ბორტზე დაიღუპა 241 ადამიანი, მიწაზე კი 33. თვითმფრინავი ჩამოვარდა სამედიცინო კოლეჯის კამპუსში, სადაც ათი ექიმი და მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ.
უფრო ადრე ხელისუფლებამ დაადასტურა 270 ადამიანის ცხედრის აღმოჩენა.
ლონდონისკენ მიმავალი Boeing 787 Dreamliner აჰმედაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ეს Dreamliner-ის პირველი ავიაკატასტროფაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
ბორტზე ერთადერთი გადარჩენილი მგზავრია 40 წლის რამეშ ვისვაშკუმარი.
როიტერსის ცნობით, ინდოეთის ავიაციის მარეგულირებელმა Air India-ს დაავალა დამატებითი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება GEnx ძრავებით აღჭურვილ Boeing 787-8 Dreamliner-ის თვითმფრინავებზე. ჯერჯერობით არ არის მიღებული ამ მოდელის თვითმფრინავების ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. სააგენტო აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის ფრინველთან შეჯახება მთავარ ვერსიად არ განიხილება.
ამჟამად Air India და ინდოეთის ხელისუფლება იკვლევენ ავარიის რამდენიმე ასპექტს, მათ შორის ძრავასთან და სხვა ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებულ საკითხებს. Reuters-ის წყაროს ცნობით, გამოძიებაში ასევე მონაწილეობს კონტრტერორისტული ექსპერტების ჯგუფი.
ამ დროისთვის ნაპოვნია ერთ-ერთი შავი ყუთი - პარამეტრული საბორტო ჩამწერი, რომელიც ფრენის პარამეტრებს იწერს. ხმის ჩამწერის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.