მოკლედ
- მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო, რადგან საქმეში არ არსებობდა „ნეიტრალური მტკიცებულებები“.
- პროკურატურა ბრალდებულს ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ადანაშაულებდა, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია.
- მოსამართლემ აღნიშნა, რომ „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებებს“, რაც საქმეში არ იყო წარმოდგენილი.
სასამართლომ მხარეებს უკვე გადასცა წერილობითი დასაბუთება, რომელშიც ყურადღებას იქცევს ჩანაწერი - „სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
რომეო ტყეშელაშვილის განაჩენის წერილობითი ნაწილი 36-გვერდიანია. მოსამართლე დეტალურად მიმოიხილავს მოწმეების ჩვენებებსა და საქმეში პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის შემდეგაც გამამართლებელი გადაწყვეტილების დასაბუთებაზე გადადის.
ახობაძე გასული წლის 8 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა დასდო ბრალად და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. გიორგი ახობაძე ადვოკატებთან, ლაშა ცუცქირიძესთან და მარიამ მაძღარაშვილთან ერთად თითქმის 8 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო და ნარკოტიკი თავისი პოლიტიკური და სამოქალაქო შეხედულებების გამო ჩაუდეს.
რომეო ტყეშელაშვილმა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ „სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“.
- რა არის „სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობა“? - ამ კითხვაზე პასუხს ვეძებთ მოსამართლის დასაბუთებაში.
- ასევე ვეძებთ პასუხს მთავარ კითხვაზე, რომელიც განაჩენის გამოცხადების წუთიდან გაჩნდა - მიიჩნევს თუ არა სასამართლო მოწმე პოლიციელებს „ცრუ მოწმეებად“, შეიტანს თუ არა ეჭვს მათ ობიექტურობაში და დაუშვებს თუ არა, რომ ახობაძეს ნარკოტიკული ნივთიერება, ალფა-პვპ (a-PVP), „ჩაუდეს“, რასაც დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა.
განაჩენში ვკითხულობთ, რომ ბრალდების მხარე (პროკურატურა) გიორგი ახობაძის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიიჩნევს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე, სასამართლოში მოწმედ დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებებს და მათ მიერ შედგენილ წერილობით მტკიცებულებებს: პირადი ჩხრეკის ოქმს, აგრეთვე ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებს.
მოსამართლე ტყეშელაშვილი წერს, რომ გაანალიზა ეს მტკიცებულებები და არ გაიზიარა დაცვის მხარის ვერსია, რომ
- გიორგი ახობაძეს აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის გამო ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს“;
- მისგან ბიოლოგიური მასალა იძულებით აიღეს და ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე დაიტანეს.
ფრაგმენტი გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენიდან
რატომ არ იზიარებს რომეო ტყეშელაშვილი ე.წ. ჩადების ვერსიას?
გადაწყვეტილების დასაბუთებაში მოსამართლე ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
- ჩხრეკის ჩატარებასა და პოლიციელების ჩვენებებზე;
- „ამოღებულ პაკეტზე“ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაზე.
მოსამართლე იშველიებს მსგავს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას („გიორგი ქებურია [Birja Mafia-ს წევრი] საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), რომლის მიხედვითაც, არასწორია, „პოლიციის თანამშრომლების იმთავითვე არასანდო მოწმეებად“ მიჩნევა, რადგან მათ ფიცი აქვთ დადებული და ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
„პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე წაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას“.
საქმეში არსებულ მეორე მთავარ მტკიცებულებაზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, გიორგი ახობაძის დნმ დაფიქსირდა „უკანონო ნივთიერების“ პაკეტზე, მოსამართლე ამბობს, რომ „ამგვარი ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, წარმოადგენდეს ნეიტრალურ, სანდო მტკიცებულებას“.
საქმის მასალების მიხედვით, ახობაძის დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში მონაწილეობდნენ რევაზ იათაშვილი, ირაკლი ნარიმანიძე, შალვა მასხურაშვილი, გიორგი ლობჟანიძე და გრიგოლ კაჭკაჭიშვილი.
მაშინ, რატომ არ დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელებისა და გამომძიებლების ჩვენებებს?
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში „გიორგი ქებურია [Birja Mafia-ს წევრი] საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ნათქვამი აქვს, რომ პოლიციელების მიმართ ნდობა არ ნიშნავს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია „ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს“. ამისთვის არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება - ვიდეოკადრები.
„ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“, - „ნეიტრალურ მტკიცებულებაში“ კი იგულისხმება ნეიტრალური მოწმე ან ვიდეოკადრები, რომლებიც „უკანონო ნივთიერების“ ამოღებას ასახავს.
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ბრალდების მხარეს აძლევს შესაძლებლობას, ჩხრეკა ვიდეოკადრებით გადაიღოს. თუკი ამის შესაძლებლობა არსებობდა და საქმეში მსგავსი მტკიცებულება არ დევს, „სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს აჩენს“.
ნივთიერების ამოღების ვიდეომტკიცებულება არც გიორგის ახობაძის საქმეში არ დევს.
მოსამართლე აცხადებს, რომ ახობაძის ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ გარემოში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, რაც გამომძიებლებს საშუალებას აძლევდათ, პროცესი ვიდეოში (მათ შორის პირადი ტელეფონით) აესახათ. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობდა, „ნეიტრალური მტკიცებულებების“ მოპოვების შესაძლებლობა:
„აღსანიშნავია, რომ „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს“.
მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა არ გამოდგებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად?
საქმეში არსებობს, ერთი მხრივ, „სანდო მტკიცებულებად“ მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნა (რომელმაც ამოღებული „უკანონო ნივთიერების“ პაკეტზე გიორგი ახობაძის დნმ-ის არსებობა დაადასტურა), მეორე მხრივ კი, ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მისგან ბიოლოგიური მასალა ხელოვნურად აიღეს. ამ საკითხების გამოყოფის შემდეგ მოსამართლე უბრუნდება „ნეიტრალური მტკიცებულების“ საკითხს.
„იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება პირადი ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი პირდაპირი, ნეიტრალური მტკიცებულება, სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას [...] ვერ შეაფასებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელ ნეიტრალურ მტკიცებულებად“.
მოსამართლე გამამართლებელ განაჩენში აღნიშნავს, რომ „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. სწორედ ამიტომ გიორგი ახობაძე მან უდანაშაულოდ ცნო.
ფრაგმენტი გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენიდან
პროკურატურა ამბობს, რომ გიორგი ახობაძის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმის პროკურორი შმაგი გობეჯიშვილია.
გიორგი ახობაძის შემდეგ თედო აბრამოვიც გაათავისუფლეს. ისიც დემონსტრანტია და მასაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. აბრამოვი აქციაზე წასვლამდე სახლთან დააკავეს. მისი განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „პოლიციელების ჩვენებებში ეჭვი არ შეაქვს“ და ამით სცადა მათი „ცრუ მოწმების“ იარლიყისგან დაცვა.
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული 60-მდე ადამიანიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით საპატიმრო დაწესებულებაში რჩება ნიკოლოზ კაცია. ასევე - რუსეთის მოქალაქეები ანტონ ჩეჩინი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული.