„ნადირობა ომში“ (1962, აშშ, რეჟისორი დენის სენდერსი)
რობერტ რედფორდი, ვფიქრობ, თავადაც არ მოელოდა ასეთ ტრიუმფს - 1980 წელს მისი, როგორც რეჟისორის დებიუტი, ფილმი „ჩვეულებრივი ადამიანები“ 4 ამერიკული „ოსკარით“ აღინიშნა, მათ შორის, „ოსკარით“ საუკეთესო რეჟისურისთვის. ვერ ვიხსენებ პოპულარულ მსახიობს ასე გაუმართლოს, ასე, ერთნაირად აქონ და ადიდონ მისი სარეჟისორო დებიუტი როგორც კრიტიკოსებმა, ასევე კინოს მოყვარულებმა - თანაც ფილმი, რომელშიც თავად არ მონაწილეობს. მსახიობის ჩაჯდომას რეჟისორის სავარძელში, ძალიან ხშირად არასრულფასოვნების განცდა განსაზღვრავს ხოლმე - გჩაგრავდნენ, მანიპულირებდნენ და ახლა გინდა შური იძიო. ვეღარავინ მოგთოკავს და იმას გააკეთებ, რასაც ისურვებ... მაგრამ რობერტ რედფორდს ვინ რას გაუბედავდა?! 70-იანი წლების მიწურულს, როცა „ჩვეულებრივ ადამიანებზე“ მუშაობას შეუდგა „ჰოლივუდის ოქროს ბიჭის“ სახელი ჰქონდა. მას აღმერთებდნენ... რედფორდმა კი გადაიღო ფილმი სწორედ იმ სოციალურ კლასზე, რომელმაც ამერიკული კინოინდუსტრიის კერპად აქცია, „საშუალო ამერიკელზე“, თითქოს არაფერი რომ აკლია, თითქოს საკმაოდ შეძლებულია, მაგრამ კეთილდღეობის მიღმა ტკივილი და გაუცხოება რომ ტანჯავს. არ არსებობს იმ დროის სხვა ჰოლივუდელი არტისტი, რომელიც თავის ვარსკვლავურ „ეგოს“ ასე ადვილად გაემიჯნებოდა და სხვის ტრავმებს, ტკივილებს ასე მაგრად შეიგრძნობდა.
იმ წლებში აქ, „რკინის ფარდის“ მიღმა, რედფორდი მხოლოდ ერთხელ გვყავდა ნანახი არტურ პენის ფილმში „დევნა“ („კონდორის 3 დღე“ ჩვენს კინოთეატრებში დაგვიანებით, 1981 წელს გამოვიდა). რედფორდი „დევნაში“ ციხიდან გაქცეულ პატიმარს თამაშობს, „წესრიგის გარეთ მყოფი“ ახალგაზრდა კაცია. მზერაც ასეთი აქვს - სულ გაურბის და თითქოს მზერითაც ეწინააღმდეგება თავის თავში ჩაკეტილი პატარა ქალაქის და ქალაქელების სიყალბეს. „დევნა“ იყო სიმბოლური კონტრასტის ფილმიც - აქ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ არა მარტო კანონი და ანარქია, არამედ ჰოლივუდის ორი კერპი, ორი ეპოქა - მარლონ ბრანდო (შერიფი) და რობერტ რედფორდი (ბაბერი). რედფორდი კინოში ხომ სწორედ მაშინ მოვიდა, როცა ჰოლივუდში მარლონ ბრანდო მეფობდა.
„ნადირობა ომში“ მისი ერთ-ერთი პირველი როლია, იმ დროსაა გადაღებული, როცა რედფორდმა სპორტს, ფერწერას და მსახიობობას შორის არჩევანი კინოზე გააკეთა.
კორეის ომის თემაზე გადაღებულ ამ ანტიმილიტარისტულ ფილმში რედფორდი თამაშობს პერსონაჟს, რომელიც მომავალში არაერთხელ გაცოცხლდება მის შემოქმედებაში - კაცს, რომელიც ვერ ნახულობს ადგილს ომის და ძალადობის ხარჯზე შექმნილ სისტემაში. მისი გმირი „უხერხულად“ გრძნობს თავს ომში და ცდილობს ადამიანურობა შეინარჩუნოს. მისი წინააღმდეგობა არ არის ხმამაღალი (ესეც რედფორდის სტილია - ის იშვიათად ყვირის კამერის წინ, ორგანულად სძულს პათეტიკა და მონუმენტალიზმი), „სიჩუმით თამაში“ მისი სტიქიაა, ჩუმი პროტესტი მისი გმირების ცხოვრების წესი. ამიტომ უკვე პირველ როლებში ცხადი ხდება - რობერტ რედფორდი არ მიეკუთვნება ჰოლივუდის მანქანას და ხდება ვარსკვლავი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს დამოუკიდებელი ხელოვანის სახელს. ყველგან - „კონდორის 3 დღეში“, „კანდიდატში“, „გეტსბიში“, „პრეზიდენტის კაცებში“, „იერემია ჯონსონში“... - რედფორდი „სიცივის ზღვარზე“ მშვიდია, მაყურებლისგან დისტანცირებული, ხანდახან გაყინული მზერით. მაგრამ ეს ლაკონიურობა მისი თამაშის წესია. მაყურებელი აკვირდება და ცდილობს არ გამორჩეს ის წამი, როცა რედფორდს მზერასა თუ მოძრაობაში ძლიერი ემოცია „გაეპარება“.
უთუოდ მიაქცევთ, ალბათ, ყურადღებას, რომ ფილმში „ნადირობა ომში“ რობერტ რედფორდს პარტნიორობას უწევს მომავალი რეჟისორი, სიდნეი პოლაკი (სერჟანტ ოუენ ვან ჰორნის როლში). ამ შეხვედრამ ორივე ხელოვანის ბიოგრაფია განსაზღვრა. რედფორდმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სწორედ პოლაკის ფილმებში, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „იერემია ჯონსონი“ მგონია, ყველაზე „მდუმარე“ ფილმი რედფორდის კარიერაში. აქ მსახიობის თამაში მთლიანად ფიზიკურ ჟესტებში, სახის გამომეტყველებაში, სიჩუმესა და გარემოსთან ურთიერთობაში გამოიხატება. ხოლო გმირი - ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცი, რომელიც გადაწყვეტს ველურ ბუნებაში იცხოვროს, “მთის კაცი” - ყველაზე ძალიან ჰგავს თავად რობერტ რედფორდს. კაცი, რომელმაც უამრავი გააკეთა ჩვენი პლანეტის დასაცავად და კიდევ დიდი ხელოვნების, კარგი კინოს დასაცავად.
იშვიათია კინოვარსკვლავმა გამოიყენოს თავისი პოპულარობა (და სილამაზე) სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვის მიზნით. რედფორდმა ეს შესაძლო - ეკოლოგია, ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა - რედფორდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ამავე დროს, მაქსიმალურად ცდილობდა ჩრდილში დარჩენილიყო და უანგარო კაცის სახელით წასულიყო ამ ქვეყნიდან. ასე, „ჩუმად“ ყოფილიყო, თავისი გმირებივით.
„იერემია ჯონსონი“ არის თავისებური ანარეკლი „მწვანე რედფორდისა“, რომელმაც 70-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ბრძოლა ეროვნული პარკების, ველური ბუნების და წყლის რესურსების შესანარჩუნებლად. ცოტა ხანში კი ბუნების დამცველი რედფორდი კარგი კინოს დამცველის როლშიც მოგვევლინა.
სანდენსის ინსტიტუტის და სანდენსის კინოფესტივალის, ანუ დამოუკიდებელი ამერიკული კინოს პირველი ფესტივალის დაფუძნებით რობერტ რედფორდმა თვისებრივად ახალი ეკოსისტემა შექმნა ამერიკულ კინოინდუსტრიაში. მან მსოფლიოს გააცნო ის ავტორები, რომლებსაც ჰოლივუდი ან უმალვე განდევნიდა, ან “შეჭამდა”, როგორც ხელოვანს (კვენტინ ტარანტინო, სტივენ სოდერბერგი, კელი რეიჰარდტი, კეტრინ ბიგელოუ და სხვა). სანდენსი იყო თავშესაფარი იმ ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ვისაც ჰოლივუდის სისტემა არ უსმენდა, ან მტრად აღიქვამდა. ასე გადაიქცა „ალტერნატიული ამერიკული კინოს მფარველად“ კაცი, რომელსაც ამ ახალგაზრდების ვალი არ ჰქონია და არც საჭიროება დამკვიდრებულიყო მათ სამყაროში - რედფორდის ვარსკვლავი ისედაც მაგრად კაშკაშებდა და შეეძლო ასე გაეგრძელებინა არსებობა.
„ჩვენ დავკარგეთ ლეგენდა“ - აღნიშნა ლეონარდო დი კაპრიომ რობერტ რედფორდის გარდაცვალების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ რედფორდი „ლეგენდად“ შეაფასა არტისტმა, რომელიც რედფორდივით თავიდან უფრო გარეგნობის გამო დააფასეს. ჯერ იყო მარლონ ბრანდო, შემდეგ რედფორდი და მერე დი კაპრიო - სამივესთვის გარეგნული სილამაზე დიდ კინოინდუსტრიაში შეღწევის შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა. „ნადირობა ომში“ ამ მხრივაც საინტერესო ფილმია - ახალგაზრდა არტისტის, რობერტ რედფორდის სილამაზის „ორმაგ ხვედრს“ გამოხატავს, ანუ იმას, რასაც რედფორდი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ატარებს - მაყურებელი მას „ოქროს ბიჭად“ აღიქვამს, მაგრამ არც რედფორდის პერსონაჟები და არც თავად რობერტ რედფორდი ამ სიკაშკაშით არასდროს კმაყოფილდებიან.
სრული სახით ფილმი შეგიძლიათ ნახოთ აქ: