უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი ჩავიდა მოსკოვში, სადაც დღეს საღამოს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი. ის უკრაინის შესახებ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ჩართულია პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში დღეს, 2 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პუტინი კრემლში მიიღებს ამერიკული მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელ უიტკოფს და მასთან ერთად იქნება კუშნერიც. პრეზიდენტ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ამერიკული მხრიდან ჩართულია უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო გეგმის განხილვის პროცესში.

პესკოვის ინფორმაციით, შეხვედრა მოსკოვის დროით 17:00 საათის შემდეგ დაიწყება და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებაში, რომელიც ნოემბრის ბოლოს ფლორიდაში გაიმართა.

ასევე ნახეთ აშშ და უკრაინა პროდუქტიულს უწოდებენ ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებას

აშშ უკრაინასა და რუსეთთან განიხილავს სამშვიდობო გეგმის პირობებს.

შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ნოემბერში შეთავაზებული თავდაპირველი გეგმა, რომელმაც მედიაში გაჟონა, დიდწილად ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.

გეგმაში ცვლილებები შევიდა 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ უკრაინის პარტნიორი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებიც.

აშშ-უკრაინის მოლაპარაკება 30 ნოემბერს ფლორიდაში გაგრძელდა. მხარეები განახლებული გეგმის დეტალებზე ოფიციალურად არ საუბრობენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში შეხვედრის შემდეგ, 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმა დღეს უფრო უკეთ გამოიყურება, მისი განხილვის პროცესში კი ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხია. ზელენსკიმ რთულ საკითხებად დაასახელა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებიც და თავდაცვისა და ომის შემდგომი აღდგენის დაფინანსება.

ასევე ნახეთ რუსეთმა პოკროვსკი და ვოლჩანსკი „გათავისუფლებულად" გამოაცხადა, უკრაინაში ამას უარყოფენ