BBC-ის ფილმის გამო გამოკითხეს გიორგი ჩახუნაშვილი, ეკა გიგაური და თამარ ონიანი

ფოტოკოლაჟი: გიორგი ჩახუნაშვილი (მარცხნივ), ეკა გიგაური და თამარ ონიანი.

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენები კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, ექიმი გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილი და ორი რესპონდენტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი.

„ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ ვიყავი დაბარებული, რადგან ძირითადი კითხვები შეეხებოდა ფაქტობრივად იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია“, - თქვა თამარ ონიანმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

ეკა გიგაურის თქმით, მას ჰკითხეს, აიღო თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო.

„გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით, 15 წუთი, შეიძლება 20 წუთიც. ვისაუბრე იმაზე, თუ ვინ ვარ მე, რა მქვია, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს მიღებული და სად ვმუშაობ ამ პერიოდში...

კითხვები იყო იმის შესახებ, თუ საიდან გავიგე, რომ „კამიტი” შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო. ვუპასუხე, რომ სტატიიდან, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ“, - თქვა გიგაურმა.

ერთ-ერთი ბოლო გამოკითხეს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი. მისი თქმით, თუკი იქნებოდა, ისეთი კვლების ავტორი, რომელიც მსოფლიო ყურადღებას მიიქცევდა, ამის შესახებ იტყოდა:

„ჩვენ რომ ისეთი შრომა გაგვეწია საქართველოში, რომ მსოფლიო ყურადღება მიგვექცია, მე ცოტა ჯიუტი კაცი ვარ, ვიტყოდი, რომ კი, მე ვიყავი“.

სუსმა უკვე გამოკითხა გიორგი ჩახუნაშვილის შვილი, კოტე ჩახუნაშვილი, რომელიც იმავე კვლევის თანაავტორია.

ასევე ნახეთ „უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენ კვლევას“ - ექიმი ჩახუნაშვილი გამოკითხვის შემდეგ

1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.

ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ეს მუხლებია:

  • „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
  • „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.

პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:

  • „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;
  • „მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.