თბილისში დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა გზა გადაკეტეს

სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გზა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი

დღეს საღამოს, 28 ოქტომბერს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, - იქ, სადაც მე-10 საჯარო სკოლის შენობა იყო, - სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა გზა გადაკეტეს. ისინი სკოლის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ.

გზის გადაკეტვა „ქართული ოცნების“ მიღებული ახალი კანონმდებლობით გამკაცრებულად ისჯება. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე პოლიციელი.

მეათე სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, ახლის აშენების დაპირებით.

აქციის მონაწილეთა თქმით, ამ პერიოდში ბავშვებს უწევთ სხვა სკოლებში მიკედლება, ზოგს - მეორე ცვლაში ან ცვალებადი გრაფიკით სწავლა, რაც, აქციის მონაწილეების თქმით, განათლების ხარისხს აუარესებს.

„ორი წელია, მშენებლობა დაიწყო, ახლა ვიგებთ, რომ მშენებლობის უფლება ჯერ კიდევ არ არის გაცემული“, - უთხრეს დემონსტრანტებმა რადიო თავისუფლებას.

„კედელი არ არის ამოყვანილი, როდის დაასრულებენ, დღესაც არ ვიცით, - როცა გარშემო მაღალი კორპუსები გაცილებით სწრაფად ააშენეს“, - გვითხრეს მათ.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე მივიდა, დემონსტრანტებს უთხრა, რომ პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

მეათე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი. 28 ოქტომბერი. სალომე ჩადუნელის ფოტო

„ჩვენ ვისაუბრეთ მშობლებთან, როგორც კი შენობაში გაჩნდა ბზარები, გამოიყვანეს ნაწილი, დღეს 22-ე და მე-10 სკოლაც გამოყვანილია ორივე ფლიგელიდან“, - ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან.

მისი თქმით, მათ 190-ე სკოლაში მეორე ცვლაში სთავაზობდნენ სიარულს, თუმცა ამაზე მშობლებმა უარი თქვეს.

მეათე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი. 28 ოქტომბერი. სალომე ჩადუნელის ფოტო

მშობლები ამბობენ იმასაც, რომ შვილების შორს მანძილზე წაყვანა უწევთ.

ისინი ამბობენ, რომ არ არიან თანახმა დისტანციურ სწავლებაზე და არც სკოლის „გაყოფაზე“ - სხვადასხვა კლასის მოსწავლეების სხვადასხვა ადგილას განწესებაზე.

ისინი არ არიან თანახმა არც ონლაინსწავლებაზე: „მოვითხოვთ დაჩქარდეს ფართის მოძიება და არა თიმსის იუზერების და პაროლების აღდგენა“.

„მოვითხოვთ განათლების სამინისტრომ შეასრულოს თავისი მოვალეობა და სასწრაფო წესით მოიძიოს ალტერნატიული ფართი და არ გაგვისტუმროს მშობლები სიტყვებით - „მოიძიეთ და თუ იპოვით ფართს, გადაგიყვანთ“! ყველა ფართი, რომელიც აქამდე დაათვალიერეს სამინისტროს წარმომადგენლებმა ისედაც მოძიებული იყო მშობლების მიერ“, - წერია მათ მიერ გავრცელებულ მოთხოვნებში.

მეათე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი. 28 ოქტომბერი. სალომე ჩადუნელის ფოტო