„ძროხა“(1969, ირანი, რეჟისორი დარიუშ მეჰრჯუი)
მეც გამახსენეს გასული საუკუნის 70-იანი წლები, როცა შაჰის ხელისუფლების კულტურის ჩინოვნიკებმა ირანული კინოს ჰოლივუდიზაცია დაიწყეს - თეირანში ჩაიყვანეს ამერიკელი პროდიუსერები „ირანის ნატურის“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაცნობად. მაგრამ კინოხელოვნების სრული ვესტერნიზაციის პროცესი ვერ გაგრძელდა - მინიკაბები ჰიჯაბმა ჩაანაცვლა.
რევოლუციის შემდეგ ხმა გავრცელდა, რუჰოლა ხომეინი, საერთოდ, კინოხელოვნების აკრძალვას და კინოთეატრების დახურვას აპირებსო. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, ირანული კინო გადაარჩინა ფილმმა, რომელმაც აღაფრთოვანა ხომეინი (როგორც შაჰის რეჟიმის ყველაზე უკომპრომისო კრიტიკამ). ესაა დარიუშ მეჰრჯუის „ძროხა“, ხომეინის თქმით, „უბიწო ფილმი“, რომელსაც „უცხოური დეკადანსი არ შეეხო“.
ირანის ახალ ხელისუფლებას შაჰის მმართველობის დროს აკრძალული “ძროხა” ყველა შემთხვევაში მოეწონებოდა. რევოლუციას იმ წლებში მხარდამჭერი ინტელიგენცია სჭირდებოდა, მით უმეტეს ის არტისტები, რომლებსაც პატივს სცემდნენ მსოფლიოში. “ძროხის” პრემიერამ კი 1971 წელს ტრიუმფით ჩაიარა ვენეციის კინოფესტივალზე. აღმოჩნდა, რომ შაჰის მმართველობის ქვეშ მყოფ ირანში, სადაც თითქოს მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია გრძელდება (მინიკაბიანი, “ფერადი გოგონები” ამას ადასტურებენ), სოფელი რჩება სრულიად მარგინალიზებულ, გაღატაკებულ სივრცედ, რომელსაც შაჰის რეჟიმი ვერ ან არ აღიქვამს.
ასევე ნახეთ როგორ იქცა ირანი თეოკრატიულ სახელმწიფოდ და რა შეიძლება მოხდესფილმი მოგვითხრობს პატარა ირანულ სოფელში მცხოვრებ ჰასანზე, რომელსაც თავისი ძროხა შვილივით უყვარს (ჰასანს და მის ცოლს შვილი არ უჩნდებათ). ძროხის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ სოფლის მცხოვრებლები გადაწყვეტენ, დაუმალონ სიმართლე ჰასანს, უთხრან, რომ ძროხა უბრალოდ დაიკარგა. ჰასანი ვერ ეგუება დანაკარგს. მისი დარდი ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზრდება, ბოლოს კი თავს ძროხად წარმოსახავს.
თეირანელი „ფერადი გოგონები“ იქით იყოს და „ძროხაში“ აღბეჭდილ ირანულ სოფელში ქალი თითქმის საერთოდ არა ჩანს (ჰასანის ცოლი მხოლოდ ცოტა ხნით გამოჩნდება კადრში). ეს კაცების სოფელია, კაცების ქვეყანაა. “ძროხა” აქ სტატუსის გამომხატველია, გარკვეული თვალსაზრისით, “კაცური სტატუსის”, რომლის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაზრდილია უშვილობის შემთხვევაში. ამიტომაც ძროხა აქ არ წარმოადგენს მხოლოდ საკუთრებას. ცხოველი ჰასანის ნაწილია. შესაბამისად, არაფერი საოცარი არაა იმაში, რომ შეშლილი ჰასანი თავს ძროხად აღიქვამს.
თუკი ირანის რელიგიური ლიდერებისთვის შაჰის კულტურული ჩინოვნიკების მიერ აკრძალული მეჰრჯუის ფილმი “უბიწობის” გამო აღმოჩნდა ფასეული, დასავლეთის კინემატოგრაფიულმა სამყარომ “ძროხაში” სულ სხვა, მისი საზოგადოებისთვის მტკივნეულო პრობლემები დაინახა; ჰასანი აქ აღიქვეს ეკონომიკურად გაღატაკებული სისტემის მსხვერპლად, რომლისთვისაც საკუთრება “ფეტიში” გახდა. ჰასანის გადაქცევა ცხოველად ყველამ გაიგო, როგორც “რეგრესია”, როგორც ადამიანური ცხოვრების შეუძლებლობა იქ, სადაც არის სიღატაკე და უთანასწორობა. მათ შორის უთანასწორობა სოფელსა და ქალაქს შორის.
ასევე ნახეთ უფრო ნამდვილი, ვიდრე სინამდვილესოფელი აქ ჩაკეტილი საზოგადოებაა, რომელიც შიშში ცხოვრობს და გაურბის რეალობას. ხოლო სოფლის მცხოვრებლების კოლექტიური მონაწილეობა სიმართლის დამალვაში აძლიერებს ფსიქოზის განცდას. სოფლელები ჰასანს ძროხის სიკვდილს უმალავენ, ვითომ “არ ინერვიულოსო”, სინამდვილეში სწორედ ტყუილით ცდილობენ, სიმშვიდე და კომფორტი შეინარჩუნონ (ჩვენებურად დღეს ამას “მშვიდობა” ჰქვია).
სიმშვიდე სიმართლის ფასად - ეს ჩაკეტილი საზოგადოების მოდელია, რომელიც იდეალურადაა გამოხატული მეჰრჯუის ფილმში. სოფლელები მალავენ ძროხის სიკვდილს. მაგრამ ეს თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტი, ამავე დროს კოლექტიური ტყუილის სახეა, ფსიქოლოგიური კატასტროფის მიზეზი. კითხვაც პირდაპირ, მკვეთრადაა დასმული - ვინ უფრო შეშლილია, ჰასანი, რომელიც ძროხად იქცა თუ სოფელი, რომელიც სიმართლეს მალავს და მას ყალბი წესრიგით, “მშვიდობით” ანაცვლებს?
და სწორედ ეს კითხვა არ აძველებს დარიუშ მეჰრჯუის ფილმს. კი, „ძროხა“ შესანიშნავი მაგალითია კინოს ისტორიაში იტალიური ნეორეალიზმის განვითარებისა აღმოსავლეთის მიმართულებით...კი, თითქმის იდეალურადაა გაერთიანებული ფილმში ადამიანის მარტოობის ეგზისტენციალური მოტივები და მწვავე სოციალური თემატიკა. ისიც მნიშვნელოვანია, როგორი ოსტატია მეჰრჯუი, როგორც რეჟისორი, როგორც ავტორი - როგორ ქმნის ატმოსფეროს, როგორ შეუძლია განავითაროს მოქმედება თითქმის სრულიად ცარიელ სივრცეში, ნანგრევებში, ე.ი. იქ, სადაც წარსული განადგურებულია… მაგრამ მთავარი მაინც ირანის სოციალური წყობის არქეტიპია, რომელსაც უდიდესი ოსტატობით ქმნის მეჰრჯუი - ინფორმაციის აკრძალვა, „სულიერი ზიანისგან“ ხალხის დაცვა — ის, რაც არაერთხელ განმეორებულა ირანის ისტორიაში, რაც იყო შაჰამდე და რაც გაგრძელდა შაჰის შემდეგ.
ასევე ნახეთ ქალების მარშიმიუხედავად იმისა, რომ “რევოლუციურმა ხელისუფლებამ” ცოცხალ კლასიკოსად აღიარა, 1980-იანი წლების დასაწყისში მეჰრჯუიმ ირანი დატოვა და საფრანგეთში გადასახლდა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ახლა მართლა როგორც კლასიკოსი, ისევ შეუდგა კინოს გადაღებას. ღია პოლიტიკური აქტივიზმისგან თავს იკავებდა, თუმცა ხელისუფლების დაკვეთით არაფერი გაუკეთებია. 2007 წელს ირანის ცენზურამ აკრძალა მეჰრჯუის “სანტური”, ფილმი მუსიკოსზე, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის. თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მეჰრჯუიმ “შუაშისტური” პოზიცია გადალახა და ღიად განაცხადა: “მე ისინი ხელოვნების მტრები მგონია”
2023 წლის ოქტომბერში დარიუშ მეჰრჯუი და მისი ცოლი, სცენარისტი ვაჰიდე მოჰამადიფარი თავიანთ სახლში მოკლულები იპოვეს. საუბრობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულზე, თუმცა ოფიციალურად ეს ვერსია არ დადასტურებულა. მეჰრჯუის დაკრძალვას ირანული კინოს საუკეთესო წარმომადგენლები დაესწრნენ. არაერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ბევრი ხელოვანისთვის ეს მკვლელობა იყო გაფრთხილება, იმის გახსენება, რომ თანამედროვე ირანში კრიტიკულად მოაზროვნე ხელოვანის სიცოცხლე კვლავაც საფრთხეშია.
მეჰრჯუის დაკრძალვას ვერ დაესწრო რეჟისორი, რომელმაც ყველაზე მეტად განიცადა მისი შემოქმედების გავლენა - მოჰსენ მაჰმალბაფი. ერთი კვირის შემდეგ ამ დიდი არტისტის მთავარ ფილმზე გიამბობთ.
„ძროხის“ სრული ვარიანტის ნახვა (სრულწლოვანების დაზუსტებით) ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ აქ.
ასევე ნახეთ ირანული რევოლუცია კანის ფესტივალზე