მოკლედ
- საქართველოს ცესკომ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 28 ორგანიზაციიდან დაარეგისტრირა საერთაშორისო დამკვირვებლები. ეუთო/ოდირის მისია საქართველოში არ ჩამოდის;
- ცესკოში 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა 7 ათასზე მეტი დამკვირვებლით - მათი უმრავლესობა მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 28 ორგანიზაციიდან 81 საერთაშორისო დამკვირვებელი დაარეგისტრირა.
ეს თითქმის 13-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. მაშინ, პირველ ტურში, საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა 1024-ს შეადგენდა, ხოლო მეორე ტურში – 1102-ს.
ყველაზე მეტი – 20 დამკვირვებელი – 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სერბულმა ასოციაცია ALTERFACT-მა დაარეგისტრირა.
შემდეგ (7-7 დამკვირვებელი) მოდიან საქართველოში უნგრეთის საელჩო და უნგრული „ფუნდამენტური უფლებების ცენტრი“, რომლის მისიაც არის „ეროვნული იდენტობის, სუვერენიტეტისა და ქრისტიანული ტრადიციების დაცვა“.
სხვა ორგანიზაციების დამკვირვებელთა რაოდენობა 1-დან 3-მდე მერყეობს. იმ ქვეყნების სია, რომელთა საელჩოები და საარჩევნო კომისიებიც არჩევნებს დააკვირდებიან, ასეთია:
- იორდანია;
- ტუნისი;
- მალდივები;
- თურქეთი;
- ეთიოპია;
- მონტენეგრო;
- ბოსნია და ჰერცეგოვინა;
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა;
- ბულგარეთი;
- ყირგიზეთი;
- აზერბაიჯანი;
- ფიჯი;
- უნგრეთი;
- სლოვაკეთი;
- სომხეთი;
- ფილიპინები;
- ალბანეთი;
- დიდი ბრიტანეთი;
- მალაიზია;
- მექსიკა;
- უზბეკეთი;
- ბელარუსი;
- შვეიცარია;
- მოლდოვა.
საერთაშორისო დამკვირვებელთა წინასწარ სიაში იყო „ესტონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისია“. თუმცა, ცესკოს ცნობით, დადგენილ ვადაში მათ დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაცია არ წარადგინეს, რის გამოც რეგისტრაცია გაუუქმდათ.
2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოში 52 საერთაშორისო ორგანიზაცია იყო აკრედიტებული. დამკვირვებელთა ნახევარზე მეტი იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროდან (ეუთო/ოდირი) – 516 - პირველ ტურში და 558 - მეორეში.
წელს, ივნისში, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ეუთო/ოდირის დატვირთვა თვითმმართველობის არჩევნებით ზედმეტი იქნება“.
„სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა“, - ამბობდა „ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე.
6 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაიარა ორმა მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ („ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“), ხელისუფლებამ ეუთოსთვის ოფიციალური მოწვევის გაგზავნა გადაწყვიტა. თუმცა ეუთო/ოდირის ცნობით, მოწვევა, რომელიც არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაიგზავნა, „არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“, რის გამოც მისია საქართველოში არ ჩამოვა.
ასევე ნახეთ "ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით" - ირაკლი კობახიძეეუთო/ოდირის გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბოლოს 2014 წელს ჩატარდა, თუმცა მაშინაც „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზაცია ოფიციალურად მოიწვია, მაგრამ ის საქართველოში „ფინანსური მიზეზების გამო“ ვერ ჩამოვიდა.
რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს – იმ პირობებში, როდესაც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უარს ამბობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებაზე, ცესკოში 27 ორგანიზაცია დარეგისტრირდა (7 ათასზე მეტი დამკვირვებელი). 2021 წლის არჩევნებს აკვირდებოდა 100 ადგილობრივი ორგანიზაციის 31 ათასზე მეტი დამკვირვებელი.
წელს დამკვირვებელთა უმრავლესობა მოდის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიაზე“ (2 973) და „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერზე“ (2 902), რომლებიც, მედიის ცნობით, მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებული.
- 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობენ რამდენიმე მსხვილი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს, მაგრამ არჩევნების შედეგები არ აღიარეს.