიზეზი იქნება. ეს გახლავთ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებში კიდევ რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თავდაპირველად ყოველთვის დროებითია. ამჟამად უვიზო მიმოსვლა თავდაპირველად ცხრა თვით შეჩერდება და ეს ვადა შესაძლებელია კიდევ 18 თვით გაგრძელდეს. ახალი კანონით კი თავდაპირველი შეჩერება 12-თვიანი იქნება, რომელიც შეიძლება კიდევ 24 თვით გახანგრძლივდეს. ევროკავშირის დიპლომატები ამბობენ, რომ ეს ევროკომისიას დამატებითი დროის მისცემს, რათა პრობლემების გამოსასწორებლად მესამე ქვეყანასთან ითანამშრომლოს.
თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კონკრეტულად საქართველოს უნდა ეხებოდეს. მოქმედი კანონმდებლობით უვიზო რეჟიმის შეჩერება თავდაპირველ ცხრათვიან პერიოდში შეიძლება მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს - მინისტრებს და ჩინოვნიკებს შეეხოს, გახანგრძლივებისას კი უკვე მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება.
ასევე ნახეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - გზა "მნიშვნელოვანი მიღწევიდან" "დიპ სტეიტის ბოლო კოზირამდე"ახალი წესების თანახმად კი, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა შეიძლება დაცული იყოს დროებითი შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც განახლებული კანონის მიხედვით სამი წელია. ეს საქართველოსთვის აქტუალურია, რადგან ბრიუსელში ბევრი ერიდება საქართველოს მოქალაქეების დასჯას იმის გამო, რაც, მათი აზრით, მთავრობის პასუხისმგებლობაა.
ამრიგად, თუ წელს საქართველოს წინააღმდეგ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, რიგით მოქალაქეებს ჰიპოთეზურად ეს კიდევ სამი წელი არ შეეხება. მათზე ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ქვეყანას ამ 36 თვის გასვლის შემდეგ საბოლოოდ ამოიღებენ უვიზო რეჟიმის სიიდან.
აღსანიშნავია, რომ დროებითი შეჩერებისთვის ევროკომისიას შეუძლია გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ევროპარლამენტში ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კენჭისყრის გარეშე მიიღოს. თუმცა გავრცელებული პრაქტიკაა, რომ კომისიამ ფართო კონსულტაციები ჩაატაროს წევრი სახელმწიფოების მთავრობებთან.
ქვეყნისათვის უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 55%, რაც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65%-ს შეადგენს). რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის 19-მდე წევრი სახელმწიფო განიხილავს, სულ მცირე, დროებითი შეჩერების მხარდაჭერას. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისინი ჯერ დაელოდებიან საქართველოში 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას, კომისიის ყოველწლიურ ანგარიშებს გაფართოებისა და ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ, რომლებიც წელს უნდა გამოქვეყნდეს, და ვიზების შეჩერების შესახებ ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლას.