„კითხვა ის არის, თავად მოიფიქრეს თუ რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს“, - „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი BBC-ის სტატიის შემდეგ

ბილ ბრაუდერი, "მაგნიტსკის აქტის" ავტორი

BBC-ის მიერ საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს გამოყენებულ ქიმიურ საშუალებების შესახებ გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა ბილ ბროუდერი, „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი. მისი თქმით, „ერთადერთი კითხვა ის არის, თავად მოიფიქრეს ეს თუ რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს“.

19 დეკემბერს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს ორი მოქალაქის „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანის შესახებ. თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ ამ სიაში მოხვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") მოადგილე მირზა კეზევაძე.

„საქართველოს მთავრობა მომიტინგეების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. მისი ეფექტი გამოვლენიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. ეს გარყვნილების ახალი დონეა“, - წერს „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი სოციალურ ქსელ X-ში.

დღეს დილას, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.

ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.