„ან სიკვდილი, ან გამარჯვება“ - შიმშილობა გედევან ფოფხაძემაც გამოაცხადა

ელენე ხოშტარიას შემდეგ პარლამენტთან შიმშილობა გედევან ფოფხაძემაც გამოაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას შემდეგ, შიმშილობა გამოაცხადა გედევან ფოფხაძემ, - „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა (2012-19 წლებში). შიმშილობა გამოაცხადა ასევე სამმა აქტივისტმა.

„მე ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას, მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას“, - უთხრა ფოფხაძემ დღეს დილას, 28 ივნისს პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „აბსოლუტურად“ ეთანხმება ელენე ხოშტარიას: „შეუძლებელია რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, როდესაც არის შექმნილი უკანონო რეპრესიული არალეგიტიმური სისტემა, რომელიც ადამიანებს დევნის და ერთი ადამიანის კერძო ინტერესს ემსახურება“.

„ამ ფონზე, თუ [მოწინააღმდეგეს] არ დავუპირისპირდით თავგანწირვით და პრინციპული პოზიციით, ჩვენ ამით ვღალატობთ იმ ხალხსაც, ვინც ციხეში უკანონოდ ზის, იმ საზოგადოებას, ვისაც კიდევ აქვს იმედი საქართველოს ევროპული მომავლის. ამიტომ მგონია, რომ ეს არის ბრძოლის სწორი ფორმა“, - თქვა მან.

„მზად ვართ, თავი გავწიროთ ამ პოზიციისათვის... ან სიკვდილი, ან გამარჯვება. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება რეჟიმის მიმართ. ამიტომ, მე დღეიდან ვარ ელენესთან ერთად. არავის მოვუწოდებ, მაგრამ მჯერა, ეს პროტესტი ბევრისთვის გახდება მიზიდულობის ცენტრი“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძის შემდეგ, შიმშილობა დაიწყო სამმა აქტივისტმა - ბაჩო კუციამ, ვასილ ელიავამ და გიორგი სტეპანოვმა. ისინი პარლამენტთან იმყოფებიან.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წუხელ, 27 ივნისს შიმშილობა გამოაცხადა. „მზად ვარ, თავი შევწირო რეჟიმს“, - თქვა მან და საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ასევე ნახეთ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა: „მზად ვარ, თავი შევწირო რეჟიმს“

ხოშტარიამ, რომელიც შარშან რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ახერხებდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, წუხელ განაცხადა:

„მე აქ, რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს არ არის უბრალოდ თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება“.

„თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს არ ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით“, - ხოშტარიას თქმით, ეს არის მისი გზავნილი „ქართული ოცნებისადმი“.

მეორე გზავნილით კი ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას რევოლუციისკენ მოუწოდა (წინა შემთხვევებში, მათ შორის 2022 წლამდე, როდესაც სოციალურ ქსელებსა თუ აქციებზე გაკეთებული განცხადებები სუს-მა „რევოლუციისკენ მოწოდებად“ ჩათვალა, განაცხადა, რომ „ეს დანაშაულია“ და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

ასევე ნახეთ სუს-ი: მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისკენ

„რწმენა, რომ ამ ტიპის ბრძოლა საჭიროა, მე მაძლევს ყველანაირ ფიზიკურ და მორალურ ძალას“, - თქვა დღეს, 28 ივნისს ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიამ 2021 წლის ნოემბერში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.