ავტორი: მაკა დოლიძე
სპეციალისტი და პედაგოგი ინტეგრაციის სფეროში, ოსლო, ნორვეგია
საქართველოს თავისი ისტორიის არცერთ ეტაპზე გაჰკვირვებია სტუმარი თუ მომხსენებელი, თუმცა საზოგადოებას მუდმივად გვმართებს დავსვათ კრიტიკული კითხვები და დავინტერესდეთ, რას შეიძლება ემსახურებოდნენ გაჟღერებული მოსაზრებები.
რამდენიმე დღის წინ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის ლექტორი გლენ დისენი ეწვია საქართველოს და სახელმწიფო მედიის საშუალებით ფაქტობრივად ხალხსაც მიმართა, სადაც მან ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე სცადა საქართველოს დასავლური თანამშრომლობისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის გაკრიტიკება. მისი გეოპოლიტიკურ შეფასებები ქართული და დასავლური დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმურობისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.
და მაინც ვინ არის გლენ დისენი?
ნორვეგიული რეალობისთვის არახალია გლენ დისენის პრორუსული ქადაგებები, რითაც ის ცდილობს რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა თავდაცვის პოლიტიკის ნაწილად გაასაღოს, თან იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაც რუსეთი სისტემატურად და ისტორიულად აოხრებს. ამ სიყალბის გადასაფარად საჭირო ხდება მტრის ხატი, რისთვისაც ის ევროატლანტიკური თანამშრომლობის დემონიზებას ცდილობს.
მრავალი წელია, გლენ დისენი რეგულარული კომენტატორია ისეთ რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებში, როგორიცაა Rurssia Today და Sputnik. ის ასევე ასოცირდება ნორვეგიაში ახლად დაარსებულ პარტიასთან "მშვიდობა და სამართლიანობა", რომელმაც მრავალმილიონიანი დაფინანსება რუსული ბიზნესიდან მიიღო - მათ შორის ნორვეგიული წარმოშობის მაგნატის ატლე ბერგესგან, რომელიც მურმანსკში ბეტონის ბიზნესით გამდიდრდა.
მასობრივი სარეკლამო კამპანია მათ ნორვეგიის დამოუკიდებლობის დღეს, 17 მაისს პროვოკაციულად დაიწყეს: როდესაც ყველა ქუჩაშია გამოფენილი და ზეიმობს, მთელი ოსლოს მეტრო მათი პროპაგანდისტული პლაკატებით მორთეს. მათზე განთავსებული მესიჯები და ლოზუნგები ნორვეგიის სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ მიმართულებას ღიად უპირისპირდებოდა. მოსახლეობა იმდენად გაბრაზდა, რომ აფიშების დიდი რაოდენობა თავად მოქალაქეებმა ჩამოხსნეს და ნაგავში მოისროლეს.
ნორვეგიაში პარტიები პასუხისმგებელნი არიან, გაასაჯაროონ კერძო შემოწირულებები, რომელიც 10 000 ნორვეგიულ კრონს ცდება. "მშვიდობა და სამართლიანობა" კი ცდილობდა გვერდი აევლო ამ კანონისთვის, რათა დამფინანსებლის ვინაობა დაემალა. მათთან დაკავშირებული ბრაზი ქვეყანაში მას შემდეგ გაიზარდა, როცა მათმა ახალგაზრდა ფრთის ლიდერმა ჩრდილოეთი კორეა მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიად მოიხსენია.
ნორვეგია შეშფოთებული უყურებს განვითარებულ მოვლენებს, რადგან ნორვეგიის სახელმწიფო თავად დგას ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ინტერნაციონალური სოლიდარობა მეტი სამართლიანობისთვის. პარტია "მშვიდობა და სამართალი" კი რუსული ინტერესების შესაბამისად ეწინააღმდეგება უკრაინის გვერდით დგომას.
საგულისხმოა ისიც, რომ პარტია "მშვიდობა და სამართლიანობა" დაფუძნდა პარტია "წითლებისგან" გამოყოფილი მცირერიცხოვანი ჯგუფისგან, რომელიც საკუთარ პარტიას დაუპირისპირდა, როდესაც ამ უკანასკნელმა წლიურ ყრილობაზე გაბედულება გამოიჩინა და შეუერთდა დანარჩენ სოლიდურ პარტიებს უკრაინისთვის დახმარების საქმეში.
ნორვეგიის მთავრობა მიიჩნევს, რომ უკრაინისათვის ზურგის შექცევა იქნება დიდი ისტორიული შეცდომა და ქვეყნის უმთავრესი ღირებულებების ღალატი, რასაც ისტორია არ აპატიებს.
მშვიდობა, როგორც აგრესიული პოლიტიკის რიტორიკული იარაღი
მშვიდობა, როგორც რიტორიკული იარაღი, ბევრჯერ იქნა ისტორიის მანძილზე გამოყენებული თავისუფლებისთვის ბრძოლის დემონიზებისთვის.
როდესაც ვიხსენებთ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის შექმნას 1918 წლის 26 მაისს, უნდა გვახსოვდეს, რომ იმავე წლის იანვარში მოგვიხდა რუსეთის თავდასხმის მოგერიება. ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიის სწორად გასააზრებლად. ჩვენი თავისუფლება თავისთავად, რუსეთის დაშლით არ მოსულა. ჩვენ ის ბრძოლით მოვიპოვეთ.
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა (1918–1921) იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დემოკრატია. მას ჰქონდა სოციალ-დემოკრატიული მმართველობა, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და ჰყავდა მსოფლიოში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი პარლამენტში.
1921 წელს წითელი არმიის სისხლიანი შემოჭრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საბჭოთა გაზეთი „კომუნისტი“ წერდა, რომ „ქართველ გლეხმა შვებით იწყო სუნთქვა“. სინამდვილეში კი ჩაგვრის ახალი ერა დაიწყო მაშინ. რუსული ძალაუფლების ენა არ შეცვლილა: დაპყრობა მონათლულია მშვიდობად, თავისუფლებისთვის ბრძოლა კი დემონიზებულია, როგორც ომი.
არც ის იყო შემთხვევითი რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ევროვიზიაზე თეთრებში გამოწყობილი პოლინა გაგარინა აფრინა მშვიდობასა და სოლიდარობაზე სამღერლად. დაპყრობა მშვიდობის სახელით, კრემლის რიტორიკული Starter Pack-ია, რომელიც გამოიყენება ხალხის დემოკრატიულ ღირებულებებთან გაუცხოებისთვის, სამართლის ინსტიტუტების ჩამოშლის გზით საკუთარი ძალადობის მშვიდობის ოპერაციად გასასაღებლად და თავისუფლებისთვის მებრძოლთა დასასჯელად.
მშვიდობა მსოფლიოს?
სინამდვილეში ლოზუნგს „მშვიდობა მსოფლიოს“ ფესვები აქვს რუსულ მართლმადიდებლურ ლიტურგიაში, რომელიც დროთა განმავლობაში პოლიტიკურ იარაღად იქცა. 1804 წელს პოეტმა გავრილ დერჟავინმა გამოიყენა ეს გამოთქმა თავის პოემაში "გედი". 1814 წელს ნაპოლეონზე რუსეთის გამარჯვების შემდეგ კი ეს ლოზუნგი მოსკოვში გამარჯვების სიმბოლოებზე დაატანეს. 1917 წლის რევოლუციურ წელს „მშვიდობა მსოფლიოს“ საბრძოლო ძახილად იყო გამოყენებული. 1951 წლიდან იგი გახდა საბჭოთა პრესისა და საჯარო სივრცის მუდმივი ნაწილი.
ის მშვიდობა, რომელსაც რუსეთი იბრალებს და დისენი ექომაგება, სინამდვილეში კაპიტულაციის ენაა. ქვეყნებისთვის იმის დაბრალება, რომ მათი სუვერენული პოლიტიკური ხედვები რუსულ მოლოდინებს უნდა შეესაბამებოდეს. ეს კი პრაქტიკაში თავისთავად აუქმებს საქართველოსა და რიგი ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
დისენს ნორვეგიაში ხშირად ედავებიან სწორედ ამ თემაზე, რომ ის უგულებელყოფს ერების სუვერენულ ნებას და უფლებას, თავად აირჩიონ პოლიტიკური მიმართულება და მართონ საკუთარი პოლიტიკური თუ სოციალური აწმყო და მომავალი.
დასავლეთის წვლილი საქართველოს განვითარებაში
შემთხვევითი არ არის რომ გლენ დისენი უგულებელყოფს იმ ლომის წილს, რომელიც სწორედ დასავლეთს მიუძღვის, რომ 90-იან წლებში შიმშილითა და სნეულებებით არ განადგურდა საქართველო. ხალხს არ დავიწყებია 1990-იან წლებში ვინ ედგა გვერდით საკვების დეფიციტით და შიდსისა და ჰეპატიტის ეპიდემიით კოლაფსის პირას მყოფ საქართველოს!
სწორედ დასავლეთმა შეძლო მაშინ ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებების სისტემატური გაწევით ფეხზე წამოვეყენებინეთ. სწორედ დასავლეთი იყო მაშინ ის, ვინც ირწმუნა ჩვენი, დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბებაში ხელი გაგვიმართა. სწორედ ამ მხარდაჭერით განხორციელებული ჯანდაცვისა თუ სხვა დემოკრატიის ხელშემწყობი პროექტების წყალობით შევძელით მთელი რიგი სნეულებების დამარცხება და ფეხზე დადგომა.
გაერთიანება თავისუფლების განსამტკიცებლად
გლენ დისენი კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ საქართველო დასავლეთის გავლენის მსხვერპლია. როდესაც დისენი ამას გარედან ჩარევის მცდელობას უწოდებს და მოუწოდებს ქვეყანას ამას გაემიჯნოს, იგი უგულებელყოფს ჩვენს ისტორიას.
როდესაც დისენი ამბობს, რომ დღევანდელი კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების შედეგია და არა რუსეთის დანარჩენ ქვეყნებზე თავდასხმის პოლიტიკისა, მას მთავარი რჩება მხედველობის გარეთ; მთელმა რიგმა ქვეყნებმა, მაგალითად, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ თუ ლიეტუვამ ნატო და ევროკავშირი აირჩიეს სწორედ მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე გამოტანილი დასკვნებით! ეს ალიანსები ჩამოყალიბდა სწორედ მცირე და დიდი დემოკრატიული ერების დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად! და სწორედ იმ იდეით, რაც წმინდად ქართულიცაა, რომ "ძალა ერთობაშია!" ოღონდ ეს ერთობა არ არის მტერთან კაპიტულაცია, არამედ ღირსეულ პარტნიორებთან თანამშრომლობა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანამ ნატო და ევროკავშირი ყალიბდებოდა და მტკიცდებოდა, ჩვენ ჯერ კიდევ რკინის ფარდის უკან - რუსული ჩექმის ქვეშ ვიტანჯებოდით. მათ ვისაც არ ახსოვს, ნატო შეიქმნა 1949 წელს მეტი უსაფრთხოებისთვის, ევროგაერთიანება 1957 წლიდან ეკონომიკური პროექტია წევრი ქვეყნების სტაბილური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
არც ნატო და არც ევროგაერთიანება არაა რუსეთისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ რუსეთი ჯიუტად ებღაუჭება სხვების ნგრევას საკუთრის შენების ნაცვლად. საქართველოს ამოცანა არის გაემიჯნოს რუსულ ძალადობას და იქცეს ღირსეულ და ანგარიშგასაწევ ქვეყნად, ხელიდან არ გაუშვას ეს ისტორიული შანსი მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ მჩაგვრელის ტვირთი ზიდოს თავისი რესურსების შეწირვის ხარჯზე.
საქართველო, როგორც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა, იმსახურებს სტაბილური განვითარების შესაძლებლობებს იმ ცივილიზებულ ოჯახში, სადაც ისტორიულად არის მისი ადგილი. ჩვენი მომავალი იმსახურებს, ჰქონდეს თავისუფალი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, რომელიც ფართო ნაბიჯით წინაურდება საერთაშორისო ასპარეზზე.
რატომ გახდა რუსული დეზინფორმაცია ასე თვალსაჩინო?
საქართველოს ისტორია სავსეა კომპრომისებით და მოთმინებით, რომელმაც ქვეყანას მარცხის და რეპრესიების მეტი ვერაფერი მოუტანა, ვერც მეფის რუსეთის დროს, ვერც საბჭოთა კავშირის დროს, ვერც 2008 წელს. ჩვენი დიპლომატიური თავშეკავების მიუხედავად, ჩვენ გოჯ-გოჯ გვტაცებენ მიწას და მოქალაქეებს, და ხშირად გვიკლავენ კიდეც მათ.
საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, საქართველომ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა. 2021 წელს, 13-წლიანი სამართალწარმოების შემდეგ, ფართოდ გახდა ცნობილი რუსული აგრესიის თაობაზე, ამას დაემატა 2014 წლის უკრაინის მოვლენებიც, რამაც რუსეთს საბოლოოდ ჩამოხსნა მშვიდობისმყოფელის ნიღაბი მსოფლიოს წინაშე და სწორედ ამიტომაა, რომ დღეს დასავლეთი არ ყოყმანობს რუსეთის ძალადობის შეფასებისას!
რუსული რეჟიმი კი დაუფარავ აგრესიაზე გადადის და პირდაპირ გვატყუებს, რადგან, ერთი მხრივ, კიდევ სჯერა, რომ კარგად გვირეცხავს ტვინს თავისი მრავალმილიარდიანი დეზინფორმაციით და საზოგადოების ინფილტრაციით; მეორე მხრივ, კი იმიტომ, რომ სასოწარკვეთილს მეტი არაფერი დარჩენია.
მსჯელობა არგუმენტების გარეშე?
დისენის დასწავლილი აკადემიური ენა, ვერ უძლებს მის არგუმენტმოკლებულ გეოპოლიტიკურ მსჯელობას. გამოხატვის თავისუფლება არავის ათავისუფლებს ობიექტურად საუბრის ვალდებულებისაგან.
როდესაც დისენი ოსტატურად უვლის გვერდს რუსეთის რეალობას, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის რუსეთია, რომელიც ისტორიულად გვაოხრებდა და დღეს ღიად სტრატეგიულ პარტნიორობაშია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოძალადე რეჟიმებთან ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. ვისაც საქართველოს ისტორია ჯერ კიდევ ახსოვს, დრო მოვიდა გავიაზროთ, რომ ირანი და რუსეთი, მუსლიმური მომხდურები და ე.წ. ერთმორწმუნე მეზობელი სინამდვილეში ერთი თამაშის ორი მხარეა. თამაშისა, სადაც რუსეთი ინდივიდუალური თავისუფლების ხელყოფის პოლიტიკის საფასურად მათგან მილიტარულ და სხვა სახის სამხედრო მხარდაჭერას იღებს. ეს არის ალიანსი ადამიანური თავისუფლებების წინააღმდეგ. თავისუფლებებისა, რომელიც გლენ დისენს საკუთარ სამშობლო ნორვეგიაში უხვად აქვს, მაგრამ რატომღაც მას ის ქართველებისთვის არ ემეტება.
საკუთარი თავის უკეთ გაცნობის დროა!
ხალხმა რომ შეძლოს ტყუილის სიმართლისგან გარჩევა, ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ ფაქტებზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელების ხედვა და სტრატეგიები. დეზინფორმაციას ისე ვერ გავუმკლავდებით.
დღეს გეოპოლიტიკური შემობრუნების ხანაში ვართ, სადაც ისტორიული სამართლიანობა, რომელიც საქართველოს ჯერ არ ღირსებია, არის დასავლური თანამშრომლობის დღის წესრიგში, და სწორედ ამას უნდა ჩაებღაუჭოს საქართველო, რომ გადავრჩეთ ყველა და ავცდეთ რუსეთის ისტორიულ მძევლობას.
ასევე ნახეთ ”თუკი ტყეში დათვი ბინადრობს“