ნოვაია ზემლიაზე - რუსეთის ქარიან არქიპელაგზე, რამდენიმე კვირა დატვირთული იყო: ხალხმრავლობა, მიწის მთხრელი და თვითმცლელი მანქანები, სატვირთო კონტეინერები, დროებითი საცხოვრებელი ვაგონები, მძიმე ტვირთამწეობის თვითმფრინავები, ვერტმფრენები, სატვირთო გემები.
ეს მოძრაობა ჩანს სატელიტურ ფოტოებში, თვითმფრინავების უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციაში, საზღვაო ხომალდების გადაადგილების სამეთვალყურეო სისტემებსა და ღია წყაროებიდან აღებულ სადაზვერვო ანგარიშებში. ამავე დროს გრძელი არქტიკული დღეები და კარგი ამინდია - ანუ ხელსაყრელი პირობები მშენებლობისთვის პანკოვოს საცდელ პოლიგონსა და ახლომდებარე საჰაერო ბაზაზე.
ისინი, ვინც ყურადღებით აკვირდებიან რუსული იარაღის განვითარებას, სანაძლეოს ჩამოდიან: პრობლემური, ბირთვული ენერგიის მქონე ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ მორიგი გამოცდა მზადდებაო.
„ამ სისტემის საოპერაციო ადგილები თითქმის დასრულებულია. ეს სამუშაო სისტემა საკმაოდ მალე ამოქმედდება“, - თქვა დეკერ ეველეთმა, ვაშინგტონის გარეუბანში დაფუძნებული საზღვაო ანალიზის ცენტრის მკვლევარმა, რომელმაც ივლისსა და აგვისტოში შეისწავლა ამ ადგილების სატელიტური ფოტოები. „შესაძლოა, ეს იყო საბოლოო შემოწმება ექსპლუატაციის წინა გამოცდასა და შეფასებამდე“.
„ცხადია, ამას საკმაო დრო უნდა“, - ამტკიცებს ეველეთი.
„არ გამიკვირდება, თუ ტესტი უკვე ჩატარდა“, - ვარაუდობს ჟენევაში დაფუძნებული მკვლევარი, შეიარაღების კონტროლის და რუსეთის ბირთვული ძალების ექსპერტი, პაველ პოდვიგი.
რაკეტაზე, რომელსაც ნატო Skyfall-ს უწოდებს, უკვე ათ წელზე მეტია, რაც მუშაობენ. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ახალი სისტემიდან, რომელსაც რუსი სპეციალისტები ახლა ავითარებენ. კრემლი ფულს დებს იარაღის განვითარებაში, რაც ძირითადად აშშ-სთან არაღიარებული შეჯიბრების - “გამალებული შეიარაღების” ნაწილია.
სხვა რაკეტებს შორისაა სარმატის საერთაშორისო კონტინენტური ბალისტიკური რაკეტა, ბირთვული ენერგიის და ბირთვული ქობინის მქონე ტორპედო, სახელწოდებით Poseidon-ი და ჰიპერბგერითი რაკეტა, სახელწოდებით Avangard-ი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 2018 და 2019 წლებში საჯარო ცერემონიებზე იარაღის მრავალ სახეობაზე ისაუბრა. ახალი იარაღიდან ორი, რაკეტები „კინჟალი“ და „ცირკონი“, უკრაინაში იქნა გამოყენებული. გამოცადეს ასევე „სარმატიც“, თუმცა გასულ წელს მას სერიოზული ავარია შეემთხვა.
ასევე ნახეთ ბირთვული შანტაჟი და მფრინავი ჩერნობილის საფრთხე„ბურევესტნიკმა“ შეიარაღების კონტროლისა და დაზვერვის ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ნაწილობრივ ტექნოლოგიის, თუმცა ასევე მისი წარსული წარუმატებლობების გამოც.
რაკეტა ძირითადად ძრავაში ჩაშენებული პატარა ბირთვული რეაქტორით იკვებება, რაც თეორიულად მას რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერში დარჩენის საშუალებას აძლევს.
ვაშინგტონში დაფუძნებული Nuclear Threat Initiative-ის (ბირთვული საფრთხის ინიციატივის) 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ის „ატარებს ბირთვულ ქობინს. შემოუვლის მსოფლიოს დაბალ სიმაღლეზე, თავს აარიდებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და რელიეფს და ქობინს ჩამოაგდებს ძნელად პროგნოზირებად ადგილას“.
აშშ-ის დაზვერვის ანგარიშების მტკიცებით, რაკეტა, სულ მცირე, ათჯერ იქნა გამოცდილი, მათ შორის 2017 და 2019 წლებში.
სიკვდილი ნიონოკსაში
იმ ადგილებს შორის, სადაც რუსეთმა „ბურევესტნიკი“ გამოცადა, არის თეთრი ზღვა, ქალაქ არხანგელსკის დასავლეთით, სევეროდვინსკის ნავსადგურთან ახლოს.
2019 წლის აგვისტოში, ქალაქ ნიონოკსასთან, ზღვის ფსკერიდან „ბურევესტნიკის“ ამოღების მცდელობისას, მოხდა აფეთქება, რამაც რადიაცია ფართო ტერიტორიაზე გაავრცელა, მათ შორის სევეროდვინსკში. აფეთქების შედეგად ასევე დაიღუპა სახელმწიფო ატომური კომპანია „როსატომის“ - რომელიც, სავარაუდოდ, „ბურევესტნიკის“ შემუშავებას ხელმძღვანელობდა - სულ მცირე, ხუთი რუსი ბირთვული სპეციალისტი.
აფეთქება, როგორც მოგვიანებით აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაასკვნეს, „იყო შედეგი ბირთვული რეაქციის, რომელიც რუსული, ატომური ძრავით აღჭურვილი, ფრთოსანი რაკეტის ამოღების დროს მოხდა“.
ორი წლით ადრე, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების ცნობით, კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე „ბურევესტნიკის“ ტიპისაა, ბარენცის ზღვაში, ნოვაია ზემლიას დასავლეთით ჩამოვარდა.
„ისინი ამ სისტემას ათწლეულზე მეტია ავითარებენ. და დიდი ხანია, ეს საქმე კარგად არ მიდის“, - თქვა ეველეთმა. „ხალხი კვდებოდა... და ისინი არ ნებდებოდნენ. ისინი განაგრძობდნენ... ისინი განაგრძობდნენ ამას 15 წლის განმავლობაში. და ნამდვილად ამ იდეის ერთგულები არიან“.
Constant Phoenix-ი, რომელიც ბირთვულ ბომბს "შეისრუტავს"
ივლისის ბოლოს პანკოვოში მიმდინარე სამუშაოები ნაწილობრივ გააშუქეს კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეიში მდებარე მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ეველეთ და ჯეფრი ლუისებმა. ნიონოკას ავარიის შემდეგ „ბურევესტნიკის“ გამოცდა თეთრი ზღვიდან გადაიტანეს და 2021 წელს განაახლეს ნოვაია ზემლიაზე, რომელიც უფრო მოშორებით მდებარეობს.
გაზეთ Barents Observer-ის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ ასევე გამოაქვეყნა NOTAM-ი. NOTAM-ი არის შიდა რეკომენდაციები თვითმფრინავებისთვის - ამ შემთხვევაში, გაფრთხილება პილოტებისა და გემის კაპიტნებისთვის, თავი აარიდონ ფართო არეალს ნოვაია ზემლიას დასავლეთით.
ამასობაში, ნოვაია ზემლიას სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, როგაჩევოს საჰაერო ბაზაზე, იქ გაჩერებული, უჩვეულოდ დიდი რაოდენობის გამანადგურებელი, სატვირთო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გამოჩნდა. როგორც ჩანს, თვითმფრინავს ჰქონდა A-50 - საჰაერო რადარი და გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც, ექსპერტების თქმით, იშვიათად ჩანს ასე შორს, ჩრდილოეთით. და Il-76 SKIP-ები, რეაქტიული თვითმფრინავები, რომლებიც შექმნილია ელექტრონული სიგნალებისა და რაკეტების ტელემეტრიული მონაცემების შესაგროვებლად.
2023 წლის სექტემბერში გადაღებულ Planet Lab-ის ამ ფოტოზე ნოვაია ზემლიას პანკოვოს რაკეტების საცდელი პოლიგონი ჩანს.
ღია თვითმფრინავების სათვალთვალო სისტემებმა ასევე შენიშნეს აშშ-ის საჰაერო ძალების WC-135 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავი კოლის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით და ნოვაია ზემლიას დასავლეთით საჰაერო სივრცეში. Constant Phoenix-ის სახელით ცნობილი თვითმფრინავი შექმნილია ჰაერში არსებული ნაწილაკების ნიმუშების შესაგროვებლად, ბირთვული იარაღის გამოცდის დროს გამოყოფილი კონკრეტული რადიოაქტიური იზოტოპების ამოცნობის მიზნით.
ეველეთის თქმით, უახლეს სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ რუსმა მუშებმა ნოვაია ზემლიაზე აღჭურვილობა ჩაალაგეს, რაც, მისი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ტესტი ჩატარდა.
“რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი”?
ლუისმა 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოდკასტში თქვა, რომ ტესტის ჩატარების დრო იყო ასევე ხელსაყრელი რუსეთის მხრიდან გზავნილის გავრცელების თვალსაზრისით, რაც დაახლოებით იმ დროს მოხდა, როდესაც პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა ალასკაში, სამიტზე.
კიდევ ერთი მტკიცებულება გამოჩნდა 22 აგვისტოს, როცა პუტინი ცენტრალურ ქალაქ საროვს ეწვია. საროვი, ადრე არზამას-16-ის სახელით ცნობილი, დახურული ქალაქი იყო, ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა და რუსული ბირთვული პროგრამების გული - „ლოს-ალამოსის ეკვივალენტი“, - თქვა პოდვიგმა, რომელიც აშშ-ს, ატომური იარაღის პროგრამის სამშობლოს გულისხმობდა.
იმ მაღალი თანამდებობის პირებს შორის, რომლებიც პუტინს საროვის აეროპორტში დახვდნენ, იყვნენ: რუსეთის გენერალური შტაბის თავმჯდომარე, გენერალი ვალერი გერასიმოვი, ასევე სერგეი კირიენკო, რომელიც „როსატომს“ 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა, სანამ კრემლში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას დაიკავებდა.
„ამ ყველაფრის ერთიანობა - ტესტების ჩატარება, განლაგებისთვის თვალსაჩინო მზადება და ეს ვიზიტი - ეს კვლავ კარგი შესაძლებლობა იქნებოდა პუტინისთვის, საროვის ინჟინრებისთვის, რათა ეჩვენებინათ, რომ აი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, დავალება შევასრულეთ“, - თქვა პოდვიგმა.
„რატომ არის ეს მათთვის ასე მნიშვნელოვანი?“ - კითხვას სვამს ეველეთი და იქვე უპასუხებს: „პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსული ბირთვული არსენალის დახვეწილობა და პრესტიჟი ძალიან მნიშვნელოვანია“ პუტინისა და მისი მთავრობისთვის.
ასევე ნახეთ „სამხედრო მრეწველობა რეჟიმის დამპალი აპენდიქსია“ - რუსეთის სამეცნიერო ცენტრ „ისკრის“ ყოფილი ინჟინერი