მოკლედ
- გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი და აქტივისტი, პოლიციაში გამოცხადდა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ გზა გადაკეტა.
- სასამართლომ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, არადა გამკაცრებული კანონით გზის გადაკეტვა 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.
- თავართქილაძის საქმის განხილვამ კითხვები გააჩინა, რადგან სხვა დემონსტრანტებს მსგავსი დარღვევისთვის აპატიმრებენ.
- რეჟისორი და მისი ადვოკატი ცდილობენ „რეპრესიულ კანონებსა და უსამართლო სისტემას“ სუსტი წერტილი უპოვონ.
„გიორგი თავართქილაძე თავად მივიდა პოლიციაში და გზის გადაკეტვაზე განაცხადა... მან ითანამშრომლა [პოლიციასთან]... აღიარა [დანაშაული]...ამიტომ ვითხოვთ, შემოიფარგლოთ სიტყვიერი გაფრთხილებით “, - მიმართა შსს-ს იურისტმა თამთა ქიმბარიშვილმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილს.
არადა, გამკაცრებული კანონით გზის გადაკეტვა უკვე უპირობოდ 15-დღიანი პატიმრობით ისჯება - ამ დარღვევისთვის არც ჯარიმას და არც სიტყვიერ გაფრთხილებას კანონი აღარ ითვალისწინებს. იმავეს განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას ერთ წლამდე პატიმრობა მოჰყვება.
პარლამენტარებმა ზუსტად იგივე წესი გაავრცელეს აქციაზე ნიღბის ტარებასა და ცრემლმდენი საშუალების ფლობაზეც.
"ქართული ოცნება" შეზღუდვებს გვიწესებს, რომელსაც ის უწოდებს კანონებს და ის გახდება კანონი, თუ ჩვენ მას დავემორჩილებით", - უთხრა გიორგი თავართქილაძემ ჟურნალისტებს 21 ოქტომბერს პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე.
ერთი დღის შემდეგ, 22 ოქტომბერს კი, მის კანონით დასჯაზე მსჯელობისას, როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე, მოსამართლემ შსს-ს პოზიცია გაითვალისწინა და მას პატიმრობა კი არ მიუსაჯა, სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
ასევე ნახეთ პატიმრობა გზის გადაკეტვისთვის, პიროტექნიკისთვის და პოლიციელის შეურაცხყოფისთვის - „ქართული ოცნების“ ახალი კანონპროექტი„რა ლმობიერი ბრძანდებით“, - თქვა გიორგი თავართქილაძემ, რომელიც სხდომათა დარბაზში შესვლამდე დარწმუნებული იყო, სხვა დემონსტრანტების მსგავსად, მასაც ადმინისტრაციულ პატიმრობას დააკისრებდნენ.
შსს-ს იურისტის, თამთა ქიმბარიშვილის პოზიციის მოსმენისას მხარეებს სიცილი წასკდათ.
გიორგი და მისი ადვოკატი, ნიკა სიმონიშვილი, არ დაეთანხმნენ შსს-ს იურისტის ფორმულირებას, რომ თითქოს გიორგი თავართქილაძემ პოლიციასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, რადგან პოლიციაში გამოცხადების მიზეზი პირიქით, ამ კანონის არაკონსტიტუციურობის ჩვენება იყო.
„ეს არ იყო თანამშრომლობა, ეს იყო ხმამაღალი განაცხადი, სოლიდარობის აქტი... უამრავი ადამიანია დასჯილი უსამართლო კანონის გამო... შსს საუბრობდა, რომ შეკრება კანონის ფარგლებს გასცდა, დემონსტრანტებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და ეკუთვნით სახდელი. ერთია, გასცდა თუ არა კანონის ფარგლებს შეკრება და მეორეა, ამ ქმედების გამო სახდელი არის თუ არა სამართლიანი და სწორი“, - ამბობს ადვოკატი ნიკა სიმონიშვილი.
ნიკა სიმონიშვილი, გიორგი თავართქილაძის ადვოკატი
სიტყვის უფლებით გიორგი თავართქილაძემაც ისარგებლა და მანამდე, სანამ სათქმელს დაასრულებდა, ორჯერ დააჯარიმეს სასამართლოს უპატივცემულობისთვის, 100 და 200 ლარით. ერთხელ „ე.წ. მოსამართლის“ წარმოთქმისთვის, მეორედ კი მაშინ, როცა თქვა:
„მე ვგრძნობ და სულ ასე იყო, თქვენ [ მიმართა მოსამართლეს - რ.თ.] გკარნახობენ [შსს-დან] მოქმედების გზას და ეს სულ ასე იყო.“
დაჯარიმებამდე ის გააფრთხილეს იმის გამო, რომ სხდომათა დარბაზში მოსამართლის შემოსვლისას, სამართალდამრღვევის სკამზე მჯდომი რეჟისორი ფეხზე არ ადგა.
ლელა ცაგარეიშვილი, მოსამართლე
„რა განცდა გაქვთ ახლა? გესაუბრებით, როგორც პიროვნებას და არა მანქანას, თორემ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება დღესვე ჩაგანაცვლოთ, უფრო ეფექტურადაც კი.. როცა მე საქართველოს კონსტიტუცია დამირღვიეს და შემომაზილეს კანონი, რომელიც ზღუდავს ჩემს უფლებას ვიყო მოქალაქე, რა განცდა გაქვთ თქვენ?“ - მიმართა გიორგი თავართქილაძემ შსს-ს იურისტს.
თამთა ქიმბარიშვილს არ უპასუხია. რეჟისორმა განაგრძო:
„მე თავს არ ვცნობ დამნაშავედ. სამართალი არის სხვაგან, მე არ ვარ სხვაგან... მოვითხოვ დამსაჯოთ ზუსტად ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები... მე ვაპირებ იგივე გავაკეთო დღესაც, ხვალაც, მე ვაპირებ ავიყოლიო ხალხი, გავხდეთ ბევრი და დავასრულო რეჟიმი ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ ე.წ. მოსამართლე, რას იზამთ“.
10-წუთიანი თათბირის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა:
„გიორგი თავართქილაძე ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად და გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა“.
თუმცა როგორ გამოუცხადეს სიტყვიერი შენიშვნა, თუკი ეს დანაშაული დასჯის ამ ფორმას არ ითვალისწინებს?
ამის გასარკვევად ტერმინებში სიცხადის შეტანაა საჭირო. სახდელის სახე არის სიტყვიერი გაფრთხილება და არა სიტყვიერი შენიშვნა.
გიორგი თავართქილაძის დასჯის ფორმის შერჩევისას, სასამართლო შეკრება-მანიფესტაციის კანონის მე-12 მუხლს (ეს მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას) კი არ დაეყრდნო, არამედ - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლს.
ამ მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე სასამართლო პროცესის შემდეგ, 2025 წლის 22 ნოემბერი
პრეცედენტი შეიქმნა?
თუკი გიორგი თავართქილაძის საქმის განხილვისას სასამართლომ გზის გადაკეტვა „მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად“ მიიჩნია, სიტყვიერად გააფრთხილა, მაშინ ზუსტად იმისთვისვე რატომ დააპატიმრეს სხვები?
„ჩვენც ეს კითხვა გვაქვს“, - გვიპასუხა გიორგი თავართქილაძის ადვოკატმა ნიკა სიმონიშვილმა.
„სოლიდარობის აქტის ჩაგდებას შეეცადნენ, თუმცა გიორგის ამ ნაბიჯმა აჩვენა, რომ მას არ ეშინია ამ კანონის. სასამართლო აღმოჩნდა ტენდენციური, სხვების შემთხვევაში როცა გამოყენებული იყო პატიმრობა, აქ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა. ერთი ადამიანის სიმამაცე ჯობნის სისტემას. სისტემა ვერ მუშაობს, თუ ადამიანები სიმამაცეს გამოიჩენენ“, - ამბობს სიმონიშვილი.
მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევა — ეს არის სამართალდარღვევა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით აქვს მცირე საზოგადოებრივი საფრთხე და მნიშვნელობა. ის ავტომატურად არ განისაზღვრება და დამოკიდებულია დარღვევის ხასიათზე, ზიანის მასშტაბზე, დამრღვევის ქცევაზე (მაგალითად, აღიარებს თუ არა შეცდომას) და სხვა გარემოებებზე.
შსს-ს იურისტის, თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღეს ის, თუ ვინ იყო სამართალდამრღვევი, ის, რომ მან აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა პოლიციასთან.
„მოდი, ჩვენ ვესტუმროთ სისტემას“
გიორგი თავართქილაძე ამ დრომდე ერთადერთია რუსთაველის აქტივისტებიდან, ვინც პოლიციაში ადვოკატთან ერთად თავისი ფეხით მივიდა, დაწერა განცხადება, რომ გზა გადაკეტა და დაკავება მოითხოვა. პოლიციის მე-7 სამმართველოს თანამშრომლები რეჟისორის ამ არაორდინარულმა მოთხოვნამ დააბნია. პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, რომ მას „ასე ვერ დააკავებდნენ“.
გიორგი თავართქილაძემ განყოფილებაში განცხადება დატოვა.
„რადგან მე გარეთ მხედავთ, ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - სისტემა არის ძალიან ნელი და ტლანქი და მას არ შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილების მიღება. როდესაც შენ მიდიხარ სისტემასთან, მას პასუხი არ აქვს, არ შეუძლია მოქმედება, მაგრამ ის დაგდევს. მოდი, ჩვენ ვესტუმროთ მათ მშვიდობიანად...“ - თქვა განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ.
გიორგი თავართქილაძის განცხადების საფუძველზეც შსს-მ საქმე აღძრა, მალევე სასამართლოში სხდომაც ჩანიშნეს, გუშინ 21 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე.
ამ დროს გიორგი თავართქილაძე უნივერსიტეტში იყო და ლექციას ატარებდა. ლელა ცაგარეიშვილის თანაშემწეს უთხრა, რომ სასამართლოში მისვლას ვერ მოახერხებდა, არ ეცალა ადვოკატ ნიკა სიმონიშვილსაც.
სხდომა მეორე დღისთვის, 22 ოქტომბრისთვის, გადაიდო. დასაკავებლად გამზადებული რეჟისორი ერთ საათში გარეთ იყო.
„ამბობენ, თითქოს [პოლიციასთან] ვითანამშრომლე - რანაირად ვითანამშრომლე? ვამბობ, რომ არ ვაღიარებ მათ, როგორც ლეგიტიმურ ორგანოს, არ ვაღიარებ დანაშაულს. მე აღვწერე ფაქტი, რომ ეს გავაკეთე და ვუთხარი, ზუსტად ისე მინდა მომექცეთ, როგორც ჩემს თანამებრძოლებს. სადმე ლოგიკა თუ არსებობს, რომ ეს თანამშრომლობაა, მობრძანდნენ და ვისაუბროთ.
.... როგორ უნდა ვცე პატივი ამ სასამართლოს ანარეკლს, რომელიც ვიღაც რუსეთის შნირის დავალებებს ასრულებს? ფარჩაკები ხართ“, - თქვა თავართქილაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
მას აინტერესებს, მოითხოვს თუ არა შსს სიტყვიერ შენიშვნას ყველა იმ მომიტინგისთვის, რომლებიც გზის გადაკეტვის შემდეგ პოლიციაში გამოცხადდებიან?
შსს-ს იურისტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ის ამბობს, რომ „როდესაც მოხდება აღნიშნული“, გადაწყვეტილებასაც მერე მიიღებენ.
„ახლა კაზუსურად ამ კითხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამთა ქიმბარიშვილმა.
თამთა ქიმბარიშვილი, შსს-ს იურისტი
ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა შსს-ს წარმომადგენელი სასამართლოს ეზოს გარეთ მდგომ ჟურნალისტებთან თავისი ფეხით მივიდა და კითხვებს უპასუხა.
რადიო თავისუფლება: რით განსხვავდება გიორგი თავართქილაძე, რომელიც პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა, მაგალითად, ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილისგან, რომელმაც სასამართლოში განაცხადა გზის გადაკეტვაზე?
თამთა ქიმბარიშვილი: ვერ გაგცემთ პასუხს, ჩემთვის უცნობია სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, ბატონი გიორგის საქმე რომ შეფასდა უშუალოდ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ითანამშრომლა....
რადიო თავისუფლება: ის ასე არ თვლის....
თამთა ქიმბარიშვილი: მესმის....
რადიო თავისუფლება: პოლიციაში რომ არ მისულიყო და ისე დაგეფიქსირებინათ რუსთაველზე, მოსულიყო სასამართლოში და იგივე ეთქვა, რაც დღეს თქვა, რა განსხვავება იქნებოდა?
თამთა ქიმბარიშვილი: როცა იქნება ასეთი ფაქტი, სხვანაირად ვიმსჯელებთ, სხვა ქეისზე წინასწარ პასუხს ვერ დაგიფიქსირებთ....
რეჟისორ გიორგი თავართქილაძის საქმემ კიდევ ერთი კითხვა გააჩინა - დააკავებენ თუ არა მას სისხლის სამართლის წესით იმ შემთხვევაში, თუ რუსთაველის გამზირს მეორედაც გადაკეტავს?
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ახალი გამკაცრებული კანონით, დანაშაულის განმეორება სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება და ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
შსს-ს იურისტის განმარტებით, სიტყვიერი გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ გიორგი თავართქილაძე „ადმინისტრაციულად სახდელდადებულია“. ეს ასე იქნებოდა, თუკი მას დააპატიმრებდნენ.
გამოდის, რომ რეჟისორს რუსთაველის გამზირის მესამე გადაკეტვა ჩაეთვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, და არა მეორე.
გიორგი თავართქილაძე ნიკა სიმონიშვილთან ერთად გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ისინი თანასწორ მიდგომას მოითხოვენ, ამ შემთხვევაში თანასწორობა „პატიმრობაში გამოიხატება“.
გამკაცრებული კანონის შესახებ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს აამოქმედა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიღებული კანონები, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს აქციების გამართვას და გამოხატვის თავისუფლებას:
- გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის 15-დღიანი პატიმრობაა დაწესებული.
- დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ აქვს ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
- აქციაზე ნიღბის ტარებისთვის;
- ცრემლმდენი საშუალების ფლობისთვის;
- გზის გადაკეტვისთვის.
ახალი კანონის გამო პოლიციელთა ჯგუფები თავისუფლების მეტროსთან პირბადიანი ადამიანების გაჩერებითა და მათი პირბადეების დალუქვით არიან დაკავებული.
22 ოქტომბრის სასამართლო სხდომებზე სასამართლომ კიდევ ორ ადამიანს გამოუცხადა სიტყვიერი გაფრთხილება. ორივე მათგანი ხანდაზმულია: 76 წლის გიორგი ვაჩაძე და აფხაზეთიდან დევნილი, 71 წლის აზა (მადლენა) ჩილაჩავა.