დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა საქმის მთავარი მოწმეები ბოლოსთვის მოიტოვა. ისინი გდდ-ს თანამშრომლები არიან და ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ამოიცნეს ბრალდებულები და საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. სპეცრაზმელების გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ ადვოკატებს.
დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ.
მათ პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
იმ დროისთვის, როცა გდდ-ს თანამშრომლები ბადრი თათანაშვილი და ავთანდილ ფოცხვერაშვილი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს, უკვე ამოქმედებულია მედიის შემზღუდავი კანონი. სასამართლო სხდომის გადაღების უფლებას ტელევიზიებს იუსტიციის საბჭო, მიმართვების მიუხედავად, არ აძლევს. ფოტო/ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა აკრძალულია სხდომათა დარბაზში და დერეფანში.
პირველი ბადრი თათანაშვილი გამოიძახეს. აქციების დროს 28 წლის ბადრი თათანაშვილი გდდ-ის მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.
უცნობია, სად მუშაობს ის ახლა. მოწმემ სამუშაო ადგილი არ დაასახელა. მას დასაბუთებაში პროკურორი დაეხმარა - მოწმე „სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე [სამუშაო ადგილის] იდენტიფიცირებას არ მოახდენსო”. მხოლოდ ის ითქვა საჯაროდ, რომ მისი სამსახური ისევ შსს-ს დაქვემდებარებაშია.
ბადრი თათანაშვილი
ბადრი თათანაშვილმა რელიგიური ფიცი დადო და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მოუყვა, როგორ დაიმახსოვრა „იერით“ დავით ლომიძე და გურამ ზასოხაშვილი შარშან, 30 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.
ბადრი თათანაშვილის ჩვენება:
„ვმუშაობდი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, უშუალოდ მევალებოდა წესრიგის აღდგენა.
30 ნოემბერს რუსთაველის მიმდებარედ ვიყავი. ღამის 12 საათზე ჭიჭინაძის ქუჩაზე გადავინაცვლეთ, სადაც დავყავით დაახლოებით ორი საათი, ცოტა მეტი კიდევ. აქცია მიმდინარეობდა... დავიკავეთ ჭიჭინაძის ქუჩა. ჩემთან ერთად იყო შსს-ს ბალანსზე წყლის ჭავლის მანქანა. მიმდინარეობდა აქცია, ვიყავი ფარების უკან, იყო პიროტექნიკის, ქვების სროლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, როგორც მოგეხსენებათ მოლოტოვიც კი გამოიყენეს ბოლოს.
იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქტიურობდნენ და ჩვენ მათ ორი საათი მაინც ვაკვირდებოდით... ორი საათი ჩემთვის საკმარისია, რომ დამემახსოვრებინა ის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ მოლოტოვი ისროლა...
მოდიოდნენ ჩვენკენ, რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფაც მოგვაყენეს, ქვაც გვესროლეს... დაიკავეს პარლამენტის კუთხის მიმდებარედ ადგილი, სადაც ვაკვირდებოდით, რადგან იყო საშიშროება, რომ შეიძლება კიდევ რაღაც ესროლათ და ვაკვირდებოდით იმ ადგილს, [ეს] ჩემს მოვალეობაშიც შედიოდა. აღვიქვი ორი ადამიანი, ერთი 50-წლამდე იყო, მეორე 38 წლამდე. სახის იერზე დავიმახსოვრე... ახლაც რომ მაჩვენოთ ფოტოებში, გეტყვით რომელია.
პირველი მოლოტოვი 50 წლამდე კაცმა ისროლა და წყლის ჭავლის მანქანას მოხვდა, იყო საშიშროება, რომ სხვაც დაზიანებულიყო. პირადად მე ჩავაქრე ცეცხლი. მეორე მოლოტოვი წყლის ჭავლის მანქანასთან წინ დააგდო, მესამე 38 წლამდე ადამიანმა გამოისროლა, წყლის ჭავლის მანქანას მოხვდა და ისიც აღმოვფხვერი, ჩავაქრე.
დაზიანდა შსს-ს ბალანსზე არსებული ავტომობილი. შესაძლებელი იყო, რომ თითოეული ჩვენგანი დაზიანებულიყო, გადავრჩით, საბედნიეროდ.
... მაგ მომენტში ნებისმიერი შესაძლებლობა შეიძლება დასრულებულიყო დამწვრობით, სიცოცხლის დასრულებითაც კი, ბევრი რაღაც მოჰყვებოდა, აღვიქვით ისე, რომ ვიღაცას ჩვენი სიკვდილი უნდოდა.. მაგრამ, ღმერთის წყალობით, ზიანი არ მიგვიღია და გადავრჩით, სავარაუდოდ“.
ასევე ნახეთ ვინ არის ის 5 მოსამართლე, რომლებმაც 8 პოლიტიკოსს პატიმრობა მიუსაჯეს?სპეცრაზმელის თქმით, მან ამოიცნო ბრალდებულები დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი.
„გვაჩვენეს ოთხი სურათი, ამ ოთხი სურათიდან ამოვიცანი ორი პიროვნება, ახლაც რომ მაჩვენოთ, ამოვიცნობ. ორი საათი დავყავი და დავიმახსოვრე ეს ორი პიროვნება სახის იერით”, - თქვა მან.
პროკურორმა დააზუსტა, რა ნიშნების გამოყოფა შეეძლო მისი გარეგნობიდან. მოწმემ უპასუხა: „იმის მერე გარკვეული პერიოდია გასული და ვერ გეტყვით რა ეცვა, როგორ, წვერი ჰქონდა თუ არა. სახის იერით დამამახსოვრდა ისინი”.
პროკურორი სთხოვს მოწმეს, შეხედოს თემურ ზასოხაშვილს, თუ შეუძლია მისი ამოცნობა. დავით ლომიძე სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრება, მას ოპერაციას უკეთებენ.
„აქ ვინც ზის, 37-38 წლამდე პირია და ფოტოზეც ამოვიცანი“, - ამბობს მოწმე.
ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი დაინტერესდა, როგორ შეიტყო სპეცრაზმელმა გამოძიების დაწყების შესახებ.
თათანაშვილი: „მე თვითონაც პოლიციელი ვარ, იქ ვიყავი და ვმონაწილეობდი, რაციებიდან გამომდინარე, სამინისტროდან გამომდინარე, რაციებით გადაეცემა დახმარების ჯგუფებს, გავიგე, რომ საქმე აღიძრა და მე თვითონ ვისურვე მოვსულიყავი და ....“
ადვოკატი: რა იცოდით, რომელი სამმართველო იძიებდა?
მოწმე: ვიკითხე თავად, მითხრეს და მივედი.
ადვოკატი: ეს საჯარო ხდება ხოლმე, ვინ არის გამომძიებელი? ვის კითხეთ?
მოწმე: სამსახურში ვიკითხე, კონკრეტული პიროვნება არ მახსოვს.
ამის შემდეგ ადვოკატებმა მას აჩვენეს ვიდეო, რომელიც საქმეში მტკიცებულებაა დავით ლომიძისა და თენგიზ ზასოხაშვილის წინააღმდეგ. ვიდეოზე ჩანს, რა ხდება ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის კუთხეში, შადრევანთან. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, გაირჩევა წყლის ჭავლის მანქანისა და რობოკოპების სილუეტები.
მოწმე უმტკიცებს ადვოკატს, რომ იმ დღეს ჭიჭინაძის ქუჩაზე „ადამიანების ამოსაცნობი ხელისშემშლელი გარემოება არ ყოფილა“.
დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, მას ჩვენებაში უწერია ფრაზა: საშუალო სისქის სახის ნაკვეთი. ის ამ ჩანაწერის მნიშვნელობითაც დაინტერესდა.
„იერსახეზე ამოვიცანი. თვალის ფერი და წვერი არ მახსოვს...არ ვიცი ეგეთი რაღაც“, - ასეთია ყოველ დამაზუსტებელ კითხვაზე მოწმის პოზიცია. ის ამბობს, რომ არ ახსოვს დემონსტრანტებს, რომლებსაც ხელი დაადო, ქუდი ან პირბადე თუ ეკეთათ და ჰქონდათ თუ არა წვერი.
მეორე დაზარალებული, ავთანდილ ფოცხვერაშვილი, აქციების დროს გდდ-ის მე-2 მთავარი სამმართველოს სპეცტექნიკის განყოფილების თანამშრომელი იყო.
მან ჩვენებაში თქვა, რომ 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
„ეგ მანქანა [წყლის ჭავლის - რ.თ.] გამოიყენება მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რამე რომ არ მოხდეს და არ დაზიანდეს, მართლწესრიგის აღსადგენად“, - თქვა მან სასამართლოზე და განაგრძო:
„რუსთაველის გამზირზე საღამოს 8 საათიდან ვიმყოფებოდი და სადღაც 12 საათისკენ გადავედი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის გვერდით... იყო შეურაცხყოფები პოლიციის მიმართ, პიროტექნიკის გამოყენება.
[დააზუსტა, რომ 12 საათამდე არ გამოუყენებიათ წყლის ჭავლი.]
აგრესია გამოიხატებოდა მოქალაქეებს შორის, ყველაფერი ნათელი იყო, პიროტექნიკა, ქვების სროლა. პარლამენტის კუთხიდან, შადრევნიდან გვესროლეს მოლოტოვის კოქტეილი, მანქანაში ვიჯექი. დავინახე, კი, ჩანდა ყველაფერი წინ, ვინც აქტიურობდა, ყველაფერი ჩანდა.
ავთანდილ ფოცხვერაშვილი
პირველი მოლოტოვი 50 წლამდე შუა ხნის კაცმა ისროლა, კუთხიდან გამოვიდა, მოგვაგდო მოლოტოვის კოქტეილი, მოგვედო ცეცხლი და ჩავაქრეთ. როცა ჩავაქრეთ, შეტრიალდა და ისევ გამოვიდა კუთხიდან და მეორედ ისროლა. წინ დაეცა და ჩავაქრეთ ცეცხლით.
ერთ წუთის ინტერვალით გამოვიდა სხვა ადამიანი და მესამედ გვესროლა მანქანაზე. მანქანასთან მოეკიდა, გვერდიდან ხდებოდა ეს ყველაფერი, მანქანის მარჯვენა კარია დამწვარი".
კითხვაზე, როგორ შეძლო ადამიანების დანახვა და დამახსოვრება, თუ პარალელურად წყლის ჭავლს იყენებდა, მოწმემ უპასუხა, რომ ეს მანქანა დიდია, ყველა ადამიანის სახე ჩანს, თანაც ბრალდებულებს არც ნიღბები არ ეკეთათო.
ფოცხვერაშვილმა თქვა, რომ წყლის ჭავლის მანქანის მძღოლიცაა და „მის მიმართულებასაც“ განაგებს.
„მე არ უზრუნველვყოფდი წყლის ჭავლის თვითნებურად გასროლას, მეუბნებიან ბრძანებას და ვასრულებ ბრძანებას“, - დააზუსტა მან.
ფოცხვერაშვილს ამოცნობის ოქმში უწერია, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს „ჭაღარანარევი წვერი ჰქონდა“. მან ვერ დააზუსტა, რომელს ჰქონდა წვერი - თემურ ზასოხაშვილს, რომელიც ახლა სხდომაზე იჯდა, თუ დავით ლომიძეს, რომელიც ოპერაციისთვის ემზადებოდა.
ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილისთვის გაუგებარია, რატომ აქვთ ამ პოლიციელებს დაზარალებულის სტატუსი:
„ზიანი, მაგალითად, ბადრი თათანაშვილს არ მიუღია, თან წინა ხაზზე არ იდგა. ფარმომარჯვებული სპეცრაზმელების ორი მწკრივის უკან იდგა. არ ვიცით, რატომ გამოაჩინა ეს მოწმეები პროკურატურამ საერთოდ. ავთანდილ ფოცხვერაშვილს წამოცდა, რომ უფროსობამ მითხრა, ეს ჩვენება უნდა მიმეცაო", - ამბობს ადვოკატი.
მოწმეების დაკითხვის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა სხდომაზე გადაღებული მათი ფოტოები, რომლებიც მედიასაშუალებებმა, მათ შორის რადიო თავისუფლებამაც, გამოიყენეს. პროკურორმა ამის შესახებ სხდომაზევე შეიტყო და მოსამართლეს მიმართა:
„მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში აკრძალულია ფოტოგადაღება, საჯარო სივრცეში გავრცელდა ფოტოსურათი, რომელიც ამ დარბაზში გადაიღო კონკრეტულმა პირმა. ამ შემთხვევაში მე, რა თქმა უნდა, მოგმართავთ…“
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი: შეგიძლიათ მაჩვენოთ?
პროკურორი: დიახ!
მოსამართლე: კი ბატონო. პროცესის დაწყების წინ სასამართლომ (…) მოგიწოდათ მობილური ტელეფონების გათიშვისკენ და ფაქტია, რომ აღნიშნული მოცემულობა არ იქნა გათვალისწინებული, სასამართლოს მითითებას არ დაემორჩილეთ, შესაბამისად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასამართლო სხდომის დახურვის თაობაზე. მანდატურის სამსახურს ვთხოვ, უზრუნველყოს პროცესის დამსწრე პირების სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანა!“
სხდომა დაიხურა, დამსწრეებს, მათ შორის მედიას, დარბაზი დაატოვებინეს. უცნობია, სრულად დახურა ეს საქმე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, თუ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ სხდომას შეეხო.
„შეუძლებელია, რომ ღამით იმ არეულობაში და ალიაქოთში ადამიანი გაერჩიათ, თან წვერს ატარებდა მაშინ ზასოხაშვილი და ჰუდი ჰქონდა წამოხურული”, – ამბობს თემურ ზასოხაშვილის ადვოკატი ირაკლი აბსანძე.
პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სახეები მათ წინ მოთავსებული ფოტოებიდან ამოიცნეს. თუმცა ამ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულების სიმყარეში ეჭვი ეპარება დავით ლომიძის ადვოკატს, დიმიტრი ვარდიაშვილს და ამბობს, რომ პოლიციელთა ჩვენებები თითქმის ემთხვევა ერთმანეთს.
„პოლიციელებს ზუსტად ერთი და იგივე სიტყვები, წერტილ-მძიმეც კი ერთი და იგივე აქვთ ჩაწერილი ოქმებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტექსტი მათ არ დაუწერიათ. ისინი, უბრალოდ, მივიდნენ და ხელი მოაწერეს”, – ამბობს ვარდიაშვილი.
საქმეში არ დევს ჰაბიტოსკოპიური ანალიზი, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა, რომ ვიდეოში დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ჩანან.
დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, სამაგიეროდ, საქმეში არის ნივთმტკიცებები, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება ბრალდებას, მაგალითად, 4 ცალი პრეზერვატივი და ქვა.
ადვოკატები განმარტავენ, რომ მათი მთავარი მიზანი იყო გაერკვიათ, რა ნიშან-თვისებებით გამოარჩიეს ბრალდებულები, მაგრამ როგორც დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, „ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო“.
„ჩვენების დეტალები არ ახსოვთ, მაგრამ ახსოვთ ის დეტალები, რაც პროკურატურის პოზიციას აწყობს. მოწმეს ახსოვს, რომ უფროსი ასაკისამ ორჯერ ისროლა, უფრო ახალგაზრდამ კი - ერთხელ. პროკურორი ამას მათ ბევრჯერ ამეორებინებდა... ვიდეოში ჩანს, რომ კვამლია, როგორ დაინახეს ბრალდებულები? თან თავადვე ამბობენ, რომ ჩაფხუტი ეხურათ. მტვერი, ჭავლი, ღამის განათება ერთმანეთში იყო არეული, მაგრამ ამტკიცებენ, რომ 20 მეტრის მანძილზე სახეს და ჭაღარას არჩევენ წვერში, ეს ხომ ზღაპარია", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი.
პროკურორს სხდომის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ რა შუაშია დანა და საბა ჯიქიას საქმელომიძე-ზასოხაშვილის საქმეები
53 წლის დავით ლომიძე პოლიციამ 2024 წლის პირველ დეკემბერს აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. პოლიციის სამმართველოში მიყვანიდან 48 საათში მას ბრალი დაუმძიმეს.
„48 საათის ამოწურვის შემდეგ, იზოლატორიდან ფეხი გამოაყოფინეს ამ ადამიანს, შემდეგ ეზოდან ისევ უკან შეაბრუნეს და უთხრეს, ახლა სისხლით ხარ დაკავებულიო. რეალურად გათავისუფლება არ მომხდარა“, - ამბობს დავით ლომიძის ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი.
ლომიძეს ბრალად ედება პირველ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით. პროკურატურა ამტკიცებს, რომ შედეგად „სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა“.
დავით ლომიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2024 წლის 4 დეკემბერს მოსამართლე ნანა შამათავამ შეუფარდა. ის დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავების დროს, აქციიდან იზოლატორამდე, გზად, სხვა დაკავებულებით სავსე მიკროავტობუსში დავით ლომიძეს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ის ადვოკატს მოუყვა, რომ დაკავების შემდეგ ხელები ზურგს უკან ცალუღებით შეუკრეს, მიკროავტობუსში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ პროცესში მან ცალუღების გაწყვეტა მოახერხა და ხელები სახეზე აიფარა. ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა განყოფილებაში.
„გასათვალისწინებელია, რომ მათ გათავისუფლებას აპირებდნენ, თუ პოლიციასთან ითანამშრომლებდნენ და იტყოდნენ, რომ ნივთები პოლიტიკური ლიდერების დაკვეთით ისროლეს, რაშიც ფულიც აიღეს. დავით ლომიძის შემთხვევაში ცნობილი პოლიტიკოსების ან მათთვის საინტერესო უცნობი სახეების ფოტოები არ უჩვენებიათ. მას იზოლატორში გამომძიებლის დახმარებით ტელეფონით ელაპარაკა ვიღაც უცნობი ადამიანი. ის უსვამდა ტელეფონით კითხვებს“, - ამბობს ადვოკატი.
დაკავების შემდეგ, როცა მიკროავტობუსში სცემდნენ, სპეცრაზმელებმა დავით ლომიძეს პირადი ნივთები მოჰპარეს. მას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, საფულე და საბანკო ბარათები. დაკავებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა უკვე გამოჰკითხეს, „თუმცა ამაზე მეტად საქმე წინ არ წასულა“, - ამბობს ადვოკატი.
დავით ლომიძესთან ერთად იყო დაკავების მანქანაში 38 წლის თემურ ზასოხაშვილი. ისიც ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 48 საათის ამოწურვის შემდეგ კი დავით ლომიძის იდენტური ბრალი წაუყენეს.
„პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა“, - ვკითხულობთ ბრალის დასაბუთებაში.
თემურ ზასოხაშვილისა და დავით ლომიძის აღკვეთის ღონისძიების სხდომა საქალაქო სასამართლოში ერთად ჩატარდა. მოსამართლე ნანა შამათავამ ზასოხაშვილსაც პატიმრობა შეუფარდა.
დიმიტრი ვარდიაშვილი, რომელიც თავდაპირველად ზასოხაშვილის ადვოკატი უნდა ყოფილიყო, იხსენებს, როგორ გადააწყდა სასტიკად ნაცემ ადამიანს იზოლატორში შეყვანისას და როგორ არ მისცეს მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ეს ნაცემი კაცი სწორედ თენგიზ ზასოხაშვილი იყო.
„დაზიანებები ბევრნაირი ჰქონდა როგორც ტანზე, ისე სახეზე, ძლივს ახელდა ცალ თვალს, დალურჯებებითა და სისხლჩაქცევებით ჰქონდა სახე დაფარული. ფეხზე გამართულად დგომაც უჭირდა და ორ პოლიციელს ეკავა.
ვინაობა ვკითხე და მეთქი - შენ გეძებდი. რა წამსაც გაიგეს, რომ ადვოკატი მოსული იყო, იმ წამსვე ჩაავლეს ხელი ამ ადამიანს და გააქანეს შენობისკენ, მთავარი შესასვლელისკენ. რა თქმა უნდა, გავეკიდე უკან - სად მიგყავთ, მეც მოვდივარ-მეთქი. შენ ვერ წამოხვალ, უფლება არ გაქვსო, საშვი უნდა დაუშვათ და ა.შ. ეს არის სისულელე, ხალხო, არ დაიჯეროთ“, - ამბობს ვარდიაშვილი.
ზასოხაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებაა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მისი ადვოკატის, ირაკლი აბსანძის თქმით, ბრალდებულის ამოცნობა შეუძლებელია.
„20-30 მეტრის მანძილიდანაა გადაღებული, სახე არ ჩანს, პარლამენტის განათებები გამორთული იყო. ფეიერვერკები ხელსაც უშლის, არ ჩანს სახე“, - განმარტავს ის.
კიდევ ერთი მტკიცებულება გდდ-ს თანამშრომლის ამოცნობის ოქმია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამართალდამცველმა ზასოხაშვილი არა პირდაპირი წესით, არამედ ფოტოთი ამოიცნო.
თემურ ზასოხაშვილი თბილისში მამასთან ერთად ცხოვრობს. ერთ-ერთ სასტუმროში ტექნიკური პერსონალია. ის ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ აქციებზე პროტესტის გამოსახატად დადიოდა.
ასევე ნახეთ საბა ჯიქიას საქმის მოსამართლემ 2023 და 2024 წლებში მოგზაურობაში 20 000 - 20 000 ლარი დახარჯა