რუსეთში დაახლოებით 140 მლნ ადამიანი ცხოვრობს. შიდსის პრევენციისა და კონტროლის ფედერალური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ვადიმ პოკროვსკის თქმით, 2025 წელს ამ ქვეყანაში აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომი) ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,25 მილიონს მიაღწია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 35 ათასით ნაკლები (1,215 მლნ) იყო. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, რუსეთში აივის ფარული ეპიდემია მძვინვარებს.
აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაახლოებით 2,1 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს. ეს ერთადერთი რეგიონია, სადაც აივ ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობა კვლავ იზრდება: გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) მონაცემებით, 2010 წლიდან 48%-ით გაიზარდა. რეგიონში აივ ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთშია.
„ამჟამად რუსეთში დაახლოებით 1,25 მილიონი ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს - ისინი, ვისაც აივ ინფექციის ანტისხეულები დაუდასტურდა, რაც ინფექციის საიმედო მაჩვენებლად მიიჩნევა“, - განაცხადა ვადიმ პოკროვსკიმ. მისი თქმით, დაავადების გავრცელების მაჩვენებელი 15-დან 50 წლამდე ასაკის პირთა შორის 1%-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ყოველი 100 მკვიდრიდან ერთი ინფიცირებულია. აკადემიკოსის თქმით, რუსეთში ყველაზე დაზარალებული ჯგუფი „40-45 წლის მამაკაცები“ არიან, რომელთაგან 4% აივ ინფიცირებულია. ამავე ასაკის ქალებში ეს მაჩვენებელი 3%-ია, თუმცა, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, აივ ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული.
ასევე ნახეთ აივ ინფექციის ეპიდემია რუსულ ჯარში - გადმოლახავს საქართველოს საზღვარსაც?ექსპერტთა თქმით, ახალი შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა (94%) ე.წ. მოწყვლად ჯგუფებსა და მათ პარტნიორებს შორის გვხვდება. ეს ჯგუფებია ნარკომომხმარებლები, სექსმუშაკები, ჰომოსექსუალები, ტრანსგენდერი ადამიანები. ყველა მათგანი განსაკუთრებით დაუცველია, რადგან ეშინიათ ძალადობის, დისკრიმინაციის შიშის გამო ხშირად უარს ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე და ამავე მიზეზით თავს არიდებენ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციას.
2022 წელს რუსეთმა აკრძალა „ლგბტ პროპაგანდა“, ხოლო 2023 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა. ახლა რუსეთში არცერთ ფონდს არ შეუძლია ლგბტქ საზოგადოების წევრებთან მუშაობა, - ამბობს DW-ს რუსულ რედაქციასთან საუბარში აივ აქტივისტი მარია გოდლევსკაია, რომლის ვარაუდითაც, შექმნილი ვითარების გამო რუსეთში მკვეთრად გაიზრდება როგორც აივ ინფიცირებულთა რაოდენობა, ასევე იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მკურნალობაზე იტყვიან უარს.
რუსეთში აივ ინფექციის გადაცემის ძირითად გზად კვლავ რჩება სექსუალური კონტაქტი, რაზეც მოდის ახალი ინფექციების 75%-მდე. ამასთან დაკავშირებით რუსეთის შიდსის პრევენციისა და კონტროლის ფედერალური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გასაძლიერებელია პროფილაქტიკური საქმიანობა, მათ შორის დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვების სქესობრივ აღზრდას:
„მთავარია პროფილაქტიკა, ხალხში ცოდნის გავრცელება, რათა იცოდნენ, როგორ არ დაინფიცირდნენ ვირუსით.“
ასევე ნახეთ როგორ შეიცვალა ლგბტქ ადამიანების ცხოვრება რუსეთში 2024 წელსრუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება. სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ახალი შემთხვევების რიცხვი თითქმის 12%-ით ანუ 48 400-მდე შემცირდა. „როსპოტრებნადზორმა“ დაასახელა 51 984 ახალი შემთხვევა, თუმცა ამ უწყებამაც განაცხადა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები განუხრელად მცირდება. ამასობაში, შიდსის პრევენციისა და კონტროლის ფედერალური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვადიმ პოკროვსკიმ 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში აივ ინფიცირებულთა რიცხვი 1,25 მილიონამდე გაიზარდა. 2024 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 1,215 მილიონი იყო. პოკროვსკიმ განმარტა, რომ დაავადების გავრცელება 15-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში 1%-ზე მეტია და რომ რუსეთში ყველაზე დაზიანებული ჯგუფი 40-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან.
„ჩვენ არ ვიცით რეალური რიცხვები“, - ამბობს აივ აქტივისტი ევგენი პისემსკი. რამდენიმე წლის წინ, ის იძულებული გახდა, დაეხურა თავისი ორგანიზაცია „ფენიქს პლუსი“, რომელიც ეხმარებოდა აივ ინფიცირებულ ადამიანებს - რადგან „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიენიჭა. „დონორები წავიდნენ, სახელმწიფო კი ფულს ომზე ხარჯავს. ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ და ინფორმაციას ვაძლევთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია“, - ამბობს აქტივისტი.
რუსეთში მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ტესტირებას სულ უფრო იშვიათად უტარებენ. მათი წილი ტესტირებულთა საერთო რაოდენობაში მხოლოდ 2%-ს შეადგენს. და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ ჯგუფებში აივ ინფექციის მქონე ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, როგორც წესი, უფრო მაღალია. ამგვარად ჩატარებულ ტესტირებაზე დაყრდნობით გაკეთებული სტატისტიკის თანახმად, რუსეთში აივ ინფექცია ყველაზე ხშირად გადადის ჰეტეროსექსუალური კონტაქტით - შემთხვევათა 81%. ჰომოსექსუალური კონტაქტი შეადგენს 4%-ს, ხოლო ინიექციური ნარკოტიკების მოხმარება - 14%-ს. ამ დროს ევროკავშირში სტატისტიკა ფუნდამენტურად განსხვავებულია: ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური კონტაქტით გადაცემა ხდება დაახლოებით თანაბარი რაოდენობით (შესაბამისად, 47% და 46%). ექსპერტები ამ განსხვავებებს შემდეგნაირად ხსნიან:
ასევე ნახეთ როგორ "იცავს" პუტინი გეებისგან რუსეთსა და უკრაინასროგორც ექსპერტები შენიშნავენ, ევროკავშირის ქვეყნებში აივ ინფექციის გავრცელება და ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია. იქ ეპიდემია ძირითადად მოწყვლად ჯგუფებშია კონცენტრირებული და, შესაბამისად, პრევენციისა და კვლევების პროგრამები სწორედ მათზეა დამიზნებული. რუსეთში 2023 წელს აივ ინფექციის 37,5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (ყოველ გამოკვლეულ 100 000 ადამიანზე), ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5 იყო.
სპეციალისტებით თქმით, რუსეთში კი მოწყვლადი ჯგუფების ინფიცირების წილი არასაკმარისად არის აღრიცხული, რაც განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ ტესტირება ორიენტირებულია მთლიან მოსახლეობაზე, არამედ სტიგმითაც, რის გამოც ადამიანები იძულებული არიან, დაავადების გადაცემის ფაქტობრივი გზები დამალონ.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ წლიდან წლამდე ზრდის აივზე შემოწმებული ადამიანების რაოდენობას, მაგალითად, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტესტირება გაიარა მოსახლეობის თითქმის 37%-მა. ექსპერტების განმარტებით, ამას გარკვეული ეფექტი მართლაც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, თუ ყურადღება არ გამახვილდება ე.წ. რისკ-ჯგუფებზე, უბრალოდ ბებიების კლინიკებში ტესტირებას აზრი არ ექნება.
ასევე ნახეთ ნელა კვდებიან, მკურნალობის გარეშე, აივ-ინფიცირებულებს ფრონტიდან არ უშვებენრუსეთში მუშაობის დროს, ორგანიზაცია „ფენიქს პლუსი“ მოწყვლად ჯგუფებში ყოველწლიურად დაახლოებით 10 000 ადამიანს უღებდა ანალიზს. ევგენი პისემსკის თქმით, დაახლოებით ათიდან ერთ შემთხვევაში აივ-პოზიტიური ამოდიოდა: „ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიაა. არადა, ამ ჯგუფებში ტესტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ ეპიდემია უხილავი გახდა“.
„გარკვეული დროის განმავლობაში, ეს ყველაფერი შეიძლება რისკ-ჯგუფებში დუღდეს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ქვაბს თავსახური აეხდება და გადმოიღვრება. ანუ, ვირუსი შეაღწევს მთლიან პოპულაციაში ჰეტეროსექსუალური კონტაქტების გზით“, - პროგნოზირებს საერთაშორისო აივ კონსულტანტი ალექსეი ლახოვი.
აივი - რეგიონების მიხედვით
რუსეთის 34 რეგიონში აივის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 2024 წლის საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს აჭარბებს. ყველაზე მაღალი გავრცელება დაფიქსირდა კემეროვოს, ტომსკისა და ჩელიაბინსკის ოლქებში, ასევე ალთაისა და კრასნოიარსკის მხარეებში. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე რეგიონებს შორისაა ლენინგრადის ოლქი, კომის რესპუბლიკა, ირკუტსკის ოლქი, პერმის მხარე და ჩუკოტკის ავტონომიური ოლქი. ამ სიაში ასევე მოხვდა ვოლოგდის ოლქი, რომლის გუბერნატორმა რომან ფილიმონოვმა სცადა რეგიონის „კონსერვატიული“ ღირებულებების პოლიგონად გადაქცევა, მათ შორის აბორტის აკრძალვის სახითაც. თუმცა 2024 წელს ვოლოგდის ოლქში გამოკვლეული ორსული ქალების 2%-ს აივ ინფექცია დაუდგინდა. მაშინ, როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 1% იყო, ხოლო 2022 წელს - 0,17%.
კვლევების თანახმად, 2024 წელს აივის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩეჩნეთში - 1,5 ახალი შემთხვევა ყოველ 10 000 გამოკვლეულზე, - მოსკოვში (2) და ინგუშეთში (2,4).
რამდენი ადამიანი იღუპება რუსეთში აივ ინფექციით, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამის განსაზღვრა უკვე შეუძლებელია: 2025 წლიდან ეს მონაცემები, ისევე როგორც დემოგრაფიული მაჩვენებლების უმეტესობა, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღარ ქვეყნდება. ავი ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებლების შესახებ მონაცემებიც შედარებით იშვიათად ქვეყნდება - არა ყოველთვიურად, როგორც აქამდე იყო, არამედ ყოველწლიურად.
რუსეთი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყანათა შორის, რომლებიც აივ ინფიცირებული უცხოელების დეპორტაციას ახდენენ (რუსეთის გარდა, ამას აკეთებენ ეგვიპტე, სირია, ერაყი, ომანი, ქუვეითი და თურქმენეთი). მოქმედი კანონების შესაბამისად, რუსეთში მოხვედრილი უცხოელები, თუკი რუსეთში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენას, მუშაობას ან ბინადრობის ნებართვის მიღებას აპირებენ, სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან.
2024 წელს რუსეთმა აივზე შემოწმების მიზნით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისგან 3,2 მილიონი სისხლის ნიმუში გამოიკვლია. 100 000 ნიმუშიდან 88 აღმოჩნდა აივ დადებითი. რუსეთის მოქალაქეებს შორის ეს მაჩვენებელი 139 იყო.
ასევე ნახეთ რუსეთიდან და უკრაინიდან მიგრაცია - აივ/შიდსის გავრცელების რისკი?სპეციალისტების თქმით, რუსეთში შექმნილ ვითარებას ართულებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა, ასევე გლობალურად შექმნილი პრობლემები, რაც აივ-ის პრევენციისთვის განკუთვნილი თანხების შემცირებაში გამოიხატება. როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ინიციატივები კარგავენ საერთაშორისო მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო ართულებს აივ ინფექციის პრევენციას. შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დგას: მსხვილმა დონორებმა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა, შეამცირეს თავიანთი შენატანები. ჯერჯერობით, შეგროვებული თანხა 11,34 მილიარდ დოლარს შეადგენს, დაგეგმილი 18 მილიარდი დოლარის ნაცვლად. ეს შემცირებები უკვე ახდენს გავლენას აივ ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებზე. UNAIDS-ის მონაცემებით, მილიონობით ადამიანი კარგავს წვდომას მედიკამენტებსა და სიცოცხლის დამცავ აღჭურვილობაზე.
მნიშვნელოვნად მცირდება UNAIDS-ის დაფინანსებაც: შედეგად, ორგანიზაციამ უკვე დახურა თავისი რეგიონული ოფისები ბელარუსსა და სომხეთში. მაისისთვის ასევე იგეგმება ოფისების დახურვა ყირგიზეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და ტაჯიკეთში. „ჩვენ არ გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ საკმარისი რესურსები არ გვაქვს, ამიტომ იძულებულნი ვართ შევცვალოთ ჩვენი ოპერაციული მოდელი“, - აცხადებს UNAIDS-ის რეგიონული დირექტორი იმონ მერფი, რომლის თქმითაც, ორგანიზაციას აღარც რუსეთში ჰყავს თავისი წარმომადგენლები.