გვიწევს გავაუქმოთ საგრანტო წინადადებები არჩევნების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით - ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო: „გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები“ არჩევნებთან დაკავშირებით.

საელჩო აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებულია, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად, გააუქმოს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.

„გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია“, - წერს საელჩო 11 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, საელჩოს ცნობით, ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ „მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები“.

„სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“, - აცხადებს საელჩო.

მოგვიანებით ინტერნეტგამოცემა „ტაბულამ“ განაცხადა, რომ „ტაბულამ მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას“.

„ბრიტანეთის მთავრობამ გრანტის მიმღებთა დაცვის ამოცანით, ახლახან მიღებული გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმართა რეჟიმს ნებართვისთვის. რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა და ქართულ საზოგადოებას რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქმედების შესახებ აცნობა“, - წერს გამოცემა.

„ტაბულას“ შეფასებით, ეს „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მთლიანად სცილდება მის ბუნებრივ წიაღს - თავისუფალ სამყაროს და რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში იძირება“.

„ამის მიუხედავად, ტაბულა გააგრძელებს ქართული საქმის კეთებას და საქართველოს დასავლური კურსის დაცვას, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ქართული საქმის კეთებაში“, - წერია განცხადებაში.

ბრიტანეთის საელჩო ასევე წერს: „ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა“.

„პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში.

დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

მოგვიანებით პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია საელჩოს სხვა ბენეფიციარებთან დაკავშირებით. კერძოდ, „იმედის“ თანახმად, „ტაბულას“ გარდა, იგეგმებოდა შემდეგი ორგანიზაციების დაფინანსება:

  • „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - 99,988 ფუნტი
  • „კანონის უზენაესობის ცენტრი“ - 97,868 ფუნტი
  • „საქართველოს მომავლის აკადემია“ - 99,975 ფუნტი.