მოკლედ
- ჩეხეთში კვირის ბოლოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერი ანდრეი ბაბიშისა და მისი პოპულისტური პარტია ANO-ს გამარჯვებაა მოსალოდნელი.
- გამარჯვების შემთხვევაში ბაბიშის პარტია კოალიციას შექმნის მარგინალურ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც უნგრეთის და სლოვაკეთის პოლიტიკას უჭერენ მხარს.
- ექსპერტები მიუთითებენ, რომ TikTok-ის საშუალებით პრორუსულმა პროპაგანდამ გავლენა მოახდინა საარჩევნო კამპანიაზე, გააძლიერა სისტემის საწინააღმდეგო ნარატივები და რადიკალური პარტიების მხარდაჭერა.
არსებული გამოკითხვებით, ანდრეი ბაბიშს და მის პოპულისტურ პარტია Ano-ს (Akce nespokojených občanů - უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია) ხალხის 30% დაუჭერს მხარს.
თუ ეს ვარაუდი გამართლდა, ბაბიში იძულებული იქნება, კოალიცია შექმნას მარგინალურ პარტიებთან და მისი მიდგომა უკრაინის დახმარების და დასავლეთის გაერთიანებებში ჩეხეთის წევრობის მიმართ მიუახლოვდება უნგრეთის მმართველის, ვიქტორ ორბანის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პოლიტიკას.
პრაღა მთლიანად არ დაეთანხმება მოსკოვის პოზიციას, თუმცა ალბათ უფრო აქტიურად დაიწყებს ომის შეწყვეტასა და მშვიდობისკენ სწრაფვაზე ლაპარაკს, სავარაუდოდ, მოსკოვის პირობებით.
უფრო რბილი გახდება რიტორიკა ჩინეთის მიმართ.
პოლიტიკური ანალიტიკოსი და გამოკითხვების სპეციალისტი მაიკლ ეშკროფტი თვლის, რომ ჩეხებმა შეიძლება გაიზიარონ „კიევის თვალსაზრისით, საგანგაშო მოსაზრება შუა და აღმოსავლეთ ევროპაში - უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების და ასევე პოლონეთის ახალი პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის სულ უფრო ნაკლებად დაცვას გულისხმობს“. ეშკროფტი დასძენს, რომ ამის „შედეგი შეიძლება იყოს უკრაინის იზოლაცია დასავლელი პარტნიორებისგან, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეწყვეტა და ალიანსში შემდგომი განხეთქილება“.
მოლდოვის მსგავსად, სადაც გასული შაბათ-კვირის არჩევნების დროს რუსეთმა მასობრივი დეზინფორმაციული კამპანია ჩაატარა, რათა პროევროპული პარტიებისთვის ზურგი შეექცია ამომრჩეველს, კრემლი ცდილობს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების გამოყენებას, რამაც ბაბიშის პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებას შეუწყო ხელი.
ჩეხეთის საგამოძიებო ჯგუფმა TikTok-ში 300-მდე ანონიმური ანგარიში აღმოაჩინა. ისინი პრორუსული რიტორიკის და რადიკალური პარტიის მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურებიან წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო კვირებში.
ინტერნეტში საფრთხის კვლევის ცენტრის 28 სექტემბრის განცხადებით, ჩეხეთში TikTok-ის ანგარიშები, რომლებსაც მილიონობით ხელმომწერი ჰყავთ, „სისტემატურად ავრცელებენ პრორუსულ პროპაგანდას და სისტემის საწინააღმდეგო პარტიების მხარდაჭერისკენ მოწოდებას ურთიერთქმედების მანიპულირებით“.
ცენტრი იქვე წერს, რომ ეს ანგარიშები არ არიან დაკავშირებული ერთ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, არამედ "რამდენიმე ანტისისტემურ პარტიას ერთად უჭერენ მხარს.“
ცენტრის გამოთვლებით, “ამ ანგარიშების საერთო აუდიტორია 5-9 მილიონ მომხმარებელს შეადგენს, რაც აღემატება TikTok-ში ჩეხეთის უმსხვილესი პოლიტიკური პარტიების ოფიციალური ანგარიშების მომხმარებელთა რაოდენობას”.
კოალიციის არჩევა
ანალიტიკოსები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია, რომელი პარტიები მოაგროვებენ საკმარის ხმებს, რათა პარლამენტში მოხვდნენ, რადგან „მოსალოდნელია, რომ ბაბიშს ქვეყნის სამართავად კოალიცია დასჭირდება“.
მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსი Spolu (ერთად), რომელშიც შედის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას "სამოქალაქო დემოკრატები", მოაგროვებს ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 20%-ს, ხოლო სხვა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფები, Stan-ი (მერები და დამოუკიდებლები) და "პირატები", პროგნოზების თანახმად, მიიმხრობენ ამომრჩევლის 10-12 %-ს.
ამ პარტიებმა გამოაცხადეს, რომ არ აპირებენ ANO-სთან ერთად კოალიციაში ყოფნას მაშინაც, თუ მისი ხმები დასჭირდათ კანონების მისაღებად უმცირესობის ერთპარტიული მთავრობის მმართველობის პირობებში.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა
მაგრამ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო განცხადებებია. კენჭისყრის შემდეგ ვითარება მოსალოდნელია შეიცვალოს, განსაკუთრებით მზარდი შიშის ფონზე, რომ უფრო რადიკალურმა ალტერნატიულმა კოალიციებმა შეიძლება ქვეყნის პროდასავლური კურსი შეატრიალონ.
მცირე პარტნიორების როლში მათ შეუძლიათ მოითხოვონ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების საკვანძო პოსტები.
მეორეც ის, რომ ახლანდელ მთავრობაში, კერძოდ, „სამოქალაქო დემოკრატებში", არიან ელემენტები, რომლებიც იზიარებენ ANO-ს პოლიტიკურ მიდგომას: ნატოსთან სიახლოვეს, მაგრამ ევროკავშირის წევრობის მიმართ უფრო სუსტ პოზიციას. ისინი არ ეთანხმებიან ევროს შემოღებას და ბრიუსელის პოლიტიკას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ლტოლვილთა სავალდებულო კვოტები და "მწვანე შეთანხმება".
მაგრამ შუა ევროპის ეს ქვეყანა რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს, თუ ბაბიში გაერთიანდება რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებიც უფრო რადიკალური არიან, ვიდრე ANO.
მათ რიცხვშია ულტრამემარჯვენე SPD (Svoboda a přímá demokracie - თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია) ხმების 10 %-ით, ასევე უფრო მცირე ულტრამემარჯვენე AUTO (Motoristé sobě - ავტომობილისტები თავისთვის) და ულტრამემარცხენე Stacilo (გვეყო), რომლებიც მოელიან, რომ გადალახავენ ხუთპროცენტიან ზღვარს, რომელიც პარლამენტში მოსახვედრადაა საჭირო.
რომელიმე მათგანის მმართველობას მოჰყვება ორბანთან და ფიცოსთან რეალური ურთიერთობა. ეს პოლიტიკოსები აკრიტიკებდნენ უკრაინისთვის დახმარებას და ეკუთვნიან ევროპის იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც რუსული ნავთობისა და ბუნებრივი გაზის შეძენას არ წყვეტენ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
მთავარი ფიგურა კენჭისყრის შემდეგ იქნება პროდასავლური პრეზიდენტი პეტრ პაველი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მთავრობის ფორმირებაში, ასევე ზოგადად საგარეო პოლიტიკაში.
პაველმა, ნატოს მაღალი რანგის ყოფილმა გენერალმა, მკაფიოდ გამოაცხადა, რომ არ დაუშვებს ისეთი მთავრობის შექმნას, რომელიც დასავლეთის კურსიდან მკვეთრად გადაუხვევს.
უცვლელი ფიგურა
ბაბიში ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩეხეთის პოლიტიკაში მუდმივი ფიგურაა: ჯერ ფინანსთა მინისტრად და პრემიერ -მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ, 2017-დან 2021 წლამდე, პრემიერი იყო, შემდეგ ცდილობდა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას, მაგრამ პაველთან დამარცხდა 2023 წლის არჩევნებში.
ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელიც ფლობს აგრობიზნესსა და მედიის სფეროში მნიშვნელოვან წილებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა სასამართლო დავებისა და ბრალდებების გამო, რომლებიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტსა და ევროკავშირის სუბსიდიების გარშემო თაღლითობას.
ანდრეი ბაბიში საარჩევნო კამპანიის დროს. 30 სექტემბერი, 2025 წელი
ამასთან, ბევრი ფიქრობს, რომ საქმიანი ინტერესების გამო ის და მასთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკა არ შეაქცევენ ზურგს დასავლეთს, რადგან კარგი ურთიერთობა საფრანგეთთან, გერმანიასა და ავსტრიასთან, ასევე ევროკავშირის ფონდების მუდმივი დინება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც პეკინი და მოსკოვი შესთავაზებენ.
ბაბიშმა ბოლო წლების განმავლობაში უფრო პოპულისტური კურსი აირჩია და კონტინენტზე ყველაზე დიდი პოპულისტური ძალის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო: ეს არის ”პატრიოტები ევროპისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც შედიან ორბანის Fidesz-ი, მარინ ლე პენის National Rally, ესპანეთის Vox-ი და ავსტრიის თავისუფლების პარტია. მან ასევე გამოთქვა მხარდაჭერა ფიცოს პარტია Smer-ისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად არ არის ალიანსის ნაწილი.
როცა ეს პარტიები გამოდიან ეკოლოგიური და მიგრაციული პოლიტიკისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელს უკავშირდება, მათი ხმა ცენტრალურ ევროპის გარეთაც სწვდება სხვადასხვა ჯურის მემარჯვენე პოპულისტებს, რომლებიც ძალას იკრებენ ან უკვე ხელისუფლებაში არიან დასავლეთის არაერთ დედაქალაქში.
ასევე ნახეთ "ტრამპის მოკავშირე", “მაგარი კაცი” - რას ელიან პოლონეთის ახალი კონსერვატორი პრეზიდენტისგან