აუცილებლად სანახავი 9 ფილმი თბილისის კინოფესტივალზე

ეს დღეც დადგა. 2 დეკემბერს დაიწყება ქართველი კინოს მოყვარულების მთავარი კინემატოგრაფიული ზეიმი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. დაიწყება სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მინიმალური ბიუჯეტით.

ორი კვირის წინ ფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე წერდა: „მიუხედავად არაერთი წერილისა, არც კულტურის სამინისტრომ, არც ეროვნულმა კინოცენტრმა და არც თბილისის მერიამ არ გაგვცა ოფიციალური პასუხი, არ მოგვაწოდა კომისიის დასკვნა, რომელშიც დასაბუთებული იქნებოდა მხარდაჭერის გაუქმების მიზეზები. ჩვენი ვარაუდით, ფესტივალის არდაფინანსების მიზეზი პოლიტიკურია… მაგრამ ჩვენი გაუქმება არც ისე ადვილია.”

ახლახან გამოქვეყნდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა და მართლაც ცხადი გახდა, რომ ქვეყნის მთავარი კინოფორუმის ორგანიზატორები გაჩერებას არ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ფესტივალის მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდა, საერთაშორისო და ქართული პროგრამა, თუ არ ვცდები, შარშანდელზე უკეთესიცაა - თბილისელებს, ფაქტობრივად, წლევანდელი კანის ფესტივალის ყველა მნიშვნელოვანი ფილმის ნახვის საშუალება აქვთ. აღარაფერს ვამბობ უჩვეულოდ მრავალფეროვან ქართულ პროგრამაზე. ფესტივალზე უჩვენებენ რამდენიმე ფილმს, რომელთა ნახვას აქამდე ამაოდ ვცდილობდი - ესაა ნადავ ლაპიდის „დიახ“ და ალექსანდრე კობერიძის „ხმელი ფოთოლი“. თქვენ კი გირჩევთ, ეს 9 ფილმი არ გამოტოვოთ - ტრადიციულად, ბოლოდან საუკეთესოსკენ.


9. “სირატი” - რეჟისორი ოლივერ ლაშე

მიუხედავად იმისა, რომ „სირატი“ საკმაოდ ცარიელი, ტექნიკური ეფექტებით გაძეძგილი ფილმი მგონია (დაუმუშავებელი პერსონაჟებით და მსახიობების ცუდი თამაშით), უსამართლობა იქნება, ამ გახმაურებული ფილმის ნახვა რომ არ გირჩიოთ. „შეშლილი მაქსის“ და ჩვენი „ჯარისკაცის მამის“ ერთგვარი ნარევი გარკვეულ ეფექტს მაინც ქმნის ემოციური ტექნო-საუნდტრეკითა და აფრიკული პეიზაჟების უჩვეულო რაკურსებით. ამ მაგიურმა, მეტაფიზიკურმა „აურამ“, რომელსაც ქმნიან ფილმის ავტორები, უკვე არაერთი მაყურებელი მოხიბლა. ესპანეთმა „სირატი“ ამერიკული „ოსკარის“ ნომინაციაზე წარადგინა.


8. "საიდუმლო აგენტი" - კლებერ მენდონსა ფილო

ბრაზილიელი ავანგარდისტის ამ ფილმს უკვე უწოდეს „ვიზუალური ჯაზი“, იგულისხმეს რა ჟანრული მრავალფეროვნება და ამბის მოულოდნელი განვითარების უნარი, რაც დამახასიათებელია „საიდუმლო აგენტის“ ავტორისთვის. ვერ ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური ტრილერი მენდონსა ფილოს საუკეთესო ფილმია, თუმცა თხრობის ორიგინალური სტილი, რეალისტურ ისტორიაში ფანტასტიკის ელემენტების მოულოდნელი ჩართვით, აუცილებლად დაგაინტერესებთ. მენდონსა ფილოს სურს არა იმდენად 70-იანი წლების ბრაზილიის სურათების ზუსტი აღდგენა (ქვეყანაში დიქტატურაა), რამდენადაც იმ ცვლილებების გამოხატვა, რომლებსაც ქმნის ძალადობრივი გარემო ადამიანის ცნობიერებაში.


7. "ახალგაზრდა დედები" - ჟან-პიერ და ლუკ დარდენები

კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ ორგზის ლაურეატების ახალი ნამუშევარი პირველი „ანსამბლური ფილმია“ დიდი ოსტატების შემოქმედებაში. მაგრამ დარდენების სტილი არ იცვლება - ისევ პედანტური სიზუსტე, ისევ მუსიკის უარყოფა და მაყურებლის ყურადღების გადატანა სხეულის და მზერის ენაზე. ყველანაირი პათოსი უარყოფილია, თუმცა გამორიცხულია, გულგრილად უყუროთ დრამას ახალგაზრდა ქალებზე, რომლებმაც წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გააკეთეს არჩევანი საკუთარი სინდისის კარნახით. ჩემთვის ოდნავ გამაღიზიანებელი იყო „ახალგაზრდა დედების“ დემონსტრაციული ოპტიმიზმი და სწორხაზოვნება ფინალში. იმასაც ვფიქრობ, რომ „კოლექტიური გმირი“ და ეს პოლიფონიურობა მაინცდამაინც არ უხდება ბელგიელი რეჟისორების ენას.


6. "დაცემის ხმა" - რეჟისორი მაშა შილინსკი

გერმანიამ მაშა შილინსკის ფილმი ამერიკული “ოსკარის” ნომინაციაზე წარადგინა. თუმცა მგონია, რომ „დაცემის ხმის“ რთული კონსტრუქცია მინიმალურ შანსებს უტოვებს შილინსკის ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე. ატმოსფერული კინოა და დრო დაგჭირდებათ მისი გათავისებისთვის. მოქმედებაც ხაზგასმულად შენელებულად ვითარდება - ფაქტობრივად, სიკვდილის თემით გაერთიანებული მეოცე საუკუნის გერმანიის ისტორიის ფრაგმენტებია, წარმოდგენილი ერთ სახლში გაზრდილი ქალების მაგალითზე, დაწყებული გასული საუკუნის ათიანი წლებიდან. საინტერესოა ისაა, რომ ეს ისტორია ქალის თვალითაა დანახული, ამიტომ სრულიად ეწინააღმდეგება კლასიკური კინოს კონსტრუქციებს.


5. "ახალი ტალღა" - რეჟისორი რიჩარდ ლინკლატერი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს მე ამ ფილმით გავხსნიდი. თუ ზეიმია, ზეიმი იყოს! ლინკლატერი მართლაც რომ ზეიმს უწყობს სინეფილებს. რეჟისორი მიმართავს კომიქსების ესთეტიკას და ამბავს ფრანგული “ახალი ტალღის” ხულიგან გოგოებსა და ბიჭებზე (პირველ რიგში, გოდარზე) წარმოგვიდგენს ფოტოწიგნის სახით. ძალიან მომწონს, როგორ ახერხებს ლინკლატერი, შეინარჩუნოს ნოსტალგიური ინტონაცია ყოველგვარი მელანქოლიურობის და წარსულის გაიდეალების გარეშე. ნუ მოელით ფილმისგან აკადემიურ რეკონსტრუქციას და რაღაც ახალ მოსაზრებებს კინოხელოვნებაზე. ლინკლატერის მიზანია, წარმოგვიდგინოს სილაღის, იმედის, დაუმორჩილებლობის ატმოსფერო, სწორედ ის, რაც საზეიმო დღეებშიც კი გაქრა ჩვენი ყოფიდან.


4. "დოსიე 137" - რეჟისორი დომინიკ მოლი

ეს არის ჭკვიანური, ტკივილით სავსე და ღრმად პოლიტიკური ტრილერი, რომელიც ფრანგებს “ყვითელი ჟილეტების” ისტორიას ახსენებს, ჩვენ კი, ქართველებს, თავისებურად გვაბრუნებს იმასთან, რაც ერთი წელია ხდება რუსთაველის პროსპექტზე. მიუხედავად იმისა, რომ “დოსიე 137” აშიშვლებს სახელმწიფო ძალადობას და პოლიციის სისასტიკეს, დომინიკ მოლი არსად მიმართავს სიკეთისა და ბოროტების გამარტივებულ ნარატივებს. ფილმი ასევე ხატავს ბრწყინვალე პორტრეტს ქალისა, რომელიც პირად ცხოვრებასა და პროფესიულ ზეწოლას შორისაა გახლეჩილი. ამ როლში ვიხილავთ ლეა დრიუკერს, რომელსაც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად მივიჩნევ მთელ წლევანდელ კინოში. “დოსიე 137” კი 2025 წლის საუკეთესო ფრანგული ფილმი მგონია.


3. "რესპუბლიკის არწივები" - ტარიკ სალეჰი

წლევანდელი კანის ფესტივალის უსამართლოდ დაუფასებელი ფილმი, რომლის ავტორი შვედეთში ცხოვრობს და, შეიძლება ითქვას, იქიდან ებრძვის ფუნდამენტალიზმს და აღმოსავლურ დიქტატურებს. მგონია, რომ სალეჰის პოლიტიკური სატირა ეგვიპტელ კინოვარსკვლავზე, ნიჭიერ კაცზე, რომელიც ყველა მთავრობასთან გამონახავს საერთო ენას, კანში კარგად ვერ გაიგეს. სამაგიეროდ ამ ისტორიას გადასარევად გავიგებთ ქართველები - არა მარტო პერსონაჟს ვიცნობთ, არამედ ყველაფერ იმას, რაც ხდება სალეჰის ფილმში. პირველ რიგში, ძალაუფლების ლაბირინთს, რომელიც ღირსებას უკარგავს შეშინებულ ადამიანებს… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ დღესაც კი, კინოხელოვნება თავისუფლად შეიძლება გადაიქცეს ტვინის გამორეცხვის ინსტრუმენტად მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული რეჟიმების სამსახურში.


2. "ორი პროკურორი" - რეჟისორი სერგეი ლოზნიცა

გენიალურ მუსიკასავითაა ის, რაც სერგეი ლოზნიცამ გააკეთა. დაძაბულობა აქ ბოლო კადრამდე მატულობს და აღწევს ცინიზმის აბსოლუტურ აპოთეოზს ფინალში. ზუსტად შეაფასა Variety-ის მიმომხილველმა - ფილმი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც კამიუს, კაფკას ან ორუელის ის წიგნები, „რომელთა გვერდები დრომ შელახა, მაგრამ იდეები კვლავაც მტკივნეულად ცოცხალია“. დიახ, 1937 წელი კვლავაც ცოცხალია. უბრალოდ, ფორმა შეიცვალა. ლოზნიცამ “ეპოქის ფორმა” საერთოდ მოაცილა ამ იგავს ძალადობაზე, რომლითაც გაჟღენთილია ჰაერი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”… და, საერთოდ, არც ადამიანი არ იქნება და არც ადამიანობა. ეპოქაში, როდესაც მთელ მსოფლიოში ავტორიტარული რეჟიმები აღორძინდება, ჰუმანისტის გამბედაობამ და შეუპოვრობამ დამარცხების ლეთარგიისგან უნდა გამოგვაღვიძოს.


1. "უბრალო შემთხვევა" - რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი

კანის წლევანდელი ფესტივალის “ოქროს პალმით” აღნიშნული ფანაჰის შედევრის სათაურს თარგმნიან, როგორც “უბედურ შემთხვევას”, მაგრამ ეს სათაური არასწორი მგონია. სინამდვილეში, ირანელმა რეჟისორმა გადაიღო “უბრალო შემთხვევა”, “ჩვეულებრივი შემთხვევა”… ისტორია, რომელსაც ფანაჰი თავის ნახევრად არალეგალურად გადაღებულ ფილმში გვიამბობს, მართლაც რომ ჩვეულებრივია, ბანალურია, არაფრით გამორჩეულია იქ, სადაც მანძილი მოძალადესა და მსხვერპლს შორის ფაქტობრივად გამქრალია. სხვა საკითხია, რომ ამავე სამყაროში, სადაც ძალადობა ჩვეულებრივია, ჯალათი ჩვეულებრივია, მსხვერპლი არჩევანის წინაშე დგება - შურისძიებაზე უარი მას სისუსტედ ჩაეთვლება, მაგრამ შურისძიება თავად გადააქცევს ჯალათად. მერიდება იმის გამეორება, რომ 2025 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ამავე დროს ერთ-ერთი “ყველაზე ქართული” ფილმია (სხვათა შორის, სადღაც თემურ ბაბლუანის “უძინართა მზეს” შეადარეს)… და არა მარტო იმიტომ, რომ იუმორი და ტრაგედია აქ გადაჯაჭვულია, როგორც საუკეთესო ქართულ ფილმებში. არც იმიტომ, რომ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იზრდება ქვეყანაში უსამართლობის მასშტაბები. არა. “უბრალო შემთხვევა” დღევანდელ ქართველ მაყურებელს გააოცებს, პირველ რიგში, იმედით, რომელსაც ძალიან ფრთხილად, თითქმის ჩურჩულით გვიგზავნის ფანაჰი. თითქოს გვეუბნება: კი, ჭრილობის შეხორცებას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ სოლიდარობის გრძნობა, იუმორი და თვითირონია დიდი ძალაა, რომელმაც შეიძლება მართლაც გადაგვარჩინოს.