მოკლედ
- ევროკავშირი განიხილავს „იმედისა“ და „პოსტივის“ კრემლის პროპაგანდასთან კავშირის მტკიცებულებებს, რათა სანქციები დაუწესოს.
- სანქციების დაწესებას სკეპტიკურად უყურებენ ცენტრალური ევროპის ქვეყნები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ორმაგი სტანდარტების გამო.
„იმედი“ საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტელეარხად ითვლება. მისი მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ლიეტუვის და უკრაინის სანქციების სიაშია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიაგნო იმის მტკიცებულებებსაც, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა არხს.
რას ნიშნავს ევროკავშირის სანქციები ქართული არხებისთვის?
სანქციები, რომლის დაწესებასაც "იმედისა" და "პოსტივისთვის" "ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური" ემხრობა, გულისხმობს ევროკავშირში აქტივების გაყინვას, არხების მფლობელებისთვის ვიზების აკრძალვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზიების შეჩერებას. გასული წლის ბოლოს ბრიუსელმა შეიმუშავა სანქციების რეჟიმი, რომლის სამიზნე რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობაა. ეს რეჟიმი ფარავს „ევროკავშირის ინსტიტუტების და მისი წევრი სახელმწიფოების, ასევე მისი პარტნიორების წინააღმდეგ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევას“ (Foreign information Manipulation and Interference).
ეს არ არის პირველი შემთხვევა
როდესაც ბრიუსელი ცდილობს თბილისისთვის სანქციების დაწესებას; ახალი მცდელობა ახალ შესაძლებლობას აჩენს.
მოხერხდება თუ არა სანქციებზე შეთანხმება ახლა?
EEAS-ი ჯერ კიდევ იანვარში ცდილობდა „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატებისთვის, ასევე მოსამართლეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სანქციების დაწესებას საქართველოში შარშან ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო. მაშინ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს სანქციების დაწესებას და, ჩანს, შესაძლოა, იგივე გაიმეორონ ამჟამადაც.
გასულ კვირას გამართული დისკუსიის შესახებ ინფორმირებული რამდენიმე დიპლომატის თქმით, ახალი სანქციების მიმართ სკეპტიკურად კიდევ სამი ქვეყანა - ბელგია, იტალია და საბერძნეთი არიანი განწყობილი.
დებატებისას საკუთარ პოზიციას ისინი ორი არგუმენტი ამართლებდნენ: წუხდნენ, რომ შეიძლებოდა გადაწყვეტილების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირება და მეორეც, თბილისის მხრიდან ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კრიტიკა, რომ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იყენებს, როდესაც ის მედიას პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, მაგრამ ამავდროულად ცდილობს კრიტიკული ხმების აკრძალვას.
ვინ უჭერს მხარს ახალ სანქციებს?
ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ნიდერლანდმა ღიად დაუჭირეს მხარი წინადადებებს, ისევე როგორც ჩეხეთმა, რომელიც საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ზომების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო. (სექტემბრის ბოლოს პრაღამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, ასევე სამ მოსამართლესა და ერთ პროკურორს სანქციები დაუწესა. მათი გვარები დაემატა შავ სიას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი იანვარში შეიყვანეს.)
ბულგარეთმა, საფრანგეთმა და რუმინეთმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ სანქციებს, მაგრამ მეტი დრო სჭირდებათ მოსალოდნელი შედეგების შესასწავლად, ხოლო ფინეთმა, გერმანიამ, სლოვენიამ და შვედეთმა გამოხატეს პოლიტიკური მხარდაჭერა და მოითხოვეს სამართლებრივი საფუძვლების გაძლიერება.
არის თუ არა საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები?
სამართლებრივ საფუძვლებზე გარკვეული ეჭვები გამოთქვა ევროკავშირის საბჭოს იურიდიულმა სამსახურმაც, რომელიც გულმოდგინედ განიხილავს სანქციების შესახებ ყველა წინადადებას და ამოწმებს, გაუძლებენ თუ არა ისინი ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში (ECJ) გასაჩივრებას.
განხილვისას ითქვა, რომ EEAS-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ ადასტურებდა კავშირს ერთი მხრივ, „იმედის“ ტელევიზიასა და "პოსტივისა" და მეორე მხრივ, რუსეთის მთავრობას შორის.
ევროკავშირის დიპლომატიური შტო ახლა გააგრძელებს მუშაობას მტკიცებულებების გასამყარებლად და შესაგროვებლად.
რთულია კრემლსა და ორ ქართულ არხს შორის კავშირების დამტკიცება?
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჰიბრიდული სანქციების შავი სია, რომელიც დღემდე შეიცავს 47 ფიზიკურ და 15 იურიდიულ პირს, ძირითადად რუსეთის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისგან შედგება, უკვე საკმაოდ ბევრი სუბიექტია მასში სხვა ქვეყნებიდანაც და ამან შეიძლება გაამყაროს მათი პოზიცია, ვინც “იმედისა” და “პოსტივისთვის” სანქციებს ითხოვს.
მაგალითად, ავიღოთ მოლდოველი ბიზნესმენი ანატოლი პრიზენკო, რომელსაც ბლოკმა სანქციები 2024 წელს დაუწესა.
2023 წლის ოქტომბრის ბოლოს მან რამდენიმე მოლდოველი მოქალაქე საფრანგეთში გაგზავნა, სადაც მათ, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ქუჩებში “დავითის ვარსკვლავი” დახატეს. ეს ოპერაცია ფართოდ გაშუქდა მედიაში, მაგრამ ევროკავშირის ცნობით, ამ "სპეცოპერაციის" კადრები პირველად გაავრცელა მედიაქსელმა Recent Reliable News-მა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მთავრობასთან.
კოტ-დ’ივუარელი ბიზნესმენი ჰარუნა დუამბა ასევე სანქცირებულია ბრიუსელის მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ბურკინა-ფასოში დეზინფორმაციული ქსელის მართვისთვის, რომელმაც ბლოკის თქმით, „კერძოდ საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანია აწარმოვა, მათ შორის შეთქმულების, ტერორიზმის, დესტაბილიზაციის ოპერაციების და ევროკავშირის ან მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ გადატრიალების მომზადების ბრალდებებით”.
ამ შემთხვევაში, ევროკავშირის იურიდიული სამსახური კრემლთან კავშირების მტკიცებულებებით დაკმაყოფილდა, ისევე როგორც მაშინ, როდესაც სტამბოლში დაფუძნებულ AFA Medya A.Ş.-ს სანქციები დაუწესეს. ეს კომპანია მართავს „RED“-ს, რომელიც, ევროკავშირის თქმით, „მოიცავს მედიაპლატფორმების გარკვეულ რაოდენობას, და რომელსაც მჭიდრო ფინანსური და ორგანიზაციული კავშირები აქვს რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ სუბიექტებთან და შემსრულებლებთან. მას ღრმა სტრუქტურული კავშირები აქვს მათ შორის, თანამშრომლობისა და პერსონალის როტაციის ფორმით, რუსეთის სახელმწიფო მედიაორგანიზაციებთან. „ევროკავშირის ორ მოქალაქეს კი, გერმანელ ბლოგერებს, ალინა ლიპს და ტომას როპერს ბლოკმა სანქციები დაუწესა „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის შესახებ დეზინფორმაციის სისტემატური გავრცელებისთვის“.