თავს დაესხნენ კიდევ ერთ მუსიკოსს, Kordz-ს, რომელმაც „ოლე ოლა“ შეასრულა

ალექსანდრე კორძაია (Kordz) აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანმა მისი ცემა სცადა,

მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (სასცენო სახელით Kordz), - რომელიც ერთ-ერთი საპროტესტო აქციების მხარდამჭერ იმ მუსიკოსებს შორის, რომლებსაც საჯაროდ შესრულებული აქვთ სიმღერა „ოლე ოლა“, - იუწყება, რომ თავს დაესხნენ.

Kordz-ი უკვე მესამე მუსიკოსია, რომელსაც ამ სიმღერის გამო უსწორდებიან.

თავდაპირველად Kordz-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ მაღულარიამ ფეისბუკზე დაწერა:

„დღეს კორძსაც დახვდნენ, მიზანმიმართულად. 4-5 ადამიანი დედას აგინებდა და მოსდევდა, უბრალოდ მოახერხა გამოქცევა“.

მალევე მუსიკოსმა ინსტაგრამზე ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად დაწერა ინციდენტის შესახებ:

„დღეს [8 ივლისს] ბებიას ვსტუმრობდი. ტაქსიდან როცა გადმოვედი, ოთხი, საკმაოდ მსუქანი „მობანდიტო“ ტიპი მომიახლოვდა და მეუბნება: „შენ დიჯეი კორძი არა ხარ, შე ბო*ო, ახლა კარგის ტრ**ს მოგი***ვთო“ და ქუჩაში გამომეკიდნენ“.

მუსიკოსის თანახმად, მან გაქცევა და შორიახლოს მაღაზიაში მიმალვა მოახერხა: „მაღაზიაში ძალიან კარგი ხალხი იყო და კარიც ჩაკეტეს“, - წერს ის.

Kordz-ი წერს, რომ პოლიციაში განცხადება შეიტანა, მათ კი უთხრეს, რომ კამერებს შეამოწმებენ. „მაგრამ ვინ იცის“, - წერს მუსიკოსი.

როგორც კორძაია წერს, უკვე ექვსი თვეა, იღებს მსგავსი შინაარსის მუქარებს.

ასევე ნახეთ „მეც დამხვდნენ სახლთან“ - მუსიკოს ვანო თარხნიშვილს თავს დაესხნენ

ის ასევე ახსენებს მსახიობ და მუსიკოს ვანიკო თარხნიშვილს, რომელსაც ორი დღით ადრე, 6 ივლისს დაესხნენ თავს.

  • „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღერიან 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“;
  • მასზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები;
  • Kordz-ს იუტუბზე 2024 წლის 4 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული „ქართული ოცნების საწინააღმდეგო ჰიმნი“, - რომელშიც სწორედ ეს სიმღერა აქვს გამოყენებული „სემპლად“;
  • მან ეს სიმღერა 15 აპრილს შეასრულა ციურიხში, კლუბში Moods.
  • ამავე სიმღერის გამო დაესხნენ თავს 2025 წლის 4 მარტს კიდევ ერთ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში - „გამოუვალი მდგომარეობა“;
  • როგორც მოგვიანებით თავადაც დაადასტურა ფეისბუკში, გაბუნიას სახეში მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიშა მესხმა (მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა).